ამ დღეებში მარტვილის წიგნის მაღაზია „ინტელექტში“ შევიძინე გამომცემლობა „ინტელექტის“ მიერ წელს გამოცემული ვახტანგ ჯავახაძის წიგნი „ლექსიდან_ლექსამდე“ (ჩანაწერები), სადაც ავტორი სხვა საინტერესო საკითხებთან ერთად გვთავაზობს თავის მოსაზრებას მურმან ლებანიძის იმ ლექსზე, რომლის გამოქვეყნებამ თავის დროზე დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია სამეგრელოს კუთხის წარმომადგენლებში, რადგან იმ ლექსში ძირითადად მეგრელები და მეგრული ენა იყო გალანძღული და დამცირებული.
„დარწმუნებული ვარ, რომ არა ბოლოდროინდელი აღზევებული სეპარატიზმი, ის ლექსი არ დაიწერებოდაო“, ბრძანებს ბატონი ვახტანგ ჯავახაძე (გვ. 136). საინტერესოა, რომელ სეპარატიზმზეა აქ საუბარი? აფხაზურზე? თუ აფხაზურზეა, რა შუაშია სამეგრელო და მეგრული ენა?
მკითხველს, ალბათ, ახსოვს მურმან ლებანიძის იმ ლექსის ეს სტრიქონები:
ვით დედა _ მტკვართან ჭოროხს და ენგურს,
რიონს და ტეხურს, იორს და არაგვს,
აგრეთვე ენას _ ქართულთან მეგრულს
ხმა ამოიღოს უფლება არ აქვს.
მე ამ ლექსის შესახებ ჯერ 1999 წელს გამოვთქვი ჩემი მოსაზრება, რომელიც, როგორც რაიონულ, ასევე სამხარეო და რესპუბლიკურ გაზეთებში დაიბეჭდა. ამიტომ ახლა ამ საკითხების გამო კამათს არავისთან არ ვაპირებ, მაგრამ ვახტანგ ჯავახაძის ზემოაღნიშნული ჩანაწერის წაკითხვის შემდეგ თავს მოვალედ ვთვლი ორიოდე სიტყვით იმ საკითხებზე შევაჩერო მკითხველის ყურადღება, რომელიც მეგრულ ენასა და ამ ენისადმი ჩვენს სახელმწიფოებრივ დამოკიდებულებას ეხება.
სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ საქართველოში დღესაც ბევრ ვინმეს ჰგონია, რომ მეგრული ენის განვითარებისათვის ხელის შეწყობა დამღუპველია ქართული სახელმწიფოებრიობისათვის, რადგან ეს თურმე აღვივებს სეპარატიზმს, მაგრამ სინამდვილეში ეს ასე არ არის, რაც ჩვენზე უკეთესად იცოდა მეოცე საუკუნის ქართული ლიტერატურის ჭეშმარიტმა კლასიკოსმა გრიგოლ რობაქიძემ, რომელიც ამბობდა: „საქართველოს სიძლიერე სწორედ მის ტომთა ცოცხალ თავისებურებაშია, მე იმის მომხრეც ვიქნებოდი, მწერლობა აყვავებულიყო მეგრულად, ქართული მწერლობა ამით არას დაკარგავს, _ პირიქით, კიდეც მოიგებსო“.
მე, რა თქმა უნდა, მჯერა ამ სიტყვების ჭეშმარიტებისა, მაგრამ მარტო ჩემი დაჯერება არაფერია.
გრიგოლ რობაქიძე იმდენად დიდია, რომ მისთვის სულკურთხეულ მურმან ლებანიძესაც უნდა დაეჯერებინა და არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაეწერა მეგრული ენის შესახებ ასეთი სტრიქონები:
„აგრეთვე ენას,_ ქართულთან მეგრულს
ხმა ამოიღოს უფლება არ აქვს“.
რას ნიშნავს „ხმა ამოიღოს უფლება არ აქვს?“ სამეგრელოში მეგრელმა კაცმა მეგრულად არ ილაპარაკოს? მეგრული სიმღერები „ჩელა“, „სისატურა“, „კუჩხიბედნიერი“, „ოდოია“ არ იმღეროს? ან განა დღესაც არ უნდა შეიქმნას ახალი მეგრული სიმღერები, მეგრული ლექსები? თუ ვინმე მეგრულ ენაზეც შექმნის ღირსეულ ნაწარმოებს, დაწერს მოთხრობას, ზღაპარს, იგავ-არაკს ან ლექსს, არ მესმის ამაში მაინცდამაინც სეპარატიზმი რატომ უნდა დავინახოთ? განა მეგრული ენა ქართველური ენა არ არის? მერე რა, რომ ის უმწერლობო ენაა? განა ამისათვის მას პატივისცემა არ სჭირდება? გაიხსენეთ დიდი ინგლისელი ენათმეცნიერის მაქს მიულერის სიტყვები: „ის უმწერლობო ენებიც, რომელთაც არასოდეს შეუქმნიათ ლიტერატურული ნაწარმოები, ისევე მნიშვნელოვანია, როგორც ჰომეროსის პოეზია, ანდა ციცერონის პროზა“.
მეგრული ენა უძველესი ქართველური ენაა, რომლის მეშვეობით შეიძლება მრავალი ახალი სიტყვა ითქვას მეცნიერებაში. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მარტო ჩვენი ტოპონიმების ასახსნელად რად ღირს იგი.
სულ მეგრული წარმოშობისაა აჭარაში, გურიაში, იმერეთში არსებული გეოგრაფიული სახელები და მეგრული ენის გაუთვალისწინებლად ვერაფრით ვერ აიხსნება მათი მნიშვნელობები. მაგალითად, სამტრედიის რაიონში არის სოფელი ჯიხაიში (საიდანაც იყო ნიკო ნიკოლაძე), მაგრამ თუ მეგრულ ენას არ ფლობ და არ იცი, რომ „ჯიხა“ არის ქართული „ციხე“ სიტყვის მეგრული შესატყვისი, ვერასოდეს ვერ გაიგებ, რომ ჯიხაიში ციხისა-ს ნიშნავს.
სამტრედიაში არის აგრეთვე სოფელი „ქვაყუდე“, რომლის სახელიც მხოლოდ მეგრულით აიხსნება, „ყუდე“ არის სახლი, ქვაყუდე კი ნიშნავს ქვის სახლს. გენიალური ქართველი პოეტის გალაკტიონის მშობლიური სოფლის სახელი „ჭყვიში“-ც, რომელიც რიონის პირას მდებარეობს, მეგრულ სიტყვასთანაა დაკავშირებული და ეს არცაა გასაკვირი, რადგან იმ ადგილებში წინათ მეგრელები ყოფილან დასახლებული.
საქართველოს ისტორიის მამის, დიდი ივანე ჯავახიშვილის მტკიცებით, ჩვენი ქვეყნის ის ტერიტორიები, სადაც ახლა იმერლები და გურულები ცხოვრობენ, წინათ მხოლოდ მეგრულლაზურ ტომებს ეკუთვნოდა. ივანე ჯავახიშვილს იქვე მოჰყავს რომაელი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის პლინიუსის ცნობა იმის შესახებ, რომ რიონი მეგრელების მიწაზე დიოდაო (იხ. ივ. ჯავახიშვილი, „ქართველი ერის ისტორია“, 1913წ. გვ.315).
პლინიუსის ამ ცნობას ივანე ჯავახიშვილი ქართულ გეოგრაფიულ სახელებზე დაკვირვებითა და მეგრული ენის დახმარებით ასაბუთებს, უფრო სარწმუნოს ხდის.
ასე, რომ, მეგრული ენის არსებობას, მის შესწავლასა და დანიშნულებისამებრ გამოყენებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს მეცნიერული თვალსაზრისითაც, რაც, სამწუხაროდ, ბევრს არ ესმის და უნდა, რომ არც სხვას ესმოდეს.
ცამდე მართალია პოეტი ვახტანგ ხარჩილავა, როდესაც წერს, რომ „ქართული ენა სახელმწიფო ენაა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ სვანური და მეგრული უგულებელვყოთ, აბუჩად ავიგდოთ და კანონგარეშე გამოვაცხადოთო“.
სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ მეგრული ენისა და სამეგრელოსადმი დანარჩენი საქართველოს გულგრილი დამოკიდებულება „არ ახალია, ძველია“. ეს აშკარად ჩანს ქართლის (იბერიის) სამეფოს პირველი მეფის ფარნავაზის დროიდანაც, რაზედაც შესანიშნავად ილაპარაკა მრავალ კოლხურ საიდუმლოებათა ამომხსნელმა მეცნიერმა და მწერალმა_ აკადემიკოსმა ლადო ალფენიძემ.
აი, მისი სიტყვები: „ქართლის ცხოვრებაში თითქმის არაფერია დაწერილი კოლხების ოქროს საწმისის შესახებ, არაფერია დაწერილი კირკეს ღვთისმშობლობის შესახებ... რატომ არ მიაჩნდა საჭიროდ მროველს და ავტორებს მოეხსენებინათ ერთი სტრიქონით მაინც ის, რაც ასე აღაფრთოვანებდათ ევრიპიდეს, სენეკას, ჰეროდოტეს, კანტს? რატომ? რატომაა ასე გაბზარული ჩვენი ისტორია და ეროვნული ცნობიერება საწყისიდანვე, ფარნავაზიდან და ლეონტი მროველიდან მოყოლებული დღემდე რატომ წერდნენ ოქროს საწმისზე ჰომეროსი, ჰესიოდე, ვერგილიუსი, აპოლონიოს როდოსელი, ევრიპიდე, სენეკა და რატომ დუმდნენ ქართველები თითქმის სამი ათასი წელი?“ იმავე ლადო ალფენიძის თქმით, „შესაძლოა ეს გამოწვეულია იმით, რომ „ქართლის ცხოვრების“ არაქრისტიანული პერიოდის ამსახველმა ტექსტმა მეტად მძიმე“ ქრისტიანული და არა მხოლოდ ქრისტიანული“ რედაქტირება განიცადა.
„ქართლის ცხოვრება“ მართლაც არ იცნობს არც ოქროს საწმისის მითს და არც სხვა მითებს აიეტის, კირკეს, მედეას შესახებ.
ალბათ იმიტომ, რომ ქართლის ცხოვრება უპირატესად ქართლის ცხოვრებაა და არა იმდენად „კოლხეთის ცხოვრება“.
„ქართლის ცხოვრების ანალოგიური, მისი პარადიგმული „კოლხეთის ცხოვრება“ დაკარგულია ან განადგურებული. ამიტომ ქართველებს, შეიძლება ითქვას, დღეს მხოლოდ ნახევარ-ისტორია გაგვაჩნია სრული ისტორიის ნაცვლად.
ვახუშტი ბაგრატიონისა და სხვა ავტორთა თხზულებები ეგრისის, კოლხეთის შესახებ ვერ ავსებს ამ ხარვეზს.
„ისტორიული ვაკუუმის“ შედარებით სრულფასოვანი შევსება ხდება ელინიური, ბიზანტიური, რომაული და სხვა წყაროების მიხედვით (ლადო ალფენიძე).
ახლა კი მინდა ეს წერილი
დავამთავრო ჩემივე ლექსით „ჩქიმი ჭიჭე სამარგალო“, რომელსაც დღეს თითქმის მთელი სამეგრელოცმღერის:
ირ ქიანა გიჸორდასუ
მარა რშუდას სი მიქ რდუნი,
ვეშგოჭყორდას დიდა ნანას
მუ ნინაშა გიბირდუნი.
საქორთუოშ არძა კუნთხუს
საჸოროფოდ გუნჯი გური,
მარა ვეშეჭყოლიდუა
სქანი ნინა მარგალური.
ვჩირთუქუდა მაპატიით
დო ქოფთქუან მართალს გვალო,
მა არძაშა ქომისხუნუ
ჩქიმი ჭიჭე სამარგალო.
ეს ლექსი ჩემი მშობლიური კუთხისა და ენის სიყვარულმა დამაწერინა და მასში არაფერია სეპარატისტული. მეგრული ენა უძველესი ქართველური ენაა. ამ ენაზე ლაპარაკობდა არგონავტების თქმულების ერთ-ერთი გმირი, კოლხეთის მდიდარი და სახელგანთქმული მეფე_აიეტი და მისი ქალიშვილი მედეა, რომელთა სახელები მთელმა მსოფლიომ იცის. კოლხური, იგივე მეგრული დამწერლობის შესახებ ღაღადებდნენ ძველი ბერძენი პოეტები_ჰომეროსი და აპოლონიოს როდოსელი, მსოფლიო ისტორიის მამა ჰეროდოტე და მრავალი სხვა. და ეს ისტორიული ფაქტი, არა მარტო მეგრელებს, არამედ საქართველოს ყველა კუთხის შვილებს, უნდა ეამაყებოდეს, ყველამ უნდა იცოდეს, რომ მეგრული (ასევე სვანური) ენობრივი კულტურის შენარჩუნებისა და განვითარებისათვის ზრუნვა სეპარატიზმი სულაც არ არის და ასეთი ფიქრი მხოლოდ არატოლერანტული აზროვნების შედეგია.
ფაუსტ ნადარაია
No comments:
Post a Comment