მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ ხელმოწერილი და ბეჭედდასმული ეს დოკუმენტი, რომელსაც თქვენ აქ ხედავთ, ჩვენ ადრეც გამოვაქვეყნეთ ჩვენს გაზეთში, იგი აშკარად ადასტურებს გამგებელ მამუკა დანელიას მიერ თანამდებობის ბოროტად გამოყენებას, რაც გამოიხატება სატენდერო დოკუმენტების შეგნებულად გაყალბებაში.
საქმე გახლავთ შემდეგში:
2011 წლის ოქტომბრის თვეში “მარტვილის” ფურცლებზე დაიბეჭდა ბიძინა ივანიშვილის საქმიანობის ამსახველი მასალები, რამაც გამოიწვია მარტვილის ხელმძღვანელი პირების აგრესია ჩვენს მიმართ. მარტვილის პირწავარდნილ ნაციონალ გამგებელს მამუკა დანელიას “მარტვილის” რედაქტორთან პირად საუბარშიც არაერთხელ აღუნიშნავს, რომ ის არ შეეგუება რაიონში ისეთი გაზეთის არსებობას, რომელიც ივანიშვილის მხარდამჭერთა მასალებს აქვეყნებდა. მან მოიფიქრა კიდეც ჩვენს წინააღმდეგ ისეთი მზაკვრული გეგმა, რომელიც გაზეთ “მარტვილს” ფინანსურად ისე დააზარალებდა, რომ არ მიეცემოდა რეგულარულად გამოსვლის საშუალება: 2012 წლის თებერვლის თვეში მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ ინფორმაციის განთავსებისათვის გამოცხადებულ ტენდერში, გამგეობის სატენდერო კომისიამ მამუკა დანელიას ხელმძღვანელობით, შეგნებულად, გაყალბებული დოკუმენტის საფუძველზე გამარჯვებულად გამოაცხადა მისი ფავორიტი, ჟურნალისტური სამყაროსთვის სრულიად უცნობი ვიღაც ინდმეწარმე, რომელიც არავითარ გაზეთს არ გამოსცემდა და არანაირი გაზეთი არ ჰქონდა დარეგისტრირებული. სატენდერო პირობაში კი სიტყვასიტყვით ასე ეწერა: “გაზეთი დარეგისტრირებული უნდა იყოს და გამოდიოდეს თვეში ერთხელ.”
როცა ამ პირობის დარღვევის გამო ჩვენ მოვითხოვეთ ტენდერის შედეგების გაუქმება და ვთხოვეთ კომისიის თავმჯდომარე მამუკა დანელიას, ეჩვენებინა გაზეთ “მარტვილური ამბების” თუნდაც ერთი ნომერი, მან გვითხრა, რომ ეს აუცილებელი არ არის, რადგან გაზეთი “მარტვილური ამბები” შპს “ეგრისის მაცნეს” საიდენტიფიკაციო კოდით სარგებლობსო (ე.ი. მის ფილიალს წარმოადგენს და ცალკე რეგისტრაცია არ სჭირდებაო.) გამგებელი დანელია ისე იყო გათამამებული ნაცხელისუფლებისგან დაუსჯელობით, რომ ამ სიცრუეს ოფიციალურად, ბეჭედდასმული დოკუმენტითაც გვიდასტურებდა. აღნიშნულ სიყალბესთან დაკავშირებით ჩვენ ოფიციალურად, დოკუმენტის თანდართვით მივმართეთ უშუალოდ საკრებულოს თავმჯდომარეს – ზაალ გოროზიას, ასევე საკრებულოს ყველა წევრი ჩავაყენეთ საქმის კურსში ღია წერილითაც, მაგრამ არც ერთ მათგანს სიმართლის დასაცავად ხმა არ ამოუღია. ეტყობა არც ერთ მათგანს არასოდეს არ წაუკითხავს რუსოს ეს სიტყვები: “ხედავდე უსამართლობას და არ ჩაერიო, ეს ნიშნავს, რომ მონაწილე ხარ მისი”.
დამოუკიდებელ ჟურნალისტთა ასოციაცია “თავისუფალი პრესა” და გაზეთ “მარტვილის” რედაქცია კიდევ ერთხელ ღიად და საჯაროდ მიმართავს მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებს, გამგეობის ყველა თანამშრომელს, გაზეთ “მარტვილის” ყველა მკითხველს, გამგებელ მამუკა დანელიას ოჯახის წევრებსა და ყველა მის ახლობელ-ნათესავს.
ბატონებო! ჩვენი თხოვნაა კიდევ ერთხელ კარგად გადავავლოთ თვალი იმ დოკუმენტს, სადაც გამგებელი დანელია, რომელიც ამავე დროს სატენდერო კომისიის თავმჯდომარეა, შავით თეთრზე წერს, რომ გაზეთი “მარტვილური ამბები” სარგებლობს შპს “ეგრისის მაცნეს” საიდენტიფიკაციო კოდით და გამოდის 2012 წლის თებერვლიდან. ამის შემდეგ კი გთხოვთ აუცილებლად დაუკავშირდეთ შპს “ეგრისის მაცნეს” მთავარ რედაქტორს – ნათია ჯგუშიას (საკონტაქტო ტელ: 577 42 93 49) და თუ ის ქალბატონი თქვენთან დაადასტურებს, რომ გაზეთი “მარტვილური ამბები” მართლა სარგებლობს “ეგრისის მაცნეს” საიდენტიფიკაციო კოდით და ამაში ჩვენც დაგვარწმუნებთ, საჯაროდ ვაცხადებთ, რომ ჩვენ ამისათვის თქვენს სასარგებლოდ იმდენ ათას ლარს გადავიხდით, რამდენი თეთრიც დაგეხარჯებათ მასთან დარეკვაში. ამასობაში კი რომელიმე თქვენგანი იმასაც თუ მოახერხებს, რომ გამგებელ დანელიას გამოართვას და გვაჩვენოს 2012წლის თებერვალში გამოსული გაზეთ “მარტვილური ამბების” თუნდაც ერთი ნომერი, ჩვენ თქვენს წინაშე ათიათასჯერ ბოდიშს მოვიხდით, თუ არადა, მაშინ თქვენც კეთილი ინებეთ ბატონებო და აუხსენით იმ თქვენს ნაძირალა მამუკა დანელიას, რომ მან ასეთი ტყუილებით, როგორც მორალური ასევე მატერიალური ზიანი მიაყენა გაზეთ “მარტვილის” რედაქციას, რაც მან აუცილებლად უნდა აგვინაზღაუროს ან უბრალოდ, ბოდიში მაინც მოგვიხადოს, თუ სურს რომ ჩვენს შორის პოლემიკა ამით დამთავრდეს.
ხოლო თუ ის ამასაც არ გააკეთებს, ჩვენი მხრიდან ვპირდებით, რომ გაზეთ “მარტვილის” რედაქცია სულ მალე გამოსცემს მის შესახებ დაწერილ მამხილებელ ბროშურას, რომლის გარკვეული რაოდენობა საქართველოს ბიბლიოთეკებს, მარტვილის სკოლებს, პარლამენტარებსა და ქვეყნის ხელმძღვანელ პირებს უფასოდ დაურიგდებათ.
ძვირფასო მარტვილელებო! ალბად გაგიკვირდებათ რატომ მოგმართავთ მაინცდამაინც თქვენ, იმიტომ რომ მამუკა დანელიას სინდისის ძარღვი აქვს გაწყვეტილი, კანონიერებაზე, ჰუმანურობაზე, მაღალ იდეალებზე მასთან საუბარი მხოლოდ წყლის ნაყვაა და მეტი არაფერი. იგი ისე არ მოიშლის ადამიანის სულებში ხელის ფათურს, როგორც ნამწიფ ყანაში გასვრილი ღორი. მისთვის მთავარი მხოლოდ პირადი მე-ა. არადა თავმოყვარე გამგებელს საკუთარი მოსახლეობისთვის მაინც უნდა ეცა პატივი და მოცემულ საკითხზე მცირე კომენტარი მაინც გაეკეთებინა. ჩვენ მას ამისათვის გაზეთის ფართს რა თქმა უნდა, აუცილებლად დავუთმობდით.
ბატონებო! ჩვენ ადრეც არაერთხელ გვითქვამს და მზად ვართ მომავალშიც ათასჯერ გავიმეოროთ, რომ მარტვილი დიდი ისტორიული წარსულის მქონე რაიონია და მამუკა დანელიას მსგავსი ოდიოზური, თავისი უფლებების გადამეტების მანიით შეპყრობილი, თანამდებობით გაყოყოჩებული, თავისუფალი პრესის წინააღმდეგ მებრძოლი, შურიანი, მატყუარა და უღირსებო პიროვნება მარტვილის რაიონს არ უნდა განაგებდეს.
მამუკა დანელია თავისი დანაშაულებრივი ქმედებებით ჰგავს ფეკალიების წუმპეში ამოთხვრილ იმ გლახაკ ჩინოვნიკს, რომელიც თავიდან ბოლომდე ისეა უწმინდურობებში ამოვლებული, რომ ავგიას თავლის გამწმენდი ჰერაკლეც კი ვერ გარეცხავს ისე, რომ თვითონაც არ გაისვაროს.
ჩვენ გვახსოვს მამუკა დანელიას გადადგომის მოთხოვნით გამართული საპროტესტო აქციები, რაც კოჰაბიტაციის პროცესმა შეაჩერა. ახლა, როცა კოჰაბიტაცია დამთავრდა, ხომ დროა დაკმაყოფილდეს მარტვილის მოსახლეობის სამართლიანი მოთხოვნა-გადადგეს გამგებელი მამუკა დანელია და მარტვილი ნაციონალების ოკუპაციისგან განთავისუფლდეს.
P.S. როცა ეს წერილი დასაბეჭდად მზადდებოდა, ერთმა ჩვენი გაზეთის გულშემატკივარმა ღვაწლმოსილმა პედაგოგმა გვირჩია, მამუკა დანელია მეუფე პეტრეს ფავორიტი გამგებელია და სჯობს მას მიმართოთ ამ საკითხის გასარკვევადო. მაგრამ არა, ჩვენ ვერ ვაკადრებთ მეუფეს გამგეობის საქმეების გარჩევას. თუმცა თუკი ის ამ წერილს უჩვენოდ გაეცნობა და მარტვილში თავისუფალი სიტყვის მკვლელ მამუკა დანელიას განუმარტავს იოანეს სახარებაში ნათქვამი ამ სტრიქონების მნიშვნელობას _ “დასაბამიდან იყო სიტყვა და სიტყვა იყო ღმერთთან და ღმერთი იყო სიტყვა” _ ეს, რათქმა უნდა, უთუოდ კარგი საქმე იქნება. ვინ იცის , იქნებ ამის შემდეგ მაინც მოეგოს გონს და შეისმინოს მამუკა დანელიამ, რომ ამქვეყნად სიტყვა და მისი თავისუფლად წარმოთქმის უფლება ღმერთის მიერ არის დაკანონებული და, როგორც თქვა ეს ამას წინათ ერთმა ჟურნალისტმა, ვინც სიტყვის თავისუფლებას ებრძვის, ის ღმერთს ებრძვის, ღმერთთან ბრძოლაში კი გამარჯვებული ჯერ არავინ გამოსულა.
ფაუსტ ნადარაია,
გაზეთ “მარტვილის” რედაქტორი
No comments:
Post a Comment