Friday, March 5, 2021

მადლობა ყველას, ვინც ჩემი მწუხარება გაიზიარა- გაზეთ „მარტვილის“ რედაქტორი ფაუსტ ნადარაია

დიდი მადლობა ყველას, ვინც გაიზიარა ჩემი მწუხარება დედის გარდაცვალების გამო. მადლობა მეგობრებს, ახლობლებს, მეზობლებს... ყველას ვინც გვერდით მედგა მძიმე წუთებში.

დედა იყო ჩემთვის ყველაზე ძვირფასი ადამიანი ამ ქვეყანაზე.
ამიტომ საშინლად ძნელია ჩემთვის მისი წასვლა.
ახლა კი მინდა კიდევ ერთხელ გავიხსენო ჩემი ლექსი „დედა“, რომელიც დედაჩემის გარდაცვალებამდე ორი თვით ადრე დავწერე და დაიბეჭდა გაზეთ მარტვილში:
დედა

ის ვერ ისვენებს, შფოთავს,
რადგან გრძელია ღამე
და ვეკითხები ხშირად:
-დედა , ხომ არ გსურს რამე?
მას როცა რამე სტკივა
და შეწუხებულს ვხედავ,
მისი ტკივილი ჩემშიც
იწვევს ტკივილს და სევდას.
ის ამ სიბერეს წყეულს
ვერ ეგუება სულაც,
მიტომ გვიჩვენებს ხშირად
ახალგაზრდობის სურათს.
და ჩვენც ვიხსენებთ იმ დროს,
რომ იყო ჯანით სავსე,
როცა ოჯახს და შვილებს
დასტრიალებდა თავზე.
ო, ეს ცხოვრება, მართლაც,
წვალებაა და ბრძოლა...
ახლა საშინლად ტანჯავს
წლობით საწოლში წოლა.
მიუხედავად მძიმე
სიბერისა და სენის,
ის ლამაზია დღესაც
ყველა ასაკი შვენის.
მისი ყოველი მზერა
არის სიკეთის მფენი,
მის ნაოჭებში ყველგან
დევს სიყვარული ჩვენი.
სანამ შეეძლო, იგი
ჩვენთვის იღწვოდა მუდამ...
ახლა, შვილები, იქით
მოვემსახუროთ უნდა.
რომ გაგვაჩინა ქვეყნად
და შრომა-ჯაფით გვზრდიდა,
მადლობელი ვართ მისი
ყველაფრისათვის, დიდად.
ღამით, როდესაც საბანს
შემოვუკეცავ ფრთხილად,
ის, რომც ეძინოს, იგრძნობს
და ჩაიღიმებს თბილად.
-ოხ, ეს სიბერე, შვილო,
ცუდი ყოფილა მეტად.
-მაგრამ დიდხანს რომ ვიცოცხლოთ,
უნდა დავბერდეთ, დედა!
ფაუსტ ნადარაია




ეს დედაჩემია ახალგაზრდობაში. ის ამ დროს ოთხი შვილის დედაა. ძალიან უყვარდა ეს სურათი. ვინც მოვიდოდა ყველას აჩვენებდა


ესეც დედაჩემია, დაახლოებით 50 წლის ასაკში.

ნოკოშა აშორტია-ნადარაია (1931-2021წწ)