Tuesday, December 31, 2013

ბავშვებს ასე არ ექცევიან...

    საინტერესო და იმედის მომცემი იყო საქართველოს მთავრობის პროექტი-უსახლკაროდ დარჩენილი ადამიანების დასახმარებლად ქ.თბილისში, მოსკოვის პროსპექტზე გაშლილი კარვები...
    რა თქმა უნდა, საზოგადოებამ და ზოგადად ორგანიზაციებმა, მხარი აუბეს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, ბატონ დავით ნარმანიას წამოწყებულ პროექტს, ამ ადამიანთა დასახმარებელ აქციას.
     არც ჩვენ, მარტვილის რაიონის სოფელ ინჩხურის საჯარო სკოლა, არ დავრჩენილვართ გულგრილად.
    ჩვენი სკოლის სამოქალაქო განათლების აქტივ კლუბი „მინჩხის“ წევრებმა გადაწყვიტეს მთელ სკოლას მიეღო ამ საქველმოქმედო აქციაში მონაწილეობა. საქმიანობის სლოგანი იყო-„მადლი ქენი“!...
     ბავშვები საოცრად ბედნიერები და ამაყები იყვნენ, რადგან თვლიდნენ-საზოგადოებისთვის სარგებლის მომტან საქმეს აკეთებდნენ. უფრო მეტიც-თავი ზრდასრულ ადამიანებად წარმოედგინათ.
      მეუფე პეტრეს ლოცვა-კურთხევითა და თავიანთი თაოსნობით შეგროვდა უამრავი სხვადასხვა დასახელების პროდუქტები, ხილი,ტკბილეული, გოზინაყიც კი. ასევე ჩასაცმელები...
     საინტერესო ისიც იყო, რომ რაიონში ჩვენი სკოლის ამ აქციას, შემოუერთდნენ ადამიანები:ექიმი და ბიზნესმენი კახა კვესელავა, „ბუმის“  დირექტორი გიზო ჩიხლაძე,რაიონის საავადმყოფოს უფროსი გიორგი ხორავა და სხვა ექიმებიც.
     თბილისში ჩასულზე კათარზისის ადმინისტრაციამ ათეულობით დიდი ყუთებით ჩაიბარა ყველაფერი.
   ახლა, ალბათ, იტყვით,კარგია, საქმე გაგიკეთებათ, მაგრამ ახლა რა გინდათო-და ჩვენც გიპასუხებთ.საქმე იმაშა, რომ ბავშვების სურვილით თბილისში ჩვენს აქციაზე მოვიწვიეთ „იმედის“ არხის პროდიუსერი შორენა ცისკარიშვილი, ხოლო სამეგრელო-ზემოსვანეთის  პირველი არხის წარმომადგენელი ქალბატონი ნატო იმ იმედით, რომ ორიდან ერთი მაინც მოვიდოდა, მაგრამ არა, არაფრად ჩაგვაგდეს, პირიქით თითქოს ნამუსზე შეგვაყენეს-რა მოხდა, ქველმოქმედება ქველმოქმედებაა და მორჩაო... უფრო მეტიც, „იმედის“ პროდიუსერმა შორენა ცისკარიშვილმა გვითხრა-ჩვენც კი ვიყავითო მათთან. თქვე დალოცვილებო, კარგია რომ იყავით, მაგრამ თქვენ ხომ ზრდასრული ადამიანები ბრძანდებით და თქვენი პირადი შემოსავლებიდან მოიკითხეთ ისინი,მაგრამ ესენი ხომ ბავშვები არიან?!
      ბავშვები სუფთა სულითა და გულით, დიდი სურვილებითა და მოლოდინებით, რომლებსაც უნდოდათ მათი,მართლაც სამაგალითო საქმეებით მაგალითი ყოფილიყვნენ სხვებისთვისაც, თუნდაც თანატოლებისთვისაც.
       მათ ხომ მართლაც გულთან მიიტანეს ამ გაჭირვებული ადამიანების ბედი, რომლებიც ყანვაში, ქარში, წვიმაში, თოვლში იყვნენ უსახლკაროდ ქუჩაში დარჩენილები.
       მათ იშრომეს, იზრუნეს,დაიხარჯნენ, უფრო მეტიც განვითარდნენ და ჯერ სოფლის ადგილობრივებს  ნდაეხმარნენ, ვისაც ეს ყველაზე ძალიან სჭირდებოდა-დაურიგეს 50-50 კგ პურის ფქვილი, ხოლო შემდეგ, 28 დეკემბერს გაიარეს 300 კილომეტრი და ჩავიდნენ თბილისში.
       ქალბატონო შორენა და ნატო! დავიჯეროთ რომ არ იცოდით ბავშვებს პატარა როგორ სწყინთ და როგორ უხარიათ?!. ცოტა რამ როგორ აძლევთ სტიმულს წახალისებისთვის?! ნუთუ მართლა შეიძლება ბავშვებს ისე მოექცნენ როგორც თქვენ მოექეცით?! თუ აქ უფრო სხვა რამეა?! - იქნებ ის,  რომ ბევრს არ მოსწონს ბატონ დავით ნარმანიას მიერ წამოწყებული კარგი საქმე?!...
      შორი გზიდან სახლში რომ ვბრუნდებოდით, ყველანი დაფიქრებულები ვიყავით, რაღაც გვწყინდა,რაღაც გვტკიოდა და ეს რაღაც კარვებში მცხოვრები ადამიანები იყვნენ, ადამიანები რომლებიც ამ ქვეყნის მგზავრები თუ ასე ვთქვათ სტუმრები არიან... ჩვენ?  ჩვენ კი მართლაც გულაჩუყებულებმა ერთმანეთს  ვუთხარით - ჩვენ ისევ მივალთ მათთან...
         p.s . მობრუნებულზე, ახალ წელს რაოდენ სასიხარულო და სასიამოვნო მოსასმენი იყო ბატონ დავით ნარმანიას ეთერში გაკეთებული განცხადება-ის რასაც ამ ჯერზე ვაკეთებთ მართალია დროებითია, მაგრამ მთავრობა მუშაობს მათ საბოლოო დაბინავებაზეო.

ინჩხურის საჯარო სკოლის მასწავლებლები:
თეონა წულაია
გვანცა ძარია
დათო გეგეჭკორი

მიხეილ წულაია

No comments:

Post a Comment