გიორგი ხულორდავა
გიორგი სალხინოს საჯარო სკოლის მეცხრეკლასელია_გამორჩეული, ცნობისმოყვარე, კითხვას დაწაფებული, თავადაც შემოქმედებითი ნიჭით დაჯილდოებული. იგი აქტიურად ღებულობს მონაწილეობას როგორც შიდა სასკოლო, ისე რაიონულ სასწავლო-შემოქმედებით ღონისძიებებში, არაერთი წამახალისებელი სიგელიც მიუღია, შესაშურია მისი ინტერესი წიგნებისადმი. კითხულობს როგორც ქართველ, ისე უცხოელ კლასიკოსებს. განსაკუთრებით მოსწონს რუსული ლიტერატურა და თარგმნის კიდეც დიდ რუს კორიფეებს.
არ მინდა ზედმეტი ხოტბა გამომივიდეს, მან თავადაც კარგად იცის, რომ გადაჭარბებული ქება ისევე მაწყინარია, როგორც დაუსაბუთებელი, გადაჭარბებული ძაგება. თუმცა კი ერთი რამ აუცილებლად უნდა ვთქვა: თუ გიორგი ასეთი ტემპებით გააგრძელებს წინსვლას, მაშინ მას უპირატესი ალბათობით დიდი მომავალი უნდა ვუწინასწარმეტყველოთ. სწორედ ამ იმედით გთავაზობთ მის ორ ლექსს. ვფიქრობ მკითხველი თავად დარწმუნდება ჩემი ვარაუდის უტყუარობაში.
ილია კუხალაშვილი
მზის ამოსვლა
კლოდ მონეს ამავე სახელწოდების
სურათის მიხედვით
მოხუც მენავეს შვილი უზის პატარა ნავში,
ტბაზე ლივლივებს მობრჭყვიალე სხივები მზისა,
ირგვლივ მრავალნი დაცურავენ თევზები წყალში,
გაღმა ნაპირზე ჩანს ხეები კვიპაროსისა.
მწუხრი ილევა, განათდება მალე მიდამო,
მენავეები თევზაობენ მშვიდად და ნელად,
ქარი უბერავს და შეარხევს ზოგჯერ კვიპაროსს,
მზის შუქი წყალზე გადაიქცა მკვეთრ ანარეკლად.
თევზნი დააფრთხო ნიჩბის ხმამ და ფაციფუცობენ,
მენავეები წასასვლელად ემზადებიან,
მეორე ნავზე შესცქერიან ვიღაც უცხოებს
და მაინც ისევ მზის ამოსვლას ელოდებიან.
მაისი
მრავალი ფერით შემოსა
მთანი და მინდორ-ველია,
გაალამაზა სამყარო,
როგორც ბუნების წესია.
მთელი დღე შრომობს მაისი,
შრომაში გააქვს დღენია,
აქეთ ყვავილი გაშალა,
იქით შეამკო ველია...
მთაში დაადნო თოვლი და
ბარში ახარა ხეები,
ამ დაუღალავ შრომაში
დამთავრდა მისი დღეები.
No comments:
Post a Comment