Friday, March 9, 2012

მარტვილში თავისუფალ პრესას ხელისუფლება ავიწროებს

    „სიტყვის თავისუფლების წართმევა ნიშნავს, რომ ჩვენ, როგორც სულელები და ენაბლუნი, ცხვრის ფარასავით გავუყვებით სასაკლაოს გზას“,- ჯორჯ ვაშინგტონის ეს სიტყვები, როგორც ჩანს, არასოდეს წაუკითხავთ მარტვილის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებს, რომლებიც მიზანმიმართულად ცდილობენ ჩაახშონ რაიონში თავისუფალი სიტყვა და დაიმორჩილონ ობიექტური, მიუკერძოებელი მედია, რათა მოსახლეობა ამყოფონ სრულ ინფორმაციულ ვაკუუმში. 
   დღეს, მარტვილის რაიონის ხელმძღვანელი პირების მიზანს მათთვის არასასურველი გაზეთ „მარტვილის“ დახურვა წარმოადგენს, რომლის მიმართ აგრესია არასოდეს დაუმალავთ. განსაკუთრებით უკანასკნელ პერიოდში, როცა ივანიშვილი გამოვიდა პოლიტიკურ სარბიელზე და მისი სახელის ხსენება ძალაუფლებას ჩაბღაუჭებული „პატარა კაცუნებისთვის“ შიშის მომგვრელი გახდა.
     საქმე ის არის, რომ გასული წლის ოქტომბრის თვეში გაზეთ „მარტვილის“ ფურცლებზე დაიბეჭდა ცნობილი ქართველი ლიტერატორისა და კინოდრამატურგის, არაერთი ქართული ფილმის, მათ შორის „მონანიებისა“ და „ვედრების“ სცენარის ავტორის, ბატონ რეზო კვესელავას ინტერვიუ სათაურით „ივანიშვილის განცხადებამ მარტვილიც გამოაცოცხლა“. გარდა ამისა ამავე გაზეთში დაიბეჭდა ბიძინა ივანიშვილის საქველმოქმედო საქმიანობის ამსახველი მასალები, რაც იმ დროს და შემდეგაც არცერთ რაიონულ გაზეთს არ გაუკეთებია.
   მარტვილის რაიონის ხელმძღვანელობამ კი, რომლებიც განსხვავებული და ოპოზიციური აზრის მიმართ სიძულვილით არიან გამსჭვალულნი, გაზეთ „მარტვილის“ წინააღმდეგ სადამსჯელო ღონისძიებების გატარება დაიწყო. მიუხედავად ყოველმხრივი შევიწროებისა, აღმიშნული გაზეთის რედაქტორი ფაუსტ ნადარაია, რომელიც არის არაერთი წიგნის ავტორი და საქართველოს მწერალთა კავშირის წევრი, ნაზი შამანაურის სახელობის პრემიის ლაურეატი, ჟურნალისტი, მაინც ახერხებდა და ახერხებს ისეთი დამოუკიდებელი გაზეთის გამოცემას, რომელიც პოპულარულია რაიონში და იცნობენ მთელს საქართველოშიც.
  ამის შემდეგ მარტვილის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობამ მოიფიქრა ისეთი მზაკვრული გეგმა, რომელიც გაზეთ „მარტვილს“ ფინანსურად ისე დააზარალებდა და გააკოტრებდა, რომ რეგულარულად გამოსვლის საშუალება არ მისცემდა.
   როგორც ირკვევა 2012 წლის 23 თებერვალს გაზეთ „მარტვილის“ გამომცემელმა ჟურნალისტთა ასოციაცია „თავისუფალმა პრესამ“ მონაწილეობა მიიღო მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ გამოცხადებულ ტენდერში, რომელშიც მონაწილეობდა აგრეთვე აღნიშნული რაიონის ხელმძღვანელი პირების პროტეჟე, ინდ. მეწარმე ვინმე ზაალ ფირცხალავა.
     ტენდერის ტექნიკური დოკუმენტაციის მეორე მუხლის შესაბამისად მიმწოდებელმა მუნიციპალიტეტის შესახებ ინფორმაციები უნდა განათავსოს გაზეთის პირველ-მეორე გვერდებზე (ანუ შეიძლება ითქვას, რომ განსაზღვრული პერიოდის განმავლობაში გამგეობა ქირაობს საგაზეთო ფართს, რათა მარტვილის მუნიციპალიტეტში მიმდინარე მოვლენები დეტალურად მიაწოდოს რაიონის მოსახლეობას). იქვე ვკითხულობთ: „გაზეთი დარეგისტრირებული უნდა იყოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად და გამოდიოდეს თვეში ერთხელ“.
     სიტყვები „გამოდიოდეს თვეში ერთხელ“ ნიშნავს, რომ ეს გაზეთი ფაქტობრივად უნდა არსებობდეს და უნდა გამოდიოდეს თვეში ერთხელ, რაც ინდ. მეწარმე ზაალ ფირცხალავას შემთხვევაში ნამდვილად ასე არ არის. ვინაიდან, როგორც ირკვევა არავითარ გაზეთს ზაალ ფირცხალავა არ გამოსცემს. მის დოკუმენტებში გაზეთის სახელიც კი არ ჩანს. უფრო მეტიც აღნიშნულ პიროვნებას გაზეთი საერთოდ არ აქვს რეგისტრირებული, ისეთი თვეში ერთხელ კი არა წელიწადში ერთხელ მაინც რომ გამოდის.
  ყოველივე ამით დარღვეულია შესყიდვის ობიექტის ტექნიკური პარამეტრები, რაც არის იმის საფუძველი, რომ ინდ. მეწარმე ზაალ ფირცხალავას მიეცეს დისკვალიფიკაცია და 23 თებერვალს ჩატარებული ტენდერის შედეგები გაუქმდეს.
   მაგრამ რა თქმა უნდა მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგებელი მამუკა დანელია, რომელიც ამავე დროს არის სატენდერო კომისიის თავჯდომარე, ამას არ გააკეთებს, რადგან მათ მშვენივრად აქვს დაგეგმილი, რომ ზაალ ფირცხალავას ხელში რაიონული გაზეთი ჩვეულებრივი პროპაგანდის იარაღი იქნება რაიონში მოქმედი გოროზია-დანელიას კლანისათვის.
  აქვე უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობისა პროტეჟე ინდ. მეწარმე ზაალ ფირცხალავა არის პიროვნება, რომელსაც თავის სიცოცხლეში ერთი საგაზეთო სტატიაც არ დაუწერია. განა საოცარი არ არის თუ რატომ უჭერენ მხარს ასეთ არაპროფესიონალებს.
  ამ საკითხთან დაკავშირებით ფაუსტ ნადარაიას დავუკავშირდით და კომენტარის გაკეთება ვთხოვეთ: 
    _ რამე პოლიტიკური სარჩული ხომ არ უდევს მარტვილის ხელმძღვანელობის ამ ქმედებას?
    _ გასულ წელს ჩვენ დავბეჭდეთ ბიძინა ივანიშვილის საქმიანობის ამსახველი მასალები და პროტესტი გამოვთქვით იმის გამო რომ საქართველოს ხელისუფლება მოქალაქეობას ართმევს ჭეშმარიტ მამულიშვილს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს, კაცს, რომელმაც ქართველ ერს სამების ტაძარი აუშენა, რომელიც უანგაროდ ეხმარებოდა მეცნიერებს, მწერლებს და მთელს საქართველოს. საჯაროდ ვაცხადებ, რომ მე როგორც ერთი რიგითი ქართველი დიდ უსამართლობას ვხედავდი და ვხედავ მისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევაში, რაც გამოვხატე კიდეც ჩვენს გაზეთში. რამაც გამოიწვია მარტვილის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირების აგრესია ჩემს მიმართ. 
    _ რაიმე სახის მუქარას ხომ არ ჰქონია ადგილი?
    _ მარტვილის გამგებელ მამუკა დანელიას ჩემთან პირად საუბარში არ დაუმალავს, რომ ის არ შეეგუებოდა რაიონში ისეთი გაზეთის არსებობას, რომელიც ივანიშვილის მხარდამჭერთა მასალებს აქვეყნებს. მუქარა შეასრულა კიდეც. მან ტენდერში უკანონოდ გაამარჯვებინა ისეთ „გაზეთს“, რომელიც საერთოდ არ არსებობს. რაც შეეხება ინდ. მეწარმე ზაალ ფირცხალავას, მე მას ადრეც ვურჩიე, რომ გაზეთი მისი საქმე არ არის და ამ საქმეს შეეშვას, ვიდრე თავს საქვეყნოდ მოიჭრიდეს, რადგან ძნელია  და სრულიად არ არის საჭირო ვაკეთოთ ის რისი უნარიც არ გვაქვს.
რაც შეეხება მარტვილი გამგებელს, მამუკა დანელიას, თვით კომისიის წევრებმაც ხომ იციან თუ რა თავგამოდებით იბრძოდა ის კომისიის სხდომაზე გაზეთ „მარტვილის“ წინააღმდეგ, როგორც პოლიტიკურად არასაიმედო გაზეთზე.
    _ ბატონო ფაუსტ, აპირებთ თუ არა დანებებას, ან რა ბედი ელის თქვენს გაზეთს?
    _ მე ახლა არ შევუდგები თქვენი გაზეთის ფურცლებიდან ლიტერატურული გაკვეთილის ჩატარებას მარტვილის სატენდერო კომისიის თავჯდომარისათვის, თუ როგორ უნდა გავიგოთ სიტყვები „უნდა გამოდიოდეს“ და „უნდა გამოვიდეს“, მაგრამ, რაც უნდა მოხდეს გარწმუნებთ, ჩემი მეგობრების დახმარებით ჩვენ მაინც შევძლებთ გაზეთ „მარტვილის“ გამოცემას და როგორც ყოველთვის მომავალშიც მიუკერძოებლად და ობიექტურად ავსახავთ რაიონის ცხოვრების ყველა მხარეს_ კარგსაც და ცუდსაც, რითაც ხელს შევუწყობთ რაიონში სამოქალაქო საზოგადობის ჩამოყალიბებას.
   P.S. თანამედროვე ცივილიზებულ სამყაროში პრესის თავისუფლება არის დემოკრატიის საყრდენი, მაგრამ როგორ გინდა ეს გააგებინო მარტვილის გამგებელს, მამუკა დანელიას, რომელსაც კომკავშირული აზროვნება ჯერ კიდევ არა აქვს თავიდან გამოფერთხილი და არ არის დაინტერესებული ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაზე.
     
      გიორგი ლაშხი
           ("ილორი")