Saturday, May 2, 2015

ფაუსტ ნადარაიას თარგმანები

        ფაუსტ ნადარაია საქართველოს მწერალთა კავშირის წევრია. 1995 წლიდან გამოსცემს გაზეთ `მარტვილს~. მისი ლექსები, თარგმანები, ლიტერატურული წერილები და სხვადასხვა სახის კრიტიკულ-კვლევითი შრომები ხშირად ქვეყნდება პერიოდულ პრესაში.
არის ხუთი წიგნის ავტორი.
მის ერთ ლექსს _ `ჩქიმი ჭიჭე სამარგალო~ _ რომელზეც მშვენიერი მუსიკაა შექმნილი, მთელი სამეგრელო მღერის.
გთავაზობთ, მის რამდენიმე თარგმანს მსოფლიო ლიტერატურის შედევრებიდან (ცნობისათვის: შექსპირი და შელი თარგმნილია პწკარედიდან).
-----------------------------------------------------------------------

უილიამ შექსპირი

***
მცდარი ყოფილა ის ლექსები, ადრე რომ ვწერდი,
არ ძალმიძს-მეთქი ამის იქით სხვა სიყვარული,
რადგან მე მაშინ ვეღარაფრით წარმოვიდგენდი
თუ იალებდა გულში მეტი ტრფობის ალმური.
დაურღვევია დროს ათასი აღთქმა და ფიცი,
გახუნებულა არაერთი მეფის ბრძანება,
არ მაფიქრებდა უწინ, მაგრამ ახლა კი ვიცი
უკუღმართია წუთისოფლის ჟამთა ცვალება.
მე ამ დროების სისასტიკეს ვგრძნობდი მთლიანად,
ვეღარ ვბედავდი მეთქვა: ახლა მიყვარს მეტად,
წარსულზე ფუჭად რატომ უნდა მეეჭვიანა,
როდესაც აწყმო ნეტარებით მავსებდა ბედად
თურმე ბავშვია სიყვარული მე ახლა ვხვდები,
უნდა ვაცალოთ გაიყარდოს გაშალოს ფრთები.

***
ვეძახი სიკვდილს, რომ გავექცე სიმრუდეს სოფლის
სადაც უღირსებს ღირსეულნი დამონებიან,
სადაც დიდკაცად მიიჩნევენ გლახაკად შობილს,
სადაც ღვთის საქმე თითქმის ყველას დავიწყებია.
სადაც ოქროში დაცურავენ ნაძირალები
სადაც ღირსებად შერაცხულა მიწიერება,
სადაც სამართალს დაუხუჭავს განგებ თვალები
სადაც ზეციურ პატივშია მიწიერება.
სადაც ჭეშმარიტ ხელოვნებას აგდებენ არად
სადაც სიმართლის გასაღები ცრუს აბარია,
სადაც უსმენენ ფსევდო-აქიმს დასტაქრის დარად,
სადაც სიკეთე ბოროტების პატიმარია.
სიკვდილს ვეძახი, სამუდამოდ მსურს მოსვენება,
მაგრამ ჩემს სატრფოს აქ უჩემოდ რა ეშველება.
-----------------------------------------------------------------------

 



პერსი ბიში შელი


   საღამო მშვიდობისა
საღამო მშვიდობისა? ეს როგორ იქნება
უსენოდ სიმშვიდეს მომიტანს რამე
ნუ წახვალ, აქ დარჩი, სხვა არც-რა მჭირდება 
და მაშინ გვექნება მშვიდობის ღამე
ჩემთვის უშენობა დარდია ტიალი
სხვა ვინ დამიამებს ამ მწუხრის წამებს
სჯობს დავტკბეთ ამაღამ ჩვენ ტრფობის სიამით 
და მაშინ გვექნება მშვიდობის ღამე
გულები მარადჟამს - ღამით და დილითაც 
სულ ერთმანეთისკენ ილტვიან მინდობით.. 
აქვთ ღამე ყოველთვის საკმაოდ მშვიდი და 
არასდროს ეტყვიან ერთმანეთს: „მშვიდობით!“ 
 -----------------------------------------------------------------------



მიხეილ ლერმონტოვი 

რატომ?
მოწყენილი ვარ იმიტომ,
რომ მიყვარხარ ძლიერ
და თანაც ვიცნობ ხმებს ვერაგულს
მზაკვრულს და ცბიერს.
შენს აყვავებულ სინორჩეს რომ ადევნებიან.
დღეებს ბედნიერს, სანეტაროს, წამებს ვნებიანს,
ბედი ყველაფერს გვაზღვევინებს
ტანჯვით და ცრემლით,
მოწყენილი ვარ იმიტომ რომ,
შენ ხარ მოლხენით.
 -----------------------------------------------------------------------

 
სერგეი ესენინი

***
ბინდმა დაჰკრა, დღეს ეყრება ღამე,
ყვავილები ეფინება ფერდობს,
საყვარელო, გთხოვ მიმღერო რამე,
ხაიამი რომ მღეროდა ერთ დროს,
ყვავილები ეფინება ფერდობს.
შირაზს შუქს ჰფენს მთვარე ნება-ნება,
ვერ ვაშორებ ამ ვარსკვლავეთს თვალებს,
მე არ მომწონს სპარსთა ჩვეულება,
სახეს ჩადრით რომ უბურვენ ქალებს,
შირაზს შუქს ჰფენს მთვარე ნება-ნება,
შეიძლება, თუმცა აღარ ამხელს,
მიტომ ხმარობს ჩადრს სპარსელი ქალი,
სურს დაიცვას მზით დაწვისგან სახე,
რომ ზედ დაგვრჩეს მის ნახვაზე თვალი,
მიტომ ხმარობს ჩადრს სპარსელი ქალი.
კარგო, ჩადრი აიხადო უნდა
და გახსოვდეს ეს მარტივი მცნება;
არ იქნება ქვეყანაზე მუდამ
სიცოცხლის და სიყვარულის ნება,
დაიხსომე ეს მარტივი მცნება
ჩემო კარგო, ნუღარ რიდობ ამდენს,
თვალსაჩინოდ დაანახვე ყველას,
შენი ლოყა რანაირად ელავს.
ნუ იფარებ, მაშ, სახეზე ბადეს,
შენებრ ტურფას ხომ ბუნება ბადებს.
გულს სხვა მხარე მოენატრა უკვე,
ყვავილები ეფინება ფერდობს,
მე გიმღერებ ახლა მასზე უკეთ
ხაიამი რომ მღეროდა ერთ დროს,
ყვავილები ეფინება ფერდობს.


მკოცნე მკოცნე......
მკოცნე, მკოცნე სანამ დროა,
სანამ მკერდში გვიძგერს გული,
ტუჩებიც რომ დამედაღოს
ნუ გექნება სიბრალული.
ტოლჩის მსხვრევას სვიანთ შორის
თვალი უნდა გვაყოლოთ,
დაიხსომე, ჩემო კარგო,
ქვეყნად ერთხელ ვცხოვრობთ მხოლოდ.
თვალი ირგვლივ მიმოავლე,
ნახე ნისლით სავსე არე,
როგორც ყვავი ოქროსფერი
დასტრიალებს მიწას მთვარე.
მკოცნე, რადგან ასე მინდა,
უკვდავებას ვინ ისურვებს,
ახლოს ვხედავ მე ჩემს სიკვდილს
ზემოდან რომ გადმომყურებს
თუ სიკვდილით ერთ დროს ყველას
სამუდამოდ დაგაყუჩებს,
მინდა სულის ამოსვლამდე
სულ ვკოცნიდე შენს ტკბილ ტუჩებს.
მაშ, ნურაფრის ნუ გრცხვენია,
მთლად თამამი შეიქენი,
შოთხვის ყოველ შარიშურზე
ჩამესმოდეს: „მე ვარ შენი“.
ტოლჩის ზემოთ მჩატე ქაფსაც
თვალი უნდა გავაყოლოთ.
დალიე და თან იმღერე:
ქვეყნად ერთხელ ვცხოვრობთ მხოლოდ“.

No comments:

Post a Comment