Tuesday, November 12, 2019

სამეგრელო-ზემო სვანეთის გარემოს დაცვის ინსპექციის საყურადღებოდ მოსახლეობა რომ შეშის გარეშე არ დარჩეს


  ყველასათვის ცნობილია, რომ მარტვილის სოფლებში, სადაც გაზი არაა შეყვანილი, გათბობის ერთადერთ საშუალებად კვლავ შეშა ითვლება.
   ამიტომ ზამთრის მოახლოებასთან ერთად გაზეთ „მარტვილის“ რედაქციაში უამრავი წერილი შემოდის, რომელთა ავტორები უკმაყოფილებას გამოთქვამენ იმის გამო, რომ მიმდინარე წელს მარტვილში ტყე-კაფის გამოყოფა დაგვიანდა და მოსახლეობამ ვერ შეძლო შეშის დროულად მომარაგება. დაგვიანებული ტყეკაფებიც ისეთ მიუვალ ადგილებზე გამოყვეს, სადაც ჭირს მანქანებით მისვლა, ზოგიერთი ტყეკაფის უკან კი როგორც ამბობენ კერძო პირები დგანან, ჭრის ბილეთებსაც თვითონ ყიდულობენ და შეშასაც საბაზრო ფასებში თვითონ ყიდიან. ამასთანავე ისიც ფაქტია, რომ, მაგალითისათვის სოფელ დიდი-ჭყონში მცხოვრებ გლეხკაცს, ლებარდეს ტყეკაფიდან ერთი „ურალი“ შეშის გამოტანა 700-800 ლარი დაუჯდება, ამის საშუალება კი მას არ გააჩნია.
    არადა რა ქნას შეშა აუცილებლად სჭირდება.
   ადრე სოფლის მოსახლეობა თავისი ეზოს მიმდებარე ტყეს თვითონ უვლიდა და პატრონობდა, როცა დასჭირდებოდა სოფლის ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით მოჭრიდა კიდეც და მოჭრილს ახალი ნერგით ჩაანაცვლებდა. ჩვენი აზრით ეს ასე უნდა ხდებოდეს დღესაც და ის ტყეებიც, რომლებსაც საკოლმეურნეო ტყეებს ეძახდნენ, ისევ ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს უნდა დაუბრუნდეს სამართავად.
   მაგრამ სანამ ეს არ მომხდარა, სოფლის მოსახლეობა დიდი ხანია უკმაყოფილებას გამოთქვამს იმის გამო, რომ მათ თავიანთი ეზოს უკან მდგარი, ერთი ძირი ფუღურო თხმელის მოჭრასაც არ პატიობენ, ხოლო ათასობით კუბური მეტრი ხის უკანონო მჭრელებს არავინ არაფერს არ ეუბნება და ყველა ხელს აფარებს. არადა გარემოს დაცვის ინსპექცია პირველ რიგში სწორედ ასეთ ბრაკონიერებსა და გადამყიდველებს უნდა ებრძოდეს.
   ხოლო რაც შეეხება სოფლის გაჭირვებულ მოსახლეობას (რომელთა შემოსავალი საარსებო მინიმუმსაც კი ვერ აკმაყოფილებს),  თუ რომელიმე მათგანი თავისი ეზოს უკან მდებარე (თანაც მის მიერ მოვლილი) ტყიდან ერთ ან ორ ურემ შეშას  გამოიტანს ზამთრისთვის, ოჯახის გასათბობად, ამისთვის მას არავინ არ უნდა აჯარიმებდეს, რადგან ტყე ჩვენი ეროვნული სიმდიდრეა და ეს სიმდიდრე უპირველესად მოსახლეობის საჭიროებისთვის უნდა იქნეს გამოყენებული.

ერთი შენიშვნა კიდევ: ამას წინათ უშეშოდ დარჩენილმა ერთმა ღვაწლმოსილმა პედაგოგმა ისეთი რამ მითხრა გაოცებული დავრჩი. 
-როცა გლეხებს მთიდან კანონიერად გამოწერილი საშეშე მასალები ჩამოაქვთ, მათ გზაზე სატყეოს თანამშრომლები აჩერებენ და თუ რომელიმე მორი 90 სანტიმეტრზე მეტი აღმოჩნდა,  სამასალედ არ გამოიყენოსო და, „დრუჟბით“ შუაზე ახერხინებენო.
   „ამას ფაშისტებიც არ იკადრებდნენ - მეთქი“, გავიფიქრე ჩემთვის და მეორე დღეს აღნიშნულის გამო პირადად გავესაუბრე სატყეო უბნის ხელმძღვანელობას. გავარკვიე, რომ ეს მართლაც ასე ყოფილა.
      -კი ბატონო, ასეა, თუ რომელიმე მორი 90 სანტიმეტრზე მეტი აღმოჩნდა, აუცილებლად შუაზე გაჭრიან, რადგან კანონში ასე გვიწერია და ჩვენი ხელმძღვანელობაც ასე გვავალდებულებსო - მივიღე პასუხად.
     მე არავის ჭკუას არ ვასწავლი, მაგრამ თავიანთ ხელმძღვანელობას და კანონებს იცავდნენ ის ეგზეკუციის „ყაზახებიც“, რომლებმაც ახალი წლის წინა დღით, პატიოსანი, მშრომელი გლეხის ხუთი შვილის მამის, გოგია უიშვილის ოჯახი დაარბიეს და ააწიოკეს.
     თუმცა ასეთი კანონის აღსრულებისთვის არა მგონია, რომელიმე მათგანი ხალხის სიმპათიას იმსახურებდეს.
    მკითხველს ვთხოვ სწორად გამიგოს.
    მე არ ვამბობ, რომ კანონი არ უნდა დავიცვათ, მე იმას ვამბობ, რომ კანონის დაცვა მორალზე გადაბიჯებით არ უნდა ხდებოდეს.

                                                                       ფაუსტ ნადარაია
                                                      გაზეთ „მარტვილის“ რედაქტორი