Sunday, September 30, 2018

მარტვილელი ქალი პარიზში



ჟურნალ დროშის 1985 წლის დეკემბრის ნომერში გამოქვეყნდა პოეტ დავით მაღრაძის ლექსი „სამშობლოში დაბრუნება“, რომელსაც ასეთი ეპიგრაფი ახლავს: „ვუძღვნი ქალბატონ ლუბა აბდუშელიშვილს, რომელიც ახალგაზრდა განშორდა საქართველოს და სამოცი წლის მერე დაუბრუნდა მას“.                                                                                                   
   ლექსში საოცრად თბილად და ემოციურად არის დახატული ნოსტალგიით გაწამებული ქართველი ქალის სახე:
                                „ცრემლში იფურცლება
                                  წარსულის ალბომი,
                                  მკათათვე ტყეშია
                                  თვალებმინამული,
                                  ბავშვობა ედება
                                  ბებერ გულს სალბუნად
                               - მადამ, გენატრებათ მამული?
    მშვენივრად არის გააზრებული შემდეგი სტრიქონებიც:
                                 ბალახში დაეძებთ
                                  პატარა ნაფეხურს,
                                   რა შეინახავდა
                                   იმდენი წლის მერე,
                                   ნუთუ მიაგენით?
                                  -ვიპოვე!
                                  -აფერუმ!
                                   ცრემლები ჩამოსდით
                                   საფლავში ქიმერებს.
  

Friday, September 28, 2018

მათ, როგორც ქველმოქმედთ, მარტვილში ბადალი არ ჰყავთ


მე-19 საუკუნის დასასრულსა და მე-20 საუკუნის პირველ ნახევარში მარტვილში მოღვაწეობდნენ ისეთი პატრიოტი და ქველმოქმედი ადამიანები, როგორებიც იყვნენ:
      ანტონ კეკელია -- სასულიერო მოღვაწე და განმანათლებელი, სამეგრელოში, მათ შორის მარტვილის სხვადასხვა სოფელში გახსნა 15 სკოლა. საკუთარი სახსრებით გააგზავნა სერგი დანელია სასწავლებელში.
         დარია ფაღავა -- საზოგადო მოღვაწე, მექი ფაღავას მეუღლე, ეხმარებოდა ღარიბ სტუდენტებს ფინანსურად, იყო ქუთაისის საჯარო ბიბლიოთეკის ერთ-ერთი დამაარსებელი.
       დიმიტრი ბერულავა -- საზოგადო მოღვაწე, გახსნა სკოლები ახუთსა და კურზუში.
      კონდრატე ჩაჩიბაია -- ბლაღოჩინი, შემდეგში მასწავლებელი, ცნობილი საზოგადო მოღვაწე და ქველმოქმედი. კიწიაში საკუთარ მამულში გახსნა სკოლა.