Wednesday, July 31, 2013

ღია წერილი დავით საგანელიძეს ანუ ახალი მემარჯვენეების ყოფილი ლიდერის მტერ-მოყვრობის "ფილოსოფია"

   
ბატონო დავით!
  წავიკითხე გაზეთ `რეზონანსში~ დაბეჭდილი თქვენი ინტერვიუ, რომელიც დანაშაულში მხილებული გაბრაზებული კაცის პასუხები უფროა, ვიდრე გაწონასწორებული პოლიტიკოსის სამართლიანი მსჯელობა. გულწრფელად გეტყვით, მე მას სხვა დროს არ გამოვეხმაურებოდი. მაგრამ რაკი საქმე მარტვილში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს ეხება, მე, როგორც გაზეთ `მარტვილის~ რედაქტორი, თავს მოვალედ ვთვლი ამ ღია წერილით სხვების გასაგონადაც გავაკეთო რამდენიმე განმარტება.
  დიახ, ამ რამდენიმე დღის წინათ, მარტვილში მართლაც მოხდა ასეთი ფაქტი: შიდაპარტიულ პრობლემებთან დაკავშირებით გამართულ აქციაზე `ქართული ოცნების~ მარტვილელმა აქტივისტებმა თქვენი ფიტული დაწვეს.
  ამ ფაქტთან დაკავშირებით გაზეთ `რეზონანსისთვის~ მიცემულ ინტერვიუში თქვენ გვერდს უხვევთ რა მთავარ საკითხს, რაზედაც `ქართული ოცნების~ მარტვილელი აქტივისტები გედავებიან, მარტვილის მთელ მოსახლეობას შეურაცხყოფას აყენებთ, როდესაც ამბობთ: `ერთი თავმჯდომარის ვაკანსიაზე მთელი მარტვილის მოსახლეობას თუ არა, ნახევარს მაინც აქვს პრეტენზია, რომ ამ თანამდებობაზე ის უნდა იყოს-~
   ტყუილია!
  `ქართული ოცნების~ მარტვილელ აქტივისტებს ის ფიტული იმიტომ კი არ დაუწვავთთავმჯდომარედ ჩვენ რატომ არ დაგვნიშნეთო, არამედ იმიტომ, რომ თქვენ, თქვენი საკადრო პოლიტიკით მარტვილში იგნორირება გაუკეთეთ იმ ხალხს, ვინც საპარლამენტო არჩევნებში ბიძინა ივანიშვილს უჭერდა მხარს და სამეგრელოში ახალაიების, გოროზიების, ქარდავების წინააღმდეგ იბრძოდა. დღეს კი თქვენ იმ ხალხს `ქართული ოცნების~ სახელით თავზე წამოასკუპეთ კაცი, რომელსაც საპარლამენტო არჩევნებში `ოცნების~ სასარგებლოდ მარტვილში თითი არ გაუნძრევია და 1 ოქტომბრამდე საარჩევნო შტაბს ახლოსაც არ გაჰკარებია.
  რატომ?
  სანამ თქვენ ამ კითხვას უპასუხებდეთ, გთხოვთ მე ნუ დამიჯერებთ და ჰკითხეთ ბატონ მურთაზ ხურცილავას, რომელიც ოცნების კანდიდატი იყო მარტვილში და რომელმაც ჩვენზე უკეთ იცის ვინ უჭერდა მას მხარს და ვინ რას აკეთებდა `ქართული ოცნების~ მხარდასაჭერად მარტვილის რაიონში
  და კიდევ:
  რატომ ხდება რომ დღეს მარტვილში გამგებლობის თუ შტაბის უფროსობის კანდიდატად, პარტია `ქართული ოცნების~ თავმჯდომარედ თუ პარტიის ბიუროს წევრად თქვენ ყოველთვის იმ კონფორმისტებს მოიაზრებთ ხოლმე, რომლებსაც საჯაროდ ერთი განცხადებაც-კი არასდროს გაუკეთებიათ იმ უზნეობისა და უსამართლობის წინააღმდეგ, რასაც ნაციონალური მოძრაობა სჩადიოდა საქართველოში (მათ შორის მარტვილში), ხოლო ისინი კი, ვინც მართლა გულწრფელად უჭერდნენ მხარს `ქართულ ოცნებას~, ყოველთვის გავიწყდებათ. რატომ?
 ახლა როცა ამ წერილს ვწერ ჩემს საწერ მაგიდაზე დევს NDI-ის მიერ გამოცემული 2002 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ცნობარი, საიდანაც ნათლად ჩანს, რომ აღნიშნულ არჩევნებში ახალმა მემარჯვენეებმა ანუ იმ პარტიამ, რომლის გენერალური მდივანი 10 წლის განმავლობაში თქვენ ბრძანდებოდით, მარტვილში  5 სოფელში შეძლო გამგებლად თავისი წარმომადგენლის გაყვანა. ყველამ ხომ ვიცით ვინ იყვნენ და რომელი კლანიდან მოდიოდნენ მაშინდელი თქვენი `ფალავნები~, რომლებიც ახლანდელ საპარლამენტო არჩევნებში ყველანი პირწავარდნილი ნაციონალები იყვნენ.
  ახლა კი ის თქვენი განაციონალებული ახლები თქვენს იმედად არიან და გაოცნებებას აპირებენ.
  იქნებ ეს არის  მიზეზი თქვენი გულმავიწყობისა, ბატონო დავით!
  სამეგრელოში ფოთის შემდეგ მხოლოდ მარტვილში ჰქონდა `ქართულ ოცნებას~ ყველაზე მაღალი მაჩვენებელი. აქ `ქართულ ოცნებას~ 9 ათასმა კაცმა მისცა ხმა. ბატონო დავით, თუ თქვენ მართლა აპირებთ, საპრეზიდენტო არჩევნებში ეს ხალხი განზე გასწიოთ და მათ ნაცვლად აწ უკვე ოცნებაში გადმობარგებული ყოფილი ნაცები მოიყვანოთ პარტიულ ორგანიზაციეში თუ შტაბებში, რომ მერე აქედან გაუხსნათ გზა სახელმწიფო სტრუქტურებისკენ, იცოდეთ, რომ ასეთი საკადრო პოლიტიკა დამღუპველი იქნება არა მარტო `ქართული ოცნებისთვის~ არამედ მთლიანად საქართველოსათვის.
  ამასთან დაკავშირებით თავს უფლებას მივცემ, გაგახსენოთ იგავი ერთი ცბიერი ვეზირის შესახებ, რომელმაც მეფეს ურჩია: მეგობრები მაინც მეგობრები არიან, მოდი მტრები დავიმოყვროთო.
  და დაიწყო მთელ სამეფოში მტრებთან დამოყვრებისა და მტრების გადმობირების გაწამაწია, რამაც აღაშფოთა მეფის მეგობრები, ეგ სად გაგონილა, მტრებზე მეტს ზრუნავდე, ვიდრე მოყვრებზეო, მაგრამ მათ ვინ მოუსმინა.
  ბოლოს საქმე იქამდე მივიდა, რომ იმ ცბიერი ვეზირის პოლიტიკამ მეფეს ტახტი დააკარგვინა.
  აქედან მორალი: თუ მტრებს ისე მოვექცევით, როგორც მეგობრებს, ხოლო მეგობრებს, როგორც მტრებს, ბოლოს მარტო მტრები გვეყოლება.
  იქნებ ამ იგავმა ცოტათი მაინც ჩაგაფიქროთ, ბატონო დავით, თქვენი საკადრო პოლიტიკის ავკარგიანობაზე.
  სანამ თქვენ ამაზე იფიქრებთ, მე ჩემს მკითხველებს, რომლებსაც აინტერესებთ რა იქნა ის ცბიერი ვეზირი, რომელმაც მეფეს ტახტი დააკარგვინა, უნდა ვაცნობო, რომ ის ახალი მეფის პირველ ვეზირად დაჯდა.
  ასე რომ, იმ ვეზირის მოქმედების მიზანი ყველასათვის გარკვეულია, თუმცა ჯერ კიდევ გაურკვეველია რა უდევს საფუძვლად თქვენს მიერ `ქართული ოცნების~ აქტივისტთა იგნორირებას მარტვილში და სამეგრელოს სხვა რაიონებში.
 და ამას თქვენ თვითონ თუ არ აგვიხსნით, ბატონო დავით, ჩვენ არაფერი დაგვრჩება გარდა იმისა, რომ ეს თქვენი ფარული განზრახვა სულაც არ განვასხვაოთ იგავში მოთხრობილი იმ ცბიერი ვეზირის მტერ-მოყვრობის ფილოსოფიისგან, რისი დაჯერებაც ნამდვილად არ გვსურს.
  ახლა კი რაც შეეხება მარტვილის საარჩევნო შტაბის ყოფილ ხელმძღვანელს, ბატონ ზურაბ ბიგვავას, მთელმა რაიონმა იცის და მინდა თქვენც იცოდეთ, რომ ბატონი ზურაბი `ქართულ ოცნებაში~ ზოგზოგებივით 1 ოქტომბრის შემდეგ არ მოსულა. მან არჩევნებში კოალიცია `ქართული ოცნების~ რაიონული შტაბის თავმჯდომარედ დანიშვნამდე დიდი ხნით ადრე თქვა უარი თავის ჩვეულებრივ ცხოვრებაზე და შეუერთდა ბიძინა ივანიშვილის გარშემო გაერთიანებულ იმ გუნდს, რომელიც ნაცხელისუფლებისგან საქართველოს გასათავისუფლებლად იბრძოდა. მე კარგად მახსოვს იმდროინდელ პრესაში დაბეჭდილი მისი სტატიები (`ნუ ვიქნებით უსამართლო ხელისუფლების მიერ დამკვიდრებული შიშის მონები~, `დღეს გაჩუმება ნებაყოფლობითი მონობის ტოლფასია~), რომელთა დაწერას, მაშინ, ალბათ, ბევრი ვერ გაბედავდა. საინტერესოა, სად იყვნენ მაშინ ის თქვენი ფავორიტები, რომლებსაც აგზავნით დღეს თქვენ რეგიონებში პარტიის თავმჯდომარეებად, საარჩევნო შტაბების უფროსებად თუ გამგებლის პოსტის დასაკავებლად.
  გაზეთ `მარტვილის~ რედაქცია და რაიონის შემოქმედებითი ინტელიგენცია კარგად იცნობს ზურაბ ბიგვავას, რომელმაც ჯერ კიდევ 2003 წელს გამოცემულ თავის წიგნში `გახსოვდეთ გვიმზერს მაღლიდან ღმერთი~ ასეთ ფორმულად ჩამოაყალიბა საკუთარი ცხოვრებისეული კრედო: `სანამ ცოცხალი ვარ, მინდა ვემსახურო ღმერთს, სამშობლოს და ჩემს ოჯახს, იმით, რისი შესაძლებლობაც გამაჩნია~. სწორედ მისი ინიციატივით დაიდგა 2009 წელს მარტვილში, კულტურის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე 9 აპრილის მემორიალი.
    ბატონი ზურაბი უღალატო პიროვნებაა, ამიტომაც უყვართ და ენდობა მას რაიონის მთელი საზოგადოება.
    და ამ ხალხის აზრი ყველამ უნდა გავითვალისწინოთ.
    ერთ საკითხსაც მინდა შევეხო:
   რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, მარტვილში `ქართული ოცნების~ ახალი შტაბის გახსნის შემდეგ, 300-ზე მეტი პარტიის წევრს, რომლებიც 1 ოქტომბრის არჩევნებში მთავარ აქტივს წარმოადგენდნენ, შევსებული ანკეტები უკან დაუბრუნეს და სანაცვლოდ პარტიის წევრობისკენ გზა გაუხსნეს იმ ადამიანებს, რომლებსაც ადრე `ოცნების~ მარტვილის ოფისთან საერთო არაფერი ჰქონდათ.
  ახლა თვითონ განსაჯეთ რამდენად ზნეობრივია ასეთი მიდგომა იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც სრულიად უანგაროდ ედგნენ გვერდით `ქართულ ოცნებას~ და თავდაუზოგავად იბრძოდნენ ჩვენთან ერთად ნაცმოძრაობის წინააღმდეგ სამართლიანობის აღსადგენად.
  საინტერესოა ამაზე რას იტყვით, ბატონო დავით.

  უღრმესი პატივისცემით:             
       /ფაუსტ ნადარაია/

                                     გაზეთ `მარტვილის~ რედაქტორი