Tuesday, March 10, 2020

ღირსეული მამულიშვილი (წერილი ვაჟა აბაკელიაზე)


 დიდ ქართველ ისტორიკოსს, ლევან სანიკიძეს აქვს ნათქვამი:
„ვაჟა აბაკელია იმ გამორჩეულ მამულიშვილთა შორის გვეგულება, რომელსაც თავისი ცხოვრებით და საზოგადოებრივი თუ სამსახურეობრივი მოღვაწეობით, ამ უკანასკნელი ათწლეულის გასწვრივ უმძიმესი პანკრიზისით შეპყრობილ ქვეყანაში თავი არასოდეს შეურცხვენია“.
და ამ სიტყვების ავტორი რომ ცამდე მართალია, ამას ადასტურებს ვაჟა აბაკელიას უმწიკვლო ბიოგრაფია.
დაიბადა 1948 წელს, მარტვილში.
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.
27 წლისა იყო, როცა თბილისის, ნაძალადევის რაიონის მოსამართლედ დაინიშნა, სადაც 10 წელი იმუშავა. სხვადასხვა წლებში მუშაობდა მარტვილის სახალხო დეპუტატთა რაისაბჭოს აღმასკომის თავმჯდომარედ, რაიკომის მდივნად. ერთადერთი რაიკომის მდივანი ოყო დასავლეთ საქართველოდან, ვინც პირველ მრავალპარტიულ არჩევნებში გაიმარჯვა და უზენაესი საბჭოს მაჟორიტარი დეპუტატი გახდა. შემდეგ საქართველოს პირველმა პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ, იგი, ჯერ საქართველოს უმაღლესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილედ, შემდეგ კი გენერალური პროკურორის თანამდებობაზე დანიშნა, სადაც მისი საქმიანობა ცნობილი მოვლენების გამო შეწყდა.
სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ, გარკვეული პერიოდი იყო უმუშევარი. 1993 წლიდან თორმეტი წლის განმავლობაში მუშაობდა თბილისის ისან-სამგორის რაიონულ პროკურორად.
წლების განმავლობაში ეწეოდა სამეცნიერო და პედაგოგიურ მოღვაწეობას. იყო კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დეკანის მოადგილე, იუსტიციის ნამდვილი სახელმწიფო მრჩეველი, იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.
ბატონი ვაჟა აბაკელია, მართალია, ცოტა ხანს იყო ჩვენი რაიონის თავკაცი, მაგრამ იმ ცოტა ხანშიც მან ბევრი რამის გაკეთება შეძლო.
გავიხსენოთ:
რაიონის თავკაცად მოსვლიდან, ექვს თვეში, სამოცდაათ კილომეტრზე დააგო ასფალტოვანი გზა, სანიმუშოდ მოაწყო ქალაქის ცენტრში გაზონები, ტროტუარები. ხარაჩოები შემოავლო მარტვილის მონასტერს და დაიწყო სარესტავრაციო სამუშაოები მთელს კომპლექსში, ეზო - მიდამოსა და შემოგარენში.
მაგრამ, მის ყველაზე დიდ დამსახურებად მე მაინც ის  მიმაჩნია, რომ მან მარტვილში მოღვაწეობის დროს, ქვეყნის უკიდურესად დაძაბულ პერიოდში შეძლო სხვადასხვა ჯგუფებად და პარტიებად გახლეჩილი რაიონის ერთ მუშტად გაერთიანება.
მახსოვს, რა კარგად უთხრა ერთ ჟურნალისტს:
 -მე მარტვილელი კაცი ვარ, მშობლიურ რაიონში ვმუშაობ და აქ, ყველა ჩემიანად მიმაჩნია, ფორმალები ვართ თუ არაფორმალები, ერთი მიზანი გვაქვს, საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ვიბრძვით და მიზანსაც ერთად უნდა მივაღწიოთო.
ალბათ, ყველას კარგად გვახსოვს, რომ ვაჟა აბაკელიამ მარტვილში ხელმძღვანელად მუშაობის ურთულეს პერიოდში ჩაატარა გრანდიოზული ღონისძიება-გიორგი ჭყონდიდელის მოღვაწეობის 900 წლისთავი, რომელშიც მონაწილეობა მიიღო საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ, საქართველოს კულტურის გამოჩენილმა მოღვაწეებმა და მსოფლიოს 27 ქვეყნის წარმომადგენლებმა.
და ის დღე იყო ნამდვილი ქართული სულის აღზევება მარტვილში.
ვაჟა აბაკელია იყო საკუთარი ქვეყნის ისტორიისა და ტრადიციების ზედმიწევნით მცოდნე, ჭეშმარიტად ეროვნული სულის მატარებელი  პიროვნება, ვისაც გულში ედო ის წმინდა, პატიოსანი გრძნობა, მამულიშვილურ სიყვარულს რომ ეძახიან.
ალბათ, სწორედ ამიტომ ანდო მას საქართველოს პირველმა პრეზიდენტმა, ბატონმა ზვიად გამსახურდიამ ქვეყნის გენერალური პროკურორის თანამდებობა და ვაჟა აბაკელიასაც არასოდეს უღალატნია არც პრეზიდენტისა და არც კანონიერებისათვის. იგი მუდამ იქ იდგა სადაც უნდა იდგეს ჭეშმარიტი მამულიშვილი.
აქ აუცილებლად უნდა გავიხსენო ზვიად გამსახურდიას შესახებ მისი ნათქვამი:
-ბატონი ზვიადი ყველაზე ღირსეული კაცი იყო, ვინც კი ცხოვრებაში შემხვედრია-წესიერი, უპატიოსნესი, დიდი პატრიოტი, უგანათლებულესი ადამიანი. მეტი როგორი პრეზიდენტი უნდოდათ ქართველებს? ბედნიერი ვარ, რომ მასთან მომიწია მუშაობა და ბატონმა ზვიადმა ნდობა გამომიცხადა, ორ ძლიერ თანამდებობაზე დამნიშნა. მისნაირი ადამიანები საქართველოს ისტორიაში ძალიან ცოტანი არიან. ის რომ დღეს ცოცხალი აღარ არის ქართველი ერის ბედისწერააო.
მკითხველს აქ აუცილებლად უნდა შევახსენო ერთ დროს ძალიან გახმაურებული საქმე, როცა ჯერ კიდევ საბჭოთა ხელისუფლების დროს, თბილისის ნაძალადევის რაიონის ახალგაზრდა მოსამართლემ, ვაჟა აბაკელიამ საბჭოთა ხელისუფლებისაგან სასტიკად შერისხული, ცნობილი დისიდენტის, ბორის გოლშტეინის სარჩელი დააკმაყოფილა (სამსახურში აღადგინა და მთავრობას მისი ე.წ. განაცდურიც გადაახდევინა), რასაც იმ პერიოდში ვერც ერთი მოსამართლე ვერ გაბედავდა. შემდეგ, როცა ბატონი ვაჟა აბაკელია უმაღლესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილედ დანიშნეს და ზვიად გამსახურდიასთან გასაუბრებაზე იმყოფებოდა, ზვიადთან ბორია გოლშტეინის ძმა შემოსულა, ვაჟა რომ დაუნახავს, სიხარულისაგან უთქვამს: ეს ხომ ის კაცია, რომელმაც სამოცდაათიან წლებში ასეთი თამამი გადაწყვეტილება გამოიტანაო...
თუმცა, როგორც შემდეგ ვგებულობთ, ზვიადმა ეს ამბავი მანამდეც კარგად იცოდა.
აკადემიკოსი მაგალი თოდუა წერდა:  როცა ვაჟა აბაკელიამ ცნობილი დისიდენტი გოლშტეინი  გაამართლა, ზვიად გამსახურდია  (იმ დროს თვითონაც დისიდენტი) საგანგებოდ ეწვია აბაკელიას, ასეთი ვაჟკაცური საქციელის გამო, მადლობა გადაუხადა და გმირი უწოდა.
ახლა კი თავს უფლებას მივცემ გაგახსენოთ ვაჟა აბაკელიასადმი მიძღვნილი ერთი ჩემი ლექსი, რომელიც 2002 წელსაა დაწერილი და შეტანილია იმავე წელს გამოცემულ წიგნში „მარტვილის სახელოვანი შვილები“.
ლექსი მხოლოდ ოთხსტროფიანია  და მომყავს მთლიანად.
თუმცა არა ვარ მე ხოტბის და
ლიქნის პოეტი,
კარგ ყმათა ქება სათაკილო
სულაც არ არის,
შენ ის კაცი ხარ, ვინც სიკეთეს
თესავს ყოველთვის
და არ უცრუებს არასოდეს
იმედს არავის.

ვით იურისტი, ორატორი
ხარ დიდებული,
ვის არ მოხიბლავს ძალა შენი
მახვილი აზრის,
ხარ ჭყონდიდით და ჭყონდიდელით
აღტაცებული,
შენს ყველა სიტყვას ეროვნული
ბეჭედი აზის.



მეგონა ყველას წაახდენდა
ეს დრო ტიალი,
მაგრამ თბილისში ისევ ისმის
ხმები ნაცნობი:
“აბაკელია - პროკურორი
სამართლიანი“,
„აბაკელია - ეტალონი
კაცურ კაცობის“,

ბატონო ვაჟა, მაშ სულ მაგრად
და უფრო მედგრად,
უფალმა მოგცეს ძალა მეტი
ღვწისა და გარჯის,
იყავი კარგად შენს დიდებულ
ოჯახთან ერთად
საგულდაგულო მოკითხვა კი
შენს ძვირფას დაჩის.

ეს ლექსი, როგოც ვთქვი, 18 წლის წინათაა დაწერილი.
რადგან, მიძღვნითი ხასიათის ლექსებს ალმაცერად უყურებენ ზოგიერთები, ამიტომ ერთხელ კიდევ გულწრფელად ვიტყვი, რომ ამ ლექსის ადრესატი, ბატონი ვაჟა აბაკელია, მართლაც რომ თავისი ქვეყნის ღირსეული მამულიშვილი იყო, ვისაც ჯერ კიდევ მრავალი სასიკეთო საქმის გაკეთება შეეძლო ერისთვის, მაგრამ...
გარდაიცვალა 2019 წლის 12 ივლისს, 71 წლის ასაკში.
დატოვა დიდებული ოჯახი.
ვუსამძიმრებ და თანაგრძნობას ვუცხადებ მეუღლეს, შვილებს, ყველა ახლობელს და ამასთან აღვნიშნავ, რომ ბატონი ვაჟა აბაკელია დააკლდა არა მარტო ოჯახს, არამედ სრულიად საქართველოს.
მის სახელს დავიწყება არ უწერია.
დღეს სწორედ ვაჟა აბაკელიასთანა ეროვნული ადამიანები  სჭირდება ჩვენს ქვეყანას.


ფაუსტ ნადარაია
გაზეთ „მარტვილის“ რედაქტორი