Monday, December 2, 2019

ჸოროფაშ ფილოსოფია


(ავტორი: პერსი  ბიში  შელი)



არძა მაფერი მალწყარშა მეურს
მალუ-წყარეფი ზღვას აკათუნა,
ნირსეფი ქარემს უფერუანა
ართმაჟიაშა მიკვარკვატუნა

არძა მუშ-მუში მანგიწკუმა რე,
ხვალე ვარენა ბედიშ ჭყოლოფათ
ჩქი მუშენ ვორდათ  მელახ-მელახო
მუჟამს ეფშა რე გური ჸოროფათ

ქარწყექ ცაშ ჯვიდას ოცად გვალეფი
ზღვაშ პოპორეფი ძგალემს გორუნა
ემერ ქოძირი, მინდორს ვარდეფი
ართიანს მუჭო გახუტოლუნა.

თუთა ზღვას ჯუდუნს, ბჟა მუშ ჩხორიას
ჟიშე გვიჯღონანს გეწურაფილო,
მარა თეს ირფერს მუ აზრი უღუ
სი ვაბჯუდუნქდა , გოლუაფირო.

გინმათანგალი:        ფაუსტ ნადარაია

Tuesday, November 12, 2019

სამეგრელო-ზემო სვანეთის გარემოს დაცვის ინსპექციის საყურადღებოდ მოსახლეობა რომ შეშის გარეშე არ დარჩეს


  ყველასათვის ცნობილია, რომ მარტვილის სოფლებში, სადაც გაზი არაა შეყვანილი, გათბობის ერთადერთ საშუალებად კვლავ შეშა ითვლება.
   ამიტომ ზამთრის მოახლოებასთან ერთად გაზეთ „მარტვილის“ რედაქციაში უამრავი წერილი შემოდის, რომელთა ავტორები უკმაყოფილებას გამოთქვამენ იმის გამო, რომ მიმდინარე წელს მარტვილში ტყე-კაფის გამოყოფა დაგვიანდა და მოსახლეობამ ვერ შეძლო შეშის დროულად მომარაგება. დაგვიანებული ტყეკაფებიც ისეთ მიუვალ ადგილებზე გამოყვეს, სადაც ჭირს მანქანებით მისვლა, ზოგიერთი ტყეკაფის უკან კი როგორც ამბობენ კერძო პირები დგანან, ჭრის ბილეთებსაც თვითონ ყიდულობენ და შეშასაც საბაზრო ფასებში თვითონ ყიდიან. ამასთანავე ისიც ფაქტია, რომ, მაგალითისათვის სოფელ დიდი-ჭყონში მცხოვრებ გლეხკაცს, ლებარდეს ტყეკაფიდან ერთი „ურალი“ შეშის გამოტანა 700-800 ლარი დაუჯდება, ამის საშუალება კი მას არ გააჩნია.
    არადა რა ქნას შეშა აუცილებლად სჭირდება.
   ადრე სოფლის მოსახლეობა თავისი ეზოს მიმდებარე ტყეს თვითონ უვლიდა და პატრონობდა, როცა დასჭირდებოდა სოფლის ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით მოჭრიდა კიდეც და მოჭრილს ახალი ნერგით ჩაანაცვლებდა. ჩვენი აზრით ეს ასე უნდა ხდებოდეს დღესაც და ის ტყეებიც, რომლებსაც საკოლმეურნეო ტყეებს ეძახდნენ, ისევ ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს უნდა დაუბრუნდეს სამართავად.
   მაგრამ სანამ ეს არ მომხდარა, სოფლის მოსახლეობა დიდი ხანია უკმაყოფილებას გამოთქვამს იმის გამო, რომ მათ თავიანთი ეზოს უკან მდგარი, ერთი ძირი ფუღურო თხმელის მოჭრასაც არ პატიობენ, ხოლო ათასობით კუბური მეტრი ხის უკანონო მჭრელებს არავინ არაფერს არ ეუბნება და ყველა ხელს აფარებს. არადა გარემოს დაცვის ინსპექცია პირველ რიგში სწორედ ასეთ ბრაკონიერებსა და გადამყიდველებს უნდა ებრძოდეს.
   ხოლო რაც შეეხება სოფლის გაჭირვებულ მოსახლეობას (რომელთა შემოსავალი საარსებო მინიმუმსაც კი ვერ აკმაყოფილებს),  თუ რომელიმე მათგანი თავისი ეზოს უკან მდებარე (თანაც მის მიერ მოვლილი) ტყიდან ერთ ან ორ ურემ შეშას  გამოიტანს ზამთრისთვის, ოჯახის გასათბობად, ამისთვის მას არავინ არ უნდა აჯარიმებდეს, რადგან ტყე ჩვენი ეროვნული სიმდიდრეა და ეს სიმდიდრე უპირველესად მოსახლეობის საჭიროებისთვის უნდა იქნეს გამოყენებული.

ერთი შენიშვნა კიდევ: ამას წინათ უშეშოდ დარჩენილმა ერთმა ღვაწლმოსილმა პედაგოგმა ისეთი რამ მითხრა გაოცებული დავრჩი. 
-როცა გლეხებს მთიდან კანონიერად გამოწერილი საშეშე მასალები ჩამოაქვთ, მათ გზაზე სატყეოს თანამშრომლები აჩერებენ და თუ რომელიმე მორი 90 სანტიმეტრზე მეტი აღმოჩნდა,  სამასალედ არ გამოიყენოსო და, „დრუჟბით“ შუაზე ახერხინებენო.
   „ამას ფაშისტებიც არ იკადრებდნენ - მეთქი“, გავიფიქრე ჩემთვის და მეორე დღეს აღნიშნულის გამო პირადად გავესაუბრე სატყეო უბნის ხელმძღვანელობას. გავარკვიე, რომ ეს მართლაც ასე ყოფილა.
      -კი ბატონო, ასეა, თუ რომელიმე მორი 90 სანტიმეტრზე მეტი აღმოჩნდა, აუცილებლად შუაზე გაჭრიან, რადგან კანონში ასე გვიწერია და ჩვენი ხელმძღვანელობაც ასე გვავალდებულებსო - მივიღე პასუხად.
     მე არავის ჭკუას არ ვასწავლი, მაგრამ თავიანთ ხელმძღვანელობას და კანონებს იცავდნენ ის ეგზეკუციის „ყაზახებიც“, რომლებმაც ახალი წლის წინა დღით, პატიოსანი, მშრომელი გლეხის ხუთი შვილის მამის, გოგია უიშვილის ოჯახი დაარბიეს და ააწიოკეს.
     თუმცა ასეთი კანონის აღსრულებისთვის არა მგონია, რომელიმე მათგანი ხალხის სიმპათიას იმსახურებდეს.
    მკითხველს ვთხოვ სწორად გამიგოს.
    მე არ ვამბობ, რომ კანონი არ უნდა დავიცვათ, მე იმას ვამბობ, რომ კანონის დაცვა მორალზე გადაბიჯებით არ უნდა ხდებოდეს.

                                                                       ფაუსტ ნადარაია
                                                      გაზეთ „მარტვილის“ რედაქტორი

Monday, July 15, 2019

ვაჟა აბაკელიას გამოსათხოვარი




  წავიდა ჩვენგან კიდევ ერთი ღირსეული მამულიშვილი, საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორი ბატონი ვაჟა აბაკელია.
   მარტვილელებს კარგად ახსოვთ ვაჯა აბაკელიას მოღვაწეობა მარტვილში, როდესაც მისი ინიციატივით და ორგანიზებულობით ჩატარდა გიორგი ჭყონდიდელის მოღვაწეობის 900 წლისთავისადმი მიძღვნილი გრანდიოზული ღონისძიება, რომელსაც უამრავი ხალხი ესწრებოდა საზღვარგარეთიდანაც....
   ბატონი ვაჟა იყო განსაკუთრებული თეორიული მომზადებისა და საოცარი ალღოთი აღჭურვილი მაღალპროფესიონალი იურისტი, რომელსაც საქართველოს პირველმა პრეზიდენტმა ბატონმა ზვიად გამსახურდიამ სწორედ მაშინ ანდო ქვეყნის გენერალური პროკურორის თანამდებობა, როცა ქვეყანას ძლიერ უჭირდა...
   და ვაჟა აბაკელიასაც არასოდეს უღალატნია, არც პრეზიდენტისა და არც კანონიერებისთვის.
   მისი შვილები ყოველთვის წელგამართული ივლიან ამ ქვეყანაზე და სიამაყით იტყვიან, რომ  კარგი მამა ჰყავდათ.
   ვაჟა აბაკელია არა მარტო მის შვილებს, მეუღლეს, სამეგობროსა და სანათესაოს, არამედ მთელ საქართველოს დააკლდა.
  ვწუხვარ, რომ ოჯახური მდგომარეობის გამო ვერ დავესწრები მის დაკრძალვას.
   ღმერთმა ნათელში ამყოფოს ბატონი ვაჟა აბაკელიას სული.
გაზეთ „მარტვილის“ რედაქტორი :        
                                                                     ფაუსტ ნადარაია




Thursday, May 30, 2019

ერთი უსინდისო გამოხტომის გამო


 გავეცანი `ყოფილი რწმუნებულების~ მიერ ფეისბუქიდან ჩემი მისამართით გადმოსროლილ შენიშვნებს, რამაც ძალიან გამაოცა.

     ეტყობათ, თვითონაც არ იციან ამ გამოხტომით რა უნდათ და რას მედავებიან.
     გრიგალავას გამგებლობის პერიოდში მიწების უპრაგონოდ გაცემის გამო ბიუჯეტმა მილიონამდე ზარალი განიცადა, გაზეთი `მარტვილი~ კი ამის შესახებ არაფერს წერსო, ნაციონალური ხელისუფლების დროს კი ფაუსტ ნადარაია ყოფილ გამგებელ მამუკა დანელიაზე რა ჭორებსაც გაიგებდა და მოიგონებდა, მაშინვე გაზეთში აქვეყნებდაო.
      ჯერ ერთი, მე ჩემს გაზეთში არა თუ მამუკა დანელია, უსამართლოდ საერთოდ არასოდეს არავინ არ გამიკრიტიკებია და მეორეც, მე პირადად ვისზე, როდის და როგორ დავწერ ამა თუ იმ გაზეთში ამას "ყოფილ რწმუნებულებს" კი არა, მოქმედ რწმუნებულებს არ ვეკითხები. მაგრამ თუ თქვენ მართლა სიმართლისათვის მებრძოლი და პატიოსანი ხალხი ხართ ყოფილო რწმუნებულებო, იმ თქვენს კერპებს, მიშასა და სანდრას გაფიცებთ, გულზე ხელი დაიდევით და ისე თქვით: როდისმე ყოფილა შემთხვევა, რომ რომელიმე თქვენგანს რედაქციაში გრიგალავას ან სხვა ჩინოვნიკის მამხილებელი სტატია მოეტანოს და მის დაბეჭდვაზე მე უარი მეთქვას? Aაბა, რა გინდათ და რა სისულელეებს მიედ-მოედებით?!
      რაც შეეხება მიწების უკანონოდ გასხვისებას, ამას თუ ვინმე მართლა უპრაგონოდ აკეთებდა ამ ქვეყანაზე, ეს ხომ ნაციონალური ხელისუფლება იყო და მამუკა დანელიასაც, სხვა საკითხებთან ერთად, ამის გამოც ვედავებოდით.
      დიახ, სწორედ მამუკა დანელიას გამგებლობის პერიოდში წაართვეს და გაუყიდეს მოსახლეობას თავიანთ საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთები ონოღიაში, მუხურჩასა და ვედიდკარში. როცა დაზარალებულმა პირებმა დახმარებისთვის დანელიას მიმართეს, ეს უკანასკნელი მათ დაჭერით დაემუქრა. რამდენიმე დღის შემდეგ ვერტმფრენით სპეც რაზმი ჩამოიყვანეს და თავიანთი უფლებების დასაცავად გამოსული უმიწოდ დარჩენილი, შიმშილით გასავათებული ხალხი `დუბინკებით~ ცემეს.
      დიახ, სწორედ ნაც გამგებელ მამუკა დანელიას პერიოდში გაასხვისეს და გაანადგურეს მეცნიერთათვის კარგად ცნობილი `ზუგა~ და მისი მიდამოები, სადაც ძველი კოლხური კულტურის ამსახველი უნიკალური ნიმუშები იყო შემონახული.
       რა არის აქ ჭორი და მოგონილი?
       ახლა, რაც შეეხება ჩემს პიროვნებას.
       `ყოფილი რწმუნებულების~ სახელით გამოსულ იმ იდიოტ ინსინუატორს უნდა შევახსენო, რომ ჩემი ლიტერატურული წერილები, ლექსები, თარგმანები და სხვადასხვა სახის კრიტიკულ-კვლევითი შრომები სისტემატურად იბეჭდება პერიოდულ პრესაში.
       ვარ საქართველოს მწერალთა კავშირის წევრი, 10 წიგნის ავტორი, რომელთაგან რამდენიმე სამეგრელოს, მარტვილსა და მის სახელოვან შვილებს ეძღვნება. 2018 წელს დავწერე და გამოვეცი წიგნი `მარტვილში მოღვაწე ავტორები~, სადაც უყურადღებოდ არ დამრჩენია თითქმის არავინ, ყველა დებიუტანტზეც ვთქვი კეთილი სიტყვა. 
       ყოველივე ამის შემდეგ არ მეგონა მარტვილში თუ მოიძებნებოდა ისეთი სულმდაბალი ადამიანი, რომელიც გაზეთ `მარტვილზე~ და მის რედაქტორზე ისეთ რამეს იტყოდა, რასაც კადრულობს `ყოფილი რწმუნებულების~ სახელს ამოფარებული ის არაკაცი, თუ არაქალი.
    ამიტომ პირველად  და უკანასკნელად ვაფრთხილებ `ყოფილ რწმუნებულებს~, თუ რომელიმე თქვენგანს მართლა სერიოზული დავა-კამათი გინდათ, თქვენი სახელით გამოდით და გაზეთ `მარტვილსაც~ სიამოვნებით დაგითმობთ. (თუნდაც ჩემს წინააღმდეგ),  იმ უსინდისოს კი ურჩიეთ შეეშვას თქვენი სახელით მოქმედებას, რადგან ეს უზნეობაა და პირველ რიგში თქვენ დაგაზარალებთ. ხოლო თუ ის მაინც თუ გააგრძელებს ჩვენს მიმართ გამოხტომებს, დარწმუნებული ბრძანდებოდეთ სულ მალე გავშიფრავ და საქვეყნოდ გამოვაჭენებ.
      და ამას გავაკეთებ მხოლოდ იმიტომ, რომ ყველას გავაგებინო ვინ ვინ არის, თორემ `ყოფილი რწმუნებულების~ სახელს ამოფარებული იმ არაკაცის, თუ არაქალის ნაჭორავებს ჩემთვის ისეთივე მნიშვნელობა  აქვს, როგორც მყრალ გუბეში ბაყაყის ყიყინს.

                              ფაუსტ ნადარაია

 Pp.S.   მარტვილის ერთ-ერთი ყოფილი რწმუნებული ბატონი ზიფრიდ ბესელია თავის კომენტარში აღნიშნავს, რომ მას თურმე დღემდე შენახული ქონია ის გაზეთი, სადაც ნაცხელისუფლების დროინდელი, გამგეობის თანამშრომელთა ხელფასებია გამოქვეყნებული და უკვირს დღევანდელი მერიის თანამშრომელთა ხელფასებს რატომ არ ვასაჯაროებთ. 
   ეხ, ზიფრიდ, ზიფრიდ.
   2013 წელს გაზეთ `მარტვილში~ მე მართლაც გამოვაქვეყნე გამგეობისა და საკრებულოს ხელფასები, მაგრამ თუ იცი, რატომ გავაკეთე ეს? თუ ის გაზეთი მართლაც შენახული გაქვს, იქ ხომ გარკვევით წერია, რომ 2012 წლის ნოემბერ-დეკემბერში გამგეობის შენობის წინ გამართული საპროტესტო აქციების გამო, გამგეობისა და საკრებულოს თანამშრომლებს დეკემბრის თვეში საერთოდ არ უმუშავნიათ. მიაქციეთ ყურადღება. არ უმუშავნიათ და ისე დაირიცხეს ხელფასები. აი, რისი ჩვენება გვინდოდა იმ ხელფასების გამოქვეყნებით.
    და დღესაც თუ თქვენ გაქვთ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მარტვილის მუნიციპალიტეტში მამუკა დანელიას გამგებლობის შემდეგაც ჰქონდა მსგავს შემთხვევას (უმუშევრად ხელფასების დარიცხვას) ადგილი, ბრძანეთ ბატონო ზიფრიდ Dდა ჩვენ მას აუცილებლად გამოვაქვეყნებთ.
    მაგრამ, მეეჭვება, თქვენ ასეთი ფაქტის დასახელება შეძლოთ.