პირადად არ შევხვედრივარ, თუმცა მის სიახლოვეს ბევრჯერ ვყოფილვარ. ბევრი კარგი გამიგონია მასზე და დამიმახსოვრებია. ვინაიდან ვინმეს ზურგსუკან ქება სასიამოვნოდ ჟღერს, ასეთი რამე ხომ იშვიათობაა ჩვენში. ერთი პერიოდი მატერიალურად ძალიან გამიჭირდა, ვეძებდი თანამგრძნობს, რომ გული გადამეშალა მისთვის. ასეთი თანამგრძნობი მაშინ კინორეჟისორი გუგული მგელაძე აღმოჩნდა, რომელმაც მირჩია, დახმარებისათვის ირაკლი ღარიბაშვილისთვის მიმემართა. ბატონი ირაკლი მაშინ საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდს „ქართუს“ განაგებდა. გუგულიმ ასე დამიხასიათა: „ამ ადამიანმა ისე თბილად მიმიღო, რომ ჩვენს შორის გულითადი საუბარი გაიმართა, კინოს პრობლემებსაც შევეხეთ. ბოლოს, დავემშვიდობე და მადლობა მოვახსენე, რაზედაც მიპასუხა: მადლობა თქვენ, რომ ასეთი კარგი ფილმი (ლაპარაკი ყოფილა „ფესვებზე“) გადაიღეთ. ჩვენ თქვენისთანა ხალხს ვეძებთ“.
ასე და ამგვარად, გუგული მგელაძის რჩევა ყურად ვიღე და პასუხსაც არ დაუყოვნებია. რა თქმა უნდა, ისიც შევიტყვე, რომ საქველმოქმედო ფონდის „ქართუს“ უკან ბატონი ივანიშვილი იდგა და ირაკლი ღარიბაშვილი მისი ნდობით აღჭურვილი პირი გახლდათ.
ბატონი ირაკლი ღარიბაშვილი ხანდაზმული მეგონა. მას ისეთი წესრიგი ჰქონდა დამყარებული სამსახურში, ისეთი რიდით ლაპარაკობდნენ მასზე, რომ ვიფიქრე, ალბათ, დიდი ცხოვრებისეული გამოცდილება აქვს-მეთქი. ასე ვფიქრობდი, ვიდრე ტელევიზიით ვნახავდი...
დიახ, ის სრულიად ახალგაზრდაა. აქვს სწრაფი რეაქცია და ურთიერთობაში დიპლომატიურ გრიმასებს არ მიმართავს. თუ რამე მესმის ფსიქოლოგიის, ღალატი და სულმდაბლობა მისგან გამორიცხულია. ღვთის შეწევნით, ის უსათუოდ მოიხვეჭს კეთილ სახელს, რომლის გარეშე კარიერას აზრი არა აქვს.
ახლახან ტელევიზიით ვნახეთ ირაკლი ღარიბაშვილისა და ოპოზიციის შეხლა-შემოხლა პარლამენტში. ოპოზიცია ამოსუნთქვის საშუალებას არ აძლევდა, ყველა საშუალებით (ტონით, მიმიკით, ჟესტიკულაციით) ცდილობდნენ მის მოთმინებიდან გამოყვანას და როგორ უხაროდათ, თუ ამას მოახერხებდნენ!
ღარიბაშვილი კი ყველა სიტუაციაში ადამიანური რჩებოდა. არ უცდია, დაეთრგუნა თავისი ბუნება და გულგრილი დიპლომატიის ნიღაბი მოერგო.
რახან ვიხსენებ წარსულს, კვლავ საქველმოქმედო ფონდს დავუბრუნდები. არაერთხელ ვყოფილვარ იქ, მსიამოვნებდა იქაური სისუფთავე, სითბო, მყუდროება _ განსაკუთრებით, თანამშრომელთა გულისხმიერება. იქ გავიცანი პრესცენტრის ხელმძღვანელი სიმპატიური ელზა ნაბახტეველი და ნიჭიერი იურისტი ნიკო ჩხეტიანი, რომელმაც, დამინახა თუ არა, მკითხა: „მონანიების“ სცენარის ავტორი ხომ არ ხართ?“
ელზა ნაბახტეველი არაჩვეულებრივ თანაგრძნობას იჩენდა ყველა ხანშიშესული ადამიანის მიმართ, რომელთაც დერეფანში და ოფისებში სწრაფი გადაადგილება უჭირდათ, თვითონ დარბოდა მათ მაგივრად და საბუთებს აგროვებდა. ჩვენ კი ამ დროს, მშვიდად ვისხედით მის კაბინეტში და პრესას ვათვალიერებდით. ძნელია ასეთ ატმოსფეროს გაექცე, მითუმეტეს იმათთვის, ვინც მიჩვეული არ არის გულისხმიერ მომსახურებას.
ელზამ შესანიშნავად იცის ცხოვრების სირთულეები. ხშირად გვისაუბრია საჭირბოროტო საკითხებზე. აინტერესებდა, რა ხდებოდა სამეგრელოს სოფლებში, შეინიშნებოდა თუ არა აზრის მოძრაობა. ვეუბნებოდი, სოფლებში ჯერ-ჯერობით სრული კმაყოფილება სუფევს: დენი აქვთ, სხედან ტელევიზორებთან და პრიმიტიულ სერიალებს უყურებენ-მეთქი.
_ მაშ, კმაყოფილნი არიან? _ მეკითხებოდა ელზა ირონიით.
_ ხო, ასე გამოდის.
_ სხვა არაფერი აღელვებთ?
_ არაფერი.
_ ეს ხომ ჩიხია?
_ ხო, ეს ჩიხია. _ ვუდასტურებდი.
ელზას აღელვებდა ხელისუფლების მიდრეკილება დესპოტიისკენ, რომლისადმი ობივატელი, საზოგადოდ, ყრუ გახლავთ.
მაგრამ შუბი ხალთაში არ იმალება. დარეკა ახალი დროების მაუწყებელმა საათმა, ობივატელიც გონს მოეგო. როცა სააკაშვილი არჩევნებში დამარცხდა, მეორე დღეს მარტვილში ჩავედი. მოსახლეობაში დიდი გამოცოცხლება იყო. ერთმა ნაცნობმა მანქანით ჩამიქროლა და მომაძახა: _ თავისუფლება მომილოცავს, თავისუფლება!!
შიშისგან თავისუფლებას გულისხმობდა. ადრეც ბევრჯერ უთქვამს _ ჩემი თავი ჯანდაბას, შვილების მეშინია, რამე შარში არ გაახვიონო. თითქმის ყველას ეშინოდა, იმათაც, ვინც გარემოების წყალობით, ნაციონალების სამსახურში იყო და კარგ ხელფასს იღებდა...
ყველამ იგრძნო თავისუფლების ფასი. არა მგონია, ადამიანებმა ამიერიდან თავისუფლება დათმონ! ოღონდ ამაში ხალხს ახალმა ხელისუფლებამ უნდა შეუწყოს ხელი _ სამართლიანობის დაწესებით!
მწამს, რომ ახალი მთავრობა, ახალი პრემიერისა და პრეზიდენტის მეთაურობით, დაიხსომებს წარსულის მწარე გაკვეთილებს და ივლის დიდი ილია ჭავჭავაძის გზით. მათ დროშაზე წაეწერება სიტყვები:
„თავისუფლებავ შენ ხარ
კაცთა ნავსაყუდარი,
შენ ხარ ჩაგრულის, წამებულის წმინდა საფარი,
შენ ხარ მშვიდობა და სიმართლე ამა ქვეყნისა,
შენ ხარ აღმზრდელი ღვთაებამდე კაცთ
ბუნებისა“.
რეზო კვესელავა
კინოდრამატურგი, ლიტერატორი.
No comments:
Post a Comment