Thursday, May 30, 2019

ერთი უსინდისო გამოხტომის გამო


 გავეცანი `ყოფილი რწმუნებულების~ მიერ ფეისბუქიდან ჩემი მისამართით გადმოსროლილ შენიშვნებს, რამაც ძალიან გამაოცა.

     ეტყობათ, თვითონაც არ იციან ამ გამოხტომით რა უნდათ და რას მედავებიან.
     გრიგალავას გამგებლობის პერიოდში მიწების უპრაგონოდ გაცემის გამო ბიუჯეტმა მილიონამდე ზარალი განიცადა, გაზეთი `მარტვილი~ კი ამის შესახებ არაფერს წერსო, ნაციონალური ხელისუფლების დროს კი ფაუსტ ნადარაია ყოფილ გამგებელ მამუკა დანელიაზე რა ჭორებსაც გაიგებდა და მოიგონებდა, მაშინვე გაზეთში აქვეყნებდაო.
      ჯერ ერთი, მე ჩემს გაზეთში არა თუ მამუკა დანელია, უსამართლოდ საერთოდ არასოდეს არავინ არ გამიკრიტიკებია და მეორეც, მე პირადად ვისზე, როდის და როგორ დავწერ ამა თუ იმ გაზეთში ამას "ყოფილ რწმუნებულებს" კი არა, მოქმედ რწმუნებულებს არ ვეკითხები. მაგრამ თუ თქვენ მართლა სიმართლისათვის მებრძოლი და პატიოსანი ხალხი ხართ ყოფილო რწმუნებულებო, იმ თქვენს კერპებს, მიშასა და სანდრას გაფიცებთ, გულზე ხელი დაიდევით და ისე თქვით: როდისმე ყოფილა შემთხვევა, რომ რომელიმე თქვენგანს რედაქციაში გრიგალავას ან სხვა ჩინოვნიკის მამხილებელი სტატია მოეტანოს და მის დაბეჭდვაზე მე უარი მეთქვას? Aაბა, რა გინდათ და რა სისულელეებს მიედ-მოედებით?!
      რაც შეეხება მიწების უკანონოდ გასხვისებას, ამას თუ ვინმე მართლა უპრაგონოდ აკეთებდა ამ ქვეყანაზე, ეს ხომ ნაციონალური ხელისუფლება იყო და მამუკა დანელიასაც, სხვა საკითხებთან ერთად, ამის გამოც ვედავებოდით.
      დიახ, სწორედ მამუკა დანელიას გამგებლობის პერიოდში წაართვეს და გაუყიდეს მოსახლეობას თავიანთ საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთები ონოღიაში, მუხურჩასა და ვედიდკარში. როცა დაზარალებულმა პირებმა დახმარებისთვის დანელიას მიმართეს, ეს უკანასკნელი მათ დაჭერით დაემუქრა. რამდენიმე დღის შემდეგ ვერტმფრენით სპეც რაზმი ჩამოიყვანეს და თავიანთი უფლებების დასაცავად გამოსული უმიწოდ დარჩენილი, შიმშილით გასავათებული ხალხი `დუბინკებით~ ცემეს.
      დიახ, სწორედ ნაც გამგებელ მამუკა დანელიას პერიოდში გაასხვისეს და გაანადგურეს მეცნიერთათვის კარგად ცნობილი `ზუგა~ და მისი მიდამოები, სადაც ძველი კოლხური კულტურის ამსახველი უნიკალური ნიმუშები იყო შემონახული.
       რა არის აქ ჭორი და მოგონილი?
       ახლა, რაც შეეხება ჩემს პიროვნებას.
       `ყოფილი რწმუნებულების~ სახელით გამოსულ იმ იდიოტ ინსინუატორს უნდა შევახსენო, რომ ჩემი ლიტერატურული წერილები, ლექსები, თარგმანები და სხვადასხვა სახის კრიტიკულ-კვლევითი შრომები სისტემატურად იბეჭდება პერიოდულ პრესაში.
       ვარ საქართველოს მწერალთა კავშირის წევრი, 10 წიგნის ავტორი, რომელთაგან რამდენიმე სამეგრელოს, მარტვილსა და მის სახელოვან შვილებს ეძღვნება. 2018 წელს დავწერე და გამოვეცი წიგნი `მარტვილში მოღვაწე ავტორები~, სადაც უყურადღებოდ არ დამრჩენია თითქმის არავინ, ყველა დებიუტანტზეც ვთქვი კეთილი სიტყვა. 
       ყოველივე ამის შემდეგ არ მეგონა მარტვილში თუ მოიძებნებოდა ისეთი სულმდაბალი ადამიანი, რომელიც გაზეთ `მარტვილზე~ და მის რედაქტორზე ისეთ რამეს იტყოდა, რასაც კადრულობს `ყოფილი რწმუნებულების~ სახელს ამოფარებული ის არაკაცი, თუ არაქალი.
    ამიტომ პირველად  და უკანასკნელად ვაფრთხილებ `ყოფილ რწმუნებულებს~, თუ რომელიმე თქვენგანს მართლა სერიოზული დავა-კამათი გინდათ, თქვენი სახელით გამოდით და გაზეთ `მარტვილსაც~ სიამოვნებით დაგითმობთ. (თუნდაც ჩემს წინააღმდეგ),  იმ უსინდისოს კი ურჩიეთ შეეშვას თქვენი სახელით მოქმედებას, რადგან ეს უზნეობაა და პირველ რიგში თქვენ დაგაზარალებთ. ხოლო თუ ის მაინც თუ გააგრძელებს ჩვენს მიმართ გამოხტომებს, დარწმუნებული ბრძანდებოდეთ სულ მალე გავშიფრავ და საქვეყნოდ გამოვაჭენებ.
      და ამას გავაკეთებ მხოლოდ იმიტომ, რომ ყველას გავაგებინო ვინ ვინ არის, თორემ `ყოფილი რწმუნებულების~ სახელს ამოფარებული იმ არაკაცის, თუ არაქალის ნაჭორავებს ჩემთვის ისეთივე მნიშვნელობა  აქვს, როგორც მყრალ გუბეში ბაყაყის ყიყინს.

                              ფაუსტ ნადარაია

 Pp.S.   მარტვილის ერთ-ერთი ყოფილი რწმუნებული ბატონი ზიფრიდ ბესელია თავის კომენტარში აღნიშნავს, რომ მას თურმე დღემდე შენახული ქონია ის გაზეთი, სადაც ნაცხელისუფლების დროინდელი, გამგეობის თანამშრომელთა ხელფასებია გამოქვეყნებული და უკვირს დღევანდელი მერიის თანამშრომელთა ხელფასებს რატომ არ ვასაჯაროებთ. 
   ეხ, ზიფრიდ, ზიფრიდ.
   2013 წელს გაზეთ `მარტვილში~ მე მართლაც გამოვაქვეყნე გამგეობისა და საკრებულოს ხელფასები, მაგრამ თუ იცი, რატომ გავაკეთე ეს? თუ ის გაზეთი მართლაც შენახული გაქვს, იქ ხომ გარკვევით წერია, რომ 2012 წლის ნოემბერ-დეკემბერში გამგეობის შენობის წინ გამართული საპროტესტო აქციების გამო, გამგეობისა და საკრებულოს თანამშრომლებს დეკემბრის თვეში საერთოდ არ უმუშავნიათ. მიაქციეთ ყურადღება. არ უმუშავნიათ და ისე დაირიცხეს ხელფასები. აი, რისი ჩვენება გვინდოდა იმ ხელფასების გამოქვეყნებით.
    და დღესაც თუ თქვენ გაქვთ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მარტვილის მუნიციპალიტეტში მამუკა დანელიას გამგებლობის შემდეგაც ჰქონდა მსგავს შემთხვევას (უმუშევრად ხელფასების დარიცხვას) ადგილი, ბრძანეთ ბატონო ზიფრიდ Dდა ჩვენ მას აუცილებლად გამოვაქვეყნებთ.
    მაგრამ, მეეჭვება, თქვენ ასეთი ფაქტის დასახელება შეძლოთ.