"ფასს დასდებს ბოლოს ქვეყანა
ვისაც რა დაგვითესია"
ვაჟა
redaqtorisagan
martvili da misi monasteri didi saganmanaTleblo kera iyo uZvelesi droidan. Mmartvilma araerTi gamoCenili politikuri moRvawe, poeti, mwerali, msaxiobi, mxatvari, sportsmeni da sxva profesiis adamiani aRuzarda dedasamSoblos, romelTa Sesaxeb bevri dawerila da daiwereba kidec. magram rac Seexeba faust nadaraias winamdebare wigns aq saubaria ara raionis gareT moRvawe warmatebul martvilelebze, aramed mxolod martvilSi mcxovreb im gamorCeul Semoqmed adamianebze, romlebic aq, mSobliur raionSi moRvaweoben da qmnian TavianT didsa Tu mcire nawarmoebebs.
wignSi sul 33 martvileli avtoria warmodgenili (romelTagan 15 ukve Cvens Soris aRar aris). aRsaniSnavia, rom bevri maTganis poeturi Tu prozauli nawarmoebebi didi xania raionis gareTac gaxmiandnen.
gvjera, mkiTxveli uTuod dainteresdeba maTi SemoqmedebiT.
გივი ელიავა
ტყუილად როდი უწოდა მწერალმა გური ოტობაიამ გივი ელიავას კირბებში ჩანთქმული მენცარკოჩი.
ხოლო პოეტმა გიორგი წერეთელმა ერთ ლექსში ასე მიმართა მას:
..ეძებ და ჰპოვებ
რაც ადიდებს ხალხის გენიას,
ძველი კოლხეთი
საფლავიდან აღგიდგენია.
ოქროს ენძელა,
ოქროს ვერძი, ოქროს საწმისი
დიდი ხვალის დღის
გაგრძელება და დასაწყისი/
განძავ საგანძურს
ძველთა ჩვენთა მემატიანევ!
იმათ საფლავებს
ჭირისუფლად თავს დავსტრიალებ.
შენ ჩვენი დროის
დიდებული ხარ ჭყონდიდელი,
საფლავებიდან
ოქროს განძის ამომზიდველი.
მირონცხებული
გარბის ჟამი დამარცხებული,
ზიხარ მარტვილში
როგორც ცოტნე
თაფლწაცხებული.
მარტვილის ეროვნული მუზეუმის დირექტორი, მხცოვანი მეცნიერი და ღირსეული მამულიშვილი ბატონი გივი ელიავა მართლაც რომ ცოტნეს ერთგულებით ემსახურა ქვეყანას. მთელი თავისი ცოდნა და ენერგია მეცნიერულ კვლევა-ძიებას შეალია. იყო ისტორიკოსი, ეთნოგრაფი, ლექსიკოგრაფი, არქეოლოგი.
გამოსცა მარტვილის, აბაშის, სენაკის, ჩხოროწყუს ტოპონიმიკის კრებულები, ,,მეგრულ-ქართული ლექსიკონი“, ,,სამეგრელო“ და მრავალი სხვა.
მის სახელთანაა დაკავშირებული გადაშენების პირას მდგარი კოლხური უნიკალური ვაზის ჯიშების გადარჩენა და ახალი ვაზის ჯიშის ,,ჭყონდიდურის“ გამოყვანაც.
იყო ეგრისისა და საქართველოს ეროვნულ და სოციალურ ურთიერთობათა სამეცნიერო აკადემიების აკადემიკოსი.
წერდა ლექსებსაც, თუმცა მისი პოეტური შემოქმედება არ იყო მისი მეცნიერული ნაშრომების ტოლფარდი.
გივი ელიავას მეცნიერულ ნაშრომებს კარგად იცნობენ და აფასებენ არა მარტო საქართველოში. არამედ საძღვარგარეთის ქვეყნებშიც. ჰქონდა მიმოწერები იქაურ მეცნიერებთან.
კარგი იქნება, მისი რჩეული ნაწერები და პირადი წერილები ცალკე წიგნად გამოქვეყნდეს.
კოტე გაგუა
ბატონი კოტე იყო მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი, რესპუბლიკის დამსახურებული ექიმი. რომელსაც წელთა სიმრავლის მიუხედავად ბოლომდე არ გადაუდვია ქირურგის დანა და ღირსეულად იღვწოდა ამქვეყნად ყველაზე ძვირფასის-ადამიანის სიცოცხლის გადასარჩენად.
ვინ იცის, რამდენი ურთულესი ოპერაცია გაუკეთებია მას უანგაროდ.
იყო რაიონის ნამდვილი კოლორიტი.
ყველას განსაკუთრებული მოწიწება გვქონდა მის მიმართ:
რაიონის შემოქმედებითი საზოგადოება დიდად აფასებდა მას, არა მხოლოდ როგორც ექიმს, არამედ როგორც კარგი პუბლიცისტური წერილებისა და დიდი მამულიშვილური სითბოთი აღსავსე ლექსების ავტორს.
დიახ, ბატონი კოტე შესანიშნავ ლექსებს წერდა, რომლებსაც რაიონულ გაზეთებში აქვეყნებდა.
2016 წელს გამოცემულ მარტვილელ შემოქმედთა კრებულში-,,ხმა მარტვილიდან“ შეტანილია მისი ერთი ლექსი ,,საქართველოს“:
იცინის შენი ქოჩორა მთები,
შენი მდინარის ტალღები ვერცხლის,
როცა მე შენს დიდ სიცოცხლეს ვხვდები,
შენზე სიყვარულს ვერაფრით ვერ ვცვლი.
მაღლით დამყურებს ლივლივა ზეცა,
ტყის მოშრიალე ფოთლები მკოცნის,
თითქოს მე მაღლა ცის ღრუბლებს ვკეცავ,
შენი ნამი ვარ, ზეციდან რომ ცრის.
ვერ შეველევი შენს ცვრიან გორებს,
მე შენი ღამის მეხრე ვარ ახლაც,
ისე ვით ტალღა აცოცხლებს მორევს
მეც შენი დიდი სიცოცხლე მახლავს.
ბატონ კოტეს აქვს სხვა მშვენიერი ლექსებიც. კარგი იქნება თუ ვინმე ითავებს მათ შეგროვებასა და გამოცემას.
კოტე გაგუა 50-ზე მეტი გამოქვეყნებული მეცნიერული პუბლიკაციის ავტორია.
აბელ ფეტელავა
ზეპირად ვიცი რამდენიმე სტრიქონი ამ თარგმანიდან.
აი, თუნდაც ერთი აფორისტული სტროფი ავთანდილის ანდერძიდან:
ნარღი მუთუნს ვაგოხვარუ,
ვართი ჩილამურით ნგარა,
გინოჭყვადილ მუთ რე ჟიშენ,
ვერთასუნი ვარე შარა,
კოჩქი გერექ ირო ოკო
მიითმინას ჭირ დო ძგარა,
შურდგუმილს სო შეულებუ
დოთირუას ყვაიჭარა.
აბელ ფეტელავას რამდენჯერმე შევხვედრივარ მარტვილის მუზეუმში პირადად.
ამავე მუზეუმის სამეცნიერო-შემოქმედებითი ჟურნალ ,,სათანოში“ დაიბეჭდა მისი რამდენიმე ლექსი და იგავ-არაკი.
საინტერესო კალმოსანი გახლდათ.
სერგო ფაცაცია
მისი ლექსები სისტემატურად იბეჭდებოდა როგორც რაიონულ, ასევე რესპუბლიკურ ჟურნალ-გაზეთებში.
იყო ხალასი, გულწრფელი პოეტი.
მაგალითისათვის მოგვყავს ნაწყვეტი ლექსიდან ,,მარქვით რამდენი წლის არის“. ლექსი სულ თორმეტსტროფიანია და ისეთი რითმებითაა გაწყობილი, შეუძლებელია არ დაგამახსოვრდეს:
დაქროლეთ, გადამაქროლეთ
სიზმარეულო წამებო,
ორიათასი წლის იქით
მეგულვის პონტოს სამეფო.
გაცურდა ჩემი ოცნება
მოატკაცუნებს წინ აფრებს,
ადექით გამომეცხადეთ,-
ჩემი თაყვანი წინაპრებს.
ამას წინათ, მარტვილზე დაწერილ ლექსებს რომ ვაგროვებდით, რედაქციაში მოგვიტანეს სერგო ფაცაციას მშვენიერი ლექსი ,,მოლანდება მარტვილის მონასტერში“, რომელიც აუცილებლად შევა წიგნში ,,ქართველი პოეტები მარტვილს“.
სერგო ფაცაცია ავტორია წიგნისა ,,კაცს დავეძებ“, მაგრამ მას დარჩა ისეთი ლექსებიც, რომელიც ამ წიგნში არაა შესული და სხვადასხვა გაზეთებშია მიმობნეული. მათი შეგროვება და გამოქვეყნება მომავალი თაობის ვალია.
ახლა კი ამ ჩანაწერს დავამთავრებთ გოგი ცხაკაიას იმ სტრიქონებით, რომლითაც ბატონი გოგი გამოეთხოვა თავის უფროს მეგობარს სერგო ფაცაციას:
მინდა გიამბოთ კაცზე,
ვინც რომ ლექსისთვის ქუხდა,
ჰქონდა მაღალი გრძნობა
მეგობრისათვის დუღდა.
მე მას შვილივით ვყავდი,
მე ის ძმასავით ვცანი
ღმერთო მაღალო. მიწა
მისთვის მსუბუქი სცანი.
ჰამლეტ ნადარაია
საქართველოში ,,ვეფხისტყაოსნის“ რამდენიმე მეგრული თარგმანი არსებობს, მაგრამ ჰამლეტისეული თარგმანი გამოირჩევა რუსთველისეული პოეტური საღებავებითა და მხატვრული დონით. ნიმუშად მოვიყვან ერთ სტროფს:
მუს მოგიღანს ინგარდე დო
ჩილამურიშ ღვარით მიშე,
ვამოხვადას ვე უაფუ
გეჭარილი საქმექ ჟიშე,
წესი ორე ქომოლიში
გაჭირებას ვედეშიშე,
განგებაში გინორთელი
ვეშილებე მუთუნიშე.
ცნობილია, რომ კაკა ჟვანია და სხვები ,,ვეფხისტყაოსანს“ მეგრულად მხოლოდ მაღალი შაირით თარგმნიან, ჰამლეტ ნადარაია კი პოემის იმ სტროფებს, რომლებიც დაბალი შაირითაა დაწერილი დედანში, იმავე საზომით თარგმნის მეგრულადაც.
აი, მაგალითად, როგორ ჟღერს რუსთაველი დაბალი შაირით მის თარგმანში:
ღურას ჭოფუნსუნ თინერი
ვართი შუკა დო ფერდი რე,
მუდგა მანგარი ვარდენი
მუთუნი ვაგგაბედინე,
ართი დროს დიხა დორფულუნს
უბედურსით დო ბედინერს,
ჩიჩიე ორდენ თის უჯგუ
სახელიანო მედინე.
ჰამლეტ ნადარაია იყო თავის დროზე საკმაოდ ცნობილი პოეტისა და დრამატურგის-შალვა კუჭავა პონტოელის დისშვილი.
ახალგაზრდობისას, სტუდენტობის წლებში იგი ახლოს გასცნობია საქართველოს პოეტთა მეფეს-გალაკტიონ ტაბიძეს. ბევრჯერ უსაუბრია და უქეიფია მასთან. ჰამლეტი იყო კარგი დეკლამატორიც, გალაკტიონს უყვარდა თურმე ჰამლეტის მიერ მისი ლექსების წაკითხვა.
ჰამლეტი თვითონაც სწერდა ლექსებს, თუმცა არასოდეს უზრუნია მის გამოქვეყნებაზე.
დატოვა შესანიშნავი პოეტური მემკვიდრეობა, ლექსების ციკლი-,,ჩემი თავშესაქცევი“, რომელიც სავსეა საინტერესო სენტენცია-აფორიზმებით (ხელნაწერი ოჯახში ინახება და დიდი ხანია თავის გამომცემელს ელოდება).
ახლა კი, იმის საილუსტრაციოდ, თუ როგორი პოეტია ჰამლეტ ნადარაია, გთავაზობთ მის რამდენიმე აფორიზმს აღნიშნული ციკლიდან:
*
* *
მიწაა ჩვენი მშობელი
მასთან ვართ შესისხლხორცებით,
მაგრამ ის თავის შობილებს
დაჰგვის სიკვდილის ცოცხებით,
დადგება დრო და ყველანი
მოვკვდებით, დავიხოცებით
მიწა ისევე გაძღება
ჩვენი ძვლებით და ხორცებით.
მაგრამ ვერაფერს მოვიგებთ
ვაებითა და ვიშითა
სიკვდილის მერეც ამ ქვეყნად
ვიყოთ ცოცხლების ნიშნითა,
ამისთვის უნდა ვზრუნავდეთ
მხნეობით, არა შიშითა,
რად გვინდა ფუჭად ვიაროთ
გადავირბინოთ იშინთა.
*
* *
ეს ცხოვრება რთული არის
განუწყვეტლივ მიდის, ბრუნავს,
მოსაცდელად სად სცალია,
საქმისათვის ვინცა ზრუნავს,
განათლება არ იძლევა
ბუნებრივი ნიჭის უნარს,
ეს შენზეა, როგორ მოსპობ
სარეველა ეკალს თუ ნარს.
*
* *
სულით, გულით შეიყვარე
შენიანი, გინდა ვინცა,
გაჭირვებულს დაეხმარე
აიყვანე, თუ წაიქცა.
ყველა ერთად რომ ნეტარებს,
ლამაზია მაშინ იქ ცა,
სიყვარული არ მოკვდება
თუკი ჩვევად გადაიქცა.
*
* *
ეზოს კარგად იგი დაჰგვის
ვის ხელში აქვს შინდის არგა,
იგი რაღა მებაღეა
ნარგავები თუ არ დარგა,
ღირსებას კი ვერ იპოვი,
თუ გქონდა და დაგეკარგა,
ხელოვნება მითხარ, თორემ
შეგირდად ხომ ყველა ვარგა.
*
* *
კეთილმომქმედს არ შეშვენის
ლაქუცობა, ქნევა კუდის,
ძნელია რომ შეიწყნარო
გამომწვევი საქმის ცუდის.
ძლიერისგან შენდობაც კი
უძლურისთვის სასჯელს უდრის,
რადგან ყოველ პატიებას
მაინც ცუდი სუნი უდის.
*
* *
გერიდებოდეს ავისა
და მისი მყრალი სუნისა,
არასდროს ბოლო არა აქვს
მის წადილსა და სურვილსა,
წინათ რაც იყო, იცოდე
ახლაც ის არის, სულ ისა,
არ შეუძლია აავსოს
სიცარიელე სულისა.
*
* *
ვინ გაიგებს ეს სამყარო
რა ხნისაა და რა ზომის,
მის დინებას ვეღარ შეცვლის,
ტიტანური ძალა ომის,
ყველაფერი სწრაფად გარბის,
არ არსებობს ჟამი დგომის,
დღეები კი ცვივა, ცვივა-
ფოთლებია შემოდგომის.
ამირან სტვილია
უმღეროდა სამშობლოს, სიკეთეს, სიყვარულს. გვახსენდება სიყვარულის თემაზე დაწერილი მისი ლექსი ,,გულო“:
გულო, რამდენ ქალს ეტრფოდი,
რამდენ ლამაზმანს ფერობდი,
ქალების იმ ტაიგაში
ლხინობდი!-
ირემს ელოდი
ის წლები ახლაც მამღერებს
ჩაუქრობელი ალებით,
ერთ ლექსსაც აღარ დავწერდი
რომ არა ლამაზმანები.
ამირან სტვილიამ შესანიშნავი ლექსი უძღვნა აგრეთვე მისთვის ამქვეყნად ყველაზე უწმინდეს ადგილს, სოფელ ხუნწს, საიდანაც სიცოცხლის ბოლო წუთამდე თავისი გულწრფელი ლექსებით ესიყვარულებოდა მთელ საქართველოს:
ყველა ქალაქს, ყველა სოფელს
მირჩევნია ჩემი ხუნწი,-
გულში ოქროს მზე უნთია
ხან უთოვს და ხანაც უწვიმს.
ჩემთან მღერის ცხენისწყალიც-
დაუღლელი მერანი!
ჩემი ხუნწის დიდ სიყვარულს
ვერ წამართმევს ვერავინ
1972 წელს გამომცემლობა ,,ნაკადულმა“ გამოსცა მისი ლექსების კრებული ,,სანამ გნახავდი“.
ამირან სტვილიას ლექსების გარდა გამოქვეყნებული აქვს სხვადასხვა ჩანახატები და პუბლიკაციები, რომლებიც არ უნდა დაიკარგოს.
დომენტი სურმავა
ფარმაცევტის პროფესიული მოვალეობა მისთვის სიკეთის თესვას ნიშნავდა. აი, რას წერდა ჟურნალისტი ცისანა ჩიხლაძე გაზეთ ,,მარტვილში“ მის შესახებ:
,,...ვინ დაითვლის რამდენჯერ მძინარე გაუღვიძებიათ ღამით. იცოდნენ რომ არ დაიზარებდა. არვის დაამადლიდა გარჯას. თავის პროფესიულ ვალად ჰქონდა აღთქმული ემსახურა განურჩევლად ყველასთვის-ჩინიანისთვის, უჩინოსთვის. თუ თავის აფთიაქში არ მოიძებნებოდა საჭირო მედიკამენტი, მეზობელ რაიონს მიაშურებდა, ქუთაისს მიწვდებოდა, თბილისსაც და წამალს გააჩენდა, ოღონდ შვება და შველა მიეცა მოყვასისთვის“.
დომენტი სურმავა, გარდა იმისა, რომ იყო თითოეული ადამიანის ბედზე მოფიქრალი გამორჩეული ფარმაცევტი, იუმორის განსაკუთრებული ნიჭითაც გახლდათ დაჯილდოებული.
მშვენიერ ანეგდოტებს წერდა.
ანეგდოტი ხომ იგივე მოთხრობაა, ოღონდ მინიატურული, რომელიც გავრცელების მასშტაბით არც ერთ სხვა ჟანრს არ ჩამოუვარდება.
ვიცი, რომ დომენტი სურმავას გამოცემული აქვს იუმორისტული გამონათქვამებისა და ანეგდოტების პატარა კრებული ( რომელსაც, ალბათ, ტირაჟის სიმცირის გამო ჩემამდე არ მოუღწევია).
სამაგიეროდ მე კარგად მახსოვს მარტვილის ქუჩებში მოსიარულე ოთხმოც წელს მიღწეული, სიცოცხლითა და იუმორით სავსე, ტანმორჩილი, გამჭრიახი მოხუცი კაცი დომენტი სურმავა, ვინც ყოველდღე ახალ-ახალ ანეგდოტებს ჰყვებოდა. უმეტესობა საკუთარი იყო, ზოგი კიდევ, როგორც თვითონ იტყოდა ხოლმე, საიდანღაც ამოკითხული ან გაგონილი.
საოცარი მეხსიერება ჰქონდა.
ანეგდოტებს რომ დაიწყებდა, სიტყვები არ ელეოდა. კარგი იქნება თუკი მარტვილის მუნიციპალიტეტის კულტურის სამსახური მის შთამომავლებთან ერთად ითავებს დომენტი სურმავას გამოქვეყნებული და გამოუქვეყნებელი ანეგდოტების გამოცემას.
პეტრე კირთაძე
დაჯილდოებული იყო ღირსების ორდენით.
მინიჭებული ჰქონდა უმაღლესი კატეგორიის მასწავლებლის წოდება.
კარგად თქვა ქალბატონმა ლეილა ციცხვაიამ მასთან გამოსათხოვარ სიტყვაში: ,,პეტრე კირთაძე თავისი მრავალწლიანი პედაგოგიური მოღვაწეობით, მხატვრული შემოქმედებით მომავალ თაობებს და თავის თანამედროვეთ ასწავლიდა, თუ როგორ ეპოვათ ტაძრისკენ მიმავალი გზა“.
გარდა იმისა, რომ უნიჭიერესი ლიტერატორი და შემოქმედი პედაგოგი გახლდათ , მწერლობის განსაკუთრებული ნიჭითაც იყო დაჯილდოებული.
„ჭაბუკობიდანვე ქართულ სიტყვასთან ჭიდილში წაფავდა კალამს, მისი ნარკვევები, ჩანახატები, მინიატურული ნოველები ამშვენებდნენ ჩვენი კუთხის მემატიანეს-რაიონულ პრესას“ (ომარ ხუხუა).
თანამშრომლობდა მხარეთმცოდნეობის მუზეუმშიც. იყო რამდენიმე სამეცნიერო შრომის, წერილისა და ნარკვევის ავტორი.
გამოსცა მშვენიერი მოთხრობების კრებული ,,დაბრუნება“, რომელიც პროფესიონალი ლიტერატორის დაწერილია.
პეტრე კირთაძეს პიროვნებასა და შემოქმედებას არასდროს დაივიწყებს მარტვილის პედაგოგთა საზოგადოება.
მუხრან კაკულია
მუხრან კაკულია 20 წელი მუშაობდა რაიონული სასამართლოს თავმჯდომარედ და როგორც პროფესიონალი იურისტი, ღირსეულად ემსახურებოდა საკუთარ ქვეყანასა და სიმართლეს.
იყო უაღრესად განათლებული, თავისი დროის ერთ-ერთი საინტერესო პიროვნება, რომელსაც განსაკუთრებით უყვარდა პოეზია.
2012 წელს გამომცემლობა ,,უნივერსალმა“ გამოსცა (სიკვდილის შემდეგ) მისი ლექსების კრებული ,,ნუთუ სიცოცხლე ახლა იწყება“:
მის ლექსებში თვალსაჩინოა ისეთი სატრფიალო სტრიქონები, როგორიცაა, მაგალითად:
გულში ჩაკირდუღაბებულ
სათქმელს გეტყვი უმთავრესსა
დამიფინე ვარდ-ყვავილი
ცრემლებს ნუ ღვრი მდუღარესა.
რა ხანია ჩემი გული
დაილურსმნა მაგ თვალებით,
კარგო კარს ნუ მომიხურავ
შენზე ვფიქრობ გამალებით.
ქართველ პოეტთაგან განსაკუთრებით ჰყვარებია ტერენტი გრანელი. ლექსი აქვს ასეთი - „წარწერა ტერენტი გრანელის წიგნზე“, სადაც ვკითხულობთ:
არ გინდა ექიმი
არც მისი ნემსები,
ეს სევდა მუდმივი
თან დასდევს დროს მბრუნავს,
იკითხე ტერენტი გრანელის ლექსები
მერწმუნე,
ყველაზე უკეთ ის განგკურნავს.
ამ ლექსშიც ნათლად ჩანს, რომ მუხრან კაკულია იყო კრისტალურად სუფთა, მართალი და პატიოსანი ადამიანი.
ომარ ხუხუა
ომარ ხუხუას გვარ-სახელი კარგადაა ცნობილი ფართო საზოგადოებისათვის. მარტვილის რაიონში ის წლების მანძილზე იღვწოდა პარტიულ სამუშაოზე, იყო განათლების განყოფილების გამგე, ასწავლიდა ქართულ ენასა და ლიტერატურას. მოღვაწეობდა ჟურნალისტიკაშიც. იყო ხალხური სიმღერების უბადლო შემსრულებელი, ფოლკლორისტი და კომპოზიტორიც, მაგრამ ყოველივე ეს სულაც არ იყო გასაკვირი, რადგან იგი გახლდათ თავის დროზე საკმაოდ ცნობილი ლოტბარისა და მომღერლის ტრიფონ ხუხუას ვაჟიშვილი. ბატონმა ომარმა დაკარგვას გადაარჩინა მეგრული მუსიკალური და ზეპირსიტყვიერი ფოლკლორის არაერთი ნიმუში.
და მაინც, ჩემი აზრით ომარ ხუხუას შემოქმედების მწვერვალია რომანი ,,კოლხური ზარი“, რომელიც ეხება ჩვენი დროის მტკივნეულ პრობლემას, ქართველთა მიგრაციის საკითხს რუსეთში. მასში მეტად საინტერესო ყურადსაღები მოსაზრებებია გამოთქმული თანამედროვე განათლების სისტემაზე, ქალ-ვაჟთა ერთად სწავლაზე, პოლიტიკაზე, ძველ კოლხეთსა და აფხაზეთზე. ნაწარმოების ძირითადი თემაა მშობლიური მიწის, კუთხის, ენის სიყვარული.
სამართლიანად შენიშნავს მწერალი გიორგი სიჭინავა: ომარ ხუხუას რომანი ძალდაუტანებლად იკითხება, ის სავსეა მძაფრი ეპიზოდებით, ნაწარმოები შეკრულია და ყველა პერსონაჟი დინამიურად ემსახურება იმ სათქმელის ბოლომდე წარმოჩენას, რაც ავტორს ჰქონდა ჩაფიქრებული.
ბატონი ომარ ხუხუა იყო აგრეთვე მასწავლებელ-მამაკაცთა ანსამბლ ,,ჭყონდიდელის“ ხელმძღვანელი. აღნიშნული ანსამბლი არაერთხელ გამოსულა თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სცენაზე დასკვნით კონცერტებში, ასევე მრავალ სხვა რესპუბლიკურ ფესტივალებსა და ოლიმპიადებში.
წერდა ლექსებს როგორც ქართულად, ასევე მეგრულადაც.
2016 წელს მე შევადგინე და გამოვეცი მეგრული ლექსების კრებული ,,ბჟა დია ჩქიმი“, სადაც ომარ ხუხუას 4 ლექსია შეტანილი, მათ შორის ცნობილი ,,სიზმარი დო ცხადი“, რომელზეც ავტორს შექმნილი აქვს საკუთარი მუსიკა და ჩაწერილია საქართველოს რადიოს ხალხური შემოქმედების მთავარი რედაქციის მიერ, მისივე შესრულებით ჩონგურზე:
სიზმარი დო ცხადი
ხვალე გილემგარდი,
სი რექ ჩქიმი გურიშ
უჩურცხალი დარდი.
უჩურცხალი კილა,
სქილადა დო რტინა,
ოკმაფუ დო ხატი
შურიშ წუმოკინა.
ჩქიმო ივბირი, ჩქიმო ივგარი,
მა მუს მოხვარუ წამალი, სიზმარი?
ჩქიმო ვარე რინა,
მოჯგირე დო ბინა,
ირიშ გოჯოგელი
ფურიშ გინარჯგინა.
ჭყელი ვორექ დღაშე
შური გეშევკაშე,
სერ-სერითუ ნგარათ
იბჯინედე ცაშე.
ჩქიმო ივბირი, ჩქიმო ივგარი,
მა მუს მოხვარუ წამალი, სიზმარი?
მუთუნ რენო მეტი
სქან დო ჩქიმი ბედი,
ქიანაშ გასაკვირი
ცა დო გვალაშ გვერდი.
გეშამიღი შური,
გომისოფი გური,
იშენ მითინ ვაპუნს
სქანი ოსხუნური.
ჩქიმო ივბირი, ჩქიმო იბგარი,
მა მუს მოხვარუ წამალი, სიზმარი?
მახსოვს, ამ ათიოდე წლის წინათ საქართველოს საუკეთესო მომღერალი ოჯახების კონკურსში გაიმარჯვეს ტრიფონ ხუხუას შვილებმა-ომარ, თალინა, ჯემალ და ზაურ ხუხუებმა, რომლის შემდეგ ბატონი ომარი ჩვენს გაზეთში წერდა: ,,ჩვენ დაბადებიდან უკანასკნელ ამოსუნთქვამდე ქართული ხალხური სიმღერების ერთგულება გვასულდგმულებდა და გვასულდგმულებდეს იქნება, რადგანაც ეროვნულ სულს ორი უმთავრესი ფენომენი განსაზღვრავს: ენა და ხალხური ჰანგი, ამოხეთქილი განგებისგან“ო.
სიცოცხლის ბოლო წლებში მღეროდა რაიონულ ანსამბლ ,,ჭყონდიდში“. უხაროდა, რომ ამ ანსამბლს მეცენატობდა ქართულ სიმღერებზე, ქართველებსა და საქართველოზე უზომოდ შეყვარებული კაცი, სალხინოს წმ. გიორგის სახელობის ეკლესიის ქტიტორი, მისი ნამოწაფარი ბატონი კლიმენტი კეკუტია.
მაშინ ამ ანსამბლის დაფინანსებით ბატონმა კლიმენტმა მართლაც დიდი საშვილიშვილო საქმე გააკეთა.
ანსამბლში მღეროდნენ: დემურ ახალაია, მურად გვილავა, ალიოშა გაბეშია, გია და დათო წივწივაძეები, გენადი ხელაია, როინ ხარებავა, იური და ლერი ხურცილავები, ჯამბულ ხუროძე, ომარ, ჯემალ და ზაურ ხუხუები, აკაკი ცაავა, რეზო ჭიჭაღუა, ზაზა წოწორია.
მათ არაერთხელ ასახელეს ჩვენი რაიონი.
ბატონი ომარი ხშირად იტყოდა ხოლმე: ეროვნულ სულს ორი უმთავრესი ფენომენი განსაზღვრავს-ენა და ფოლკლორი-ზეპირსიტყვიერი, მუსიკალური თუ ქორეოგრაფიულიო.
ძალიან წუხდა, რომ დღეს სამეგრელოს ქალაქებში, რაიონულ ცენტრებში, სოფლებშიც კი ახალგაზრდები მეგრულად აღარ ლაპარაკობენ, არ მღერიან მეგრულ სიმღერებს, არ იციან მეგრული ზეპირსიტყვიერების ნიმუშები, არ აინტერესებთ კოლხეთი და კოლხეთის ისტორია.
გარდა ლიტერატურული შემოქმედებისა და სიმღერებისა ომარ ხუხუას აქვს ფრიად საინტერესო მეცნიერული ნაშრომები. მის მიერ ხალხური სიმღერა ,,ერეხელის“ ტექსტის გამოკვლევას მაღალი შეფასება მისცეს პროფესორებმა რევაზ მიშველაძემ, კორნელი დანელიამ და პაატა ცხადაიამ, ბატონმა ომარმა განმარტა პირველად თუ რა იმალება ,,ქართლის ცხოვრებაში“ ნახსენები ,,თარგამოსის“ უკან (იხილეთ სტატია ,,თარგამოსიანი და თარგამული“). მეტად საინტერესო და ყურადსაღებია მისი ,,ზიარი ჰიდრონიმები და ტოპონიმები ისტორიულ კოლხეთში“.
დასასრულს ვიტყვი, რომ ამ სტატიებისა და საერთოდ ომარ ხუხუას შემოქმედებითი მემკვიდრეობის მოვლა-პატრონობა მათი შვილების ვალია და, დარწმუნებული ვარ, მათ ეს არ გაუჭირდებათ, რასაც მათქმევინებს შემდეგი: ომარ ხუხუას უნიჭიერესი ქალიშვილი შორენა ხუხუა ავტორია კონკურსში გამარჯვებული რომანისა ,,შემოვალ ეტლით“, რომელიც დაიწერა იმისთვის, რომ ბეტსელერი გახდეს.
კოტე ძაძამია
აქვს მშვენიერი პეიზაჟური ლექსები.
მაგალითისთვის შეიძლება გავიხსენოთ ლექსი ,,სოფლის სურათი“
წინაპართა ნაქონები
სასახლე და სარდაფები,
დღესაც მისი შემხედვარე
უნებურად დაზაფრდები.
მოსალხენი ადგილები
მზიანი და ვაზიანი.
დაწინწკლული კალმახები
გორაკები ნაძვიანი.
სასეირნო ხეივნები
მორაკრაკე ცივი წყარო,
დაგელოცოს აქ მომყვანი
ოჯალეშის ჯიშის ზვარო.
საინტერესოა მისი სასიყვარულო პოეზიაც. აი, ერთი სტროფი ლექსიდან ,,შენი თვალები ხატავდნენ ვარსკვლავს“, რომელიც პოეტმა მიუძღვნა თავის საყვარელ მეუღლეს, ქალბატონ ლეილა თოდუას:
შენი ღიმილი დამათრობს ახლაც,
შენი თვალები მატკბობს, მალაღებს,
შენ რომ შეგხედავ ვეღარ ვგრძნობ დაღლას,
შენ განდობ ჩემი გრძნობის გასაღებს.
კოტე ძაძამიამ არაერთი მშვენიერი ლექსი უძღვნა მშობლიურ მარტვილს.
მას, როგორც ჭეშმარიტ მართლმადიდებელ ქრისტიანს, სიკეთისა და სიყვარულის სამსახური მიაჩნდა თავის მოვალეობად:
მე არ ვარ ცოტნე
და არც ილია,
მაგრამ მე ვიცი,
რომ ეს ცხოვრება
მხოლოდ და მხოლოდ
სიყვარულია.
კოტე ძაძამიას ხსოვნის უკვდავსაყოფად კარგი იქნება დღემდე გამოცემული მისი კრებულებიდან შეირჩეს და ცალკე წიგნად გამოიცეს ასი ლექსი.
დემურ კილასონია
ვგრძნობ მიღამდება, ჩემო მამულო,
დალოცვილს გტოვებ, იყავ დღეგრძელი,
სანამდის ფეთქავს, აჰა, ეს გული,
ვაი, რომ მეტი ვეღარ შევძელი.
წერდა ბატონი დემური თავის ერთ ლექსში.
თუმცა ის, რისი გაკეთება მან შეძლო, სავსებით საკმარისია ერთი კაცის საამქვეყნო ცხოვრებისათვის.
პროფესიით ისტორიკოსი, ხელოვნებათმცოდნე და ჟურნალისტი დემურ კილასონია სხვადასხვა წლებში მოღვაწეობდა პარტიულ სამუშაოზე, იყო ქალაქ მარტვილის მეორე საშუალო სკოლის დირექტორი, გაზეთ ,,ჭყონდიდის“ რედაქტორის მოადგილე, გაზეთ ,,მარტვილის მოამბის“ რედაქტორი, საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაციის წევრი, დაჯილდოებული იყო ღირსების მედლით...
1997 წელს მან პეტრე კირთაძესთან ერთად გამოსცა 480 გვერდიანი ხსოვნის წიგნი ,,არდავიწყება“, სადაც წარმოდგენილია 300-ზე მეტი მარტვილელი, რომლებმაც პატიოსნებით, კაიკაცობით და კაიქალობით იცხოვრეს და ისე წავიდნენ ამ ქვეყნიდან.
თანაავტორია წიგნისა ,,აწმყო შობილი წარსულისაგან“, რომელიც სერგიეთის საშუალო სკოლის 120 წლისთავს ეძღვნება.
2005 წელს გამოსცა ლექსთა კრებული სათაურით ,,ხიბლი მთებისა“, რომლის წინასიტყვაობაში მწერალი გრიგოლ გიგაური წერს: ,,დემურ კილასონიას ლექსები გამოირჩევიან მხატვრული ელფერით, ემოციური ძალით, აზრობრივი სიზუსტით. ავტორს გააჩნია ორიგინალური ხელწერა...“
ამ წიგნიდან მახსენდება ,,სარკე“, რომელიც მისი საუკეთესო ლექსია:
ყველას თავისას უზღავ განაჩენს
და ყველას ნაღდი სახით წარაჩენ,
შენ როგორც სალ კლდეს, ვერარა გარყევს,
მოუსყიდველი ვინმე ხარ, სარკევ.
შენი სინათლის სხივთა გამისგან
თრთის ყველა ფლიდი და ნიღბოსანი,
არ თვალმაქცობ და
გზას არ გვინისლავ,
ამ ცრუ და მზაკვარ საწუთროსავით.
ხარ ჭეშმარიტი თემიდასავით,
ყოვლის არსს მისხლივ
წონი და არკვევ,
ამგვარ სიმტკიცეს, ფერთუცვლელობას
მოკვდავთ ხომ აღარ ასწავლი სარკევ.
ბატონი დემური ზედმეტად უპრეტენზიო, მაგრამ უნიჭიერესი და ზნეობრივად უსპეტაკესი პიროვნება გახლდათ.
ლექსების გარდა აქვს საინტერესო პუბლიცისტური წერილები, ნარკვევები, საგაზეთო პუბლიკაციები, რომლებიც შეიძლება ცალკე წიგნადაც დაიბეჭდოს.
იმედო გაბისონია
იმედო გაბისონიას ლექსები და პუბლიცისტური წერილები სისტემატურად ქვეყნდებოდა როგორც ადგილობრივ, ასევე რესპუბლიკურ გაზეთებში. მისი ერთი ნარკვევი ,,კურზუ’’ , რომელიც დღესაც ინტერესით იკითხება, 1977 წელს დაიბეჭდა და იმაავე წელს გაგრაში გამართულ ახალგაზრდა ჟურნალისტთა თათბირ-სემინარებზე წლის საუკეთესო ჟურნალისტურ ნაწარმოებად იქნა აღიარებული . მაგრამ მის შემოქმედებაში მთავარი ადგილი მაინც პოეზიას უკავია. აქვს ბრწყინვალე ლექსები. შესანიშნავია მის მიერ დახატული თანამედროვე საქართველოს სურათი:
ვიღაცას შია, ვიღაც ,,მარხულობს’’,
ვიღაცა რაღაც კანონებს იცავს,
ვიღაცა ნაგვის ყუთში ფათურობს
ვიღაცა ყიდის ამ ქართულ მიწას.
იმედო გაბისონიას აქვს ერთი ასეთი სამსტრიქონიანი ლექსი:
ლოთს მეძახიან, მე თანახმა ვარ,
თქვენ ეს მითხარით, ვინ ვადღეგრძელო
აფსუს, აფსუს, აფსუს...
კარგად თქვა ილია კუხალაშვილმა,რომ ეს არ არის ლოთობის ესთეტიზირება, რასაც ერთ დროს ჩადიოდნენ პოეტები, არამედ ეს ლექსი აკაკი წერეთლის შემაძრწუნებელად მტკივნეული სტროფის ტოლფარდია, ,,ფურთხის ღირსი ხარ შენ საქართველო’’-რომ ბრძანა ’რადგან ,,მართლაც, დღეს ძნელად თუ მოიძებნება ვინმე (გარდაცვლილთ არ ვგულისხმობ),ვისაც მთელი საქართველო გულწრფელად ,,ადღეგრძელებს ’’ ,ვისაც სჯერა და ვისაც შეუძლია ერი ერს დაამსგავსოს , მრევლი კი -მრევლს’’.
იმედო გაბისონიას პოეზიაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს სატრფიალო ლირიკას. იქ ხშირად შეხვდებით სასიყვარულო თემაზე შექმნილ ისეთ მშვენიერ სტრიქონებს, როგორიცაა მაგალითად:
ქალის სიცილით მოვა ზაფხული,
ზეცაზე ფიქრი დაგავიწყდება,
სურვილი ასჯერ გადანახული
სისხლის ძახილზე აგიხირდება.
ან კიდევ:
შენ ლამაზი ხარ, როგორც ბუნება,
ბიძგი ვიგრძენი გულში ძლიერი,
თავხედი თვალიც ვერ გადაგირჩა,
გაანაწყენა მან ზეციერი.
2002 წელს გამოცემულ თავის წიგნში ,,ვყიდი სიცოცხლეს’’, იმედო გაბისონია საკუთარ თავზე წერს, მე ბეწვის ხიდზე მოყიალე კაცი ვარო...
დიახ, ის ნამდვილად ბეწვის ხიდზე მოყიალე კაცი გახლდათ, ბოჰემის კაცი, ოღონდ ამავდროულად ჭეშმარიტი პოეტი.
არ შემიძლია აქვე არ გავიხსენო რამდენიმე წლის წინათ ჩვენს გაზეთში დაბეჭდილი მისი წერილი ,,საქართველოში მარტვილი განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს“ ,სადაც ავტორი ჩვენი რაიონის ისტორიის ზედმიწევნით ცოდნასა და უდიდეს ნაკითხობას ავლენს. ეს წერილი არასოდეს დაკარგავს თავის მნიშვნელობას. ის შეიძლება მარტვილში გამომავალმა ნებისმიერმა გაზეთმა ნებისმიერ დროს გამოაქვეყნოს იმის მტკიცებად, რომ საქართველოში მცხოვრებმა ყველა ქართველმა განსაკუთრებული პატივი უნდა სცეს მარტვილს.
2013 წელს გამოვიდა იმედო გაბისონიას ლექსების სრული კრებული, რომელიც თავისი ხარჯით გამოსცა მისმა მეუღლემ ქალბატონმა ნათელა ჩარგაზიამ. მანვე გამოსცა აგრეთვე მისი პუბლიცისტური წერილებიც. მადლობა მას ამისათვის.
გენადი ნანავა
ვის ქართული უდუღს სისხლი ძარღვებში,
მსურს ქართული ჩემი სიტყვაც ესმოდეს,
დეკემბერში, რუსთაველზე, ქუჩებში
ზვიადს არა....საქართველოს ესროლეს.
სისხლით მორწყეს გზა ტაძრისკენ სავალი,
ერის ნება ტყვიის ცეცხლით შებოლეს,
რუსულ ნიჩბით განამზადეს საფლავი,
ზვიადს არა საქართველოს ესროლეს.
ჩააჩუმეს აზრი თავისუფლების,
(რწმენის მოკვლა შეუძლია ეს რომელს),
აიმჩატეს მონათ მონის უღელი,
ზვიადს არა...საქართველოს ესროლეს.
შვილმა მტრისებრ მოაოხრა მამული,
და სიმართლე ყველას უნდა გვესმოდეს,
ქართველებმა დუმილითაც მზაკვრულით
ზვიადს არა... საქართველოს ვესროლეთ.
ამ ლექსის ავტორი გენადი ნანავა იყო შესანიშნავი ფილოლოგი, ჟურნალისტი, პოეტი. წერდა ლექსებს, მოთხრობებს, ჩანახატებს, იტაცებდა სპორტი, აქტიურად იყო ჩაბმული ეროვნულ მოძრაობაში, მაგრამ...
მაგრამ იქნებ სწორედ მისი ასეთი მართალი ლექსები იყო მიზეზი იმისა, რომ ამ ახალგაზრდა კაცის ნიჭიერებას არსად გასაქანი არ მიეცა ჩვენს ქვეყანაში. ამას კი ბუნებრივია მოჰყვა უიმედობა და დეპრესია. მხოლოდ სიყვარული აძლევდა ამ ქვეყნად ბოლომდე გაძლების ძალას. აკი ამბობდა კიდეც: ,,იაკობივით ვფიცავარ, გავძლებ“-ო. ეს ფრაგმენტი იმ ლექსიდანაა, რომელსაც სერიოზულად უნდა ჩაღრმავება, ამიტომ მომყავს მთლიანად:
სარკმლიდან შუქს რომ მჩუქნიდი ადრე,
შემოდის კვამლი- ბედივით მრუმე...
იაკობივით ვფიცავარ, გავძლებ,
თუმც ვხედავ ღმერთი ეშმაა, თურმე!
ღამეს ვარსკვლავი ანათებს ოდნავ,
ჩემს სიცოცხლეს კი ტრფიალის ალი,
და გვიან მივხვდი ღმერთი რომ სცოდავს
ადამიანის გონებით მთვრალი.
მე არ დავუცდი აწი გაზაფხულს
თვითონ ვეცდები გავიზაფხულო,
გადავაფარო თალხი ჩემს წარსულს
და შენ შეგიცნო ღმერთად ასულო.
გენადი ნანავას სასიყვარულო ლირიკის ადრესატები ის ქალბატონები არიან, რომლებიც სხვადასხვა დროს მისი შეყვარებულები იყვნენ. ისინი ლექსებში ზოგან პირდაპირ სახელებითაც არიან მოხსენიებულნი.
გენადიმ არაერთი მშვენიერი ლექსი უძღვნა თავის უკანასკნელ მუზასა და საყვარელ მეუღლეს, ქალბატონ იზაბელას:
რა ვქნა, თუკი ჩემს ცხოვრებას აღვირი,
სულ წაართვა შენმა გამოჩენამ,
შენ ხარ ბედის ხატი, ალბათ, ნამდვილი,
ვერ მაოკებს ამის გამოც ენაც.
იზაბელა-ცისკრის ჩემი ვარსკვლავი,
მზის სინათლე-წყაროს წმინდა რაკრაკი,
იზაბელა-ღმერთის ნიჭი და მკლავი,
შოთას ლექსი, სულხან საბას არაკი...
მართალია, გენადი ნანავას ლექსების უმრავლესობა ადამიანის ამ ყველაზე ღირებულ გრძნობას-სიყვარულს ეხება, მაგრამ მის პოეზიაში ასევე განსაკუთრებული ადგილი ეთმობა ჩვენს ეროვნულ სატკივრებსაც.
მახსენდება სტრიქონები ლექსიდან ,,ვედრება“:
ლოცვის მაგივრად ავტომატის ისმის კაკანი,
სიკვდილი აღარ არჩევს დავითს და არც არჩილებს,
შებილწულია თუმცა ქართლის ძეთა აკვანი,
უფალო გვედრი საქართველო გადაარჩინე.
ჩვენ ყველამ ვიცით, რომ ამ ლექსის ავტორი გენადი ნანავა იყო ერის მომავლისთვის მებრძოლი ახალგაზრდა კაცი, რომელმაც თავისი ახალგაზრდობა მსხვერპლად შესწირა საქართველოს თავისუფლებისთვის ბრძოლას და ზვიად გამსახურდიას ეროვნული იდეების ერთგული დარჩა ბოლომდე.
დიახ, გენადი ნანავა ჭეშმარიტად ეროვნული სულის პოეტია და ამის ნათელი დადასტურებაა თუნდაც ეს ლექსი:
მე არ ვწერ ლექსებს, მე ფეთქვას გულის
ვამხელ ქაღალდზე ქართულ ანბანით,
დამსაჯეთ მუზის კვლავ სიყვარულით
და პოეზიის ზღვაში გამბანეთ
რა მაქვს სათქმელი კრიალა ზეცის
და სისხლით მორწყულ მიწის ჯარისკაცს,
მაქვს ნოყიერი ძლიერი ფესვი
ვდგავარ დიდგორთან, ვდგავარ კრწანისთან.
ვადიდებ ცოტნეს, შალვას, ბიძინას,
ელიზბარს და ბერს გმირს ჩვენს თევდორეს,
ვისაც საფლავში დღესაც არ სძინავს,
ვინაც ხმალს უქნევს ყველა მედროვეს
ვფიცულობ დავითს, თამარს, ერეკლეს,
შოთას, ილიას, ვაჟას, აკაკის,
ძმებს ოპიზარებს, არსაკიძის მკლავს,
ნუთუ არ გესმით სისხლის რაკრაკი.
მე არ ვწერ ლექსებს, მე ფეთქვას გულის
ვამხელ ქაღალდზე ქართულ ანბანით,
დამსაჯეთ მუზის კვლავ სიყვარულით
და პოეზიის ზღვაში გამბანეთ.
გენადი ნანავა ერთ ლექსში ამბობს: „ჩემი ლექსები შრიფტის სუნით ვერ გაძღებიან, მათაც ჩემსავით უსახელოდ გაქრობა ელით“. ესე იგი, ჩემს ლექსებს სტამბაში დასაბეჭდად არავინ წაიღებს, მათ არავინ წაიკითხავს და ჩემსავით უსახელო სიკვდილი ელითო. მაგრამ ეს ასე არ მოხდა. 2012 წელს გენადი ნანავას ლექსების კრებული შეადგინა, ურედაქტორა, წინასიტყვაობა დაურთო და გამოსცა მისმა მეგობარმა, შესანიშნავმა ლიტერატორმა ელგუჯა ჯგერენაიამ.
მადლობა მას ამისთვის.
მარტვილი არასოდეს დაივიწყებს გენადი ნანავას სახელს.
ზურაბ დანელია
მარტვილში მოღვაწე ავტორთაგან ზურაბ დანელია ერთ-ერთი ნიჭიერი და საინტერესო შემოქმედი იყო. ჰქონდა მაღალი მხატვრული დონის ლექსები. მაგალითისთვის შემიძლია გავიხსენო ,,მინაწერი ლაშა გახარიას წიგნზე”, რომელსაც ეპიგრაფად წამძღვარებული აქვს ლაშას ცნობილი სტრიქონი ,,მთვარე პოეტის მაშველი რგოლი“. ლექსი სულ სამსტროფიანია და მომყავს მთლიანად:
გულში ნაღველი აღარ ეტევა,
ისევ მაძალებს ჩემი ამკლები,
რომ ორჯერ ორი ოთხზე მეტია,
ან უარესი- ოთხზე ნაკლები.
შავი ვარ, ბედს არ შევურიგდები,
ხმალი მტრის ქედზე მინდა ვახარო,
მთვარე მათხოვე, ლაშა, შურიგე,
ხანდახან მუხლი უნდა ჩავხარო.
აგვიანდება ისევ მესიას,
თურმე ასეთი ჰქონია წესი...
სიცოცხლე ზოგჯერ ერთი ლექსია,
სისხლმომდინარე სულ ერთი ლექსი.
ზურაბ დანელია არის აგრეთვე რამდენიმე საბავშვო წიგნის ავტორი. მცირეწლოვანთათვის განკუთვნილ მის ლექსებსა და სხვადასხვა ხასიათის ნაშრომებს სერიოზულ შეფასებას აძლევდა მწერალი ოტია იოსელიანი, რომლის აზრით, ზურაბ დანელიას საბავშო წიგნების მსგავსი შემეცნებითი ნაშრომი ჰაერივით სჭირდება ჩვენს არა მარტო ახალგაზრდობას, დიდსაც დ პატარასაც...
ბატონი ზურაბი ყოველთვის არა, მაგრამ ზოგჯერ თანამშრომლობდა ჩვენს გაზეთშიც. წერდა საინტერესო წერილებს. ეწეოდა მთარგმნელობით საქმიანობასაც. ვიცნობ მის მიერ მაღალპროფესიულ დონეზე თარგმნილ პუშკინის, ლერმონტოვის, ცვეტაევას ლექსებს. თარგმნა ,,ვეფხისტყაოსანი” მეგრულად.
მე წაკითხული მაქვს წიგნებად გამოცემული ,,ვეფხისტყაოსნის” მეგრული თარგმანები, შესრულებული კაკა ჟვანიასა და გედევან შანავას მიერ და უნდა ვთქვა, რომ ორივე მთარგმნელს უჭირს ერთი სტროფისთვის ოთხი სარითმო სიტყვის მოძებნა. ზურაბ დანელიასთან კი თითქმის არ გვხვდება ასეთი ,,ჩავარდნები”, უფრო მეტიც, იგი ადვილად პოულობს ოთხ მაჯამურ რითმასაც. აი, მაგალითად, როგორ გამოიყურება ზურაბ დანელიას მიერ თარგმნილი ერთი მაჯამური სტროფი:
თესხელ მუშა ვრაგადუა
ქიკნიირთუ მისით ულუ,
თაშ გიშართუ, არძაქ ართო
დუდი ქანას ტყურად ულუ,
ანბექ, ჩქიმით მუნაღელქუ,
ჩქიმ გურს მენდი კონი ულუ,
თოლეფიშე ჩილამური
მოქირჩანდუ ჩხე-ჩხე ულუ.
ჩემი აზრით, ,,ვეფხისტყაოსნის” ზურაბ დანელიასეული თარგმანი გამოქვეყნებას იმსახურებს.
გოგილო ბასილაია
გოგილო ბასილაია უაღრესად განათლებული პიროვნებაა. ჭეშმარიტი ინტელიგენტი. სხვადასხვა წლებში მუშაობდა მასწავლებლად, სკოლის დირექტორად, განათლების ინსპექტორად, რაიკომის მდივნად, მეორე მდივნად, კოლმეურნეობის თავჯდომარედ...
ამჟამად პენსიაზეა.
სწორედ პენსიაზე გასვლის შემდეგ მოიცალა ლიტერატურული ცხოვრებისათვის და 2008 წელს თავისი სოფლის საჯარო სკოლის დირექტორთან, სულკურთხეულ დემურ ბასილაიასთან ერთად დაწერა და გამოსცა უაღრესად საინტერესო და საჭირო წიგნი - „ჩვენი სალხინო“.
მე პირველად ამ წიგნიდან გავიგე, რომ ძლევამოსილ რომაელ სარდალ პომპეუსს სალხინოში გაუვლია, აქ შეუსვენია მდ. „წაჩხურის“ პირას და მისი ანკარა წყალი დაუგემოვნებია, რაც ქრისტეს ერამდე 65 წელს მომხდარა.
მკითხველი ამ წიგნში პირველად გაეცნობა ახალ ვერსიას გიორგი ჭყონდიდელის წარმოშობაზე, რასაც კონსტანტინე გამსახურდიას „დავით აღმაშენებელზე“ დაყრდნობით აცხადებენ.
წიგნის ერთი თავი მთლიანად ეროვნულ მოძრაობას ეხება, სადაც სხვა საინტერესო საკითხებთან ერთად აღწერილია ზვიად გამსახურდიას სტუმრობა სალხინოში, სადაც ბატონ ზვიადს უთქვამს: „აქ პირველად ვარ, მაგრამ ამ სოფელს ვიცნობ მამაჩემის ჩანაწერებიდან. მართლაც ლამაზი და კარგი ყოფილა სალხინო და სალხინოელებიო“.
წიგნი „ჩვენი სალხინო“ ფაქტიურად სოფელ სალხინოს ძველი და ახალი ისტორიაა, სადაც საინტერესოდაა ასახული დადიანების, მიურატების და საბჭოთა პერიოდის სალხინოს პოლიტიკური, სოციალური და კულტურული ცხოვრების განვითარების სინამდვილე და ამ განვითარებაში ცალკეულ პირთა ღვაწლი.
კარგად თქვა სალხინოს საჯარო სკოლის მასწავლებელმა ქალბატონმა სულიკო ხარებავამ : „დღეს როცა სოფელს დაცარიელება ემუქრება, ამისთანა წიგნები სულზე მისწრებაა. თითოეული სოფლის რჩეულ ადამიანებს შეუძლიათ წარმოაჩინონ თავიანთი სოფლის, კუთხის ავ-კარგი, წარსული, აწმყო და მომავალი“.
მე ამ წიგნზე უფრო ვრცლად ალბათ სხვა დროსაც დავწერ, მაგრამ ერთ რამეს ახლაც ვიტყვი, გოგილო და დემურ ბასილაიების წიგნი „ჩვენი სალხინო“ ყველა სალხინოელის ოჯახში უნდა იდოს.
P.S. 2015 წელს გამოვიდა „ჩვენი სალხინოს“ 500 გვერდიანი პირველი და მეორე ნაწილი ერთ წიგნად. პირველი ნაწილი, როგორც ვიცით, გოგილო და დემურ ბასილაიებმა ერთად დაწერეს. მეორე ნაწილი კი - დემურის გარდაცვალების შემდეგ (2009 წელს) დაწერა გოგილო ბასილაიამ.
თენგიზ კუდავა
ცნობილი ქართველი ლიტერატორი და კინოდრამატურგი ბატონი რეზო კვესელავა სტატიაში «ჩვენი მასწავლებლები» თავისი გეოგრაფიის მასწავლებლის კირილე კუდავას შესახებ წერს: ის რიგითი მასწავლებელი არ ყოფილა, შესანიშნავი ფსიქოლოგიც გახლდათ. წახალისების დიდი ნიჭიც ჰქონდა. ამიტომაც მის საგანს ყველა მონდომებით სწავლობდა, უყვარდა მხატვრული ლიტერატურა და შვილებსაც ჩაუნერგა ეს სიყვარული. იმ პერიოდში მარტვილში შესანიშნავი პედაგოგი იყო აგრეთვე ბატონი კირილეს მეუღლე, ქალბატონი ლარისა ობოლაშვილი. მათ სამი შვილი აღუზარდეს სამშობლოს. ერთ-ერთი მათგანია ბატონი თენგიზ კუდავა, რომელიც პროფესიით ეკონომისტია, მაგრამ მშვენიერ მოთხრობებსაც წერს.
ახლახან გამომცემლობა ,,ინტელექტმა” გამოსცა თენგიზ კუდავას უაღრესად საინტერესო მოთხრობების კრებული სახელწოდებით ,,მიტოვებული სახლების სევდა”, რაც წიგნის პირველი მოთხრობის სათაური გახლავთ.
,,მეზობელმა კოსტამ მითხრა, ჩვენს ახლო სამეზობლოში ოცდაათზე მეტი სახლია მიტოვებული, რა ეშველება სოფელსო”- ასე იწყება ეს მოთხრობა, რომელიც დღევანდელობის პრობლემურ საკითხს ეხება.
ავტორი დიდი გულისტკივილით აღიქვამს იმ სავალალო ფაქტს, რომ დღეს საქართველოში უმუშევრად დარჩენილი ქართველები ოჯახიანად საზღვარგარეთ გარბიან ლუკმა პურის საშოვნელად. აქ კი სოფელში უპატრონოდ მიტოვებულ მათ გაპარტახებულ სახლებს, სადაც წლების წინათ სიცოცხლე ჩქეფდა და ბუხარი გუზგუზებდა, დიდი ხანია ხავსი მოსდებია, ბუხარიც ჩამოშლილა და მთელ ეზოში სამარისებურ სიჩუმეს დაუსადგურებია.
მოთხრობა რეალურ ფაქტებზე დაყრდნობითაა დაწერილი. რეალურ ამბებზეა აგებული სხვა მოთხრობებიც.
შეუძლებელია თენგიზ კუდავას ეს კრებული წაიკითხო და მხედველობიდან გამოგრჩეს მოთხრობა ,,მოგონების მონატრება” რომელშიც მწერალი უდიდესი სიყვარულითა და მოწიწებით იხსენებს დიდი ხნის წინათ გარდაცვლილ დედას, ვისაც თავის დროზე ნამდვილი დედობა და მამობაც გაუწევია ნაადრევად დაობლებული შვილებისათვის.
საუბრობს რა დედის მიერ შვილებისათვის სიმწრით ნაშოვნ ხურდა ფულზე, მწერალი ერთგან გური ოტობაიას მეგრული ლექსით გვეუბნება თავის სათქმელს:
ჯიბეს მონტუ ჭიჭე ფარა
დიაჩქიმიშ ნაცხვაბარა,
ვაიკვენანო ვემვონგარა,
ვაიკვენანო ვემვოღვარა,
ჭვეთ-ჭვეთითუ ნაშაყარა
ჯიბეს მონტუ ჭიჭე ფარა.
ყველა დედას ვენაცვალე, მაგრამ ყველაზე კარგი დედა, ჩემი დედა იყო ამ ქვეყანაზე, ამბობს მწერალი, ვინც დედის თემაზე საუბარს ,,საირმულ დღიურებშიც” აგრძელებს.
აი, ერთი თითქოს უმნიშვნელო, პატარა ამბავი ამ მოთხრობიდან:
საირმეში დასასვენებლად ჩასული მწერალი ერთ დღეს წყაროსთან, სწორედ იმ ადგილას ჩამოჯდა, სადაც ათიოდე წლის წინ ცხონებულ დედამისს უყვარდა ჩამოჯდომა. ახლა იქ ვიღაც უცნობი მოხუცი ქალბატონები სხედან და მზეზე ძვლებს ითბობენ.
,,ვიჯექი და ვტკბებოდი მოხუცების ცქერით, რადგან თითოეულ მათგანს დედაჩემს ვამგვანებდი“-ო. რაოდენი ღრმა აზრია ამ ერთ წინადადებაში ჩატეული.
გარდა ზემოაღნიშნული მოთხრობებისა, განსაკუთრებით მომეწონა აგრეთვე ,,უმადურობა კლავს სიკეთეს” და ,,ქარსა და წვიმაში უქოლგოდ”, თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ კრებულში შესული ყველა მოთხრობა საინტერესოდ იკითხება და რაც მთავარია, ყველა მათგანი ადამიანში სიკეთის გაღვიძებისთვისაა გამიზნული.
კიდევ ერთხელ გულწრფელი სიხარულით მივულოცავ ჩემს უფროს ძმასა და მეგობარს, ბატონ თენგიზ კუდავას ამ ახალი წიგნის გამოცემას, ვუსურვებ მას ჯანმრთელობასა და დიდი ხნის სიცოცხლეს თავის საყვარელ ოჯახთან ერთად, რომ მსგავსი სევდანარევი ხალასი იუმორით მომავალშიც არაერთხელ გაახაროს თავისი მკითხველი.
ილია კუხალაშვილი
ეს სიცოცხლე გავლოღნე,
როგორც პურის ყუა
და აქამდე ვიცხოვრე
ეს ცხოვრება თუა.
ამ სტრიქონების ავტორი ბატონი ილია კუხალაშვილი მარტვილში მოღვაწე შემოქმედთაგან ყველაზე მეტად იპყრობს ჩემს ყურადღებას, როგორც ნიჭიერი პოეტი და შესანიშნავი ლიტერატორი. მას დღემდე გამოცემული აქვს 2 კრებული – «ფოტოასლები» და «ყოველ გაზაფხულს იმედით ველი». ორივეს რედაქტორი მე ვარ.
მე ახლაც ზეპირად მახსოვს 30 წლის წინ სიყვარულის თემაზე დაწერილი მისი ლექსი:
მე თქვენ გიწოდებთ ქალღმერთს, მაგრამ
ბანალურია,
გიწოდოთ ვარდი მშვენიერი, ძველია ესეც,
გიძღვნიდით ლექსებს, მაგრამ ესეც ძველებურია
ლამაზმანებს ხომ ოდითგანვე უძღვნიდნენ
ლექსებს.
მოგიძღვნათ გული? მაგრამ ესეც ძველისძველია
და გტოვებთ ასე უსაჩუქროდ... ჯვარი გწერიათ.
როგორც ყველა ადამიანს, რასაკვირველია, ილია კუხალაშვილსაც აქვს თავისი სევდა, სიხარული, სასიყვარულო ოცნებები, რაც ასე ოსტატურადაა ასახული მის ლექსებში და რითაც გვხიბლავს მისი პოეზია. უთუოდ აღსანიშნავია აგრეთვე ის ფაქტიც, რომ ის თავის ლექსებში აქტიურად ეხება ჩვენს ყოველდღიურობასაც, ობიექტურად აფასებს მოვლენებს და როცა საჭიროება მოითხოვს, არ ერიდება არსებული ხელისუფლების გაკრიტიკებასაც, რადგან მისი იდეალი მხოლოდ ჭეშმარიტად დამოუკიდებელი და თავისუფალი საქართველოა. ილია კუხალაშვილი, მართალია, თავისი ბუნებით, რევოლუციონერი არ არის, მაგრამ როგორც თავისუფალი შემოქმედი, ის მაინც «ოპოზიციონერია» და არა ვინმეს «კარის პოეტი», რისი დასტური გახლავთ თუნდაც ეს სტრიქონები:
დღეს საქართველო ცოცხალთა მორგს ჰგავს,
სადაც შემთხვევით შეჰყარეს მკვდრები,
ამ მორგს, ეტყობა, პატრონი არ ჰყავს
და ვინ ვინ არის, ვერაფრით ვხვდები.
ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ ვიცი, რომელიღაც ამერიკელ მწერალს ეკუთვნის ეს სიტყვები: მხოლოდ იგია ჭეშმარიტი ხელოვანი, ვინც დაგვიტოვებს თავისი დროის სურათებს ისე, როგორც თვითონ წარმოუდგენიაო.
და, აი, ილია კუხალაშვილის მიერ დახატული ჩვენი დროის საქართველოს კიდევ ერთი სურათი:
ისევ აფთრების თარეში,
ისევ ძიება სარჩოსი,
ხალხს მოძმის სისხლზე დაგეშილს,
არც «არას» სჯერა, არც «ჰო»-სი.
ჩვენ ვინც თითქოსდა ავმხედრდით
გვანუგეშებენ არც რითა,
თვალებს ოცნებით ახელილს
კვლავ გვიფუთავენ ნაცრითა.
იქნებ ბევრმა არ იცის, მაგრამ ილია კუხალაშვილი წერს მშვენიერ მეგრულ ლექსებსაც, რომელთაგან რამდენიმე შეტანილია ჩემს მიერ 2016 წელს შედგენილ და გამოცემულ კრებულში «ბჟა დია ჩქიმი” და აგრეთვე გური ოტობაიას მეგრული პოეზიის დიდ ანთოლოგიაში.
აქვე ავღნიშნავ, რომ ილია კუხალაშვილს ლექსებთან ერთად აქვს მშვენიერი ლიტერატურული წერილები და სხვადასხვა ჩანაწერები, რომლებიც ღირსია ცალკე წიგნად გამოცემისა.
გოგი ცხაკაია
|
გოგი ცხაკაიას ლექსები პირველად რაიონულ გაზეთში წავიკითხე. შარშან «უნივერსალის” მიერ გამოცემულ ანთოლოგიაში – «იმ დღეებიდან ამ წუთებამდე» (რომლის შემდგენელ-რედაქტორია ზურაბ გალდავა) მისი 25 ლექსია შეტანილი.
შენს მკლავებში ნებივრობა მენატრება
ყოველღამე სასთუმალთან მეჩვენები,
მოდიხარ და სუნთქვაშეკრულს მეზმანება
მკერდში გიკრავ და სათუთად გეფერები.
აი როგორ თამამად და გულახდილად საუბრობს იგი თავის სასიყვარულო გრძნობებზე. და ასეა ეს არაერთ ლექსში. სიყვარულზე დაწერილი ლექსებიდან თავი დამამახსოვრა აგრეთვე ერთმა უსათაურო ლექსმა, რომელიც ასე იწყება:
მე თუ გავგიჟდი, გამაგიჟებს ხატება შენი,
და თუ ავტირდი, ამატირებს უშენოდ ყოფნა,
და თუ დავთვერი, ეს იმიტომ, რომ გამახსენდი,
და თუ მოვკვდები, შენი ჭირი წაიღოს ლოთმა.
აქვს შესანიშნავი პატრიოტული ლექსებიც, სადაც ხშირად გაიელვებს ხოლმე რუსთაველის, გალაკტიონის, ბარათაშვილის, გრანელის, ლადოს სახელები. მშვენიერი ლექსები უძღვნა პეტრე კირთაძესა და გენადი ნანავას.
ამას წინათ, ძველ გაზეთებს რომ ვათვალიერებდი, სრულიად შემთხვევით წავაწყდი 1990 წელს დაწერილ გოგი ცხაკაიას ლექსს – ,,ამ დღეს ველოდით 900 წელი», რომელიც გიორგი ჭყონდიდელის 900 წლისთავისადმი მიძღვნილ ზეიმს ეძღვნება.
მარტვილში ყველამ ვიცით, რომ გოგი ცხაკაია აქტიურად იყო ჩაბმული ეროვნულ მოძრაობაში, რისთვისაც მას, როგორც კანონიერი ხელისუფლების მხარდამჭერს, ბევრი წინააღმდეგობა შეხვდა ცხოვრებაში.
ის დღესაც ვაჟკაცურად უმკლავდება ყველა წინააღმდეგობას და ალბათ ყოველთვის საკუთარი ლექსის ამ სტრიქონით იმხნევებს თავს: „უნდა გაუძლო! აი, ხსნა მხოლოდ“.
პატიოსანი და მართალი კაცისთვის ეს ცხოვრება მართლაც რომ გაძლებაა, ბატონო გოგი.
ზურაბ ბიგვავა
მახსოვს, მან პირველმა აღმართა მარტვილში ეროვნული დროშა და მოაწყო ფეხით მსვლელობა სოფელ სალხინოდან მარტვილის მონასტრისკენ საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით.
მას შემდეგ სულ ერის თავისუფლებისთვის მებრძოლთა რიგებში ტრიალებს და ოცნებობს ისეთი საქართველოსთვის, ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას რომ უნდოდათ.
2003 წელს გამოცემულ თავის წიგნში-,,გახსოვდეთ, გვიმზერს მაღლიდან ღმერთი“, მან ასეთ ფორმულად ჩამოაყალიბა საკუთარი ცხოვრებისეული კრედო: ,, სანამ ცოცხალი ვარ, მინდა ვემსახურო ღმერთს, სამშობლოს და ჩემს ოჯახს, რისი შესაძლებლობაც გამაჩნია“.
წიგნი მთავრდება უსათაურო ლექსით, რომლითაც ავტორი ყველას მოგვიწოდებს:
სანამ ვცხოვრობთ
სიყვარულით ვიცხოვროთ
ერთად ვიყოთ,
გულს ღვარძლი არ გავაკაროთ,
ვქნათ ყოველდღე
თუნდაც ერთი სიკეთე
თუნდაც ერთი ხე დავრგოთ და
გავახაროთ,
თუნდაც ერთი კარგი ლექსი
დავწეროთ
და ცხოვრება კაცურად გავატაროთ.
მახსენდება მისი კიდევ ერთი მართლაც კარგი ერთსტროფიანი ლექსი:
გულზე მაწევს შავი დარდი,
დამჭკნარია ბაღში ვარდი,
ვაი, ჩემო საქართველოვ
სადღა არის ცოდვა-მადლი.
ეს ლექსი მას შემდეგაა დაწერილი, როცა საქართველოში პუტჩისტებმა იარაღის ძალით განდევნეს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობით არჩეული ზვიად გამსახურდიას კანონიერი ხელისუფლება და ქვეყანას ანტიეროვნული ძალები დაეპატრონენ.
ამიტომ მოთქვამს ავტორი ამ ლექსში სინანულით:
ვაი, ჩემო საქართველოვ,
სადღა არის ცოდვა მადლი.
ეს ქვეყნის ეროვნული ტრაგედიით გამოწვეული წუხილია.
ზურაბ ბიგვავას, გარდა ლექსებისა, აქვს საინტერესო პუბლიცისტური წერილებიც.
დიახ, მარტვილში და მთელ სამეგრელოში სწორედ ზურაბ ბიგვავა იყო ერთ-ერთი, ვინც თავისი მკაცრი, ოპოზიციური პუბლიცისტური წერილებით თავდაუზოგავად იბრძოდა სააკაშვილის კრიმინალური რეჟიმისა და ადგილობრივი ნაცმაფიოზების წინააღმდეგ. მე კარგად მახსოვს იმდროინდელ პრესაში დაბეჭდილი მისი სტატიები: ,,ნუ ვიქნებით უსამართლო ხელისუფლების მიერ დამკვიდრებული შიშის მონები“, ,,დღეს გაჩუმება ნებაყოფლობითი მონობის ტოლფასია“ და მრავალი სხვა, რომელთა დაწერას მაშინ ბევრი ვერ გაბედავდა.
ბატონი ზურაბი სწორად შენიშნავს, რომ საქართველოს მძიმე იარად ამჩნევია ნაციონალური მოძრაობის 9 წლიანი მმართველობა. მათი ,,წყალობაა“: ქუჩებში ხალხის დახვრეტა, ახალგაზრდა ბიჭებისა და კაცების გაუპატიურება, ციხის საშინელი კადრები, საჯარო დაპატიმრებების ტელეშოუდ ქცევა, წართმეული, ღამით გადაფორმებული ბიზნესები, სამარცხვინო საპროცესო გარიგებები და უსახლკაროდ დარჩენილი მოსახლეობა, პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები-პიროვნების ღირსების ახდისთვის, ჩინოვნიკების სრული დამონება სისტემური ვერტიკალისთვის, ელიტური კორუფცია... ეს ის მცირე ჩამონათვალია, რაც ნაციონალურმა მოძრაობამ ჩაიდინა თავისი ერის წინაშე.
სავსებით ვეთანხმები ბატონ ზურაბ ბიგვავას იმაში, რომ ერთადერთი გზა საქართველოს გადარჩენისა და ქვეყნის გაერთიანებისა არის ილია ჭავჭავაძის , მერაბ კოსტავასა და ზვიად გამსახურდიას გზა. გზა, სადაც არ გაიყიდება საქართველო და მისი ინტერესები, არ მოხდება ეკლესია-მონასტრების შებილწვა, არ მოხდება საქართველოს ისტორიის გაყალბება, არ მოხდება ქართული ენის დისკრედიტაცია, არ გასაჩუქრდება საქართველოს მიწა-წყალი ჩინოვნიკებზე, გადამთიელებზე, პატივსაცემი იქნება კანონის უზენაესობა, ერის და ბერის ერთიანობა, ქართული კულტურა და ტრადიციები, მოხუცებისადმი პატივისცემა, მეგობრობა, ვაჟკაცობა, სტუმართმოყვარეობა, ქვეყნისადმი ერთგულება და ა.შ.
ზურაბ ბიგვავას მებრძოლი პუბლიცისტური წერილები წლების განმავლობაში იბეჭდებოდა (და იბეჭდება დღესაც) ქართულ პერიოდიკაში, მათ შორის ადგილობრივ გაზეთებშიც.
ზურაბ ბიგვავას, როგორც თავიდანვე ვთქვი, მე ეროვნული მოძრაობიდან, ე.ი. ახალგაზრდობიდან ვიცნობ. ვიცნობ, როგორც ერთგულ მეგობარსა და უღალატო პიროვნებას. მისგან იმდენი სიკეთე მახსოვს, ვერც ჩამოვთვლი.
ნაციონალური ხელისუფლების დროს, მიუხედავად არაერთგზის დარბევისა, გაზეთი ,,მარტვილი“ მაინც რომ ახერხებდა გამოსვლას და ბრძოლას სააკაშვილის დანაშაულებრივი რეჟიმისა და მისი მსახური ადგილობრივი ნაცწურბელების წინააღმდეგ, ეს ბატონი ზურაბის დამსახურება იყო და კიდევ ერთხელ მადლობა მას ამისთვის.
ზურაბ ბიგვავას ინიციატივით 2009 წელს მარტვილში, კულტურის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე დაიდგა 9 აპრილის მემორიალი.
ზურაბ ბიგვავას ფინანსური თანადგომით გახდა შესაძლებელი ჩვენი მეგობრის -ილია კუხალაშვილის ლექსების გამოცემა.
ღმერთმა უმრავლოს საქართველოს ზურაბ ბიგვავასთანა შრომისმოყვარე, კეთილ საქმეთა მკეთებელი და რაც მთავარია, ეროვნული სულისკვეთებით გამსჭვალული შემოქმედი ადამიანი.
ელგუჯა ჯგერენაია
ელგუჯა ჯგერენაია პროფესიით ფილოლოგია.
ქუთაისის პედინსტიტუტის დამთავრების შემდეგ პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა ხონსა და კიწიაში. ბევრი ღირსეული მოსწავლე ჰყავს აღზრდილი, რომლებიც დღესაც უდიდეს პატივისცემას და სიყვარულს გამოხატავენ ელგუჯა მასწავლებლის მიმართ.
მიუხედავად იმისა, რომ პედაგოგობა მისი საყვარელი საქმიანობა გახლდათ, 1984 წელს სკოლიდან პოლიციაში გადავიდა და თითქმის 20 წლის განმავლობაში მუშაობდა მარტვილის შინაგან საქმეთა რაიონულ განყოფილებაში. წლების მანძილზე ეკავა პოლიციის უფროსის მოადგილის თანამდებობა. სწორედ ამ დროს შეადგინა და გამოსცა წიგნი ,,სიბრძნის კონა“ (რჩეული აზრები გამოჩენილ ადამიანთა გამონათქვამებიდან), რომლის წინასიტყვაობაში წერს:
,,მართალია ეს წიგნი პოლიციის პრობლემებზე არ არის დაწერილი, მაგრამ გამოჩენილ ადამიანთა რჩეული აზრები, ციტატები, აფორიზმები, რომლებიც სიბრძნის წყაროს წარმოადგენენ და, ძირითადად, მკითხველთა ფართო წრისთვის მაქვს შედგენილი, რა თქმა უნდა პოლიციელებსაც სჭირდებათ, რადგან მგონია, რომ დამოუკიდებელი საქართველოს თანამედროვე პოლიციელი არა მარტო ძლიერი მუშტით, არამედ უფრო ძლიერი გონებითა და კაცთმოყვარული აზრებით უნდა იყოს შეიარაღებული“.
მარტვილში ყველამ იცის, რომ ამ სიტყვების ავტორი ისეთივე კარგი პოლიციელი იყო, როგორიც მასწავლებელი, რომლის ქმედებას ყველგან და ყოველთვის, სკოლაშიც და პოლიციაშიც, ადამიანის სიყვარული და ჰუმანიზმი ედო საფუძვლად.
ბატონი ელგუჯა მართლაც რომ საინტერესო პიროვნებაა.
საოცარი მეხსიერება აქვს..
კარგი მოსაუბრეა...
არგუმენტად ყოველთვის მზად აქვს ლიტერატურული მაგალითები.
ამჟამად პენსიაზეა გასული და შეიძლება ითქვას, რომ ოჯახურ საქმიანობასთან ერთად მემუარებსაც წერს. განზრახული აქვს დაწეროს წიგნი მარტვილის პოლიციის წარსულსა და დღევანდელობაზე, რომლის ერთი ნაკვეთი დაიბეჭდა კიდეც გაზეთ ,,მარტვილში“.
დიახ, ბატონი ელგუჯა ხშირად არა, მაგრამ დროგამოშვებით თანამშრომლობს ჩვენს გაზეთთან და მისი ყოველი წერილი, სტატია თუ უბრალო კორესპოდენცია სიამოვნებით იკითხება.
ამას წინათ გაზეთ ,,მარტვილის“ ძველ ნომრებს რომ ვათვალიერებდი, მის ერთ წერილს გადავაწყდი, რომელსაც სათაურად აქვს ,, ის საქართველოს დამოუკიდებლობისათვის იბრძოდა“.
როგორც წერილიდან ვგებულობთ, თამაკონელი კარგი კაცი მეგონა კაკაშვილი ახალგაზრდობაში დაკავშირებული ყოფილა ინდიკო და ზაურ ქობალიების მიერ დაარსებულ არალეგალურ ანტისაბჭოთა ჯგუფთან, რომელიც მიზნად ისახავდა საქართველოს გამოყოფას საბჭოთა კავშირიდან. ანტისაბჭოთა ფურცლების ბეჭდვისა და გავრცელებისათვის 1962 წელს მეგონა კაკაშვილისთვის სამი წელი მიუსჯიათ მკაცრი რეჟიმის შრომა-გასწორების კოლონიაში მოხდით.
ბატონი ელგუჯა წერილს ასე ამთავრებს:
,,ამ კაცს არასოდეს უყვირია მის მიერ გაღებულ მსხვერპლზე. ბავშობიდან ლანდივით აედევნა დუხჭირი ცხოვრება და სულის სიმარტოვე. ქვეყნად მრავალი ლოტოფაგნაჭამი დაძვრება და ჩალიჩობს პირადი ბედნიერების მოსაპოვებლად. მეგონას კი ჰქონდა უნარი სხვისი გახარებისა, სხვისი სიხარულის გაზიარებისა. ამაში იგი სამაგიეროს არ ითხოვდა.
მართლაც რომ ,,დიდი ადამიანები უძეგლოდ იკარგებიან“.
ელგუჯა ჯგერენაიამ შეადგინა, ურედაქტორა და თავისი წინასიტყვაობით გამოსცა უდროოდ დაღუპული მეგობრის-გენადი ნანავას ლექსების კრებული.
მშვენიერი რეცენზია დაწერა ამას წინათ თემურ ამყოლაძის წიგნზე ,,დადეშქელიანების ამბავი“.
არის თანამედროვე აქტუალურ თემაზე დაწერილი არაერთი საგაზეთო წერილის ავტორი. მახსენდება მის ერთ წერილში მოთხრობილი ასეთი ამბავი:
იმ დროს, როცა ხალხი ეკლესიისკენ შემობრუნდა და თითქმის ყველა უბანში დაიწყეს ჯვრების აღმართვა, სოფელ გურძემში ახალგაზრდებს ელექტროშემდუღებლებისთვის რკინის მილებისაგან ჯვრის გაკეთება უთხოვიათ.
მეორე დღეს, ჯვრის წასაღებად მოსული ახალგაზრდებისთვის, რომელთა შორის თურმე ფარისევლებიც იყვნენ, ენამოსწრებულ ელექტროშემდუღებელს უთქვამს:
-შვილებო, თუ იწამებთ, ეს, მართლაც, ჯვარია სალოცავი, თუ არადა უბრალო ,,ტრუბაა“ და მეტი არაფერიო.
ბატონ ელგუჯას მრავლად აქვს ჩაწერილი ასეთი, ერთი შეხედვით თითქოს უბრალო, მაგრამ მრავლისმთქმელი ამბები, რომელთა ერთ წიგნად შეკვრა და გამოცემა უთუოდ კარგი საქმე იქნება.
მურმან წოწორია
მე და მურმან წოწორია რამდენიმე წელიწადი უბრად ვიყავით ერთმანეთთან. პოლიტიკამ გადაგვკიდა ერთმანეთს. თუმცა იმდენად გადამტერებულიც არ ვყოფილვართ, შერიგება რომ გაგვჭირვებოდა.
ახლა ორივემ ვიცით რომ საფუძვლიანი კრიტიკა, კი ბატონო, მაგრამ უსაფუძვლო კინკლაობა ჩვენ არ გვარგებს, უფრო სწორად არ შეგვფერის.
მურმან წოწორიას ლექსების პირველი კრებული 1990 წელს გამოვიდა გივი ელიავას რედაქტორობით.
ამ კრებულიდან ყურადღებას შევაჩერებ ლექსზე ,,ღმერთო ახსენ ამირანი“:
ერთმორწმუნე ქრისტიანი ვართ ქართული მოდგმა,
ღმერთო ახსენ ამირანი და შეუნდე ცოდვა.
გზა ტაძრისკენ მიმავალი მოგიკირწყლავს სისხლით,
ქართველნი ვართ, არ გვჩვევია დაოკება რისხვის.
და რიალებს საუფლოში სახე ანგელოზთა,
ერთი მუჭა ხალხი ვართ და ხელის ერთი მოსმა.
ვაი, მტარვალთ, სულით მონებს, სისასტიკეს ნაჩვევთ,
რომ იცოდნენ სისხლი ჩვენი იმ გზას უფრო აჩენს.
რომ იმ გზაზე გაფრინდება ლეგა შევარდენი
არ ჩამკვდარა ისევ ცოცხლობს ქართველური გენი.
ერთმორწმუნე ქრისტიანი ვართ ქართული მოდგმა,
ღმერთო ახსენ ამირანი და შეუნდე ცოდვა.
ეს ლექსი იმ დროსაა დაწერილი, როცა მისი ავტორი, ჯერ კიდევ ახალგაზრდა, ეროვნულ მოძრაობაში იყო ჩაბმული და მიტინგებზე პოლიტიკური მოწოდებებითა და ლექსებით გამოდიოდა.
კავკასიონზე მიჯაჭვული ამირანის სახე აქ ეროვნულ იდეალს უკავშირდება და ავტორი ამ სიტყვებით (ღმერთო ახსენ ამირანი) ღმერთს შესთხოვს მისი ქვეყანა გახადოს ჭეშმარიტად დამოუკიდებელი და თავისუფალი.
აქვს მიმდინარე პოლიტიკური პროცესების შესაბამისად დაწერილი ლექსებიც. მხედველობაში მაქვს 2007 წელს გამოსული მისი კრებული ,,მარტვილელებო მიყვარხართ“, რომლითაც ავტორმა ბევრ არასატაშოსაც დაუკრა ტაში და ლექსების მნიშვნელოვანი ნაწილი მიუძღვნა იმდროინდელ სამეგრელოს გუბერნატორს, მარტვილის გამგებელს, საკრებულოს თავმჯდომარეს, დეპუტატს... თუმცა სიამოვნებით აღვნიშნავ იმასაც, რომ დასახელებულ კრებულში მრავლადაა პატრიოტული სტრიქონებიც.
ცალკე აღნიშვნის ღირსია მურმან წოწორიას მეგრული ლექსები, რომელთაგან რამდენიმე შესულია ,,მეგრული პოეზიის ანთოლოგიაში“,
წავიკითხოთ ლექსი ,,მიდა მარგალს“:
ცხენწყარს მუჭო მინილენს
დუდ მეუღუ ქართალო,
პაპუშ ყუდე გაშინუუ
ოხორხოცეთ, გართალო.
თეში გილეჩიკინანს,
მუჭოთ ოჩი კვაკვირი,
ვითომ ვაუჭკომუდას
რგილ ჭკიდი დო კაკირი.
პროვინციათ მიოჩქუ
სამარგალო მარტვილი,
ათეჯგუა ვათანძარა
კოჩი ვარე ნამთინი.
მე მესმის ამ ლექსის სიმართლე, რადგან ბევრ ასეთ ,,ვათანძარას“ შევხვედრივარ ცხოვრებაში.
მურმან წოწორიამ არაერთი მშვენიერი ლექსი უძღვნა მშობლიურ მარტვილს.
ვაპირებ გამოვცე მარტვილისადმი მიძღვნილი ლექსების ანთოლოგია, სადაც აუცილებლად შევა მურმანის ლექსი „სიმღერა მარტვილზე“:
ქუჯი ეგრისს მიმავალი,
შენს კედლებთან მარტვილობდა
დიდი ცოტნეს წინაპარი.
დავითს ზრდიდა
აქ გიორგი ჭყონდიდელი,
ფრთებს ისხამდა
აქ ოცნება სანატრელი.
თავზე ნისლად გებურება
სინამდვილე თუ ზღაპარი,
იმედებით შემოგყურებს
წარსული და მომავალი.
მიდი, მიდი, მაშ ჭაღარავ გაიბრწყინე,
ახალ დავითს ჭყონდიდელი მოუვლინე,
საქართველო, საქართველო გააბრწყინე.
გოგოშა გეგელია
მჯერა, ვიღაცა სულ მელოდება,
მჯერა, ვიღაცას მუდამ ვჭირდები,
რომ აღარ მქონდეს ამის შეგრძნება
ქვეყნად ერთი დღეც არ
ვიცოცხლებდი.
ვკითხულობთ გოგოშა გეგელიას ამ სტრიქონებს და უნებურად პატრიარქის სიტყვები გვახსენდება: «სიცოცხლის აზრი სიყვარულისადმი მსახურებაშია».
ქალბატონი გოგოშა გეგელია პროფესიით იურისტია. ორ ათეულ წელზე მეტია მუშაობს მარტვილის ნოტარიუსად. საოცრადაა შეყვარებული სიცოცხლესა და პოეზიაზე. წერს მშვენიერ ლექსებს. მისი პირველი ლექსთა კრებული 2000 წელს გამოვიდა. «შენ ერთადერთს» – ასე ერქვა მას. ამ წიგნზე შესანიშნავი წერილი აქვს დაბეჭდილი ჟურნალისტ ცისანა ჩიხლაძეს, რომლის თქმით, გოგოშა გეგელია ცხოვრებაშიც და შემოქმედებაშიც პატიოსნებას აიდეალებს და ისეთ ქართველ ქალს აღარ თვლის ქალად, «ვინც სიყვარულს კაბასავით იცვლის:.
დღეს ქალბატონი გოგოშა გეგელია 4 წიგნის ავტორია.
სამშობლო, ადამიანები, ბუნება, მშობლიური კუთხე, სიყვარული, ეკლესია, ოჯახი-ძირითადად ეს თემები განსაზღვრავენ მისი ლექსების საერთო ხასიათს.
და მაინც, როგორც ქალი, ყველაზე მეტად დედაშვილურ გრძნობას აფასებს:
დედაშვილობა ყოველთა მძლეა,
დედაშვილობა სულ სხვაა მაინც
დედაშვილობა სიცოცხლის ხეა,
მარადიულად, მუდამ რომ ჰყვავის.
გოგოშა გეგელიას, როგორც პოეტს და როგორც მართლმადიდებელ ქრისტიანს, სწამს უფლისა და პოეზიით ცდილობს მასთან მიახლოებას:
მივუკაკუნე უფლის კარს კრძალვით,
თავჩაქინდრული ვდგავარ მის ზღურბლთან.
ღიაა კარი... გავკიცხე თავი
გამბედაობა უკუდგა გულთან.
ყოველდღე უნდა ებრძოლო შენს თავს,
სცადო უფალთან მიახლოება
დამდაბლდე უნდა ბალახზე დაბლა,
აჯეჯილებდეს სულს სათნოება.
ქალბატონმა გოგოშამ რამდენიმე ლექსი მიუძღვნა აგრეთვე თავის მშობლიურ კუთხეს-მარტვილს. განსაკუთრებით აღსანიშნავია «ფიქრები მარტვილის მონასტრის გადასახედიდან», რომელიც აუცილებლად შევა წიგნში «ქართველი პოეტები მარტვილს».
თუმცა მისი საუკეთესო ლექსი მაინც ეს არის:
სულ დავარიგე
სულ დავარიგე, მორჩა...
თვალებს გავახელ
და ღვთის წყალობით
ისევ სავსე მაქვს ხონჩა.
დავით ჯანაშია
ღამით ნასროლი ისრით ვიჭრები,
წარსული მაინც შესაწირს ითხოვს,
ისე გარბიან დამფრთხალი წლები
მე დამეშინოს დუმილი თითქოს.
მეც ინტერესით წავიკითხე ეს წიგნი,სადაც ბევრი საინტერესო ლექსია თავმოყრილი უმრავლესობა პატრიოტულ თემაზეა შექმნილი. ავტორი თავის ლექსებში იმიტომ უმღერს შუშანიკს, ცოტნე დადიანს, არაგველებს და სხვა გმირებს, რომ სურს მათ მაგალითზე აღიზარდოს მომავალი თაობა:
მომავლისაკენ მახედებს თქვენი
შემართება და ბრძოლა გმირული.
ნათელი და გასაგებია მისი სტრიქონები. მაგალითისთვის შემიძლია გაგახსენოთ მაჯამური რითმებით გაწყობილი ორსტროფიანი ლექსი «დიალოგი წარსულთან»:
ავი ჩხავილი მომესმის ყვავის,
ნაცნობ მუხასთან პაემანს ველი,
ირგვლივ მიდამო ნაცრისფრად ჰყვავის,
გადაუთიბავს ოქტომბერს ველი.
ლოდთან სისინი მომესმის გველის
ცრემლები ფიქრებს დარდისგან გვიან,
იყუჩე გულო, კვლავ ბორგვა გველის,
ზავზე თანხმობა გვიან არს, გვიან.
ვინც დავით ჯანაშიას პოეზიას გაეცნობა, უთუოდ დამეთანხმება, რომ იგი უდავოდ ნიჭიერი და მნიშვნელოვანი შემოქმედია, რომელიც კარგად იმორჩილებს სიტყვას. მაგრამ მაქვს რამდენიმე შენიშვნაც: მაგალითად, მხატვრულობის თვალსაზრისით არაფერი აქვს დასაწუნი ლექსს «აირია მონასტერი, მგონი», თუმცა ჩემთვის მიუღებელია ავტორის პოზიცია, საიდანაც ისე გამოდის, რომ 9 აპრილის ტრაგედიაში დავით ჯანაშია ეროვნული მოძრაობის ლიდერებსა და მშვიდობიან მომიტინგეებს უფრო ადანაშაულებს, ვიდრე ამ მიტინგის ჩამხშობ ბოროტ ძალებს. ხოლო თუ ეს ასე არ არის, მაშინ ბატონმა დავითმა უნდა განმარტოს ვისი მისამართით აქვს მას ამ ლექსში დაწერილი ეს სტრიქონები:
გავეშებით ლამაზ ლოზუნგს ვყვირით
ან ეს:
აფუთფუთდა უწიგნურთა დასტა.
ან ეს:
დავტინგიცობთ ჩონგურით და სტვირით.
ან კიდევ ეს:
ამ წიკვინით საქართველოს დავშლით.
სამწუხაროა, რომ ამ ლექსში, რომელიც 9 აპრილის ტრაგედიაზეა დაწერილი, ავტორი არაფერს ამბობს იმ ჯალათებზე, რომლებმაც 1989 წლის 9 აპრილის ღამეს თბილისში, მთავრობის სახლის წინ უიარაღო ხალხი, ქალები და ბავშვები დახოცეს, მოწამლეს და დაასახიჩრეს. კარგი იქნება ავტორი ამ ლექსს შემდგომ გამოცემებში თუ არ შეიტანს.
მიუხედავად ამ შენიშვნებისა კრებულში ბევრია ასეთი მშვენიერი პოეტური სტრიქონები:
გრიგალს უდეგარს, ბრაზიანს, ოჩანს,
თავზე ბაშლაყად ცა დავახურე,
ციხეგოჯიდან მარტვილი მოჩანს –
ოდიშის მთების რუხი საყურე.
არ შემიძლია აქვე არ გავიხსენო ერთსტროფიანი საბავშო ლექსი «პატარა და-ძმის ჩხუბი»:
შემოაწყვიტეს ერთურთს ღილები,
იჩხუბეს მცირე მიზეზის გამო,
ჩემი რიგია, ნუ მეცილები,
მე უნდა დავწვე მამიკოსთანო.
მე არაფერს ვიტყვი ამ ლექსის შესახებ იმის გარდა, რომ ეს არის ბედნიერი მამის მიერ კარგ შვილებზე დაწერილი კარგი ლექსი.
მარინე თოფურია
მარინე თოფურია ორ ათეულ წელზე მეტია ქართულ ენასა და ლიტერატურას ასწავლის მარტვილის N1 საჯარო სკოლაში. მას, როგორც ნიჭიერ პედაგოგს, აქვს ბავშვებთან მუშაობის თავისებური მეთოდები. მისი ნასწავლი ქართულით, ყოველ წელს წარმატებით აბარებენ ეროვნულ გამოცდებს მარტვილელი აბიტურიენტები, რის გამო ბევრჯერ გვსმენია მისი ქება. მაგრამ, მარტვილში ყველამ იცის, რომ ის სხვებისგან გამოირჩევა არა მხოლოდ პედაგოგიური მოღვაწეობით, ლექსების მხატვრული კითხვითაც. შესანიშნავად ფლობს მხატვრული კითხვის ხელოვნებას. ამ ჟანრში მას მარტვილში ბადალი არ ჰყავს. ზეპირად იცის მთელი ქართული პოეზია. თუმცა საქმე მარტო ზეპირად ცოდნა არ არის. როცა ის სცენაზე დგას და ლექსს კითხულობს, სულის შეძვრამდე გრძნობს თითოეულ სიტყვას, რითაც იპყრობს მსმენელის გულს და ისიც თავისთან ერთად შეჰყავს პოეზიის ზღაპრულ სამყაროში.
მახსოვს ახალგაზრდობაში მხატვრული კითხვის კონკურსში გამარჯვებულ ერთ დეკლამატორ გოგონას ასეთი ექსპრომტი დავუწერე:
დღეს შენმა ტემბრმა და პოეზიამ
ისე მოხიბლა მთელი დარბაზი,
მგონია თუკი შენ წაიკითხავ,
უაზრო ლექსსაც ექნება აზრი.
ამას აქ იმიტომ ვიხსენებ, რომ დღეს თამამად შეიძლება მარინე თოფურიაზეც ვთქვათ:
გვგონია თუკი ის წაიკითხავს,
უაზრო ლექსსაც ექნება აზრი.
ახლა კი, ორიოდე სიტყვა მის მსახიობურ ნიჭზეც. მარინე თოფურიას სტუდენტობისას არაერთხელ მოუჯადოებია მაყურებელი სოხუმის სცენაზე. შეუქმნია დასამახსოვრებელი სახეები, რაც სათანადოდ აღნიშნულა კიდეც აფხაზეთის იმდროინდელ პრესაში.
ყველამ ვნახეთ, როგორ ითამაშა მარტვილის სცენაზე სხვადასხვა სპექტაკლში და როგორ მიიღო პუბლიკამ მის მიერ შესრულებული როლები.
მარინე თოფურია ამჟამად იშვიათად, მაგრამ მაინც თანამშრომლობს ჩვენს გაზეთთან. თუმცა ადრე, წლების განმავლობაში, გაზეთ „მარტვილის“ ყველა ნომრის პირველი და მეორე გვერდი მის მიერ იყო მომზადებული. არის მრავალი საინტერესო სტატიის ავტორი.
ქალბატონ მარინე თოფურიას მიმდინარე წელს 50 წელი შეუსრულდა.
ვუსურვებთ მუდმივ ახალგაზრდულ სიცოცხლესა და ნაყოფიერ მოღვაწეობას ყველა სფეროში.
იგორ კეკელია
იგორ კეკელია წლების განმავლობაში მუშაობდა მარტვილის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის დირექტორად, მხარეთმცოდნეობის, თვითშემოქმედებისა და ფოლკლორის პედაგოგად. გამოქვეყნებული აქვს სტატიები ისტორიის, არქეოლოგიის, ეთნოლოგიის, ენათმეცნიერებისა და ფილოსოფიის ისტორიის საკითხებზე, განსაკუთრებით მუშაობს ტოპონიმიკაში.
ისტორიის დოქტორია.
სამეგრელოს ტოპონიმიის შესწავლის საქმეში პროფესორ პაატა ცხადაიას შემდეგ არავის მოუძიებია იმდენი ტოპონიმიკური მასალები, რამდენიც იგორ კეკელიას აქვს მოძიებული და გამოქვეყნებული. ჩვენთვის, როგორც მარტვილელებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მისი წიგნები: ,,მარტვილის ტოპონიმია“ (ეტიმოლოგიურ-განმარტებითი ლექსიკონი) და ,,მარტვილის რჩეული გეოგრაფიული სახელწოდებანი:, რომლებიც ავტორის მრავალწლიანი შრომის შედეგია.
აღსანიშნავია, აგრეთვე, მისი სერიოზული ნაშრომი ,,იმერეთის ტოპონიმია სამუზეუმო და კარტოგრაფიულ მასალებში“.
2017 წელს გამოსცა 436 გვერდიანი მონოგრაფია ,, პაატა ცხადაია-ქართველური ონომასტიკის მესაძირკვლე“, წიგნი ეხება გამოჩენილი ქართველი ენათმეცნიერის პაატა ცხადაიას ცხოვრებასა და მოღვაწეობას და ეძღვნება მისი დაბადების 80 წლისთავს.
სულ ოცდაათამდე წიგნი და ბროშურა აქვს გამოცემული.
პარალელურად ეწევა ჟურნალისტობასაც. იყო გაზეთ ,,ჭყონდიდის ზარის“ რედაქტორი.
არ ვიცოდი, ლექსებსაც თუ წერდა.
ამიტომ, ახლახან, გამომცემლობა უნივერსალის მიერ გამოცემულ ანთოლოგიაში მის ლექსებს რომ გადავაწყდი, გამიკვირდა.
პოეზია ჩემი სტუდენტობისდროინდელი გატაცებააო, მითხრა. კარგი ლექსია ,,გელათი“, საიდანაც მომყავს ეს ფრაგმენტი:
მე მინდა გავიგო, ამ მთას და ვერხვიანს
თუ ახსოვს თქარუნი ცხენის!
გარშემო მტრის ჯარი რარიგად ეხვია
გაიღოს საგულე ცხელი.
მეც ხომ იმ ბორიას ნაგლეჯი თერხვი ვარ,
ბატის ფრთა მიპყრია ხელით.
მოვსულვარ სიმღერით მე ლაზი ჭაბუკი
იმედებს მიღვიძებს ქარი,
ვეფხვი კვლავ იხუვლებს, ავაზაც-ჩაუქი,
გულს გახსნის გელათის კარი.
ანთოლოგიაში, სადაც ეს სტრიქონებია დაბეჭდილი, იგორ კეკელია სულ 24 ლექსითაა წარმოდგენილი. მაგრამ იმ 24 ლექსიდან მესამედი (თუ მეტი არა) შეცდომითაა იგორ კეკელიასთვის მიკუთვნებული. შეიძლება ეს შემდგენელთა შეცდომაა, მაგრამ ამ საკითხთან დაკავშირებით, გასწორებისთვის, აჯობებს დაზუსტებული განცხადება (რომელია მისი და რომელია სხვისი) თვითონ იგორ კეკელიამ გააკეთოს.
მურად ჩარგაზია
მურად ჩარგაზიამ 2016 წელს გამოსცა ლექსების კრებული «აღსარება». წიგნის მთავარი რედაქტორია ვერიკო ჯიბლაძე. როგორც ქალბატონი ვერიკო ამბობს, მურად ჩარგაზიას ლექსებში არაა ყალბი პათეტიკური ტონი, იგი წრფელი პათოსით ამბობს სათქმელს და პოეზიის ბილიკებით მიუყვება ცხოვრებას...
კრებულში მართლაც მრავლადაა ისეთი სტრიქონები, რომლებიც გვხიბლავენ თავიანთი სილაღითა და უბრალოებით, მაგალითად:
მარცვალ-მარცვალ ვმარცვლავ დღეებს
მარტოობით ნაამბორებს,
ვეძებ სიგარეტის ღერებს
და დარდს კვამლად გავაბოლებ.
აი, თუნდაც კიდევ ერთი ფრაგმენტი სასიყვარულო თემაზე დაწერილი ლექსიდან:
იყო ქარი, შრიალებდა კაბა,
ჰო... სიშიშვლეს დაეძებდა თვალი,
იყო ფერთა საოცარი გამა,
მერამდენედ შენით ვიყავ მთვრალი.
მე ერთი კოცნისთვის აბრაგად წავალო, – ამბობს პოეტი ერთ ლექსში, რომელმაც შეუძლებელია მკითხველის მოწონება არ დაიმსახუროს:
ზოგჯერ ღრუბლები მპარავენ მთვარეს,
შემდეგ ღამესაც ისხამენ ნაბდად,
ჩვენ დავრჩით ახლა სხვადასხვა მხარეს
ერთი კოცნისთვის წავალ აბრაგად.
შენი თაკარა მკერდი გამათბობს
ვაჟკაცს კოცნისთვის გააბრაგებულს,
შენი თვალების ეშხი დამათრობს
შენს სამყაროში გადმობარგებულს.
აქვე აუცილებლად მინდა აღვნიშნო, რომ ბატონი მურადი არა მარტო პოეზიის, ღვინის დიდი ტრფიალიცაა.
კარგი თამადაა, იმ სუფრაზე, სადაც მურადი თამადობს ნამდვილი პოეზიის ზეიმია, კითხულობს არა მხოლოდ საკუთარს, მსოფლიო კლასიკოსების ლექსებსაც.
ტრადიციების ერთგული კაცია.
მისი ყველაზე დიდი სიხარული და ბედნიერება მისი შვილები არიან.
უყვარს თავისი ოჯახი და ქვეყანა.
აქვს მამის სიკვდილთან დაკავშირებით დაწერილი ერთი უსათაურო ლექსი, რომელსაც მკითხველი გულგრილად ვერ ჩაუვლის. აი, როგორ აღწერს პოეტი მამის სიკვდილს:
იმ ღამეს მამა ჩვენგან წავიდა
და უფალს სთხოვა თავშესაფარი.
იქვეა ასეთი სტრიქონები:
იყო სიჩუმე და პანაშვიდი
იყო დუმილი გარინდულ კრავთა,
მას სახე ჰქონდა საოცრად მშვიდი,
ის ახლოს იყო უფლის კარავთან.
კრებულში შესული ყველა ლექსი მართალია თანაბარი ღირებულებისა არ არის, მაგრამ უნდა ითქვას, რომ მურად ჩარგაზიას ლექსების აბსოლუტური უმრავლესობა გულწრფელადაა დაწერილი და სწორედ ესაა მათი ღირსება.
ჩემი ყურადღება მიიპყრო აგრეთვე ერთმა უსათაურო ლექსმა, რომელიც ასე იწყება:
დღემ ჩაიარა ურჩი ბავშვივით,
მთვარე ზღვის ფსკერზე ყირამალაობს,
წინ სივრცე მიდევს ზღვად გადაშლილი
და გადაუსვამს ნისლი მალამოდ.
მოყვანილი სტრიქონებიდან ნათლად ჩანს, რომ მათი ავტორისათვის უცხო არ არის პოეტური სახეებით აზროვნება. ყოჩაღ ჩემო მურად! გისურვებ, მომავალში უკეთესი ლექსებითაც გაგეხარებინოს მკითხველი
ზურაბ ჯამბურია
ზურაბ ჯამბურია ნიჭიერი პუბლიცისტი და პოლიტოლოგია. დამთავრებული აქვს ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალის სოციალურ-პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი პოლიტოლოგიის სპეციალობით.
სტუდენტობიდან იბეჭდება ჩვენს პერიოდიკაში.
მკითხველს უთუოდ ახსოვს მაღალპროფესიულ დონეზე დაწერილი მისი პუბლიცისტური წერილები: ,,კულტი პიროვნების გარეშე“, ,,სააკაშვილის პოლიტიკური ფიასკო“, ,,კოჰაბიტაცია ანუ ქორწინება დემონთან“, ,,დემონკრატიის აღსასრული“, ,,მშიერი კუჭი“, ,,ტერიტორიული მთლიანობა და პანთურქიზმი“, ,,რეკრუტირებული დემაგოგია თუ წახალისებული იდიოტიზმი“, ,,ბურიდანის ვირები“ და მრავალი სხვა, რითაც თავისი მოქალაქეობრივი წვლილი შეიტანა სააკაშვილის ავტორიტარული რეჟიმის დანგრევაში.
2008 წელს 23 წლის ჭაბუკმა ,,ქართული პოლიტიკური ლიტერატურის“ სერიით გამოსცა წიგნი, რომელიც სამი პუბლიცისტური წერილისგან შედგება: 1, ,,როგორ მოვიგოთ არჩევნები ანუ..“ 2, ,,პოლიტიკური პარტიის შესახებ“, 3, ,,საარჩევნო ბელადომანია“ თუ პოლიტიკური მითოლოგია.
პირველ თავში, რომელიც პოლიტიკურ იმიჯთან დაკავშირებულ პრობლემებს ეხება, ავტორი სამართლიანად შენიშნავს, რომ ,,იმიჯი“ (,,იმიჯმეიკერი“) საქართველოში ახალდამკვიდრებული ტერმინ(ებ)ია, რაც ტოტალიტარული რეჟიმის პირობებში საზოგადოებისთვის უცხო იყო და აკრძალული, რადგან დასავლური, (ამერიკული) იმპერიალიზმის გამოვლინებად მიიჩნეოდა.. პოლიტიკური იმიჯის, როგორც კომუნიკაციის ერთ-ერთი საშუალების დამკვიდრება საქართველოში აუცილებელი რეალობით არის ნაკარნახევი, რომელიც ურთიერთობათა ახალ ტიპს, კომუნიკაციურ სივრცეს მოიცავს და ხელს უწყობს საზოგადოებრივი ურთიერთობის გაჯანსაღებას.
საინტერესოა ავტორის მსჯელობა პოლიტიკური კომუნიკაციების როლზე, როგორც საარჩევნო კამპანიის სტრატეგიისა და ტაქტიკის განხორციელების მთავარ საშუალებაზე...
მეორე ნაწილში მკითხველთა ფართო წრისათვის გასაგები ენითაა განხილული პარტოგენეზისი ანუ პარტიათა წარმოშობის და განვითარების პროცესი, პოლიტიკური პარტიის ფუნქციები, ტიპები და პარტიული სისტემები... იქვე გაეცნობით ვ. ჰასბახის, ვ. შვანცერბერგის, გ. დიუვერჟეს, ე. ბერკის, მაქს ვებერის განმარტებებს პარტიის არსის დასადგენად, თუმცა, როგორც ავტორი ასკვნის, პარტიული სისტემის ეფექტურობის შეფასების ერთიანი სტანდარტი არ არსებობს და ამიტომაც ყველაფერი შეფარდებითია.
წიგნის მესამე პუბლიკაციაში- ,,საარჩევნო ,,ბელადმონია“ თუ პოლიტიკური მითოლოგია“- სხვა საკითხებთან ერთად განხილულია საქართველოს სახელმწიფო მმართველობის ფორმის ,,სამომავლო“ მოწყობის მოდელები. ვეთანხმები ავტორს, რომ მხოლოდ საპრეზიდენტო მმართველობის მოსპობას და საპარლამენტო მმართველობის დამკვიდრებას არ შეუძლია მოსპოს საზოგადოების ბელადისადმი ლტოლვა. ამ უკანასკნელის მოსპობა შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ სამოქალაქო თვითშეგნების და დემოკრატიულად განვითარებული სახელმწიფოს პირობებში.
ზურაბ ჯამბურიას ეს წიგნი, რომელსაც, შეიძლება ითქვას, ჩვენ აქ მხოლოდ გაკვრით შევეხეთ, სპეციალისტების მიერ შეფასებულია, როგორც ქართული პოლიტიკური ლიტერატურის მშვენება.და ამ წიგნის ახალგაზრდა ავტორის ნიჭი და შესაძლებლობაც შესაფერის ასპარეზზე უნდა იქნეს გამოყენებული, რაც უნდა გაითვალისწინონ საკადრო პოლიტიკის მესვეურებმა.
ანა ბახია
ანა ბახია პროფესიით ფილოლოგია. დამთავრებული აქვს სოხუმის ივ. ჯავახისვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი. მუშაობს ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად. 2004 წლიდან დროგამოშვებით იბეჭდება ჩვენს გაზეთში. ერთ ლექსში ამბობს:
მე ხომ ქალი ვარ-
ოცნება და გრძნობათა ღელვა,
ანდამატივით მიმზიდველი
,,ქარი აშარი“,
თუ დამაფასებ
ავერცხლილი სავსე მთვარე ვარ,
თუ დამადაბლებ,
მაშინ კლდე ვარ მხოლოდ ნაშალი.
ის, როგორც პოეტური, ფაქიზი სულის ადამიანი სიყვარულით ცდილობს ყველა დაბრკოლების დაძლევას.
გთხოვ მასწავლო დაბრკოლებას ვებრძოლო
სიყვარულით, სიყვარულის მეუფევ.
მის ლექსებში ძალიან ხშირად არის საუბარი ჩვენს დღევანდელობაზე და ადამიანის დანიშნულების საინტერესო თემაზე:
თუ მოლოდინით შეძრულია
მთელი სამყარო,
როცა იმედებს ჩაგისახავს
ახალს, დროება,
უდიდეს რამეს, ჯერ ვერ ამჩნევ,
რომ მოგვახარო,
თითო-ოროლა თუ აფასებს
დღეს სათნოებას.
დროა, ქალბატონმა ანამ თავი მოუყაროს თავის საუკეთესო ლექსებს და იზრუნოს მათ გამოცემაზე.
ოთარ დანელია
ის მაშინ მეთერთმეტე კლასში სწავლობდა.
მას შემდეგ 22 წელი გასულა.
დღეს ბატონი ოთარი მარტვილის კერძო სკოლა „სხივში“ ქართულ ენასა და ლიტერატურას ასწავლის, ამავდროულად არის მოსწავლე ახალგაზრდობასთან კოორდინაციის მენეჯერი მარტვილის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრში, წერს ლიტერატურულ წერილებს, ლექსებს, ჩანახატებს...
2016 წელს გამოსულ მარტვილელ შემოქმედთა კრებულში „ხმა მარტვილიდან“ დაიბეჭდა მისი სამი ლექსი „რომელთაგან ერთი აქ მომყავს, როგორც სატრფიალო პოეზიის კარგი ნიმუში“:
ორღობის ბოლოს დავარდა ღილი
და შენ შეგეხსნა ურცხვად საკინძე,
მერე თითები თბილი და თლილი
ჩემს თმებს თამამად შემოაკინძე.
გადაითელა შემხმარი მოლი,
მთვარე გვდარაჯობს როგორც მორიგე,
რას არ მოგცემდი, რომ გერქვას ცოლი
და მე კი ქმარი, შენი თოლიგე.
სიყვარულის თემაზე დაწერილი ლექსებიდან მინდა გაგაცნოთ აგრეთვე მისი ორსტროფიანი „სერენადული“:
მარტვილში დადის ლამაზი გოგო,
დადის და დააქვს მზიანი მზერა,
ბიჭი კი სკვერში გიტარის სიმებს
სიყვარულისთვის ასწავლის მღერას.
მერე ოცნება აიწყვეტს ლაგამს
და მოედება ქუჩას თუ შუკას,
სერენადებით გამთბარი გოგოც
აეკიდება სიყვარულს უკან.
ოთარ დანელიას პოეტური ნიჭიერების დასტურად მინდა შემოგთავაზოთ მისი კიდევ ერთი კარგი ლექსი, ანუ როგორც თვითონ აქვს დასათაურებული „ლ(ს) ექსი“.
შიშველ სხეულზე
გადაგივლის
ვნება გველივით,
ალოკავ კოცნას
მოგედება
ალმური ყელზე,
გადარევ ღამეს
ოთახიდან გააგდებ სირცხვილს
აიწყვეტ ლაგამს
და სიშლეგეს
შეისვამ წელზე.
აიკრავ ტანზე
ახურებულ
ჟინსა და სიძვას,
დათანგავ მთვარეს
შენი სუნთქვით
გადაღლილ ოთახს,
და მილიონჯერ
ნამუსახდილ
საწოლზე ახლაც,
ბევრის ალერსით
გაცრეცილი
სხეულით ოხრავ.
სოფიკო გაწერელია
სოფიკო გაწერელია პედაგოგია, გერმანისტი. მე ის ადრე მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლში გამართულ ღონისძიებებზე გავიცანი. უდავოდ ნიჭიერი, განათლებული ახალგაზრდაა, თითქმის ყველა კულტურულ ღონისძიებებში მონაწილეობს, უყვარს პოეზია, კარგად მღერის, ამავდროულად არის კარგი პოეტიც.
მახსოვს ჩვენს გაზეთში დაბეჭდილი მისი ლექსი ,,მე სევდისფერი ქალი რომ მერქვას“:
ფინჯან ყავასთან მარტო დარჩენილს,
დაღლილს ტირილიც ვერ გამიბედავს,
ფიქრები ისევ იწყებენ ფარფატს
დარდები წარსულს გადამიქექავს.
სევდისფერია ჩემი ფიქრები,
უტყვია, ჩუმი, მუდამ მდუმარი,
ჩემს მონატრებას მხოლოდ მას ვანდობ
ის არის ჩემი ხშირი სტუმარი...
მე ჩემს ფიქრებთან მარტო დარჩენილს
დარდიანს, მდუმარს, შენ მახსენდები,
როგორ ვეცადე, ვერ დაგივიწყე
ვიცი, შენც ბევრჯერ გაგახსენდები.
ახლაც მარტო ვარ ფინჯან ყავასთან,
ფიქრები ისევ იწყებენ ქექვას,
ნეტავი ამით რა დაშავდება
მე სევდისფერი ქალი რომ მერქვას.
... ვინც დიდ პოეზიას რაღაც მიუმატა, თუნდაც სულ მცირე რამ, სულ ერთი წინწკალი, ერთი სტროფედი, ჩვენ პოეტად უნდა მოვიხსენიოთო, ამბობს ერთგან ჯარჯი ფხოველი, რადგან პოეტია არა ყოველი მელექსე, არამედ ის, ვინც დიდ პოეზიას რაღაც მიუმატა, რაღაც მისცა, რაღაც გაანდოო...
და ის ,,რაღაც“ ნამდვილად არის სოფიკოს ამ ლექსშიც:
ღვინოს რატომ სვამ?
დარდებს იქარვებ?
ნაღველმა ისევ დაგრია ხელი,
ნუთუ ვერ ხვდები
ნუთუ ვეღარ გრძნობ,
გულის სიღრმეში მე ახლაც გელი!..
მიყვარდი, მაგრამ ვეღარ გითხარი,
თუმც შენ ვერ მიხვდი ჩემს გულის ნადებს,
ჩუმად ვინახავ შენგან ნაჩუქარ
დღეს უკვე დამჭკნარ
სისხლისფერ ვარდებს.
ღვინოს თუ დალევ,
დარდიც განდევნე,
იქნებ ნაღველმაც იცვალოს ფერი,
ნუთუ ვერ ხვდები,
ნუთუ ვეღარ გრძნობ,
გულის სიღრმეში
მე დღესაც გელი.
გიორგი ხულორდავა
მკითხველს, ალბათ, ახსოვს, გიორგი ხულორდავა მე-9 კლასის მოსწავლე იყო, როცა მისი რამდენიმე ლექსი დავბეჭდეთ ჩვენს გაზეთში.
მე ის ილია კუხალაშვილმა გამაცნო.
მართლაც რომ აღფრთოვანებული დავრჩი მისი ინტელექტითა და ნიჭიერებით. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ ბავშვი იყო, ზედმიწევნით იცნობდა ქართულ და საზღვარგარეთის ქვეყნების ლიტერატურას.
მეთერთმეტე კლასში რომ გადავიდა, 2014 წელს, გამოსცა თავისი თარგმანების მომცრო კრებული სათაურით ,,რჩეული თარგმანები“, სადაც მსოფლიო კლასიკოსებად მიჩნეული რვა ავტორის (შექსპირი, ბლეიკი, ბაირონი, პუშკინი, უიტმენი, დიკინსონი, ცვეტაევა, ესენინი.) 30 შედევრია ქართულად ამეტყველებული.
სიამოვნებით აღვნიშნავ, რომ ამ კრებულში უთუოდ ბევრ კარგ თარგმანს შეხვდებით. მაგალითისთვის, აი, თუნდაც შექსპირის ეს სონეტი:
შენი სადარი ვერ გახდება თვიოთონ ზაფხულიც,
ვერ ედარება შენს სიტურფეს მისი ბუნება,
ვარდობისთვეში ქარი ზარავს კვირტებს გაფურჩქვნილს
ზაფხული გადის, ხანმოკლეა დიდებულება.
ხედავ მზის სხივებს კაბადონზე უხვად მოფენილს?
სილამაზესაც მზის შუქივით ადგას დიდება,
მაგრამ ყველაფერს გადაჩრდილავს წუთისოფელი,
მშვენიერებაც სწორედ ასე დაიბინდება.
მაგრამ არასდროს არ დაჭკნება ნაზი ფერები
არ დამთავრდება არასოდეს შენი ზაფხული,
და საიდუმლო უნაზესი შენი მშვენების
ჩემს ლექსს ექნება მარადისად შემონახული.
მარად იცოცხლებ, ღვთაებაო, ამ სიტყვებს ენდე,
ჩემი ლექსები გაცოცხლებენ განკითხვის დღემდე.
დამეთანხმებით, რომ ამის ასე დაწერას (თუ თარგმნას) უცხო და მშობლიური ენების სააფუძვლიანი ცოდნა სჭირდება.
დღეს გიორგი ხულორდავა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტის მესამე კურსის სტუდენტია, სწავლასთან ერთად დიდი სიყვარულითა და გატაცებით თარგმნის ინგლისურ და სპარსულ კლასიკურ პოეზიას.
ნიმუშად ერთი რობაი ხაიამიდან:
საწუთროს მგზავრო! ჯერ შენი გზა
კიდევ ვრცელია,
მაგრამ დროს ბევრი ჩვენთაგანი
გაუცელია,
ფრთხილად ძმობილო! მოილიე
ყოველი საქმე,
რადგან ამქვეყნად დაბრუნება
ძლიერ ძნელია.
და, აი, კიდევ ნახეთ, რა დიდებულად აქვს თარგმნილი ცნობილი ინგლისელი პოეტის ბაირონის ლექსი- ,,დღეს შემისრულდა ოცდათექვსმეტი წელი“:
დანაცრებულა გრძნობა ფარული,
გულში წაშლილა წარსულის კვალი,
არვის ვუყვარვარ თუმც სიყვარულით,
მწვავს ცეცხლის ალი.
ჩემი დღეები ქარმა წარხვეტა
და ფოთოლივით გრიგალი მათრობს,
საფლავის ჭია და მწუხარება
შემომრჩა მარტო.
გულს მარადისი ცეცხლი მინთია,
ასე ვულკანიც გიზგიზებს მიწყივ,
ერთი სანთელიც ვერ ამინთია
და ისე ვიწვი.
იმედი, შიში მომავალ წლების
წარსულთან ერთად დავასამარე,
ვერ ვუნაწილებ სიყვარულს ვერვის,
მელის სამარე.
ო, სულო ჩემო, აღსდექი ბრძოლით,
ბრძოლის ქარცეცხლმა ელადას უხმო,
და ვით სპარტელი ფარზე დახრილი
მეც ვდგავარ უხმოდ.
აღსდექი სულო! შენ აქ იწრთობი,
გახსოვს აქ შენი სისხლი ღელავდა,
წასვლის ჟამია, დროა გმირობის,
გელის ელადა!
და ნუ აჰყვები უაზრო ღელვებს
ჰა, იშრიტება შენი კანდელი,
შეგაცივდება ბაგეზე სუნთქვა უკანასკნელი.
და ასე წარსულს ნუღარ იხსენებ,
მხოლოდ სიმშვიდე ეძიე ტკბილი,
დაცხრი! დაწყნარდი და განისვენე
მარადის ძილით.
მე ამჯერად არ ვისაუბრებ ამ თარგმანების მხატვრულ ღირსებებზე, რასაც მკითხველი ალბათ, უჩემოდაც კარგად გრძნობს, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ მარჩიელობის არ მჯერა, თავს უფლებას მივცემ ვიწინასწარმეტყველო: დადგება დრო და გიორგი ხულორდავა აუცილებლად დაიმკვიდრებს თავის ადგილს ქართულ ლიტერატურაში.
თაკო წულაია
მე ვწერდი ლექსებს, როგორც განაჩენს
ისევ ჩემთვისვე დასმულს, უმტკიცესს,
და ამ ყველაფრით მაინც არ ვიცი
მე უზენაესს თუ რას ვუმტკიცებ
ამ სტრიქონების დამწერი თაკო წულაია ჯერ მხოლოდ 15 წლისაა და უკვე ავტორია მშვენიერი პოეტური კრებულისა ,,პეპლები“.
თაკო წულაიას ლექსების შესახებ პირველად თავისი აზრი გამოთქვა მისმა მასწავლებელმა, ფილოლოგმა მარინე თოფურიამ: ,,15 წლის პოეტი მარადიულ ღირებულებას ეძებს. სამყაროში დაგდებული ადამიანის მარტოობა, ზღვრული სიტუაციების ელდა, შფოთი, მოუსვენრობა, ტკივილის განცდა, ბედნიერების მირაჟი, მიტოვებული სოფლების სევდა, დაკარგული ბედნიერების ძიება და კიდევ ბევრი რამ, რასაც ამოვიკითხავთ მის შემოქმედებაში. ყოველივე ეს კი წარუშლელ შთაბეჭდილებას ტოვებს მკითხველში...“
წადით და დამტოვეთ მე უნდა დავწერო
ლექსები, რომლებიც იტყვიან განაჩენს,
ყველა ერთნაირად როდი ცოცხლობს და
მართლებს და ნამდვილებს დრო თვითონ გაარჩევს.
ეს ფრაგმენტია ლექსიდან, რომლის სათაურია ,,მარადისობა“.
იქვეა ასეთი სტრიქონებიც:
ჯერ კიდევ შეამჩნევ ანაბეჭდს თითების
ჩემს მხრებზე ახლა რომ ტკივილი ჰკიდიათ,
ოთახის კუთხეში მოხრილი მუხლებით
ვზივარ და დღეები თავისით მიდიან.
კრებულში იშვიათი როდია ასეთი ალიტერაციული კეთილხმოვანება:
„ოთახის კუთხეში მოხრილი მუხლებით.“
მიუხედავად იმისა, რომ დასახელებულ კრებულში მხოლოდ ლექსებია შეტანილი, ჩვენთვის ცნობილია, რომ 15 წლის თაკო წულაია საკმაოდ სიღრმისეულია პროზაშიც და წერს მშვენიერ მოთხრობებსაც. მაგალითად, ამას წინათ ერთ ერთ კონკურსზე ნომინაციაში ,,საუკეთესო პროზაული ნაწარმოები“, გაიმარჯვა და საჩუქრად მიიღო ვერცხლის შროშანი და სამი ათასი ლარი...
და მაინც, როგორც ამბობს თვითონაც მრავალი კარგი ლექსის ავტორი ოთარ დანელია, თაკო წულაია დაბადებულია პოეზიისთვის, ახალი სიტყვისთვის, ახალი პოეტური ხაზისთვის ბავშვური მხოლოდ ასაკია.
მეც ყოველგვარი ,,ასაკობრივი შეღავათის“ გარეშე ვამბობ: თაკო წულაიას ლექსებში ნამდვილად არის პოეზია.
,,ჩემი ლექსები გამხელილი ტკივილებიაო“- წერს ერთგან თაკო წულაია და ყველა, ვინც მის ლექსებს წაიკითხავს, აუცილებლად იგრძნობს, რომ მას ნამდვილად ხელეწიფება თავისი ტკივილებისა თუ სიხარულის პოეზიად გარდაქმნა.
ახლა კი მინდა ვისარგებლო შემთხვევით და განსაკუთრებული პატივისცემა და მადლიერება გამოვხატო მარტვილელი ბიზნესმენისა და მეცენატის, ბატონ ალიკა ახვლედიანის მიმართ, რომელმაც დააფინანსა თაკო წულაიას ლექსების პირველი წიგნი, რითაც ახალბედა ავტორის შემოქმედება ცნობილი გახადა ფართო საზოგადოებისთვისაც.
,,ეს იყო ყველაზე დიდი საჩუქარი, რაც კი ოდესმე მიმიღია და ყველაზე დიდი სიხარული, რომელიც ამ 15 წლის მანძილზე მომხდარა ჩემს ცხოვრებაში-წერდა ამ წიგნის პრეზენტაციის დღეს თავის ფეისბუქგვერდზე თაკო წულაია.
ამიტომ, კიდევ ათასი მადლობა ალიკა ახვლედიანს, ამ 15 წლის პოეტური სულის გოგონას ასეთი გახარებისთვის.
თაკო წულაიას წინ ბევრი გამარჯვება ელოდება.
ცნობები ავტორის შესახებ
ფაუსტ ნადარაიას ლექსები, თარგმანები, ლიტერატურული წერილები და სხვადასხვა სახის კრიტიკულ-კვლევითი შრომები სისტემატურად ქვეყნდება პერიოდულ პრესაში.
არის რაიონულ გაზეთ "მარტვილის" რედაქტორი, დამოუკიდებელ ჟურნალისტთა ასოციაცია "თავისუფალი პრესის" თავმჯდომარე. ავტორია წიგნებისა: "მარტვილის სახელოვანი შვილები", "გიორგი ჭყონდიდედი", საცნობარო წიგნი "მარტვილი" (ზურაბ ბიგვავასთან ერთად), "გონების სავარჯიშო ბავშვებისათვის", "სამეგრელო – ზემო სვანეთი", ლიტერატურული წერილების კრებული "რეპლიკები და მოსაზრებები". 2016 შეადგინა და გამოსცა მეგრული ლექსების კრებული „ბჟა დია ჩქიმი“. მის ერთ ლექსს - "ჩქიმი ჭიჭე სამარგალო" - რომელზეც მშვენიერი მუსი-კაა შექმნილი, მთელი სამეგრელო მღერის.
დამოუკიდებელ ჟურნალისტთა ასოციაცია „თავისუფალი პრესა“ გამოსაცემად ამზადებს და მალე გამოვა:
1. საცნობარო წიგნი „სამეგრელო-ზემო სვანეთი“ (მეორე შევსებული გამოცემა)
2. მეგრული სალხური ლექსების ქართული თარგმანები
3. 1000 მეგრული ანდაზა
4. „ვეფხისტყაოსნის “ აფორიზმები მეგრულად (თარგმნილი კაკა ჟვანიას მიერ)
კოლხური კულტურის გულშემატკივარ ყველა ქველმოქმედ ადამიანს ვთხოვთ დაგვეხმაროს ფინანსურად აღნიშნული წიგნების დროულად გამოცემის საქმეში.
ჩვენი საბანკო რეკვიზიტია:
„ლიბერთი ბანკი“
ბანკის კოდი LBRTGE22
ანგარიშის ნომერი:
GE97LB0115128434315000
საიდენტიფიკაციო კოდი: 435428057
საკონტაქტო ტელეფონი: 591 25 69 10
No comments:
Post a Comment