Saturday, November 1, 2014

ქალი წავიდა სხვისასა ...

ქართული პოეზის ყველა მოყვარულმა ზეპირად იცის ხალხური `შემომეყარა ყივჩაღი~ და მის საფუძველზე შექმნილი გიორგი ლეონიძის `ყივჩაღის პაემანი~. ცნობილია, რომ ყივჩაღის თემაზე მშვენ-იერი ლექსები აქვთ აგრეთვე დაწერილი გოდერძი ჩოხელს, ლაშა გახარიას, მანანა ჩიტიშვილს, თამარ მახარაძეს...
ალბათ, ყველას გვახსოვს რომ ეს ხალხური ლექსი მთავრდება ყივჩაღისა და ქართველი მოყმის სიკვდილით და ქალის `სხვისას~ წასვლით.
მაგრამ ვითომდა ქართველი ქალის პატიოსნების დაცვის მიზნით ჩვენი ფოლკლორისტები ასე ასწორებენ ამ სტრიქონებს: `ქალი წავიდა ძმისასა~, რითაც უბრალო პროზაულ ამბად ხდიან და ნამდვილ რომანტიკულობას უკარგავენ მთელ ლექსს.
დიახ, `ქალი წავიდა სხვისასა~, რადგან ხმალს დროზე უნდა მოქნევა, რაც, ხალხური ლექსით, ქართველმა მოყმემ (ანუ ქმარმა) ძალიან დააგვიანა.

ვფიქრობთ, ქართული ლიტერატურის მასწავლებლებს შეუძლიათ ამ თემაზე შექმნილ სხვა ლექსებთან ერთად ფაუსტ ნადარაიას ეს ლექსიც (რომელიც პირველად იბეჭდება დღეს ჩვენს გაზეთში), გამოიყენონ `ყივჩაღის პაემანისა~ და `შემომეყარა ყივჩაღის~ განხილვისას (გაზეთი `მარტვილისრედაქცია).

იმ დღეს მუხრანთან...
(ქალის ნათქვამი ანუ გაგრძელება
ლექსისა `შემომეყარა ყივჩაღი~)

იმ დღეს მუხრანთან ყივჩაღი
რომ შეგვეჩეხა გზაზედა,
ვერ ივაჟკაცა ჩემ ქმარმა,
ლაფი დაისხა თავზედა.

ცოლი რომ თხოვა ურჯულომ,
მეგონა გაშმაგდებოდა,
მეტს ვერ შესძლებდა თმენასა,
საომრად აენთებოდა.

მეგონა იმ ბნელ ყივჩაღსა
მომხვდურს ჩვენზედა ძალითა,
მეტს აღარ ათქმევინებდა
თავს წააცლიდა ხმალითა
ის კი იდგა და გულგრილად
უცქერდა თავის თვალითა:

იმ მოთარეშე თავხედმა
როგორ იმძლავრა ჩემზედა
მის თვალწინ როგორ მაკოცა,
როგორ მიმიკრა მკერდზედა.
ამას რომელ ქალს ჰკადრებენ
ვისაც ქმარი ჰყავს გვერდზედა?

თავი წავართვი ყივჩაღს და
გავკვირდი ქცევას ქმრისასა,
სანამდის აღარ შევკივლე.
`ვაჰ, ცოლსა ცუდის ყმისასა~
არც აპირებდა ჯაბანი
ალაგმვას მომხდურ მტრისასა.

მერე კი ისიც აზავთდა,
არ დაუზოგავს ძალია,
ერთურთს ეკვეთნენ მიჯნურის
და მეპატრონის ხმალია...
თუმც კარგად დაჰკრა ჩემ ქმარმაც,
მითაც, არ_საქებარია.

ვაგლახ, რომ იგი მიცავდა,
ვით ნივთსა სიდედრისასა,
და არა როგორც თავის ცოლს _
ნანატრ საუნჯეს ქმრისასა.

უცებ შემზარდა ყოველი,
გავბრაზდი ჩემსავ თავზედა,
უგულო კაცის ცოლობა
ძნელი ყოფილა ძალზედა.
მიტომ წავედი სხვისასა...
დავრჩენილიყავ რაზედა?
ყივჩაღის ნაკოცნ ტუჩებით,
ვიწვი სირცხვილის ალზედა.

ვერ ივაჟკაცა ჩემ ქმარმა
იმ დღეს მუხრანის გზაზედა.

ფაუსტ ნადარაია