Tuesday, March 10, 2020

ღირსეული მამულიშვილი (წერილი ვაჟა აბაკელიაზე)


 დიდ ქართველ ისტორიკოსს, ლევან სანიკიძეს აქვს ნათქვამი:
„ვაჟა აბაკელია იმ გამორჩეულ მამულიშვილთა შორის გვეგულება, რომელსაც თავისი ცხოვრებით და საზოგადოებრივი თუ სამსახურეობრივი მოღვაწეობით, ამ უკანასკნელი ათწლეულის გასწვრივ უმძიმესი პანკრიზისით შეპყრობილ ქვეყანაში თავი არასოდეს შეურცხვენია“.
და ამ სიტყვების ავტორი რომ ცამდე მართალია, ამას ადასტურებს ვაჟა აბაკელიას უმწიკვლო ბიოგრაფია.
დაიბადა 1948 წელს, მარტვილში.
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.
27 წლისა იყო, როცა თბილისის, ნაძალადევის რაიონის მოსამართლედ დაინიშნა, სადაც 10 წელი იმუშავა. სხვადასხვა წლებში მუშაობდა მარტვილის სახალხო დეპუტატთა რაისაბჭოს აღმასკომის თავმჯდომარედ, რაიკომის მდივნად. ერთადერთი რაიკომის მდივანი ოყო დასავლეთ საქართველოდან, ვინც პირველ მრავალპარტიულ არჩევნებში გაიმარჯვა და უზენაესი საბჭოს მაჟორიტარი დეპუტატი გახდა. შემდეგ საქართველოს პირველმა პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ, იგი, ჯერ საქართველოს უმაღლესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილედ, შემდეგ კი გენერალური პროკურორის თანამდებობაზე დანიშნა, სადაც მისი საქმიანობა ცნობილი მოვლენების გამო შეწყდა.
სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ, გარკვეული პერიოდი იყო უმუშევარი. 1993 წლიდან თორმეტი წლის განმავლობაში მუშაობდა თბილისის ისან-სამგორის რაიონულ პროკურორად.
წლების განმავლობაში ეწეოდა სამეცნიერო და პედაგოგიურ მოღვაწეობას. იყო კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დეკანის მოადგილე, იუსტიციის ნამდვილი სახელმწიფო მრჩეველი, იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.
ბატონი ვაჟა აბაკელია, მართალია, ცოტა ხანს იყო ჩვენი რაიონის თავკაცი, მაგრამ იმ ცოტა ხანშიც მან ბევრი რამის გაკეთება შეძლო.
გავიხსენოთ:
რაიონის თავკაცად მოსვლიდან, ექვს თვეში, სამოცდაათ კილომეტრზე დააგო ასფალტოვანი გზა, სანიმუშოდ მოაწყო ქალაქის ცენტრში გაზონები, ტროტუარები. ხარაჩოები შემოავლო მარტვილის მონასტერს და დაიწყო სარესტავრაციო სამუშაოები მთელს კომპლექსში, ეზო - მიდამოსა და შემოგარენში.
მაგრამ, მის ყველაზე დიდ დამსახურებად მე მაინც ის  მიმაჩნია, რომ მან მარტვილში მოღვაწეობის დროს, ქვეყნის უკიდურესად დაძაბულ პერიოდში შეძლო სხვადასხვა ჯგუფებად და პარტიებად გახლეჩილი რაიონის ერთ მუშტად გაერთიანება.
მახსოვს, რა კარგად უთხრა ერთ ჟურნალისტს:
 -მე მარტვილელი კაცი ვარ, მშობლიურ რაიონში ვმუშაობ და აქ, ყველა ჩემიანად მიმაჩნია, ფორმალები ვართ თუ არაფორმალები, ერთი მიზანი გვაქვს, საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ვიბრძვით და მიზანსაც ერთად უნდა მივაღწიოთო.
ალბათ, ყველას კარგად გვახსოვს, რომ ვაჟა აბაკელიამ მარტვილში ხელმძღვანელად მუშაობის ურთულეს პერიოდში ჩაატარა გრანდიოზული ღონისძიება-გიორგი ჭყონდიდელის მოღვაწეობის 900 წლისთავი, რომელშიც მონაწილეობა მიიღო საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ, საქართველოს კულტურის გამოჩენილმა მოღვაწეებმა და მსოფლიოს 27 ქვეყნის წარმომადგენლებმა.
და ის დღე იყო ნამდვილი ქართული სულის აღზევება მარტვილში.
ვაჟა აბაკელია იყო საკუთარი ქვეყნის ისტორიისა და ტრადიციების ზედმიწევნით მცოდნე, ჭეშმარიტად ეროვნული სულის მატარებელი  პიროვნება, ვისაც გულში ედო ის წმინდა, პატიოსანი გრძნობა, მამულიშვილურ სიყვარულს რომ ეძახიან.
ალბათ, სწორედ ამიტომ ანდო მას საქართველოს პირველმა პრეზიდენტმა, ბატონმა ზვიად გამსახურდიამ ქვეყნის გენერალური პროკურორის თანამდებობა და ვაჟა აბაკელიასაც არასოდეს უღალატნია არც პრეზიდენტისა და არც კანონიერებისათვის. იგი მუდამ იქ იდგა სადაც უნდა იდგეს ჭეშმარიტი მამულიშვილი.
აქ აუცილებლად უნდა გავიხსენო ზვიად გამსახურდიას შესახებ მისი ნათქვამი:
-ბატონი ზვიადი ყველაზე ღირსეული კაცი იყო, ვინც კი ცხოვრებაში შემხვედრია-წესიერი, უპატიოსნესი, დიდი პატრიოტი, უგანათლებულესი ადამიანი. მეტი როგორი პრეზიდენტი უნდოდათ ქართველებს? ბედნიერი ვარ, რომ მასთან მომიწია მუშაობა და ბატონმა ზვიადმა ნდობა გამომიცხადა, ორ ძლიერ თანამდებობაზე დამნიშნა. მისნაირი ადამიანები საქართველოს ისტორიაში ძალიან ცოტანი არიან. ის რომ დღეს ცოცხალი აღარ არის ქართველი ერის ბედისწერააო.
მკითხველს აქ აუცილებლად უნდა შევახსენო ერთ დროს ძალიან გახმაურებული საქმე, როცა ჯერ კიდევ საბჭოთა ხელისუფლების დროს, თბილისის ნაძალადევის რაიონის ახალგაზრდა მოსამართლემ, ვაჟა აბაკელიამ საბჭოთა ხელისუფლებისაგან სასტიკად შერისხული, ცნობილი დისიდენტის, ბორის გოლშტეინის სარჩელი დააკმაყოფილა (სამსახურში აღადგინა და მთავრობას მისი ე.წ. განაცდურიც გადაახდევინა), რასაც იმ პერიოდში ვერც ერთი მოსამართლე ვერ გაბედავდა. შემდეგ, როცა ბატონი ვაჟა აბაკელია უმაღლესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილედ დანიშნეს და ზვიად გამსახურდიასთან გასაუბრებაზე იმყოფებოდა, ზვიადთან ბორია გოლშტეინის ძმა შემოსულა, ვაჟა რომ დაუნახავს, სიხარულისაგან უთქვამს: ეს ხომ ის კაცია, რომელმაც სამოცდაათიან წლებში ასეთი თამამი გადაწყვეტილება გამოიტანაო...
თუმცა, როგორც შემდეგ ვგებულობთ, ზვიადმა ეს ამბავი მანამდეც კარგად იცოდა.
აკადემიკოსი მაგალი თოდუა წერდა:  როცა ვაჟა აბაკელიამ ცნობილი დისიდენტი გოლშტეინი  გაამართლა, ზვიად გამსახურდია  (იმ დროს თვითონაც დისიდენტი) საგანგებოდ ეწვია აბაკელიას, ასეთი ვაჟკაცური საქციელის გამო, მადლობა გადაუხადა და გმირი უწოდა.
ახლა კი თავს უფლებას მივცემ გაგახსენოთ ვაჟა აბაკელიასადმი მიძღვნილი ერთი ჩემი ლექსი, რომელიც 2002 წელსაა დაწერილი და შეტანილია იმავე წელს გამოცემულ წიგნში „მარტვილის სახელოვანი შვილები“.
ლექსი მხოლოდ ოთხსტროფიანია  და მომყავს მთლიანად.
თუმცა არა ვარ მე ხოტბის და
ლიქნის პოეტი,
კარგ ყმათა ქება სათაკილო
სულაც არ არის,
შენ ის კაცი ხარ, ვინც სიკეთეს
თესავს ყოველთვის
და არ უცრუებს არასოდეს
იმედს არავის.

ვით იურისტი, ორატორი
ხარ დიდებული,
ვის არ მოხიბლავს ძალა შენი
მახვილი აზრის,
ხარ ჭყონდიდით და ჭყონდიდელით
აღტაცებული,
შენს ყველა სიტყვას ეროვნული
ბეჭედი აზის.



მეგონა ყველას წაახდენდა
ეს დრო ტიალი,
მაგრამ თბილისში ისევ ისმის
ხმები ნაცნობი:
“აბაკელია - პროკურორი
სამართლიანი“,
„აბაკელია - ეტალონი
კაცურ კაცობის“,

ბატონო ვაჟა, მაშ სულ მაგრად
და უფრო მედგრად,
უფალმა მოგცეს ძალა მეტი
ღვწისა და გარჯის,
იყავი კარგად შენს დიდებულ
ოჯახთან ერთად
საგულდაგულო მოკითხვა კი
შენს ძვირფას დაჩის.

ეს ლექსი, როგოც ვთქვი, 18 წლის წინათაა დაწერილი.
რადგან, მიძღვნითი ხასიათის ლექსებს ალმაცერად უყურებენ ზოგიერთები, ამიტომ ერთხელ კიდევ გულწრფელად ვიტყვი, რომ ამ ლექსის ადრესატი, ბატონი ვაჟა აბაკელია, მართლაც რომ თავისი ქვეყნის ღირსეული მამულიშვილი იყო, ვისაც ჯერ კიდევ მრავალი სასიკეთო საქმის გაკეთება შეეძლო ერისთვის, მაგრამ...
გარდაიცვალა 2019 წლის 12 ივლისს, 71 წლის ასაკში.
დატოვა დიდებული ოჯახი.
ვუსამძიმრებ და თანაგრძნობას ვუცხადებ მეუღლეს, შვილებს, ყველა ახლობელს და ამასთან აღვნიშნავ, რომ ბატონი ვაჟა აბაკელია დააკლდა არა მარტო ოჯახს, არამედ სრულიად საქართველოს.
მის სახელს დავიწყება არ უწერია.
დღეს სწორედ ვაჟა აბაკელიასთანა ეროვნული ადამიანები  სჭირდება ჩვენს ქვეყანას.


ფაუსტ ნადარაია
გაზეთ „მარტვილის“ რედაქტორი

Tuesday, February 25, 2020

მეცნიერი, პედაგოგი, მამულიშვილი (წერილი რაფიელ შამელაშვილზე)


 თავიდანვე ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე ვიტყვი: ბევრი რაიონი ვერ დაიკვეხნის ისეთი სახელოვანი შვილებით, როგორც მარტვილი. გვყვანან გამოჩენილი მეცნიერები, მწერლები, მხატვრები, არტისტები, სპორტსმენები, რომელთა ღვაწლი მნიშვნელოვანია ერისთვის.
   სწორედ მათ რიცხვს მიეკუთვნება ცნობილი მეცნიერი, პედაგოგი და მკვლევარი, პროფესორი რაფიელ მიხეილის ძე შამელაშვილი.
    შარშან ჩემს მიერ შედგენილ და გამოცემულ კრებულში „ლექსები მარტვილზე“, მეორე განყოფილებაში - „მარტვილის სახელოვანი შვილები“ - შესულია პროფესორ რაფიელ შამელაშვილის მოკლე ბიოგრაფიული ცნობები და ფოტო აკაკი შანიძესთან ერთად.
    წიგნის მოცულობითი განსაზღვრულობის გამო, იქ, რა თქმა უნდა, არ იყო მეტის თქმის საშუალება.
    ბევრის თქმას არც ახლა ვაპირებ, მაგრამ ამ საგაზეთო წერილით მინდა კიდევ ერთხელ მოვიგონო ჩემი კეთილი მასწავლებელი, პროფესორი რაფიელ შამელაშვილი, რომელიც, სამწუხაროდ, 25 წელზე მეტია ჩვენს შორის აღარ არის.
     შესანიშნავი მეცნიერი ქართველოლოგი, ახალი თაობის კეთილი მოძღვარი, ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, უმაღლესი სკოლის დამსახურებული მოღვაწე, ბატონი რაფიელ შამელაშვილი დაიბადა მარტვილის რაიონის სოფელ ბანძაში, სადაც გაატარა ბავშვობისა და სიყმაწვილის წლები. იქვე დაამთავრა საშუალო სკოლა. აქედან გაიწვიეს სამხედრო სამსახურში,  სადაც მოუსწრო კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე სასტიკმა და სისხლისმღვრელმა ომმა. თითქმის 5 წელი აქტიურად იბრძოდა ფაშიზმის წინააღმდეგ.
     სამხედრო სამსახურიდან დემობილიზაციით დაბრუნების შემდეგ დაამთავრა ქუთაისის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტი, ასპირანტურა ქართული ენის მეთოდიკის განხრით (მეცნიერ-ხელმძღვანელი - ვ. თოფურია). სხვადასხვა წლებში მოიპოვა  მეცნიერებათა კანდიდატის, დოქტორის სამეცნიერო ხარისხი. მიიღო პროფესორის წოდება.
   იყო მეტად ნაყოფიერი და პროდუქტიული მკვლევარი. გახლდათ 500-ზე მეტი დასახელების შრომისა და პუბლიკაციის ავტორი. მათ შორის 30-ზე მეტი ცალკე წიგნადაა გამოცემული. შეადგინა „ენათმეცნიერულ ტერმინთა მოკლე ლექსიკონი“, რომელიც მუდამ საჭირო წიგნად დარჩება.
    იყო არა  მარტო კარგი მეცნიერი, არამედ კარგი ადამიანიც.
    მე მას მანამდე ვიცნობდი, სანამ მისი სტუდენტი გავხდებოდი. მის სახლშიც დავდიოდი ქუთაისში, გორის ქუჩაზე. არაერთხელ მისარგებლია მისი მდიდარი ბიბლიოთეკით...
     მართალია, ის უკვე ცნობილი პროფესორი იყო, მე კი ერთი უბრალო რაიგაზეთის რიგითი კორესპონდენტი ვიყავი, მაგრამ მაინც მეგობრობდა ჩემთან და ისე მეპყრობოდა, როგორც უმცროს მეგობარს. ერთხელ წიგნზეც კი წამიწერა: „მიგულე ძმად და მეგობრად“-ო.
    და მართლაც, როცა დამჭირდა, ყოველთვის გვერდით ამომიდგა.
    მე არასოდეს დამავიწყდება მისი ამაგი.
    როგორც ენათმეცნიერი და ბანძელი კაცი, კარგად ფლობდა მეგრულ ენას. მახსოვს, როგორი აღფრთოვანებით ლაპარაკობდა აპოლონ ცანავასა და კორნელი დანელიას მიერ გამოცემულ „მეგრულ ტექსტებზე“, რომელიც უძვირფასეს შრომად მიაჩნდა. „ვეფხისტყაოსნის“ მეგრულ თარგმანებსაც შევხებივართ., ზეპირად ახსოვდა ეს სტროფი ავთანდილის ანდერძიდან:
                  მუს მოგიღანს ინგარდე დო
                  ჩილამურიშ ღვარით მიშე
                 ვამოხვადას ვეჸუაფუ
                 გეჭარილი საქმექ ჟიშე,
                 წესი ორე ქომოლიში
                 გაჭირებას ვედეშიშე,
                 განგებაში გინორთელი
                 ვეშილებე მუთუნიშე.  
    იცოდა, რომ ეს თარგმანი მამაჩემს ეკუთვნოდა, ამიტომ იტყოდა ხოლმე თავისებური ღიმილით: დიდებული თარგმანია, დედანს არ ჩამოუვარდებაო.
       საინტერესო მოსაუბრე იყო.
       მიყვარდა მისი მოსმენა.
   ვინ იცის რამდენჯერ გვისაუბრია მის სამუშაო ოთახში  არა მხოლოდ მეგრულ ფოლკლორზე, საერთოდ ლიტერატურაზე, ქართულ მწერლობასა და კულტურაზე...
  ვწუხვარ, რომ ის საუბრები არ ჩავიწერე.
  არ შემიძლია აქვე არ გავიხსენო ბატონი რაფიელის მეუღლე, ქალბატონი ნათელა ნიკოლაიშვილი - რესპუბლიკის დამსახურებული მასწავლებელი, საოცრად კეთილი და გულთბილი ადამიანი, რომლის სახელი მარადის მოიხსენიება თავისი სათაყვანებელი მეუღლის გვერდით.
   აქ ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ პროფესორი რაფიელ შამელაშვილი იყო საქართველოზე უზომოდ  შეყვარებული ბანძელი ქართველი ებრაელი, ვისაც ეკუთვნის მთელი გულით ნათქვამი ეს სიტყვები:
    „-ჩვენ აქ დავიბადეთ, აქ აგვეხილა თვალი, აქ ამოვიდგით ენა, ვისწავლეთ მტრისა და მოყვრის გარჩევა, ქართველი ებრაელები და ქართველები ოდითგანვე ერთი ჰაერით სუნთქავდნენ, ერთი პურით იკვებებოდნენ, ერთი წყაროს წყლით იკლავდნენ წყურვილს... აქ, სოფელ ბანძაში განისვენებენ ჩემი დედ-მამა, ბებია და ბაბუა, მათი წინაპრები და წინაპართა წინაპრები, მათ ძვლებს ქართული მიწა ინახავს, საქართველო ჩვენი დედააო“.
   ახლა, როცა ამ წერილს ვწერ, ჩემს საწერ მაგიდაზე დევს რაფიელ შამელაშვილის წიგნები: „თანამედროვე ქართული ენის ლექსიკის ოთხი ნაკვეთი“ , „მეტყველების კულტურის ზოგიერთი საკითხი“ და ლიტერატურული წერილების კრებული „არ გავცვლი სალსა კლდეებსა“. პროფესორ რაფიელ შამელაშვილს, რა თქმა უნდა, აქვს სხვა წიგნებიც, ასევე უამრავი საჟურნალო და საგაზეთო სტატიები,  ხოლო რაც შეეხება მის „ენათმეცნიერულ ტერმინთა ლექსიკონს“, მას თავის დროზე მაღალი შეფასება მისცეს ქართველმა და უცხოელმა სპეციალისტებმა.
   სამართლიანად შენიშნავს ალექსანდრე ღლონტი, რომ სამოციან - ოთხმოციან წლებში საქართველოში თითქმის არ გამოცემულა რომელიმე ავტორის, მეცნიერის, მწერლის ხელშესახები ნაშრომი, რომლის შესახებ რაფიელ შამელაშვილს თავისი პირუთვნელი აზრი არ გამოეთქვას რეცენზიათა თუ გამოხმაურებათა სახით. თითქმის ყველა ჟურნალ-გაზეთში იბეჭდებოდა მისი წერილები, რეცენზიები, ნარკვევები...
   აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, ჰყავდა ნაცნობ-მეგობართა დიდი წრე. ყველა პატივს სცემდა, ყველას უყვარდა.
   თუმცა იყვნენ ისეთი კრიტიკოსებიც, რომლებიც მას იმიტომ კი არ აკრიტიკებდნენ, რომ ჭეშმარიტების დადგენა სურდათ, არამედ იმიტომ, რომ მისთვის ტკივილის მიყენებას ცდილობდნენ.
    მახსოვს, ერთხელ ჟურნალ „ცისკარში“ დაიბეჭდა ვახტანგ პაიკიძის რეცენზია რაფიელ შამელაშვილის წიგნზე „ვეფხისტყაოსნის“ ენის საკითხები.
   მართალია, მე ახლა ხელთ არ მაქვს ჟურნალ „ცისკრის“ ის ნომერი, მაგრამ ისედაც შემიძლია აღვადგინო პაიკიძის რამდენიმე „შენიშვნა“, რომლითაც მას ჰგონია, რომ სარეცენზიო წიგნის ავტორს დასცინის, სინამდვილეში კი თვითონ იგდებს თავს სასაცილო მდგომარეობაში. მაგალითად, ვ.პაიკიძეს მოჰყავს ციტატა შამელაშვილის წიგნიდან: „მართალია, არსებობს ათ და ოცმარცვლიანი შაირიც, მაგრამ რუსთაველი უპირატესობას ანიჭებს სწორედ თექვსმეტმარცვლიანს“-ო.
   პაიკიძე ვითომ გაკვირვებულია ამით და ასეთ კომენტარს აკეთებს: დღემდე შაირად რვა და თექვსმეტმარცვლოვანი ლექსი ითვლებოდაო.
  რეცენზენტს არ სცოდნია, რომ შაირი შეიძლება იყოს ათ და ოცმარცვლიანიც. არადა ქეგლ-ში მაინც  რომ ჩაეხედა, იქ უსათუოდ ამოიკითხავდა: „შაირი-ლექსი ოთხმუხლედი“ (საბა), თექვსმეტმარცვლოვანი (ზოგჯერ ათ და ოცმარცვლოვანიც), ოთხტაეპიანი ლექსი.
     შაირი, რა თქმა უნდა, მარტო რვა და თექმსმეტმარცვლოვან ლექსს როდი ნიშნავს. მაგალითად, როცა რუსთაველი ამბობს: „გრძელი სიტყვა მოკლედ ითქმის, შაირია ამად კარგი“-ო, მას მარტო რვა და თექვსმეტმარცვლოვანი ლექსი როდი აქვს მხედველობაში, არამედ ლექსი საზოგადოდ.
      რაფიელ შამელაშვილი თავის წიგნში წერს: „ტარიელმა ნესტანის დავალებით მოკლა ხვარაზმშა მეფის შვილი“.
     პაიკიძეს ჰგონია, რომ შამელაშვილი უზუსტობაში გამოიჭირა და გახარებული წერს: გამოთქმა „ხვარაზმშა მეფე“ უაზრობააო.  „ხვარაზმშა მეფე“ ხვარაზმის შაჰის მეფეს ნიშნავსო და ამით ამასხარავებს, თითქოს სასაცილოდ ხდის ამ გამოთქმას. თუმცა საქმეში ჩახედული მკითხველი ვერ გაიგებს ვის დასცინის აქ პაიკიძე, შამელაშვილს თუ რუსთაველს. რადგან „ვეფხისტყაოსანში“ გარკვევით წერია: „დედოფალმან თქვა: ხვარაზმშა მეფეა მორჭმით მჯდომელი“.
    ამის შემდეგ ხომ შეიძლება ვიკითხოთ: თუ მართლა, როგორც პაიკიძე ამბობდა, კურიოზული სასაცილო შეცდომებით იყო სავსე სარეცენზიო წიგნი, საინტერესოა, რატომ დასჭირდა მას ასეთი წვრილმანებისთვის გამოდევნება?
    ჯერ კიდევ მარციალს უთქვამს: „ჩემს წიგნში არის გარკვეული ღირსებები, არის ნაკლიც, არის შეცდომებიც, სხვანაირი წიგნები არ არსებობენო“.
   კარგი იქნებოდა პროფესორ რაფიელ შამელაშვილის კრიტიკოსებსაც ყურად ეღოთ რომაელი მწერლის ეს სიტყვები.
     როგორც ვიცით, პროფესორ რაფიელ შამელაშვილს ერთ დროს თავს დაესხა კრიტიკოსი თამაზ წივწივაძეც, მაგრამ უნდა ითქვას, რომ ვერც პაიკიძის და ვერც წივწივაძის გამოხდომებმა მას ვერაფერი დააკლეს.
      რაფიელ შამელაშვილმა თავისი ნაშრომებითა და ბიოგრაფიით სამუდამოდ დაიმკვიდრა  ადგილი ქართულ სამეცნიერო საზოგადოებაში.
     მას არასოდეს დაივიწყებენ მისი კოლეგები და მეგობრები.
    მის სახელს მუდამ პატივისცემით მოიგონებენ მისი მოწაფეები, რომლებიც დღესაც ნაყოფიერად მოღვაწეობენ განათლების სისტემაში თუ სხვადასხვა სფეროებში.
     მარტვილიც მუდამ სათუთად შეინახავს თავისი ღირსეული შვილის, პროფესორ რაფიელ შამელაშვილის ნათელ ხსოვნას!


                                                                                 ფაუსტ ნადარაია
                                                                     გაზეთ „მარტვილის“ რედაქტორი

         P.S.
          მართალია, პროფესორი რაფიელ შამელაშვილი დღეს ჩვენს შორის აღარ არის, მაგრამ მის საყვარელ საქმეს ღირსეულად აგრძელებს მისი ქალიშვილი-რუსუდან შამელაშვილი, რომელმაც  დიდი ხანია თავი გამოიჩინა როგორც თანამედროვე ქართული ენის სტრუქტურის და ქართულ-გერმანული ენობრივი ურთიერთობის ჩინებულმა მკვლევარმა.
          ქალბატონი რუსუდანი მამამისივით პროდუქტიული მეცნიერია. არის წარმატებული ლინგვისტი და მთარგმნელი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. გამოქვეყნებული აქვს წიგნები, მათ შორის ლექსიკონები და სახელმძღვანელოები.
     ჩვენი თაყვანისცემა სახელოვანი მამის სახელოვან შვილს, პროფესორ რუსუდან შამელაშვილ-ზექალაშვილს.