es wigni mwerlisa
da Jurnalistis faust nadaraias literaturuli statiebis (ufro
sworad, rogorc TviTon uwodebs, replikebisa da mosazrebebis) krebulia.
masSi gansakuTrebuli adgili eTmoba agreTve periodul presaSi adre
gamoqveynebul kritikul-polemikur werilebs megruli enobrivi kulturisadmi
Cveni saxelmwifoebyrivi damokidebulebis Sesaxeb.
aqvea sxvadasxva
xasiaTis Canawerebic, romlebic sainteresod ikiTxeba.
wignis gamocemaSi aRmoCenili uangaro daxmarebisaTvis avtori
uRrmes madlobas uxdis biznesmensa da ukeTilSobiles pirovnebas, baton
merab nadaraias.
მეგრული ნანა
ბევრი სიმღერა არსებობს ამ ქვეყნად, მაგრამ ყველაზე
ძვირფასი არის ერთი სიმღერა - ,,იავნანა“. არ არსებობს დედა, რომელსაც
თავისი შვილისთვის არ ემღეროს იგი.
განუზომლად დიდია დედის სიმღერის ზემოქმედების
ძალა ადამიანზე. გავიხსენოთ იაკობ გოგებაშვილის მშვენიერი მოთხრობა
,,იავნანამ რა ჰქმნა“?, რომელსაც ჩვენს საბავშვო ლიტერატურაში ბადალი
არ მოეპოვება. როგორც სპეციალისტები აღნიშნავენ, ამ მოთხრობის თავისებურება
მის წმინდა ფსიქოლოგიზმშია, ე. ი. იმაში, რაც იავნანას მოსმენამ შეძლო,
რამაც ლეკად ქცეულ 13 წლის ქეთოს ადრინდელი ბავშვობის დაკარგული მოგონებები
აღუძრა და კვლავ ქართველ ქალად აქცია.
იავნანა რომ არ ყოფილიყო, მაშინ, ალბათ, სიმღერაც
არ იქნებოდა დედამიწის ზურგზე და პოეზიის მადლიც მოაკლდებოდა ცხოვრებასო,
- ამბობს ერთი მწერალი.
დედები პირველი პოეტები არიან, ისინი უთესავენ
პოეზიის მარცვალს თავიანთ შვილებს სულში. ამ მარცვლებიდან იზრდება და
იფურჩქნება შემდეგ ყვავილები. ყველაზე მძიმე და საშინელ წუთებში იხსენებენ
მამაკაცები აკვანში მოსმენილ სიმღერას.
დედამიწაზე რამდენი ენაცაა, იმდენი იავნანა
არსებობს. მეგრულში ,,ნანა“ მხოლოდ აკვნის სიმღერა როდია, ის საზოგადო
სახელის ,,დედის“ ბადალი სიტყვაა. ამიტომაა, რომ აკვნის სიმღერას ,,ნანას“
ვუწოდებთ, ვინაიდან ის ,,ნანას’ ე. ი. დედის სპეტაკი სიყვარულითაა გამთბარი.
მეგრული ნანა, როგორც ყველა ,,იავნანა“, არის
სამშობლოსადმი უსაზღვრო სიყვარულის წმინდა საგალობელი, რომელსაც ოდითგანვე
უმღეროდა მეგრელი დედა თავის შვილს:
ნანაია, ნანა სქუა
ნანაშ ჭირიმა,
არკვანიშა იშამჯანუ
ვარდიშ პირი მა.
გამნუონწყი შქართუნი დო
აშვოჯინი მა,
ბჟა დო თუთას ქოგურაფუ
იში ჭირიმა.
დღასუ ვეგიჭყოლიდუა
გოლვაფირი მა,
ჸათე ნანა მარგალური
სქანი ჭირიმა!
სქანი კუნთხუ საქორთუო,
ნანაშ ჰამო ბჟა,
სქან ფაცხა დო სქან კებური
სქანი ჭირიმა.
სამეგრელოში
გავრცელებული ეს სააკვნე სიმღერა, რომელიც სპირიდონ კვარაცხელიასგან
ჩაუწერია და გამოაქვეყნა კალისტრატე სამუშიამ, მეგრელმა კაცმა არასოდეს
არ უნდა დაივიწყოს.
სამწუხაროა,
რომ 2007 წელს გამოცემულ მართლაც უძვირფასეს წიგნში ,,მეგრული პოეზია“ (შემდგენელი ლია ნაროუშვილი) ეს ლექსი არაა
შეტანილი.
მართალია,
იქ 33-ე გვერდზე დაბეჭდილია ,,სისა ტურა“, რომლის დასაწყისი სტრიქონები
ემთხვევა ჩვენს მიერ აქ წარმოდგენილ ,,ნანას“ დასაწყის სტრიქონებს, მაგრამ
უნდა ითქვას, რომ ,,სისა ტურა“ მაინც სხვა ნაწარმოებია, რომლის ავტორად
კალისტრატე სამუშია ლადი სალაყაიას ასახელებს.
ამიტომ,
ჩვენი აზრით, მეგრული პოეზიის შემდგომი გამოცემის დროს აუცილებელია
,,ნანას“ ხალხური და ავტორისეული სტრიქონების ერთმანეთისგან გამიჯვნა.
მეგრულ
ხალხურ პოეზიაში არსებობს ,,ნანას“ რამდენიმე ვარიანტი, რომელთაგან
ერთ -ერთი მეც მაქვს ჩემებურად დამუშავებული და გადაქართულებული. აი,
ისიც:
ნანაია, ნანა შვილო ნანას ჭირიმე.
კაკლის აკვანში მიწევხარ ვარდის პირი მე.
გადაგხადე საბანი და დაგაკვირდი მე
მზეს და მთვარეს ემსგავსები შენი ჭირიმე.
გიყურებ და თვალს ვეღარ გწყვეტ ხარ მშვენიერი,
მიხარია, მამაშენის გაქვს შენ იერი.
ისე საამურად გძინავს რომ გამაოცე,
გაიღვიძე, ჩემო ბიჭო,მკერდზე მაკოცე.
საამურად მიტომ გძინავს შენ გენაცვალე,
რომ ფიქრები არ გეხვევა და არ გაწვალებს.
ან რა შენი საქმე არის ჯერერთ ფიქრები,
შენ არაფერს მოგაკლებენ ეს ძუძუები.
გაიზრდები, შენც გექნება საფიქრებელი,
ნახავ რარიგ მუხთალია წუთისოფელი.
მან სისწორე ცოტა იცის, სიცრუე - ბევრი.
ჯერ ცხოვრებას არ იცნობ და ხარ ბედნიერი.
დიდი გახდე, შეებრძოლე უსამართლობას,
გაუმკლავდი ამ ცხოვრების უკუღმართობას.
გაუმაგრდი ქვეყნის ტრიალს მიჰყევ ბოლომდი,
შეიყვარე კეთილი და გძულდეს ბოროტი.
არასოდეს დაივიწყო შემოგევლე მე,
ეს მეგრული ნანაია შენი ჭირიმე,
შენი ტურფა საქართველო, დედის ტკბილი რძე,
შენი ფაცხა და კერია შენი ჭირიმე.
დაგვიანებული
პასუხი
ლექს არვინ დაითავისოთ
ნათქვამი კობაისაო.
ხალხური.
ამას
წინათ, მწერალი ზაურ კალანდია გაზეთ ,,ლიტერატურულ“ საქართველოში გულისტკივილით წერდა:
,,იმის
შიშით, რამე არ დაგვწამონო, მეგრული ხალხური პოეზიის ბრწყინვალე ნიმუშები
ვერ გადმოგვიქართულებია (რაც სვანებმა კარგა ხანია თარგმნეს და დიდებული
საქმე გააკეთეს) ... არადა ისიც ცნობილია, არა ერთი თანამედროვე პოეტი
მეგრული ხალხური პოეზიით რარიგად სარგებლობს და ერის საუნჯეს ხელაღებით
ძარცვავს...“.
და ეს
რომ ნამდვილად ასეა, ამას ადასტურებს
იმავე გაზეთში გამოქვეყნებული ჩემი წერილი ,,ორიგინალური თუ
ნათარგმნი?“ (1987 წ. 12 ივნისი), რომელიც ეხებოდა ნოდარ ჯალაღონიას ლექსების
კრებულს ,,ძველი კოლხური ჰანგები“. მე ვწერდი:
,,ნოდარ
ჯალაღონიას ძველი კოლხური ჰანგები დიდადაა დავალებული მეგრული ხალხური
პოეზიისაგან...“
,,მეგრული
ხალხური პოეზიის ნიმუშების გადმოქართულებისთვის ნ. ჯალაღონია, რა
თქმა უნდა, მადლობის ღირსია, მაგრამ პოეტი მეტ პატივისცემას დაიმსახურებდა,
რომ ხალხური ლექსები თავის ორიგინალურ
ნაწარმოებად არ გამოეცხადებინა-მეთქი.
ამის
გამო ნოდარ ჯალაღონია ძალიან გამინაწყენდა და გაზეთ ,,ლიტერატურული
საქართველოს“ 1987 წლის 10 ივლისის ნომერში დაბეჭდა წერილი ,,ერთი შენიშვნის
გამო“, რითაც მან კიდევ ერთხელ ცხადყო თავისი ტენდენციური დამოკიდებულება
მეგრული ხალხური პოეზიის მიმართ.
მართალია,
გარკვეული მიზეზების გამო, აღნიშნულ წერილზე თავიდან არ მიპასუხნია,
მაგრამ ახლა, როდესაც ყველა აშკარად და სამართლიანად ლაპარაკობს მეგრული
ხალხური პოეზიის მხატვრული თარგმანების აუცილებლობაზე, დუმილი არასწორად
მიმაჩნია და თავს მოვალედ ვთვლი დაგვიანებით მაინც ვუპასუხო ჩემს ,,ოპონენტს“.
მაშ, შევუდგეთ
საქმეს და ვილაპარაკოთ ფაქტებით.
მოვუსმინოთ
ნოდარ ჯალაღონიას:
ხომ მწარეა მთელი ღამე
თვალმა ძილი თუ ვერ ჰპოვა?!
მაგრამ არის უფრო მწარე,
რომ ელი და აღარ მოვა.
და ამაზე უფრო მწარე
მას არა და, შენ რომ გიყვარს
სულ მთლად თავის მოსაკლავი
შენი სატრფო თუ სხვას მიჰყავს.
(ნ. ჯალაღონია,
,,მწარეა“).
მე ჩემს
წერილში დასაბუთებულად ვაჩვენე ამ ლექსის არაორიგინალურობა.
გავიხსენოთ
ნათქვამი:
„იმის
გასარკვევად, თუ რა არის ამ ლექსში ხალხური და რა არის ჯალაღონიასეული,
ავიღოთ ცნობილი წიგნი ,,ქართული ხალხური სიტყვიერება, მეგრული ტექსტები“
თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა, 1975წ. შედგენილი პროფესორ ტოგო
გუდავას მიერ, გადავშალოთ 81-ე გვერდი, სადაც მეგრული ხალხური ლექსის
,,დედავ რა მწარეას“ პწკარედული თარგმანი
ასე იკითხება“
,,დედავ, რა მწარეა
რომ წევხარ და არა გძინავს,
მასზე უარესია
რომ ელი და აღარ მოვა,
მასზე უფრო მწარე ყოფილა
რომ გიყვარს და არა გყავდეს,
მთლად თავის მოსაკლავი
შენი შეყვარებული სხვას რომ ჰყავდეს“.
ახლა,
რომ ასეთი შეკითხვა დავსვათ ნ. ჯალაღონიას ზემოხსენებული ლექსი არის
თუ არა ორიგინალური ნაწარმოები, - თქვენ იმწამსვე მიპასუხებთ, რომ არა,
ვინაიდან მასში მეგრული ხალხური ლექსის რომელიმე სტრიქონი კი არ არის
გადმოთარგმნილი, არამედ მთელი ლექსი - დასაწყისიდან დასასრულამდე.“
თავის
საპასუხო წერილში ნ. ჯალაღონიამ ვერ შეძლო ამ აზრის გაბათილება, მაშასადამე,
მე მისთვის სიმართლე მითქვამს.
ლექსში
,,არ გიყვარვარ მე?“ ნ. ჯალაღონია ამბობს:
არ მოგწონვარ მე?
არ გიყვარვარ მე?
არ გინდივარ, მიხარია,
შენი ჭირიმე.
რად მიწყრები მე?
რად მიძულებ მე?
შენ ხარ თუ რამ მიხარია
შენი ჭირიმე
ეს არის ორიგინალური ლექსი?
გავეცნოთ მეგრული ხალხური ლექსის ,,არ გიყვარვარ
მე“-ს ბწკარედულ თარგმანს:
არ გიყვარვარ მე?
არ გინდივარ მე?
არ მოგწონვარ, მახარია,
შენი ჭირიმე!
მიწყრები მე?
გეჯავრები მე?
რატომ, შემოგევლე,
შენი ჭირიმე.
/იხ.
,,ქართული ხალხური პოეზიის მასალები,“ გამომცემლობა ,,მეცნიერება“
1971წ გვ4!/
კომენტარი, ვგონებ, ზედმეტია
ყოველივე
ამის შემდეგ უსაბუთო პრეტენზიად მეჩვენება, ,,ავტორის“ განცხადება:
,,ძველი
კოლხური ჰანგები“ იწერებოდა ზუსტად ისე, როგორც ანოტაციაშია აღნიშნული,
ვიყენებდი ხალხური ლექსის ფორმებს, მოტივებს. ზოგიერთ ლექსს მარტო ხალხური
ლექსის სათაური აქვს. ზოგჯერ ხალხური ლექსის ერთი სტრიქონიდან იწერებოდა
ორი თუ სამი დამოუკიდებელი ლექსი. ასეა მთელი კრებული შედგენილი-ო“.
ნუთუ შეიძლება ასე აშკარად გაბრიყვება მკითხველისა,
რომელმაც თავისი თვალით წაიკითხა ჩემს წერილში მოყვანილი მეგრული ტექსტები?
მე
ვამბობდი: ნ. ჯალაღონიას ,,არ გიყვარვარ მე“, „მწარეა“ და ,,სისა ტურა“
მეგრული ხალხური ლექსებია-მეთქი. თავის საპასუხო წერილში ჯალაღონია
ამის გამო კრინტს არ ძრავს. სამაგიეროდ მას მოჰყავს სხვა ლექსები ,,ჩარირამა“,
,,თუმც გზა გადამიკეტე“ და მეკითხება: ,,ნუთუ ჩემი ლექსი მეგრული ლექსის
თარგმანია?“
მე
სხვა ლექსების გამო ვედავები, ის კი ,,ჩარირამას“ მისახელებს. საოცარია!
ნ. ჯალაღონია
წერს:
,,ფ. ნადარაიას იმ 16 სტრიქონის გარდა შეიძლება
შევაშველო კიდევ 60 სტრიქონი. ამაზე მეტს რაც არ უნდა მოვინდომოთ, ვერც
მე ვიპოვი და ვერც ფ. ნადარაია.
ეს 80-მდე სტრიქონი სწორედ ის სტრიქონებია, რომლებიც სიტყვა-სიტყვით არა,
მაგრამ მაინც ემთხვევა ხალხური ლექსების სტრიქონებსო“.
კარგად
ჩაუკვირდი მკითხველო!
,,სიტყვა
- სიტყვით არა, მაგრამ მაინც ემთხვევა ხალხური ლექსების სტრიქონებს-ო.
ეს კი
სრული ჭეშმარიტებაა, ბატონო ნოდარ!
თქვენი
ლექსები სიტყვასიტყვით არ ემთხვევა ხალხური ლექსების სტრიქონებს, მაგრამ
რატომ არ ემთხვევა? იმიტომ, რომ ისინი ,,პოეტურად“ თარგმნილი ლექსებია
და არა ბწკარედები.
აი,
სად არის საიდუმლოება!
და
ის ,,პოეტურად“ თარგმნილი ლექსები, რომ მეგრული ფოლკლორიდან არის გადმოქართულებული,
ამის საილუსტრაციოდ დავასახელებ კიდევ ერთ მაგალითს:
,,ვარდი და ჭინჭარი
/ხალხური/
ვარდსა და ჭინჭარს
ერთად ქონიათ ბინა,
ორივე გასაზრდელი
ღვთისაგან გაჩენილია
თუ ვარდს კოცნა ხვდება
ჭინჭარსაც ეკუთვნის მიხედვა.
ვარდი და ჭინჭარი
/ჯალაღონიასეული/
ისიც შვილი არის მიწის,
გაზაფხულზე ჰყვავის ისიც
ისიც შვილი არის უფლის
ისიც უმზერს მზეს და მაისს,
ვარდს თუ კოცნით, არ ეკუთვნის
ჭინჭარს შემოხედვა მაინც
როგორც
ვხედავთ, აქ ზოგიერთი სტრიქონი სიტყვა - სიტყვით არ ემთხვევა ხალხური ლექსის
სტრიქონებს, მაგრამ ასეთი განსხვავება იძლევა იმის საფუძველს, რომ ეს ლექსი
ნ. ჯალაღონიას ორიგინალურ ნაწარმოებად მივიჩნიოთ?
ყოველივე
ამის შემდეგ მართლაც შეუძლებელი იყო არ გვეთქვა: „ნ. ჯალაღონიას“ ძველი
„კოლხური ჰანგები“ დიდადაა დავალებული მეგრული ხალხური პოეზიისაგან,
უფრო მეტიც, მათი აბსოლუტური უმრავლესობა მეგრული ხალხური ლექსების
თარგმანს წარმოადგენს. მაგრამ, „ავტორი“ ებღაუჭება ჩემს ნათქვამს აბსოლუტური
უმრავლესობის - შესახებ და საოცარი თავდაჯერებულობით მიპასუხებს:
,,აბსოლუტური უმრავლესობა ჩემეულია“-ო.
იცის,
მშვენივრად იცის ნ. ჯალაღონიამ, რომ ჩვენ არ შეგვიძლია ,,ძველი კოლხური
ჰანგების“ ყველა ლექსის შედარება, მეგრულ ტექსტებთან, ვინაიდან მეგრული
ფოლკლორის უდიდესი ნაწილი ჯერ კიდევ გამოუქვეყნებელია.
ამიტომ
იძულებული ვარ მეც დროებით დავეთანხმო მას და ვაღიარო, რომ ,,ძველი კოლხური
ჰანგების“აბსოლუტური უმრავლესობა ე.ი ნახევარზე მეტი ჯალაღონიასეულია,
მაგრამ ვისია დანარჩენი ლექსები? ამ კითხვაზეც ხომ უნდა მიპასუხოს ,,ავტორმა’?
ერთ საკითხსაც მინდა შევეხო.
,,მე
პირადად თანახმა ვარ ჩემი საკუთარი ლექსები, ის ზემო ნახსენები ათასამდე
სტრიქონი ხალხურ ლექსებად ჩაითვალოს“ - ამბობს ნ. ჯალაღონია და იქვე დასძენს:
- ,,მაგრამ სამწუხაროდ, ეს არც ჩემზეა დამოკიდებული და არც ფ. ნადარაიას
სურვილზე-ო“.
პატივცემულ
პოეტს უნდა მოვახსენო, რომ საკუთარი ნაცოდვილარის ხალხურად გამოცხადება
ისეთივე დანაშაულია, როგორც ხალხურის მითვისება. არავითარ შემთხვევაში
არ შეიძლება ფოლკლორულად გამოცხადდეს ის, რაც ნამდვილად ხალხს არ შეუქმნია
და კოლექტიურ შემოქმედებითს ქურაში არ გაუტარებია.
მე არ
მითქვამს, რომ ნ. ჯალაღონიას ,,ძველი კოლხური ჰანგები“ მთლიანად ხალხურ
ლექსებად უნდა გამოვაცხადოთ“- მეთქი. ჩემთვის უდავოა, რომ პოეტს ბევრი
ლექსი დაწერილი აქვს ზუსტად ისე, როგორც ანოტაციაშია მითითებული, გამოყენებული
აქვს ხალხური ლექსების მელოდიურობა, მოტივი, მაგრამ ასევე უდავოა ისიც,
რომ ციკლში ,,ძველი კოლხური ჰანგები“ მას შეტანილი აქვს ისეთი ლექსებიც,
რომლებიც პირდაპირ მეგრული პოეტური ფოლკლორიდან არის გადმოთარგმნილი.
ასეთებია: ,,სისა ტურა“, ,,ვარდი და ჭინჭარი“, ,,მწარეა“, ,,არ გიყვარვარ
მე“, ,,ვარდის აზრი“, ,,დიოვნანა“ და ამ ლექსებისათვის კრებულში უნდა არსებობდეს
ცალკე რუბრიკა ,,თარგმანები“.
ამით
მე, რა თქმა უნდა, შემეძლო ეს წერილი დამემთავრებინა, მაგრამ მკითხველისათვის,
ვფიქრობ, ინტერესს მოკლებული არ იქნება ორიოდე სიტყვით შევეხო იმ უმთავრეს
,,ბრალდებასაც’, რომელიც წამიყენა ნ. ჯალაღონიამ ,,მეგრულიდან თარგმნის“ გამო.
,,პატ.
ფ. ნადარაია ისე ხშირად და იოლად წერს
,,თარგმნილია მეგრულიდან“, უნდა ითარგმნოს ქართული ლექსით“, რომ არც
უფიქრდება ამით რა პრობლემას ეხება-ო“.
,,თარგმნილია
მეგრულიდან“ -რა არის აქ აღსაშფოთებელი?
ნ.
ჯალაღონიას აზრით, გამოთქმა ,,თარგმნილია მეგრულიდან“, ისეთ უმძიმეს
დანაშაულად უნდა ჩაითვალოს, როგორიც არის მაგალითად ,,ორღობის პატრიოტობა“,
-როგორ?!-იკითხავს
გაოცებული მკითხველი. რა არის ცუდი იმაში, რომ მეგრული ხალხური პოეზია
ითარგმნოს ქართული ლექსით და ცნობილი
გახდეს მეგრულის არ მცოდნე პირთათვისაც? განა ასეთი მოქმედება ,,ორღობის
პატრიოტობაა“?
ეტყობა
ჩემი ,,ოპონენტი“ ასეთ პიროვნებად მარტო მე არ მგულისხმობს, თორემ ასე დაწერდა:
ორღობის პატრიოტი ნადარაია და არა-„ ორღობის პატრიოტებიო“.
იგი წერს:
,,დრო
და დრო“ ორღობის პატრიოტები ,,შეგნებულად თუ შეუგნებლად ხელს წაუპოტინებენ
ამ ვაშლს, მათ არ იციან, რომ ის აკრძალული ვაშლია, რომლის ხელის ხლება და
ჭამა არ შეიძლება-ო“.
თუ
ნ. ჯალაღონია მართლა ფიქრობს, რომ მეგრული ხალხური ლექსების ქართულად
თარგმნა აკრძალულია, მაშინ საკითხავია, რა უფლებით გადმოაქართულა
სვანური ხალხური პოეზია დავით წერედიანმა? ასეთ პასუხს ხომ არ მივიღებთ
- არც დ. წერედიანს ჰქონდა ამის უფლებაო.
ძნელია,
ძალიან ძნელია ასეთი თვალსაზრისის გაზიარება, მაგრამ ვატყობ, ნ. ჯალაღონიას
დასარწმუნებლად ჩემი ავტორიტეტი საკმარისი არაა, ამიტომ აჯობებს მოვუსმინოთ
ამ საქმის ისეთ სპეციალისტს, როგორიც არის პროფესორი მიხეილ ჩიქოვანი“.
,,ქართული
ეროვნული ფოლკლორი ყველა ქართველური ტომის შემოქმედებითი პროცესის ნაყოფს წარმოადგენს,
ამდენად მოულოდნელი არ უნდა იყოს ამგვარი ნაბიჯი. ლაპარაკია ქართული
ხალხური პოეზიის მრავალტომეულში სვანური, მეგრული, ჭანური პოეტური
ტექსტების შეტანის თაობაზე - მრავალტომეულში
სვანურ მეგრულ ჭანური პოეტური ტექსტების მოთავსება ხელს შეუწყობს აღნიშნული
ტომების ფოლკლორული შემოქმედების პოპულარიზაციას და თანაც საშუალებას
მოგვცემს სრული სახით წარმოვადგინოთ
ის მხატვრული საუნჯე, რომელიც საუკუნეების განმავლობაში შეუქმნია
ქართველ ერს“. /იხ. ქართული ხალხური პოეზი’’ ტ 2 გამომცემლობა“ ,,მეცნიერება“
1973წ გვ 59 / პატივცემული მიხეილი იქვე შენიშნავს, რომ მრავალტომეულში
შესულ სვანურ - მეგრულ ჭანურ ტექსტებს თან ახლავს სიტყვა-სიტყვითი თარგმანები.
გამოდის,
რომ ,,მეგრულიდან თარგმნა“ ჩვენს ლიტერატურაში კარგა ხანია დამკვიდრებული
ყოფილა.
ახლა
კი მოვუსმინოთ პოეტ აკადემიკოს გრიგოლ აბაშიძეს:
,,სვანური
პოეტური ფოლკლორის ზღვა მასალიდან დ. წერედიანს სულ ოცი ლექსი შეურჩევია
და გადმოუღია ქართულად, მოკლე წინასიტყვაობაში მთარგმნელი სვანურ ხალხურ
პოეზიაზე თავის საინტერესო დაკვირვებებს გვიზიარებს და იმ პრინციპებს
გვაცნობს, რომლითაც თარგმანზე მუშაობისას უხელმძღვანელია /ლიტ. საქართველო“
2 აპრილი 1982 წ გვ 12/.
თუკი
შესაძლებელია ითქვას; ,,თარგმნილია სვანურიდან“, რატომ არ შეიძლება ვთქვათ
და ვწეროთ. თარგმნილია მეგრულიდან? არა მგონია პატ. ნ. ჯალაღონია ამ საკითხშიც
მართალი იყოს. ამიტომ წავიდეს და ჰკითხოს მან ენათმეცნიერებს, არსებობს თუ
არა სვანური ენა, მეგრული ენა და მაშინ გაიგებს უდავო სიმართლეს. არა და
აიღოს ცნობილი წიგნი- „ენათმეცნიერების
შესავლის საკითხები“, გამოცემული აკად. გ. ახვლედიანის რედაქციით
/თბილისი 1972/ გადაშალოს 315-ე გვერდი, სადაც
ქართველურ ენათა ჯგუფის დახასიათებაში ვკითხულობთ:
,,მეგრული
ენა - სამეგრელოში გავრცელებული უმწერლობო ენა - ორი დიალექტის /სენაკურისა
და ზუგდიდურ სამურზაყანულის / შემცველი“.
იქნებ აკად. გ.
ახვლედიანის შეხედულება მეგრული ენის შესახებ არად უნდა ჩავაგდოთ?
თუნდაც
ჯვარს მაცვან, ვერასოდეს დავიჯერებ, რომ აკად. გ. ახვლედიანი ნ. ჯალაღონიაზე
ნაკლები ავტორიტეტი იყოს ქართული ენის სფეროში.
მაშ ასე:
ციკლში
,,ძველი კოლხური ჰანგები“ ნ. ჯალაღონიას შეტანილი აქვს ისეთი ლექსებიც,
რომლებიც მეგრული პოეტური ფოლკლორიდან არის ზედმიწევნით გადმოთარგმნილი
და მათთვის კრებულში უნდა არსებობდეს ცალკე რუბრიკა ,,თარგმანები“. ზედმეტი
არ იქნებოდა იმის აღნიშვნაც, თუ საიდან ითარგმნა ესა თუ ის ლექსი - გამოქვეყნებული
ზეპირსიტყვიერების ნიმუშებიდან თუ ზეპირად გაგონილიდან, ვინაიდან
უამისოდ ძნელია დაზუსტება იმისა, თუ ვისია ,,ძველი კოლხური ჰანგების“
აბსოლუტური უმრავლესობა.
გასაგებია,
თუ კიდევ საჭიროა ამის განმარტება?
მკითხველს
ვთხოვ სწორად გამიგოს, ამ წერილით მხოლოდ მეგრული ხალხური ლექსების გამო
ვედავები ნოდარ ჯალაღონიას, თორემ სხვამხრივ მე არავისზე ნაკლებად არ
ვაფასებ მის შთამბეჭდავ, გულში ჩამწვდომ პოეზიას, რომლის გამო შევეცდები
მეც ვთქვა ჩემი სიტყვა ახლო მომავალში.
მაგრამ მანამდე კი კიდევ ერთხელ ვიტყვი:
დროა,
დიდი ხანია დროა, მეგრული ხალხური პოეზიის ნიმუშები ითარგმნოს ქართული
ლექსით, თორემ ზოგ-ზოგები ისე გაუთამამდნენ მას, რომ გაივლის საკმაო ხანი
და მამაღმერთიც ვერ გაარჩევს რა არის მასში ხალხური და რა ლიტერატურული.
მეგრული
ხალხური ლექსები თავიანთ კუთვნილ ადგილს უცდიან მსოფლიო ხალხური პოეზიის
საგანძურში.
მეგრული ენა უძველესი
ქართველური ენაა...
(პასუხად მურმან ლებანიძეს)
დიდად
პატივცემულო მურმან!
გაზეთ
,,ლიტერატურული საქართველოს“ მაისის ნომერში დაიბეჭდა თქვენი ოთხსტროფიანი
უსათაურო ლექსი, რომელმაც დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია, რადგან მისი გამოქვეყნება
ბევრმა საქართველოსთვის ზურგში ლახვრის ჩაცემად მიიჩნია. განსაკუთრებული
აღშფოთება გამოხატეს სამეგრელოს კუთხის წარმომადგენლებმა, რადგან თქვენს
ლექსში ძირითადად მეგრელები და მეგრული ენაა გალანძღული და დამცირებული.
ასე არ
არის?
აბა, კიდევ ერთხელ, ყურადღებით წავიკითხოთ ეს
თქვენი სტრიქონები:
ვით დედა
- მტკვართან ჭოროხს და ენგურს,
რიონს და ტეხურს, იორს და არაგვს,
აგრეთვე ენას, - ქართულთან მეგრულს, -
ხმა ამოიღოს უფლება არ აქვს...
თქვენ დუშმანს სიტყვა უქციეთ საქმედ,
თქვენ სხვა აღძარით თქვენს მარტივ გლეხში,
ვაი, სირცხვილო, რუსთველი თარგმნეთ, -
მიჯღარკ-მოჯღარკეთ ქართული ლექსი.
აღარ ვაგრძელებ ამაზე სიტყვას,-
ვართ ჩვენ ორი ძე ხომ ერთი დედის, -
საჭირო გახდა და ერთხელ ითქვა,
საჭიროება ნუმც გვექნეს მეტის!
ვით დედა-მტკვართან ჭოროხს და ენგურს,
რიონს და ტეხურს, იორს და არაგვს,
აგრეთვე ენას, - ქართულთან მეგრულს, -
ხმა ამოიღოს უფლება არ აქვს.
რა არის
ეს, ბატონო მურმან? პოეტ კაცს ეს რამ დაგაწერინათ? ვითომ რატომ არა აქვს
მეგრულს ხმის ამოღების უფლება? ან რას ერჩით სვანეთის მთებიდან მომდინარე
ბობოქარ ენგურს, ,,რომელიც“ სათავიდან შესართავამდე, ორივე სანაპიროთი
წმინდა ქართული მდინარეა“.
ჩვენი
ერის ღირსეული მამულიშვილის, მწერლისა და საზოგადო მოღვაწის, ბატონ
ლადო ალფენიძის აღმოჩენით, ენგური მსოფლიო ცივილიზაციაში განსაკუთრებულად
მოსახსენებელი მდინარეა, რომელსაც თალესის ფილოსოფიური წყლის - სამყაროს
პირველსაწყისის სახელი ჰქვია.
ასე
რომ, მეტაფორულად, ენგური,,ყველაზე ფილოსოფიური მდინარეა მთელ მსოფლიოში“.
ხოლო
რაც შეეხება ჩვენს დედა - მდინარე მტკვარს, ბატონო მურმან, ნუ დაგავიწყდებათ,
რომ იგი სათავეს იღებს იმ ისტორიულ მხარეში,
რომლის თავდაპირველი მოსახლენი კოლხები იყვნენ. მართალია, ის ტერიტორიები
ახლა თურქეთის შემადგენლობაშია და იქაური აბორიგენი მოსახლეობა თითქმის
აღარავის ახსოვს, მაგრამ მტკვარს არაფერი დავიწყებია, მან ყველაფერი იცის
კოლხას ტომის შესახებ, ამიტომ გთხოვთ უფრო კარგად მიუგდოთ ყური მის დუდუნს
და იქნებ მასში ძველკოლხური (ძველმეგრული) ჰანგებიც აღმოაჩინოთ.
მაგრამ
თქვენ ხომ მეგრულის გაგონებაც არ გსურთ.
მეგრული
ენის წინააღმდეგ ბრძოლაა გამოცხადებული, აბა, სხვა რა არის ამ სტრიქონებში:
...აგრეთვე ენას,-
ქართულთან მეგრულს, -
ხმა ამოიღოს უფლება არ აქვს.
კი მაგრამ,
რატომ, ბატონო მურმან? ვინ მოგცათ თქვენ მეგრული ენის აკრძალვის უფლება?
სამეგრელოში მეგრელმა კაცმა მეგრულად არ უნდა ილაპარაკოს? მეგრული ლექსი
არ უნდა დაწეროს? ,,ჩელა“, ,,სისატურა“, ,,კუჩხი ბედინერი“ ან ,,ოდოია’ არ იმღეროს? ან რატომ არ უნდა ითარგმნოს
მეგრული პოეზიის ნიმუშები ქართულად (და სხვა ენებზეც)? ამით ვითომ რა დაშავდება?
განა მეგრული ენაც ქართველური ენა არ არის? მერე რა, რომ ის უმწერლობო ენაა?
განა ამისთვის მას პატივისცემა არ სჭირდება? გაიხსენეთ დიდი ინგლისელი
ენათმეცნიერის მაქს მიულერის სიტყვები: ის უმწერლობო ენებიც, რომელთაც
არასოდეს შეუქმნიათ ლიტერატურული ნაწარმოები, ისევე მნიშვნელოვანია,
როგორც ჰომეროსის პოეზია, ანდა ციცერონის პროზა.
აქედან
გამომდინარე, ჩვენც, მაქს მიულერის სიტყვების პერიფრაზით თუ ვიტყვით,
შეგვიძლია თამამად განვაცხადოთ, რომ ენათმეცნიერული განხილვის თვალსაზრისით,
მეგრული ენაც ისევე მნიშვნელოვანია, როგორც რუსთაველის პოეზია ანდა
ცურტაველის პროზა.
მეგრული
ენა უძველესი ქართველური ენაა, რომლის მეშვეობით შეიძლება მრავალი
ახალი სიტყვა ითქვას მეცნიერებაში. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მარტო
ჩვენი ტოპონიმების შესასწავლად რად ღირს იგი.
სულ
მეგრული წარმოშობისაა აჭარაში, გურიაში, იმერეთში არსებული გეოგრაფიული
სახელები და მეგრული ენის გაუთვალისწინებლად ვერაფრით ვერ აისხნება
მათი ნამდვილი მნიშვნელობები. მაგალითად: სამტრედიის რაიონში არის
სოფელი დიდი ჯიხაიში (საიდანაც იყო ნიკო ნიკოლაძე), მაგრამ თუ მეგრულ
ენას არ ფლობ და არ იცი, რომ ,,ჯიხა“ არის ქართული ,,ციხე“ სიტყვის მეგრული
შესატყვისი, ვერასდროს ვერ გაიგებ, რომ ჯიხაიში ციხ-ის-ს ნიშნავს.
სამტრედიაში
არის აგრეთვე სოფელი ,,ქვაყუდე“, რომლის სახელიც მხოლოდ მეგრულით აიხსნება.
,,ყუდე“ არის სახლი, ქვაყუდე კი ნიშნავს ქვის სახლს.
გენიალური
ქართველი პოეტის, გალაკტიონის მშობლიური სოფლის სახელი ,,ჭყვიში“-ც,
რომელიც რიონის პირას მდებარეობს, მეგრულ სიტყვასთანაა დაკავშირებული
და ეს არცაა გასაკვირი, რადგან იმ ადგილებში ძველად მეგრელები ყოფილა
დასახლებული.
საქართველოს
ისტორიის მამის, დიდი ივანე ჯავახიშვილის მტკიცებით, ჩვენი ქვეყნის ის
ტერიტორიები, სადაც ეხლა იმერლები და გურულები ცხოვრობენ, წინათ მხოლოდ
მეგრულ - ლაზურ ტომებს ეკუთვნოდა, ივანე ჯავახიშვილს იქვე მოჰყავს რომაელი
მწერლისა და საზოგადო მოღვაწის პლინიუსის ცნობა იმის შესახებ, რომ რიონი
მეგრელების მიწაზე დიოდაო (იხ. ივ. ჯავახიშვილი, ,,ქართველი ერის ისტორია“,
1913 წ. გვ. 315).
პლინიუსის
ამ ცნობას ივანე ჯავახიშვილი ქართულ გეოგრაფიულ სახელებზე დაკვირვებითა
და მეგრული ენის დახმარებით ასაბუთებს, უფრო სარწმუნოს ხდის.
ასე
რომ, მეგრული ენის არსებობას, მის შესწავლას და დანიშნულებისამებრ გამოყენებას
უდიდესი მნიშვნელობა აქვს მეცნიერული თვალსაზრისითაც, რაც სამწუხაროდ
ბევრს არ ესმის და უნდა, რომ არც სხვას ესმოდეს. მაგალითად, თქვენ, ბატონო
მურმან, იმ თქვენს ,,ლექს-ვერდიქტში’ (ასე უწოდა მას ზაურ კალანდიამ) მომაკვდინებელი
განაჩენი გამოგაქვთ მეგრული ენისათვის და პროკურორისთვის დამახასიათებელი
კატეგორიული ტონით აცხადებთ: მეგრულს ქართულთან ხმის ამოღების უფლება
არა აქვსო.
და კიდევ:
თქვენ დუშმანს სიტყვა უქციეთ საქმედ,
თქვენ სხვა აღძარით თქვენს მარტივ გლეხში.
საინტერესოა,
რომელი სიტყვა უქცია სამეგრელომ დუშმანს საქმედ? თქვენ, ბატონო მურმან,
რა თქმა უნდა, გაქვთ უფლება გამოხატოთ თქვენი დამოკიდებულება ,,ვეფხისტყაოსნის“
მეგრული თარგმანის შესახებ, დაიწუნოთ ან მოიწონოთ ჟვანიას თუ შანავას
ნამუშევარი, მაგრამ როგორც პოეტს და როგორც ქართველ კაცს უფლება არ გაქვთ
ასე თქვათ მეგრული ენის შესახებ: ,,ხმა ამოიღოს უფლება არ აქვს“-ო. ან იმ
,,მარტივ გლეხში“ რას გულისხმობთ, ბატონო მურმან? ასე ქედმაღლურად რატომ
გადაჰყურებთ მეგრელ გლეხს? ნუთუ არ იცით, რომ ის ,,მარტივი გლეხები“ ხანდახან
ისეთ ლექსებსაც კი წერენ, რომ ,,არისტოკრატ“ ლებანიძეებსაც შეშურდებათ.
არ გჯერათ?
აი, ნახეთ:
ვარდი და ჭინჭარი
(მეგრული)
ვარდისუ დო ჭუჭელისუ
ართო ნოღვედესუ ბინა,
ჟირიხოლო მაფალუ რე,
ღორონთიში ენარჩქინა.
ვარდის ჯუდა ქოხვადუდა
ჭუჭელსით ხვად მიკოჯინა.
ბატონო
მურმან, თქვენ, ალბათ, არ იცით მეგრული ენა, ამიტომ ახლა მე შევეცდები თანამედროვე
სალიტერატურო ქართულით აგიმეტყველოთ ეს ლექსი. ვნახოთ, როგორ გამომივა. აბა, წაიკითხეთ:
ვარდი და ჭინჭარი
(ჩემეული)
ვარდს და ჭინჭარს რახანია
დაუდვიათ ერთად ბინა,
ერთიც ხარობს და მეორეც
ღმერთმა ასე გააჩინა.
ვარდს თუ ვკოცნით, ვეფერებით
და ვართ მისი ეშხით მთვრალი,
რა იქნება, ჭინჭარსაც რომ
გადავავლოთ ხშირად თვალი.
ბატონო
მურმან! დარწმუნებული ვარ, ყველა, ვინც კი გრძნობს რა არის პოეზია, დამეთანხმება,
რომ ასეთი მშვენიერი სტრიქონები არათუ ხალხურ მელექსეებთან, ცნობილ პოეტებთანაც
იშვიათია. აქ არის ჭეშმარიტი პოეზია
და ჭეშმარიტი ფილოსოფიაც. ამ ლექსს გოეთეც მოაწერდა ხელს (მე ამას მეგრულ
ტექსტზე ვამბობ და არა ჩემს თარგმანზე, რომელიც, რა თქმა უნდა, სიტყვასიტყვით
არ მისდევს დედანს).
ვინ იცის
კიდევ რამდენი მშვენიერი ლექსია მეგრულ ხალხურ პოეზიაში, ლექსები სამშობლოზე,
სიყვარულზე, წუთისოფელზე, სოციალურ უსამართლობაზე, რომლებიც მთელი
ოკეანეა ადამიანის აზროვნებისა. ბატონო მურმან, ხომ უნდა ითარგმნოს ისინი
ქართულად ( და სხვა ენებზეც)? მაგრამ ჩვენ, მეგრელებს, იმის შიშით, სეპარატისტობა
რომ არ დაგვწამონ, ეს ვერ გაგვიბედნია. და ამიტომაა, რომ მეგრული ხალხური
მარგალიტების მხატვრულ თარგმანებს დღემდე არ იცნობს ქართველი მკითხველი.
ჯერ
კიდევ კომუნისტობის დროს, 1987 წლის 12 ივნისს გაზეთ ,,ლიტერატურულ საქართველოში“
დაიბეჭდა ჩემი წერილი ,,ორიგინალური თუ ნათარგმნი“, სადაც, სხვა საკითხებთან
ერთად იმასაც ვწერდი, რომ დროა, დიდი ხანია დროა, მეგრული ხალხური პოეზიის
ნიმუშები ითარგმნოს ქართული ლექსით - მეთქი, მაგრამ კინაღამ ჯვარს მაცვეს:
,,ფ.
ნადარაია ისე ხშირად და იოლად წერს ,,თარგმნილია მეგრულიდან“, უნდა ითარგმნოს
ქართული ლექსით, რომ არც უფიქრდება ამით რა პრობლემას ეხება.. ეს ის აკრძალული
ვაშლია, რომლის ხელის ხლება და ჭამა არ შეიძლება“-ო.
არადა,
მე დღესაც არ მესმის რა არის ცუდი იმაში, რომ
მეგრული ხალხური პოეზია ითარგმნოს ქართული ლექსით და ცნობილი გახდეს
იგი მეგრულის არმცოდნე პირთათვისაც. ხომ გამოსცეს სვანური ხალხური ლექსებისა
და ეპოსების შესანიშნავი თარგმანები დ. წერედიანმა, ვ. ონიანმა და ვ.
საღლიანმა. ასევე უნდა ითარგმნოს მეგრული პოეზია. იგი ღირსია პროფესიონალი
მთარგმნელების ყურადღებისა.
მაგრამ
ზოგ ფსევდოქართველს მეგრული ლექსების თარგმნა და მათი წარმატება გაახარებს
კი არა, იმის აღიარებაც აშინებს თურმე, რომ იაკობ ცურტაველის მოთხრობის
მთავარი გმირი შუშანიკი ჭანი ყოფილა და ამ ფაქტს ხალხს უმალავს, რადგან
ურჩევნია ის ისევ სომხად დარჩეს, ვიდრე ჭანი, ლაზი ან მეგრელი იყოს.
ამას მათქმევინებს შემდეგი:
ამ
რამდენიმე წლის წინათ, მწერალმა ლადო ალფენიძემ გამოაქვეყნა მშვენიერი
სტატია ცურტაველის მოთხრობის მთავარი გმირის - შუშანიკის წინაპართა
ჭანური წარმომავლობის შესახებ, სადაც იგი მეცნიერულად ასაბუთებს, რომ
შუშანიკ მამიკონიანი ისტორიული წარმოშობით ქართველურ სამყაროს განეკუთვნება.
სტატიის ავტორს მოჰყავს იმ სომეხ ავტორთა აზრები, რომლებიც მამიკონიანებს
ლაზებად ანუ ჭანებად მიიჩნევენ. მაგალითად, სომეხი ლიტერატორის ნელი
ხაჩატურიანის სიტყვით: ,,არსებობს აზრი, რომ პირველი მამიკონიანები
იყვნენ ლაზები ანუ ჭანები“. იგივეს ამტკიცებს თურმე სომეხი ისტორიკოსი
მოვსეს ხორენაცი.
როგორც
ლადო ალფენიძის სტატიიდან ვგებულობთ, მამიკონიანთა ჭანური წარმოშობის
საკითხს იზიარებდა დიდი ქართველი მეცნიერი, აკად. ე. თაყაიშვილი, რომელიც
პარალელურად იმასაც ასკვნიდა თურმე, რომ ,,აზრი ბაგრატიონთა ჭან - ლაზური
წარმოშობის შესახებ სწორი უნდა იყოსო“.
ვარდან
და შუშანიკ მამიკონიანების წინაპრები რომ ჭანები ანუ ლაზები იყვნენ,
ეს სომხეთში 1500 წლის წინათაც კარგად სცოდნიათ, ხოლო ჩვენთან კი ამის გაგონება
ბევრს ახლაც არ სურს. რატომ?
ლადო
ალფენიძემ არა მარტო ზემოხსენებულ სტატიაში, არამედ თავის პოეტურ ნაწარმოებშიც
დასვა ეს კითხვა, რომელიც სერიოზულ პასუხს მოითხოვს:
საოცარია, რისთვის ისწავლა
მან ფარნაოზის ანი და ბანი,
რატომ აშინებს ზოგ ფსევდო ქართველს,
რომ შუშანიკი აღმოჩნდა ჭანი?!
შენ არ გაბედო ამის დაწერა, -
ბრიყვი გენიოსს აშინებს დანით.
ჩინელი იყოს, გინდა სომეხიც,
მაგრამ არ უნდა იყოს ის ჭანი.
ასეთ იდიოტს ჭანეთზე უფრო,
რომ შეაყვარა ჰაიასტანი?!
რატომ ვუმალავთ ხალხს - შუშანიკის
მამა - პაპა რომ აღმოჩნდა ჭანი?!
ხალხს
იმასაც არ ეუბნებიან, რომ ბაგრატიონებიც
ლაზები იყვნენ. მოვუსმინოთ ისევ ლადო ალფენიძეს:
ქართულ გონებას გაჩენის დღიდან
ღვთის და მაცილის ბეჭედი აზის,
საქართველოში ორმაც არ იცის
ბაგრატიონი რომ არის ლაზი.
ამ დინასტიის შემქმნელის ჯიღა
ეკუთვნის კოლხეთს, ტაოს და ფაზისს,
თაყაიშვილის წიგნშიც წერია
ბაგრატიონი რომ არის ლაზი.
ისტორიასაც გაჩენის დღიდან
ვატყობ მაცილის ბეჭედი აზის.
ამიტომ ერმა დღესაც არ იცის
ბაგრატიონი რომ არის ლაზი.
მართლაც,
რატომ ხდება ასე? რატომ არ წერენ სახელმძღვანელოებში და რატომ არ ეუბნებიან
მოსწავლეებს ,,შუშანიკის წამების“
სწავლებისას სკოლაში, რომ შუშანიკ მამიკონიანი და საერთოდ მამიკონიანები
თავდაპირველად ქართველები, კერძოდ ჭანები, ლაზები, ლაზეთის სამეფოს
დინასტიის წარმომადგენლები ყოფილან. მერე გადასულან სომხეთში (ლ. ალფანიძე)
ან ვინ და რატომ მალავს ბაგრატიონთა ლაზობას? ამას თქვენ იმიტომ გეკითხებით,
ბატონო მურმან, რომ ვიცი, ყოველივე ეს შეგნებულად კეთდება ჩვენი ცრუ-პატრიოტების
მიერ მხოლოდ იმ მოსაზრებით, რა მოსაზრებითაც დაიწერა ეს თქვენი ლექსი:
ვით დედა - მტკვართან ჭოროხს და ენგურს,
რიონს და ტეხურს, იორს და არაგვს,
აგრეთვე ენას, ქართულთან მეგრულს, -
ხმა ამოიღოს უფლება არ აქვს.
აღიარეთ,
რომ შეცდით, ბატონო მურმან! მეგრელებს უყვართ თქვენი პოეზია და ისინი ამას
გაპატიებენ. ცნობილია, რომ ასეთი შეცდომა სულხან - საბასაც მოუვიდა.
საქართველოს მამად წოდებულმა ჩვენმა საბამ, რომელმაც დიპლომატიური
მისიით მთელი ევროპა შემოიარა, აქ, საქართველოში მეგრელებთან დამოკიდებულებაში
ისეთი შეცდომა დაუშვა, არც ერთი წვრილფეხა
მეცნიერი თუ პოლიტიკოსი რომ არ იკადრებდა - ,,სიბრძნე სიცრუისას“ ავტორმა მეგრელებს
ავენოვანები უწოდა და თავის ლექსიკონში სიტყვა ,,ჟღურტულის“ განმარტებისას პირდაპირ ასე
ჩაწერა:
,,ჟღურტული
- მეგრელთაგან მრუდი ლაპარაკი...
ეს
არს მეგრელთა და მისთანათა ავენოვანთა ლაპარაკი“.
არადა
მეგრული ენა ხომ უძველესი ქართველური
ენაა, ამ ენაზე ლაპარაკობდა არგონავტების თქმულების ერთ - ერთი გმირი,
კოლხეთის მდიდარი და სახელგანთქმული მეფე აიეტი და მისი ქალიშვილი მედეა,
რომელთა სახელები დღეს მთელმა მსოფლიომ იცის. კოლხური (იგივე მეგრული)
დამწერლობის შესახებ ღაღადებდნენ ძველი ბერძენი პოეტები - ჰომეროსი
და აპ. როდოსელი, მსოფლიო ისტორიის მამა ჰეროდოტე და მრავალი სხვა.
და ეს ისტორიული ფაქტი არა მარტო მეგრელებს,
არამედ საქართველოს ყველა კუთხის შვილებს უნდა უხაროდეს, ახლა კი მინდა
ეს წერილი დავამთავრო ჩემივე ლექსით - ,,ცხელ კვალზე დაწერილი პასუხი
მურმან ლებანიძეს“:
სხვას ვის რა უნდა, შენ გიყვარს მტკვარი,
მე ვუმღერ ენგურს, ის კიდევ არაგვს...
მაგრამ, მურმანო, ჭეშმარიტ პოეტს
სხვა ენა სძულდეს უფლება არ აქვს.
მაოცებს შენს ტკბილ პოეზიაში
რად გაურიე ასეთი გესლი,
ვაი, სირხცვილო, ვის რად სჭირდება
ცრუეროვნული ეს შენი ლექსი.
შენ, სამწუხაროდ, არ იცნობ ენგურს
და უნებლიეთ სთეს შუღლის მარცვალს, -
ვინც ებრძვის ენებს - სვანურს და მეგრულს,
მურმანო, იგი ქართველ ერს ძარცვავს.
ვინც გადაგკიდა შენ ამ ბნელ საქმეს,
იმას გაუწყრეს მაღალი ზენა,
აბა, რა შენი დასაძრახია
აიეტის და მედეას ენა.
სხვას ვის რა უნდა, შენ გიყვარს მტკვარი,
მე ვუმღერ ენგურს, ის კიდევ არაგვს....
მაგრამ, მურმანო, ჭეშმარიტ პოეტს
სხვა ენა სძულდეს უფლება არ აქვს.
სამეგრელოს ბოდიში
უნა მოუხადონ
მართალია,
ამ საკითხის გარშემო მე რამდენიმე წლის წინათაც ვწერდი, მაგრამ დღეს, როცა
ძველ გაზეთებს ვათვალიერებდი, სრულიად შემთხვევით კიდევ ერთხელ ხელში
მომხვდა გაზეთ ,,ახალი ქუთაისის“ ის ნომერი, სადაც დაბეჭდილია ცნობილი
ჟურნალისტის გურამ ალექსანდრიას წერილი ,,უსაფუძვლო შიში“, რომელშიც ვკითხულობთ:
,,მეგრელებს ახსოვთ ,,დათა თუთაშხიას“
ავტორის ჭაბუა ამირეჯიბის მიერ გაკეთებული მოწოდება ,,გადავუაროთ
სამეგრელოს!“ პოეტ ჯანსულ ჩარკვიანის მუქარა: ,,თუ მეგრელები ჭკუით არ
იქნებით, სუყველას გაგწყვეტთ“ (იხ. გაზ. ,,ახალი ქუთაისი“ 1999 წ.12 მაისი).
მე
კიდევ ერთხელ გაოცებით ჩავყურებ 16 წლის წინათ დაბეჭდილ ამ გაზეთს და ვფიქრობ:
ჯანსულ ჩარკვიანის პოეზიის თაყვანისმცემელი არასოდეს ვყოფილვარ, მაგრამ
მიკვირს ,,დათა თუთაშხიას“ ავტორს რამ ათქმევინა ეს საშინელი ფრაზა:
,,გადავუაროთ სამეგრელოს“. ხოლო თუ არ უთქვამს, სიკვდილამდე რატომ ვერ
შეძლო ამ ინფორმაციის გაბათილება?
სამეგრელოს
ჯანსულ ჩარკვიანთან ერთად ბოდიში უნდა მოუხადოს პოეტმა რეზო ამაშუკელმაც,
რომელიც თურმე ,,შაყირით“ იხსენიებდა მეგრელებს ,,ლ“-ს რბილად გამოთქმის
გამო და მათ მაფშალიებს უწოდებდა დაცინვით (აპოლონ ჟორდანია). მახსოვს,
პოეტმა შუკო ჯიქიამ აღნიშნა, რეზო ამაშუკელს თავის ერთ-ერთ გამოსვლაში
ისიც კი უკადრებია შეფარვით, რომ რუსთაველზე მეგრელები მომრავლდნენ და
მათი ჟღურტული მეტისმეტად აუტანელიაო.
მე
თავიდანვე აღვნიშნე, რომ ჯანსულ ჩარკვიანის პოეზიის თაყვანისმცემელი
არასდროს ვყოფილვარ - მეთქი, მაგრამ ახლა უნებურად მახსენდება მისი ერთი
ლექსი:
ღმერთო, ძმობა არ გათელო
არ მოხვიდე რისხვად,
დაიფარე საქართველო
შინაური მტრისგან.
მართლაც,
ღმერთმა დაიფაროს საქართველო იმ შინაური თუ გარეშე მტრისგან, რომელიც
შეძლებს თქვას: ,,მეგრელებო გაგწყვეტთ“, ,,გადავუაროთ სამეგრელოს“, ,,მეგრული
ლაპარაკი აუტანელია“.
ვფიქრობ
ცამდე მართალია პოეტი ვახტანგ ხარჩილავა, რომელიც წერს: ,,ქართულ სინამდვილეში
ხანდახან იმპერიული აზროვნების გადმონაშთები შეინიშნება, რაც მეგრულ
ენასთან და, საერთოდ, სამეგრელოსთან მიმართებაში იჩენს თავს მახინჯი ცრუეროვნული
ფორმებით“.
ამიტომ
მე ვისურვებდი, რომ სანამ ჯერ კიდევ დროა, პოეტებმა ჯანსუღ ჩარკვიანმა
და რეზო ამაშუკელმა არა ისევ შურისძიებითა და მრისხანებით, არამედ ქართული
გონებისთვის დამახასიათებელი სიდინჯითა და შორსმჭვრეტელობით უარყონ
თავიანთი იმპერიული აზროვნების გადმონაშთები და სამეგრელოს ბოდიში
მოუხადონ.
მიხეილ ქვლივიძის
ერთი ლექსის გამო
ადრეც
არაერთხელ მითქვამს და ახლაც უყოყმანოდ ვიტყვი: მიხეილ ქვლივიძე კარგი
პოეტია.
მე
ახლაც ჩემს საწერ მაგიდაზე მიდევს მისი ლექსების წიგნი ,,შენთან ყოფნიდან
უშენობამდე“ და პროზაული კრებული ,,ლექსამდე და ლექსის შემდეგ“. ვიცნობ
მის მიერ შესრულებულ პოლონელი პოეტების ლექსთა თარგმანებს, ვარ მისი
პოეზიის გულშემატკივარი, მაგრამ...
მაგრამ,
სამწუხაროდ, ამ კარგ პოეტსაც ჰქონია ერთი ისეთი ცუდი ლექსი, რომლის წაკითხვამ
მე, როგორც მეგრელ კაცს, საკმაო ტკივილი განმაცდევინა.
და,
ალბათ, არა მარტო მე, არამედ მეგრული წარმოშობის არც ერთ ქართველს არ შეუძლია უმტკივნეულოდ წაიკითხოს მიხეილ ქვლივიძის
ეს სტრიქონები:
გაღმით აფხაზი ხარ,
მეგრელი გამოღმა,
კაცად არ ვარგიხართ არც ერთი...
ამ უკანასკნელ ხანს
შენს რუსულს რატომღაც
სომხური დაეტყო აქცენტი.
მართალია,
მიხეილ ქვლივიძის ამ ლექსს სათაურად აქვს ,,გააფხაზებულ მეგრელს“, მაგრამ
ეს ბევრ რამეს არ ცვლის. პირიქით, უხერხულობაში აგდებს მის ავტორს, რომელსაც
არ ვიცი რაში დასჭირდა ასეთი ლექს - პროვოკაციის გამოქვეყნება.
ამ
ლექსს სათაურად რომ ჰქონდეს ,,გააფხაზებულ ქართველს“ და ტექსტში სიტყვა
,,მეგრელი“ ,,ქართველით“ რომ იყოს შეცვლილი, სადავოც არაფერი იქნებოდა,
ხოლო სხვანაირად, მართლაც, არანაირი გამართლება არ მოეძებნება ამ სტრიქონებს:
გაღმით აფხაზი ხარ
მეგრელი გამოღმა,
კაცად არ ვარგიხართ არც ერთი.
მე
თუ მკითხავთ, ქართველმა კაცმა არც მეგრელებზე და არც აფხაზებზე არ უნდა თქვას
არასოდეს: ,,კაცად არ ვარგიხარ არც ერთი“-ო.
...ჩვენ
აფხაზებთან ისევ სიყვარულმა უნდა შეგვარიგოს, სიყვარულმა უნდა გაგვაერთიანოს,
რადგან
წუთისოფელი ასეა,
ღამე დღეს უთენებია,
რაც მტრობას დაუნგრევია,
სიყვარულს უშენებია.
ჩქიმი ჭიჭე სამარგალო
ამას წინათ,
ქუთაისიდან მარტვილში ავტობუსით მოვდიოდი. მძღოლი მაგნიტოფონს ამღერებდა.
მეგრული ჰანგები ჰქონდა ჩაწერილი. მათ შორის ,,ჩქიმი ჭიჭე სამარგალო“. არ ვიცი, რომელი გუნდი ასრულებდა, მაგრამ
ტექსტს დამახინჯებულად მღეროდნენ.
რა კი ეს სიმღერა - ,,ჩქიმი ჭიჭე სამარგალო“
- ჩემს ლექსზეა შექმნილი (რაც ბევრმა არც კი იცის). მინდა ყველამ, ვინც მას მღერის,
კიდევ ერთხელ ყურადღებით წაიკითხოს ეს სტრიქონები:
ირ ქიანა გიყორდასუ,
მარა რშუდას სი მიქ რდუნი,
ვეშგოჭყორდას დიდა ნანას
მუ ნინაშა გიბირდუნი.
ნანადიხაშ არძა კუნთხუს
საყოროფოთ გუნჯი გური,
მარა ვეშეჭყოლიდუა
სქანი ნინა მარგალური.
ფჩირთუქუდა მაპატიით
დო ქოფთქუანქ მართალს გვალო,
მა არძაშა ქომისხუნუ
ჩქიმი ჭიჭე სამარგალო.
მე ეს ლექსი, რომელზეც მშვენიერი მუსიკაა
შექმნილი, ჩემი მშობლიური კუთხისა და ენის სიყვარულმა დამაწერინა, ამიტომ
განსაკუთრებით მიყვარს იგი და არ მინდა მას ვინმე უდიერად მოეპყრას, თორემ
სხვამხრივ ყველა იმ მომღერლის მიმართ (ვინც მას მღერის), რასაკვირველია,
მადლობის მეტი არაფერი მეთქმის.
აკაკის ერთი სტატიის
გამო
1873 წელს ზუგდიდის მაზრაში ვიღაც თავადის შვილი ჩიჩუა მოუკლავთ
ავაზაკებს და ცოლ - შვილიც მძიმედ დაუჭრიათ, რასაც თურმე, მის უფროს შვილს
აბრალებდნენ. ამის გამო აკაკის დაუწერია სტატია ,,ავაზაკობა სამეგრელოში“,
რომელიც მის თხზულებათა სრულ კრებულშიც არის შეტანილი.
აკაკი
წერს: ,,აქ (ე.ი. სამეგრელოში) უმეტესი ნაწილი მამებთაგანი არა თუ არას აძლევენ შვილებს,
კიდევაც სდევნიან და თუ შვილი ადრე მოკვდა მამაზე, რასაკვირველია, ჩვეულებისამებრ
იტირებს და შავს ჩაიცვამს მამა, მაგრამ გულში კიდევაც უხარია, რომ ჩემს სიკვდილს
უცდიდა, მაგრამ ვერ მოესწრო და თავის გუნებაში ამბობს: ,,ჰე, მა გოხოლუქ
ჯგირი ბოში, ვორჯგინი, ვორჯგინი! ( მე გახლავართ კარგი ბიჭი, ვაჯობე, ვაჯობე!).
რა არის
მიზეზი ამგვარი მხეცური გრძნობისა და
დამოკიდებულებებისა მამა - შვილს შუა? კითხულობს აკაკი და იქვე
უპასუხებს: გაუნათლებლობა.
ამ
ნათქვამიდან აშკარაა, რომ, თუ ის, რასაც აკაკი ამბობს, მართალია, მაშინ მეგრელები მართლაც რომ
ველურები და გაუნათლებლები ყოფილან, მაგრამ თუ ტყუილია, არ ვიცი რა
ვთქვა გარდა იმისა, რომ ზოგჯერ დიდი ადამიანები დიდ შეცდომებსაც უშვებენ
ხოლმე. რისი დადასტურებაც გახლავთ აკაკის ზემოთ ხსენებული წერილი, რომლის
წაკითხვამ მართლაც დიდად გამაკვირვა. იქნებ პოეტი მართლა იცნობდა ვინმე
ისეთ მეგრელ კაცს, ვისაც შვილის სიკვდილი გაუხარდა (რაც ყოვლად დაუშვებელია),
მაგრამ მას აქედანაც კი ზოგადი დასკვნა არ უნდა გამოეტანა.
იმისთანა
შემთხვევა, რომ შვილს მამა ან მამას შვილი მოეკლას, არა მარტო სამეგრელოში,
არამედ საქართველოს ყველა კუთხეში (და ყველა ქვეყანაში) ყოფილა და იქნება
კიდეც. მაგრამ ეს მთელ კუთხეს ან მთელ ქვეყანას როდი შეეხება. მაგალითად,
რამდენიმე წლის წინათ თბილისში საზარელი ტრაგედია დატრიალდა, აკადემიკოსის
ოჯახში ერთმა ძმამ დედა მოკლა, მეორემ დედის მკვლელი ძმა ... მაგრამ ეს ამბავი
მთელ თბილისზე არავის განუზოგადებია და არავის უთქვამს თბილისში მშობლები,
შვილები და და - ძმები ერთმანეთს მოსაკლავად დასდევენო.
ასევე,
ვინმე ავაზაკ ჩიჩუას მიერ ჩადენილი დანაშაულის გამო არავის არ ჰქონდა
უფლება ეთქვა, რომ სამეგრელოში მამებს შვილების და შვილებს მამების სიკვდილი
უხარიათ და ამის მიზეზი გაუნათლებლობა არისო, რაც მთელი კუთხის შეურაცხყოფას
ნიშნავს.
მამა
- შვილს შორის ისეთი დამოკიდებულება, როგორსაც აღწერს აკაკი თავის სტატიაში
,,არ ახალია, ძველია“. და ეს სამარცხვინო მოვლენა ძალიან ხშირად გავრცელებული
იყო ისეთ „გაუნათლებულ“ ქვეყანაშიც, როგორიც არის, მაგალითად, საფრანგეთი.
ამასთან დაკავშირებით მინდა შეგახსენოთ თვალსაჩინო ფრანგი მწერლის ანდრე
მორუას სიტყვები მისი კრიტიკულ - ესეისტური წერილიდან ,,ფრანსუა მორიაკი:.
,,ფული თვით წმინდა ოჯახშიც სპობს ყოველივე წმინდა გრძნობას. ბავშვები
მოუთმენლად ელიან მემკვიდრეობას და ამიტომ ხარბად თვალს ადევნებენ მამის
ახალ ნაოჭებს სახეზე, გულის შეღონებას, ქოშინს. მამამ კი იცის, რომ ბავშვები
ერთთავად უთვალთვალებენ და ცდილობს თავის უღირს ნაშიერთ მოხერხებული
და კარგად მოფიქრებული ფანდების შემწეობით მემკვიდრეობა წაართვას“.
და აქ გასაკვირი არაფერია, რადგან ყველგან, ყველა ქვეყანაში ასე
იქცევიან ის ადამიანები, რომელთა სალოცავი კერპი მხოლოდ ფულია და რომელთაც
ყველასთან (თუნდაც საკუთარი ოჯახის წევრებთან) მიმართებაში მხოლოდ პირადი
სარგებლობა და გამორჩენის მიზანი ამოქმედებთ. ვინმეს მეგრელობა, ქართველობა
ან თუნდაც ფრანგობა აქ არაფერ შუაშია.
ასე
რომ, საქართველოს ბულბულად წოდებული და თითქმის ყველაფერში მართალი აკაკი,
ამ ერთ სტატიაში ნამდვილად შეცდა, ვინმე ჩიჩუას მიერ ჩადენილი დანაშაული
მთელ სამეგრელოზე რომ განაზოგადა და
თქვა: მეგრულ ოჯახებში მამებსა და შვილებს (გაუნათლებლობის გამო ) ჭირივით
სძულთ ერთმანეთიო. თუმცა, ჩემი აზრით, აკაკის ეს შეცდომა მეგრელთმოძულეობით რომ არ მოსვლია, ამას
ადასტურებს სხვა სტატიაში დაწერილი მისივე სიტყვები:
,,... რაც შეეხება ნათესაობას და მეგობრობას, განსაკუთრებით მეგობრობა
მეგრელებმა ძლიერ იციან ... და ამ თვისებით მეგრელები დღესაც სჯობიან
იმერ-
ლებს“-ო.
დიახ,
ეს სიტყვები აკაკის ეკუთვნის და მისი წაკითხვის შემდეგ იქნებ არც იყო საჭირო
თითქმის საუკუნენახევრის წინათ დაწერილი აკაკის ამ სტატიის ხელახლა
გახსენება, მაგრამ აკაკი ის ღვთაებრივი შემოქმედია, რომლის სიტყვას საუკუნეები ვერ გაახუნებს
და მის ნათქვამს ( თუნდაც შეცდომიანს) ამყოლი ყოველთვის ეყოლება, რამაც
შეიძლება მომავალში ზოგ ვინმეს სამეგრელოს შესახებ ისეთი გაუგონარი
ცილისწამებაც ათქმევინოს, რასაც თანამედროვე მეგრელთმოძულენიც არ
იკადრებენ. ჩვენც სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ აკაკის ის სტატია უპასუხოდ
არ დარჩენილიყო.
ერთი
შენიშვნა კიდევ:
აკაკის
მე -13 ტომში შეტანილია სტატია ,,უბრალო საუბარი“, სადაც ვკითხულობთ:
,,მართალია
მეგრული კილო ჩამორჩენილი ქართულია, მაგრამ მიუხედავად ამისა, სამაგიეროდ
იგივე მეგრული დღეს სალაროა ნამდვილი ქართული სიტყვიერებისა“.
ჯერ
ერთი, მეგრული არც კილოა და არც დიალექტი, როგორადაც მიიჩნევენ მას დღესაც
ზოგიერთები. მეგრული ენა თავად არის ორი დიალექტის ( სენაკურისა და ზუგდიდურ-სამურზაყანულის)
შემცველი და მეორეც, მეგრული არ არის ჩამორჩენილი ქართული. მეგრული ენის
ასეთი დახასიათებით აკაკიმ სერიოზული შეცდომა დაუშვა, ისევე როგორც
შეცდა იგი ადრე ვაჟა- ფშაველასთან, როცა ,,ხმელი წიფელისა“ და ,,შვლის ნუკრის
ნაამბობის’ ავტორს ენა დაუწუნა.
მეგრულ - ქართული
ლექსიკონის მეორე
გამოცემისათვის
გამომცემლობა ,,ინტელექტმა“ 1997 წელს გამოსცა
გივი ელიავას ,,მეგრულ - ქართული ლექსიკონი (მასალები)“.
როგორც ცნობილი გახდა, იგივე ,,ინტელექტი“ ამჟამად
აპირებს აღნიშნული ლექსიკონის ხელახლა გამოცემას.
მიუხედავად
იმისა, რომ ამ ბოლო წლებში გამოიცა ოთარ ქაჯაიასა და ალიო ქობალიას უფრო
სრულყოფილი ლექსიკონები, ვფიქრობთ, რომ გ. ელიავას ლექსიკონის ხელმეორედ
გამოცემა უთუოდ მნიშვნელოვანი საქმეა. ოღონდ, ჩემი აზრით, ამ ლექსიკონის
განმეორებით დაბეჭდვისას აუცილებლად უნდა გასწორდეს წინა გამოცემაში
დაშვებული უზუსტობანი. საილუსტრაციოდ მოვიყვანთ მხოლოდ რამდენიმე
მაგალითს. მაგალითად, გ. ელიავას ,,მეგრულ - ქართული ლექსიკონის“
1997 წლის გამოცემაში ბინეხი თარგმნილია,
როგორც (მცენარე) ვენახი, მაგრამ თანამედროვე სალიტერატურო ქართულით
იმ მცენარეს, რომელიც ყურძენს ისხამს, ვაზი ჰქვია, ვენახი კი მიწის ის ნაკვეთია,
რომელზედაც ვაზია გაშენებული (ვაზნარი, ვაზის ბაღი, ვენახი). მაგალითად,
როცა მეგრელი კაცი ამბობს: ,,მასარს მიკოკირილი ბინეხი“, ქართულად ეს
წინადადება უნდა ითარგმნოს როგორც ,,სარზე მიკრული ვაზი“ და არა ,,სარზე
მიკრული ვენახი“. ვნახოთ სხვა წინადადებაც: ,,ვაზს ხეხილივით ზეზე დგომა
არ შეუძლია“. აქაც ,,ვაზს“ ვერ შეცვლით ,,ვენახით“, რადგან თანამედროვე
ქართულში ვაზი და ვენახი სხვადასხვა მნიშვნელობის სიტყვებია.
მაგრამ
ლექსიკონის შედგენისას თუ ის ფაქტია გათვალისწინებული, რომ დასავლურ
დიალექტებში (როგორც ძველ ქართულში) ვენახი ერთ ძირზეც ითქმის და იმ ადგილზეც,
სადაც ვაზია გაშენებული, მაშინ აჯობებდა ლექსიკონში ორივე სიტყვისათვის
მიეცათ რეკომენდაცია და ბინეხი
ასე ეთარგმნათ:
ბინეხი (მცენარე) - ვაზი, ვენახი.
ინჭირი თარგმნილია, როგორც ანწლი,
მაგრამ ანწლადაა თარგმნილი ჯაფაზიაც. ჯაფაზია ანუ ჯაფეზია ჭიაფერაა
და არა ანწლი.
ქილორი
თარგმნილია, როგორც ქორი, მაგრამ ქილორი ქორი არ არის. ქორს მეგრულად ქირი
ჰქვია, ქილორი კი ხოხობია.
ჩიჩილაკი
ქართულადაც ჩიჩილაკია. ზედმეტია განმარტება: ,,საახალწლო ჩიჩილაკი“
(არასაახალწლო ჩიჩილაკი არ არსებობს).
პანტე
თარგმნილია, როგორც მსხალი, პანტა მსხალი. მაგრამ პანტა განა მარტო
მსხალია? ხომ არსებობს პანტა ვაშლიც?
ლექსიკონში
ასევე შეცდომითაა თარგმნილი სოტელია.
სოტელია ანუ სოტოლია წითელი ფხალია და არა ჭარხალი.
სურო
თარგმნილია უსურვაზად, მაგრამ უსურვაზი სურო არ არის. უსურვაზს მეგრულად
,,ჩიტიშ ყურძენი“ ჰქვია, სურო კი ქართული სიტყვაა და მეგრულად მას სურუს
ან ცურუს ეძახიან.
ბეჭედი
მეგრულადაც ბეჭედი როდია. ბეჭედს მეგრულად აქვს თავისი სახელი - მარწკინდი. მართალია ეს სიტყვა დღეს
იშვიათად იხმარება, მაგრამ ლექსიკონის გამოცემის მიზანი სწორედ ის
არის, რომ ასეთი მივიწყებული სიტყვები არ დაიკარგოს.
ერცქემი ნიამორია და არა შველი. შველს
მეგრულად სქვერი ჰქვია. გავიხსენოთ თუნდაც ხალხური ლექსი:
ტანი მშვენიერი გიღუ,
ერთი - მორთი სი სქვერიში,
ჭირი ქობღოლამუდასუ
სკანი სქვამი კისერიში.
ცნობილია,
რომ ყველა ხორცისმჭამელ დედალ ცხოველს ქართულად ძუ ჰქვია (მაგ: ძუ მგელი, ძუ ლომი, ძუ დათვი და ა. შ.), რომლის ექვივალენტი
სიტყვა მეგრულში არის ჯუა. აღნიშნულ
ლექსიკონში კი სიტყვა ,,ძუ“-ს გასწვრივ ვკითხულობთ: ძუ - ხვადი, ძუ ჯოღორი, ძუ ძაღლი. ძუ როგორ
შეიძლება იმავე დროს ხვადიც იყოს?
იგივე
ითქმის სიტყვა ქაბულა-ს შესახებ,
რომელიც ლექსიკონში თარგმნილია, როგორც უშობელი.
უშობელი
(მეგრულად: უხაფუ) მხოლოდ დედალი ხბოს (ერთ - ორ წლამდე საფურე დეკეულის) აღსანიშნავად
გამოიყენება. ქაბულა კი მოზვერია.
ასევე
არასწორადაა თარგმნილი სიტყვა ფუჯი,
რომელიც თარგმნილია, როგორც ფური და ნეზვი. ფური, კი ბატონო, მაგრამ ფუჯი
ნეზვი არ არის. ფუჯი მხოლოდ მსხვილფეხა დედალი საქონლის აღმნიშვნელი სიტყვაა
(მაგალითად: ფუჯი ჩხოუ, ფუჯი კამეჩი). ასევე, როგორც ქართულში არ შეიძლება
ითქვას ფური თხა, ან, ფური ღორი, მეგრელმა
კაცმა შეუძლებელია თქვას ,,ფუჯი თხა“ ან ,,ფუჯი ღეჯი“. ფუჯის ქართული შესატყვისი
მხოლოდ ფურია და არა ნეზვი. ნეზვ თხას მეგრულად ჭყვირი ჰქვია, ნეზვ ღორს კი
- ყორი.
ვერსი თარგმნილია, როგორც კილომეტრი.
მართალია, ვერსიც და კილომეტრიც ორივე სიგრძის საზომი ერთეულია, მაგრამ
ვერსი მეტია კილომეტრზე და მათი ერთმანეთთან გაიგივება სწორი არ არის
(ვერსი ქართულადაც ვერსია, რადგან სიგრძის ეს ზომა მეგრულშიც და ქართულშიც
ძველი რუსეთიდან არის შემოსული).
გორო (ქობალი) თარგმნილია, როგორც ფურნეში
გამომცხვარი (არალავაში) პური. არ ვიცი
რა საჭირო იყო ამსიგრძე ახსნა - განმარტება. მეგრულ - ქართული ლექსიკონი ხომ თარგმნითი
ლექსიკონია და არა განმარტებითი?
თარგმნით
ლექსიკონში შესული თითოეული სიტყვა კი უნდა ითარგმნოს მოკლედ და ლაკონურად,
მაგალითად, ასე: ბერგი - თოხი, ბორჯი
- დრო, ყილო - ვეფხვი, ჭითა - წითელი და ა. შ. ქართულ ენასაც აქვს გოროს აღმნიშვნელი
სიტყვა, რომელიც გამოხატავს ფურნეში გამომცხვარი პურის (ბუხანკა“-ს)
მნიშვნელობას. ქართულად ასეთ პურს გოგორა პურს ეძახიან.
ჰარამი თარგმნილია, როგორც არამი კაცი,
ბოროტი. კიდევ ვიმეორებ, თარგმნით ლექსიკონში ასეთი ზედმეტი განმარტებები
საჭირო არ არის, თუმცა ამ შემთხვევაში მოცემული განმარტებაც არასწორია.
ჰარამი ქართულად შურიანი-ა (ჰარამი კოჩი - შურიანი კაცი).
მაღაზა თარგმნილია, როგორც სასიმინდე.
აქ თითქოს სადავო არაფერია, მაღაზა მართლაც სასიმინდეა, მაგრამ ნუ დაგვავიწყდება,
რომ სასიმინდეს, რომელსაც მეგრულად აქვს თავისი სახელი მაღაზა, ქართულად
ნალია ეწოდება. ასე, რომ უკეთესი იქნებოდა ეს სიტყვები ლექსიკონში თავ
- თავის ადგილას ასე ყოფილიყო წარმოდგენილი:
ოსიმინდე
- სასიმინდე,
მაღაზა - ნალია.
იგივე
ითქმნის სიტყვა ,,ოსკი“-ს, ანუ, ,,ოსქუ“-ს შესახებ. აღნიშნულ ლექსიკონში
სიტყვა ოღეჯე თარგმნილია, როგორც საღორე, რაც უდავოდ სწორია, მაგრამ იქვე
,,ოსქუ“-ც საღორედაა თარგმნილი. კი ბატონო, ოსქუც, რა თქმა უნდა საღორეა,
მაგრამ საქმე ის არის, რომ საღორეს, როგორც მეგრულში ჰქვია ოსკი ან ოსქუ,
ასევე აქვს მას ქართულშიც თავისი სახელი - იშელი.
შვე
თარგმნილია, როგორც ბადე - ქონი. სწორია! მაგრამ დავიწყებულია ამ სიტყვის სხვა
მნიშვნელობა: ზვავი.
უსუსური ქართული სიტყვაა, მეგრულად
მისი შესატყვისია ფირსიკი.
ჭრელის
მეგრული შესატყვისებია: ტერტო, ღაჟურა, ჭარგა, ჭერჭო...
ტყარქოთომი,
რა თქმა უნდა, ტყის ქათამია, მაგრამ ამ
ტყის ქათამს მეგრულში აქვს თავისი სახელი - კვანთარი,
რომელიც ლექსიკონში საერთოდ არ არის შესული.
ვფიქრობ
მეტი მაგალითების მოხმობა საჭირო არ არის, რომ დავასკვნათ: გ. ელიავას
,,მეგრულ - ქართული ლექსიკონის“ ხელახლა გამოცემისათვის სერიოზული
სამუშაოებია ჩასატარებელი, რათა პირველ გამოცემაში დაშვებული შეცდომები
მეორეშიც არ განმეორდეს. ამიტომ, სანამ წიგნი დაიბეჭდება, გამომცემლობამ
იგი ყურადღებით უნდა წააკითხოს მეგრული ენის საკითხებზე მომუშავე რომელიმე
ფილოლოგს, ვინც შეძლებს შეიტანოს მასში ღირებული შესწორებანი.
ისევ მეგრული ენის
შესახებ
ყველამ,
ვინც მეგრელებზე და მეგრული ენის შესახებ რაიმეს თქმას დააპირებს, აუცილებლად
უნდა გაიხსენოს გრიგოლ რობაქიძის სიტყვები:
,,საქართველოს სიძლიერე სწორედ მის ტომთა
ცოცხალ თავისებურებაშია. მე იმის მომხრეც ვიქნებოდი, მწერლობა აყვავებულიყოს
მეგრულად.... ქართული მწერლობა ამით არას დაკარგავს რა - პირიქით, კიდევაც
მოიგებს. მეგრულში მრავალი სიტყვაა ზედგამოჭრილი და მრავალი თქმა მოხდენილი.
ეს შესაძლოა საზოგადოდ იქცეს ქართულისათვის, სვანურზედაც ესევ ითქმის“.
მე მჯერა ამ სიტყვების ჭეშმარიტებისა, მაგრამ
მარტო ჩემი დაჯერება არაფერია.
მეოცე საუკუნის ქართული ლიტერატურის
კლასიკოსი გრიგოლ რობაქიძე იმდენად დიდია, რომ მისთვის მურმან ლებანიძესაც
უნდა დაეჯერებინა და არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაეწერა მეგრული
ენის შესახებ ასეთი სტრიქონები:
ვით დედა მტკვართან ჭოროხს და ენგურს,
რიონს და ტეხურს, იორს და არაგვს,
აგრეთვე ენას ქართულთან - მეგრულს,
ხმა ამოიღოს უფლება არ აქვს.
მიკვირს, ნუთუ პოეტ მურმან ლებანიძეს მართლა
ის უნდოდა, რომ მეგრული ენა რაც შეიძლება მალე მომკვდარიყო, რომ ამ ენაზე
არავის ელაპარაკა და არავის არაფერი დაეწერა?
ნუთუ მან არ იცოდა, რომ ,,ლაზური, მეგრული
და სვანური შუქსა ჰფენს ჩვენი საერთო და საზოგადო ქართულის იმ პერიოდს,
როცა ჯერ კიდევ ჩვენი ერის ისტორია არც კი დაწყებულიყო“ (გრიგოლ ყიფშიძე).
აკაკი და ილია
,,კარგა
ხანია ჩვენს პრესაში აკაკის ხსენება თითქმის სრულებით აღარ შეგხვდებათ,
იგი ილიას დააჩრდილინეს, რასაც ილია, ცოცხალი, არავითარ შემთხვევაში
არ იკადრებდა, რადგან მე -19 საუკუნის ქართული მწერლობის ამ ორი გოლიათის
ერთმანეთისაგან დაშორება არათუ დიდი უსამართლობაა, დიდი სიბრიყვეცაა“.
- წერს მწერალი კიტა ბუაჩიძე და იქვე
განაგრძობს; ,,სხვათაშორის, ზოგმა მაღლამდგომმა ბრძენმა თავისი დამოკიდებულება
აკაკისადმი ახალ მოჭრილ ფულზეც გამოხატა; ათ ლარად აკაკი შეაფასეს, ოცად
- ილია, მაშინ, როცა ორივენი ერთად უნდა მდგარიყვნენ, როგორც ესაა თბილისის
პირველი გიმნაზიის წინ აღმართულ ძეგლზე“.
აკაკისა
და ილიასადმი დამოკიდებულება საქართველოს ახალ ფულზე მართლაც ასეა გამოხატული:
ათლარიანზე აკაკი ახატია, ოციანზე - ილია. მაგრამ განა ეს იმას ნიშნავს,
რომ აკაკი ილიაზე დაბლა დგას? რასაკვირველია არა!
დღესაც,
ისე როგორც მათ სიცოცხლეშივე ხდებოდა ხოლმე, ზოგი ილიას აყენებს აკაკიზე
მაღლა, ზოგი კი პირიქით და აქ საგანგაშო არაფერია, რადგან როგორც გრიგოლ
რობაქიძე ამბობს: ,,აკაკი და ილია ტყუპებია, რომლებიც დასცილდნენ ერთიმეორეს,
მაგრამ ,,ტოლები“ დარჩნენ მაინც. არჩევანი ხან ერთს ერგება, ხან მეორეს.
,,ტოლებში“ ეს ჩვეული ამბავია“.
მაგრამ
კიტა ბუაჩიძეც მართალია: საქართველოს ახალ ფულზე ილია და აკაკი ერთმანეთისგან
არ უნდა გაეთიშათ და ორივენი ერთად უნდა მდგარიყვნენ ისე, როგორც ესაა თბილისის
გიმნაზიის წინ აღმართულ ძეგლზე, საიდანაც აკაკი და ილია ერთად გასცქერიან
საქართველოს მომავალს.
ნამდვილად
ასე აჯობებდა.
კვლავ აკაკისა და ილიას
შესახებ
როგორც
ილია ზურაბიშვილის მოგონებიდან ვგებულობთ, აკაკის გაუმართლებელ გაზვიადებად
მიაჩნდა თურმე ილიას ,,განდეგილის“ დასაწყისი სტრიქონები:
სადაც დიდებულს მთასა მყინვარსა
ორბნი, არწივნი ვერ შეჰხებიან.
-სადაც
ორბი და არწივი ვერ მისწვდება, იქ მონასტერი ვერ გამოიქვაბებაო - უთქვამს აკაკის.
როდესაც ზურაბიშვილს შეუხსენებია, რომ ეს
პოეტური ჰიპერბოლააო, აკაკის უპასუხნია:
-ჰიპერბოლა
სინამდვილის გაზვიადებაა, გადაჭარბება, მაგრამ იქ, სადაც სინამდვილე
არ არის, იმის გადაჭარბებაც არ შეიძლებაო. ყოველ შემთხვევაში მე ასე არ
დავწერდიო.
რასაკვირველია, არ დაწერდაო, გვარწმუნებს
მოგონებების ავტორი, მაგრამ....
საქმე ის არის, რომ აკაკის ამ დროს უკვე დაწერილი
აქვს ,,თორნიკე ერისთავი“, სადაც ბეთლემის სურათი ასე აქვს დახატული:
ღრუბელზე მაღლა, ორბის საბუდარს,
არჩვებ - ჯიხვების მაღალ სამთავროს,
წმინდა მამებსა გამოუქვაბავთ
კლდეში სახლები ოდესმე ერთ დროს.
ისმის
ბუნებრივი კითხვა: - თუ აკაკის მიერ აღწერილი სურათი (ღრუბელზე მაღლა
წმინდა მამების სახლთა გამოქვაბვა) არ ეწინააღმდეგება რეალობას და ჰიპერბოლად
ჩაითვლება, საინტერესოა, ილიას ,,განდეგილის“ ზემოხსენებულ სტრიქონებს
რა ღმერთი გაუწყრა და რატომაა იგი დასაწუნი?
ორიდან
ერთია: ან აკაკი აქ ,,განდეგილის“ ავტორს მართლა უსაფუძვლოდ აკრიტიკებს
(რაც უეჭველად იმ ავ მეჭორეთა წისქვილზე ასხამს წყალს, რომლებიც იმთავითვე
,,ამტკიცებდნენ“, აკაკის ილია არ უყვარდა და მას ყოველთვის აქილიკებდა და
ჰქირდავდაო), ან ზურაბიშვილი აჭარბებს და თავის მოგონებებში ჩვენს ბუმბერაზ
მგოსანს ისეთ რამეს მიაწერს, რაც მას არასოდეს უთქვამს ილიას შესახებ.
ასეა თუ ისე, ერთი რამ უეჭველად ცხადია: ჰიპერბოლა
რომ პოეტური გაზვიადების ხერხია და მას ხატოვანების მიზნით მიმართავენ,
,,თორნიკე ერისთავისა“ და ,,განდეგილის“ ავტორებს არავისგან არ ესწავლებოდათ.
რუსთაველი თუ ნიცშე?
გერმანელ
მწერალსა და ფილოსოფოსს ფრიდრიხ ნიცშეს აქვს ასეთი გამონათქვამი:
,,ქალს
არ შეუძლია მეგობრობა, მხოლოდ სიყვარული იცის, რაც სიყვარულის იქითაა,
იმის მიმართ ქალი განურჩეველია“.
დიდი
ჰუმანისტი ქართველი პოეტი შოთა რუსთაველი კი სულ სხვანაირად ფიქრობდა
ქალებზე (გაიხსენეთ ნესტანის, თინათინის, ასმათისა და ფატმანის სახეები).
მისი აზრით, ქალი მორალურად და ინტელექტუალურად ისეთივე სრულყოფილი
ადამიანია, როგორც მამაკაცი და მას სიყვარულიც შეუძლია და მეგობრობაც.
რომელია
მართალი: რუსთაველი თუ ნიცშე?
ალბათ,
რუსთაველი, თუმცა არსებობს ასეთი მოსაზრებაც: ,,ისიც, რასაც ქალები მეგობრობით
გვიწყალობებენ ხოლმე, სიყვარულისგან არის ნაკარნახევი“.
მიკვირს, რატომ გამორჩათ
დღეს
წიგნის მაღაზიაში შევიძინე ელფის მიერ 2014 წელს გამოცემული ,,სიყვარულის
წიგნი“ (შემდგენელი თამთა გრიგოლია, რედაქტორი ხათუნა ნონიაშვილი),
სადაც აკაკი წერეთლის 8 ლექსია შეტანილი, ილიასი კი - 4.
უდავოა,
რომ აკაკის უფრო მეტი სატრფიალო ლექსი აქვს, ვიდრე ილიას. ალბათ, ამიტომ
იყო, რომ 1989 წელს გამოცემულ ,,სიყვარულის წიგნშიც“ (შემდგენლები: გივი
გეგეჭკორი, ემზარ კვიტაიშვილი, ტარიელ ჭანტურია) აკაკის 13 ლექსი იყო
შეტანილი, ილიასი კი - 6.
მე
არაფერი მაქვს სადავო ,,სიყვარულის წიგნის“ შემდგენლებთან, მაგრამ მიკვირს,
რომ ამ წიგნის, როგორც პირველ, ასევე მეორე გამოცემაში არ მოხვდა ილიას
ეს შედევრი:
მაშინ დავსტკბები სრულის სამოთხით,
როს, ვით მე გეტრფი, შენცა მეტრფოდე,
და ქალწულობის კრთომით, მორცხვობით
მე შენს სიყვარულს მეუბნებოდე.
მე დაგყურებდე ტრფიალებითა,
შენ ჩემს გულზედა თავი გესვენოს,
მწყუროდეს მაგრამ კრძალულებითა
მე შენთვის კოცნაც ვერ გამებედნოს.
ვიშ, მაგ შენს ნარნარს გულის ცემასა
ვით ლოცვის ძგერას, ლმობით ვისმენდე,
და ცოდვილ ფიქრთა ზედ მოსევასა
შენის სიწმინდით ვიგერიებდე.
21 წლის
ჭაბუკის ეს ლექსი უტოლდება პეტრარკას მიერ ლაურასადმი მიძღვნილ სონეტებსო,
წერს ამ ლექსის შესახებ აკაკი გაწერელია.
მეც ამიტომ დამწყდა გული, რომ ,,სიყვარულის წიგნის“
ვერც ერთ გამოცემაში ვერ ვიხილე იგი, რაც მომდევნო გამოცემის შემდგენლებმა აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ.
ვინ უფრო სცოდავს?
პუშკინის
,,ევგენი ონეგინში“ ტატიანა ერთგული რჩება თავისი ქმრისა, რომელიც არ
უყვარს და უარს ეუბნება იმას, ვინც ნამდვილად უყვარს. აი, როგორ მიმართავს
იგი ონეგინს:
,,ისე მიყვარხარ, რად ვიცბიერო,
მაგრამ დღეს უკვე მე ვეკუთვნი სხვას
და სიკვდილამდე ვუერთგულებ მას.“
გალაკტიონის
პოემაში კი (,,მწყემსი“) კოლხიდელი ქალი ელენე, რომელიც მამამ ერთ მდიდარ
ქალზე დააქორწინა, თავს უბედურად გრძნობს და, მიუხედავად იმისა, რომ შვილიც
ჰყავს, მიჯნურს უარს არ ეუბნება. აი, როგორ ფიქრობს ელენე:
,,ვინც მიყვარს იგი ჩემთან არ არის -
ფიქრობს ელენე - რაა განგება...
განშორებისა ნისლი დაგვხარის,
მაგრამ მე მაინც ის მეყვარება.
ჩემო ნუგეშო, როდესაც ქმარი
გადასცილდება მშობლიურ კარებს,
ჩემკენ ისწრაფე, გული ქვა არი,
მას, ვინც არ უყვარს, ვერ შეიყვარებს“.
როგორც
ვნახეთ, ტატიანა ერთგულია თავისი ქმრისა (რომელიც არ უყვარს) და უარს ეუბნება
ონეგიანს (რომელიც უყვარს) მხოლოდ იმიტომ, რომ თავის სიყვარულზე მაღლა
საზოგადოების აზრს აყენებს, ელენეს სიყვარულით სავსე გული კი არ ემონება
საზოგადოების კანონებს (ის უფრო სიყვარულის კანონებით მოქმედებს) და
იმისკენ მიისწრაფვის, ვინც უყვარს.
რას იტყვით, ვინ უფრო სცოდავს, ტატიანა
თუ ელენე?
სანამ
ამ კითხვას უპასუხებდეთ, მინდა შეგახსენოთ ცნობილი ფრანგი მწერალი ქალის
- ჟორჟ სანდის სიტყვები:
,,ცოდვა
ის კი არ არის, რომ გამოიცვალო საყვარელი და წახვიდე მასთან, ვინც გიყვარს,
არამედ ის, რომ ეკუთვნოდე მამაკაცს, რომელიც არ გიყვარს, თუნდაც ის ქმარი
იყოს“.
ფიქრები აკაკის ერთი
პოემის გამო
,,თამარ
ცბიერი“ აკაკის ერთ - ერთი დრამატული პოემაა, სადაც პოეტი უგალობს ქალის
მშვენიერებას, მის მომხიბვლელობას, სილამაზეს. უმღერს სიყვარულის გრძნობას,
როგორც ადამიანის გამაკეთილშობილებელ უებარ საშუალებას.
,,თამარ
ცბიერი“ სიყვარულის პოემაა. მასში დახატული თამარისა და გოჩას სიყვარული
მე უფრო ძლიერი და შთამაგონებელი მგონია, ვიდრე ,,გამზრდელში“ ჩაქსოვილი
მშვენიერი სურათი ბათუსა და ნაზიბროლას სიყვარულისა და ერთგულებისა.
ზოგიერთებს
მიაჩნიათ, რომ ამ პოემაში უარყოფითი ქალის სახე დაგვიხატა აკაკიმ, რომ
მისი თამარი, მართალია, ფიზიკურად მშვენიერია, მაგრამ სულიერად მახინჯია.
მაგალითად, პროკლე კეკელიძის აზრით, აკაკი წერეთელმა თამარის სახით
გვიჩვენა ,,მიწიერი, ვნებააშლილი, უზნეო, მრუში, მორალურად დაცემული
და გადაგვარებული ქალის სახე“. პატივცემული მკვლევარი ამას არ სჯერდება
და განაგრძობს: ,,ასეთი ქალების (იგულისხმება თამარი) შეყვარება შეუძლებელი და მიუღებელია,
როგორც სულიერი უშვერობა. იგი სიყვარულის ღირსი არ არის“ (იხ. პ. კეკელიძე ,,აკაკი წერეთელი’, თბილისი 1985. გვ
405).
დავუჯეროთ
მას?
ვისაც
აკაკის ზემოხსენენული ნაწარმოები წაუკითხავს, ეხსომება კიდეც, რომ
ავტორი სწორედ თამარის მისამართით ათქმევინებს გოჩას: ,,აი, სად ვხედავ
მე სათაყვანო მშვენიერებას“-ო.
ვინ
არის თამარი?
თამარი ზღაპრული სილამაზის ქალია, რის გამოც
ხშირად ყოფილა ქვეყნის ამბოხების მიზეზი. მეფეები, მთავრები, დიდებულები
ერთმანეთს ეჯახებიან მისი გულისთვის. ამგვარმა გარემოებამ აიძულა ის
მრავალჯერ დაქორწინებულიყო და ცოლად ჰყოლოდა ხან ბრძენ გენათელს, ხან
ლევან დადიანს, ხან ბაგრატ მეფეს და ბოლოს იმერეთის მეფეს გიორგი გურიელს...
მაგრამ თამარს, რომელსაც ლეჩაქის ყურზე ჰყავს გამობმული მეფეები და დიდებულები,
შეუყვარდება ვინმე ღარიბი მგოსანი გოჩა, რომელსაც არაფერი გააჩნია,
გარდა ოცნებისა. თამარი მზადაა უარყოს თავისი ბნელი წარსული და ამიერიდან
უმწიკვლო სიყვარულით დაუკავშირდეს გოჩას:
წარსული ჩემი თუ ბოროტია,
თუმც მე არა მაქვს განზრახვით ბრალი,
ამიერიდან შენ ხელთ იქნება
და აცისკროვნე შენ მომავალი.
გოჩას
არ სჯერა მისი სიტყვებისა. ამიტომ ხელს ჰკრავს და ეუბნება: მომშორდიო. მაგრამ
გაივლის ცოტა ხანი და თამარი სიკვდილით დაადასტურებს სიყვარულს მგოსნისადმი
და ამ უკანასკნელს სანანებლად გაუხდება თავისი დაუჯერებლობა.
თუ კი
მართლა ისეთი ზნედაცემული, მიწიერი და დაუნდობელია თამარი, როგორადაც
ახასიათებენ მას ზოგიერთები, მაშინ, საკითხავია რატომ არ გაიმეტა მან
სასიკვდილოდ გოჩა, რომელმაც დედოფალს ბევრი სალანძღავი სიტყვა აკადრა.
რატომ? იმიტომ რომ უყვარს. თამარი სიყვარულის ნოსტალგიით გულგასენილი
ქალია, რომელიც სიყვარულს ეძებს და სამართლიანად სვამს ასეთ კითხვას:
და თუ აქამდე ვერ
მიპოვნია
დანაშაულად
რისთვის მეთვლება?
თამარმა მხოლოდ გოჩაში იპოვა ის, რასაც
ეძებდა. იპოვა და სწორედ ამ სიყვარულის წყალობით იქცა იგი სიწმინდის, კეთილშობილების
განსახიერებად, რაც თვითმკვლელობით დაადასტურა. გოჩამაც მხოლოდ თამარში
იხილა სათაყვანო მშვენიერება და ამიტომ წამოიძახა: ,,რა დროს კვდება“-ო.
ახლა
კი სანამ რამე დასკვნას გავაკეთებდეთ, მოვუსმინოთ თვითონ აკაკის:
,,მაგდალინელიც
ერთ მოტრფიალეთაგანი იყო, სანამ არ მოვიდა ქვეყნად მაცხოვარი ახალი აღთქმით!
მოიტანა ზენა სიყვარული. მაგდალინელსაც რომ ესმა, დააგდო ძველი გზა,
შეუდგა ქრისტეს. და ეკლესიამ არა თუ მიუტევა მაგდალინელს ძველი ცოდვები,
წმინდანად შერაცხა. ახლა თქვენ, თუ არ შეუნდობთ შენანებულ თამარს წარსულს,
შეურაცხყოფთ თვით შემოქმედსაც, რომელმაც თამარში ჩასახა საოცნებო მშვენიერება, რაშიაც თვით თამარი უდანაშაულოა
და არ ეთანხმებით ეკლესიას, რომელმაც წმინდა ჰყო მაგდალინელი“.
განა
ამ სიტყვებით აკაკი იმას არ გვეუბნება, რომ თამარის სახით უზნეო, მრუში,
მორალურად დაცემული ქალი კი არ დამიხატავს, არამედ სიყვარულის მიერ
ამაღლებული მაგდალინელის სახე გიჩვენეთო?
ჩემი
აზრით, აკაკის პოზიტიურ ქალთა გალერეაში არანაკლები თვალსაჩინო ადგილი
ეკუთვნის თამარს, ვიდრე ნათელას, პირიმზისას, პირიმთვარისას, მელანოს
ან ნაზიბროლას. მართალია, ისინი უფრო
ნაკლებ ცოდვილნი არიან, ვიდრე თამარი, მაგრამ ნუ დაგვავიწყდება, რომ
,,ცათა შინა უფრო დიდი სიხარულია ერთი
ცოდვილის გამო, რომელმაც ცოდვები შეინანა, ვიდრე ოთხმოცდაცხრამეტი
მართლის გამო, რომლებსაც სინანული არ სჭირდებათ“.
,,თამარ
ცბიერი“ ისეთი ნაწარმოებია, რომლის გაგებისთვის საჭირო არაა მჩხრეკელობა,
არამედ მორწმუნე ყაიდის გონება.
,,დიდოსტატის მარჯვენის“
ერთი ადგილის
სწორად გაგებისთვის
კონსტანტინე
გამსახურდიას ,,დიდოსტატის მარჯვენაში“ დასმულია კითხვა: სვეტიცხოველი
თუ შორენა? მართლა რომელს ანიჭებს გადამწყვეტ უპირატესობას დიდოსტატი
- ხელოვნებას თუ ქალს?
ამ
კითხვაზე პასუხის გასაცემად მკითხველთა უმრავლესობა კმაყოფილდება
არსაკიძის სიკვდილისწინა ჩვენებით, როდესაც მას შორენას ხატება ეჩვენა
და სული სთხოვა პირმშვენიერმა ოსტატს. ავტორი გვეუბნება: ,,ცრემლებმა
იწვიმეს არსაკიძის თვალთაგან, ვერ მისცა სული უნეტარეს სატრფოს, რადგან
დიდი ხანია სვეტიცხოვლისათვის შეეწირნა იგი“.
ზოგიერთი
მკითხველი სწორად ვერ გებულობს ამ სტრიქონებს და ასეთ დასკვნას აკეთებს: სვეტიცხოველის
სიყვარულმა გადასწონაო შორენას სიყვარული,
არსაკიძე სიყვარულზე მაღლა ხელოვნებას აყენებსო, რაც, ასე არ არის.
მართალია
არსაკიძე ამბობს; ,,მე ჩემი ხელოვნება სიცოცხლეზე მეტად შემყვარებია,
ხელოვნებაა თავად უკვდავება“-ო, მაგრამ იმავე არსაკიძემ მშვენივრად იცის,
რომ სიყვარულიც უკვდავებაა. აი, რას ეუბნება იგი შორენას: ,,ყველაფერს
შენ შეგწირავ, შენ განაცვალებ, ჩემს გულის სისხლს, ჩემს სუნთქვას, ოღონდ ნუ
დამტოვებ მარტო“. იგი ამის შემსრულებელი იყო უეჭველად. რადგან, თუ ავტორს
დავუჯერებთ ,,სიყვარული ღმერთი ყოფილა და შორენა იყო მისი ღმერთი“.
დიახ,
არსაკიძეს სიცოცხლეზე მეტად უყვარს თავისი ხელოვნება, მაგრამ ნუ დაგვავიწყდება,
რომ ის ამავე დროს უბადლო მიჯნურიცაა. ამიტომ ეუბნება იგი შორენას:
,,შენმა
ბედნიერებამ თუ მოითხოვა, სვეტიცხოველსაც გავწირავდი ალბათ“.
სწორედ ეს ,,ალბათ“ ეცა გულზე ქალს.
არსაკიძეს,
რა თქმა უნდა, შეეძლო არ ეთქვა ეს ,,ალბათ“, მაგრამ სატრფოს არ აკადრა ტყუილი.
სიმართლე კი ის არის, რომ მას უჭირს რომელიმე მათგანისათვის უპირატესობის
მინიჭება.
ის,
როგორც ხელოვანი, არ თმობს სვეტიცხოველს, მაგრამ, როგორც მიჯნური არ გასწირავს
შორენასაც, რადგან სიყვარული ღმერთი ყოფილა და შორენა იყო მისი ღმერთი.
გავიხსენოთ
არსაკიძისა და შორენას გაქცევა მცხეთიდან, რომლის შესახებ მწერალი ამბობს:
,,ეს საღამო გამოარკვევდა, რომელი მათგანი გადასწონიდა - სვეტიცხოველი
თუ შორენა?“ არსაკიძე მზად იყო დაეტოვებინა სვეტიცხოველი და გაქცეულიყო
შორენასთან ერთად, მაგრამ მან კარგად იცოდა, რომ ეს გზა ისევე უიმედო იყო,
როგორც ყველა გზა შორენას წინაშე მდებარე. ავტორი გვარწმუნებს, გიორგი
მეფე არამც და არამც არ დათმობდაო შორენას - ვერსად გაექცეოდნენო მას. ე.
ი. გაიქცეოდა და დაკარგავდა, როგორც
სვეტიცხოველს, ისე შორენასაც.
დიდოსტატმა
მშვენივრად იცის, რომ სიყვარული ხელოვნებაზე ძლიერია, მაგრამ მისი ტრაგედია
ის არის, რომ ცხოვრობს ისეთ ტირანულ სახელმწიფოში, რომელშიც საერთოდ ადამიანები
და მათ შორის ხელოვანიც მოკლებულია
ცხოვრებით ტკბობის საშუალებას.
ტყუილად
ჰგონიათ ზოგიერთებს, რომ ამ რომანის მიზანი მხოლოდ არსაკიძის (ე.ი. ხელოვნების)
აპოლოგია იყოს. ამის შესახებ მოვუსმინოთ
თვითონ კონსტანტინე გამსახურდიას:
,,ჩემი
სურვილი და წადილი იყო მართალი სიტყვა მეთქვა განწირული ხელოვანის ბედზე
მეფე გიორგი პირველის ტირანულ სახელმწიფოში, ლეგენდას რომ მივყოლოდი,
მაშინ არსაკიძისა და გიორგი პირველის ქებანი და აპოლოგია უნდა დამეწერაო“.
მწერლის
ამ სიტყვებიდანაც ხომ აშკარად ჩანს, რომ ,,დიდოსტატის მარჯვენაში’ კონსტანტინე
გამსახურდიამ არსაკიძისა და გიორგი მეფის აპოლოგია კი არ დაგვიწერა,
არამედ ამ რომანით შექმნა მხატვრული ხატი განწირული ხელოვანისა გიორგი
პირველის ტირანულ სახელმწიფოში.
დიახ,
არსაკიძე ტირანული სახელმწიფოს მსხვერპლი ხელოვანია და არა ხელოვნებას
შეწირული ადამიანი.
ავტორის
სიტყვები: ,,ვერ მისცა მას სული, რამეთუ სვეტიცხოვლისათვის შეეწირნა
იგი“, იმას კი არ ნიშნავს, რომ არსაკიძეს შორენაზე მეტად სვეტიცხოველი
უყვარდა, რომ იგი სიყვარულზე მაღლა ხელოვნებას აყენებდა, არამედ არსაკიძეს
აწუხებდა სინანული იმისა, რომ ხელოვნების დარად სიყვარულს ვერ ემსახურა.
სწორედ ამიტომაც იწვიმეს ცრემლებმა მის თვალთაგან.
თვითონ
კონსტანტინე გამსახურდიას არაერთხელ უთქვამს: ,,მე დიდ აღმაფრენას მგვრის
ბუნების ყველაზე უმშვენიერესი ქმნილება ადამიანი, მამრიცა და მდედრიც.
უნდა გამოვტყდე, გრძნეულ ხელოვანთა მარმარილოსაგან ნაქანდაკარ და სახელგანთქმულ
ფერწერის ოსტატთა კალმით ნახატ ულამაზეს, უკვდავ არსებებს, მე უბრალო
მოკვდავი ტურფა ასულნი მერჩივნა და ახლაც
იმათ ვამჯობინებო“. ამ სიტყვების ავტორს ცხადია არ შეეძლო მხოლოდ
ხელოვნების კულტი ექადაგა.
მწერლის
სიტყვები: ,,ხელოვნებაა თავად უკვდავება“,
ისე არ უნდა გავიგოთ, რომ მხოლოდ ხელოვნებამ იცის ადამიანთა თავდავიწყებამდე
გატაცება და სიყვარულმა არა. კონსტანტინე გამსახურდიამ ჩვენზე უკეთესად
იცოდა, რომ დიდი ოსტატი უნდა იყოს დიდი მიჯნურიც, რადგან თევზივით ცივსისხლიანებს
ჯერაც არაფერი შეუქმნიათ ამქვეყნად. დიახ, კონსტანტინე გამსახურდიამ ჩვენზე
უკეთესად იცოდა, რომ სიყვარული საერთოდ და კერძოდ ქალისადმი ყოველთვის
იყო ამოსავალი წერტილი ხელოვნებაშიც. შორს რომ არ წავიდეთ, განა თამარის
სიყვარულმა არ შეაქმნევინა რუსთაველს ,,ვეფხისტყაოსანი“? სიყვარულსა
და ხელოვნებას ხომ თანაბარი წვლილი მიუძღვის მის გაუკვდავებაში.
ხელოვნება უკვდავებაა.
უკვდავებაა სიყვარულიც.
უსარგებლოა სიყვარულს მოკლებული ხელოვნება,
ანუ როგორც ჩვენი სათაყვანებელი გალაკტიონი იტყოდა ხოლმე: ,,თვით უკვდავებაც
არ არსებობს უსიყვარულოდ“.
შექსპირის 66-ე სონეტის
ქართული
თარგმანები
გამომცემლობა
ინტელექტმა გამოსცა უილიამ შექსპირის 66-ე სონეტის თერთმეტი ქართული
თარგმანი (რედაქტორი პაატა ჩხეიძე).
როგორც
წიგნის ანოტაცია გვაუწყებს, შექსპირის სონეტებიდან საქართველოში ყველაზე
გავრცელებულია სამოცდამეექვსე სონეტი, რომლის შინაარსი საქართველოში
ოდინდელ და დღესაც არსებულ ვითარებას ეხმაურება.
ახლა
გთავაზობთ აღნიშნული სონეტის კიდევ სამ თარგმანს, რომელიც ზემოთ აღნიშნულ
წიგნში არ არის შეტანილი:
***
აწ, სანუგეშოდ სიკვდილს ვუძახი,
რადგან ღირსება დაკნინებულა,
და გაქელილა საქმე უძრახი
და სასოება შეგინებულა,
და ფუჭ დიდებას უკმევენ გუნდრუკს
და ტრფობის ცეცხლი დანაცრებულა
და ქმნა მართლისა ემსგავსის ფუნდრუკს,
და სულმდაბალიც გამკაცრებულა,
და ბრიყვთ მორჩილებს ცოდნის ტაძარი,
და მეცნიერობს ტაკიმასხარა
და გრძნობას არ აქვს თავშესაფარი
და უვიცობის მსხვერპლი გამხდარა,
ამ გრძნობამ გული სევდით დაღარა,
სატრფოვ შენ გიხმობ, სიკვდილს აღარა.
თარგმნა მურმან კიკვაძემ.
***
ვეძახი სიკვდილს, რომ გავექცე სიმრუდეს სოფლის,
სადაც უღირსებს ღირსეულნი დამონებიან,
სადაც დიდკაცად მიიჩნევენ გლახაკად შობილს,
სადაც ღვთის საქმე თითქმის ყველას დავიწყებია.
სადაც ოქროში დაცურავენ ნაძირალები,
სადაც ღირსებად შერაცხულა ბიწიერება,
სადაც სამართალს დაუხუჭავს განგებ თვალები,
სადაც ზეციურ პატივშია მიწიერება.
სადაც ჭეშმარიტ ხელოვნებას აგდებენ არად,
სადაც სიმართლის გასაღები ცრუს აბარია,
სადაც უსმენენ ფსევდო - აქიმს დასტაქრის დარად,
სადაც სიკეთე ბოროტების პატიმარია.
სიკვდილს ვეძახი, სამუდამოდ მსურს მოსვენება,
მაგრამ ჩემს სატრფოს აქ უჩემოდ რა ეშველება.
თარგმნა ფაუსტ ნადარაიამ
***
ასე დაღლილი ამ ყველაფრით სიკვდილსღა ვუხმობ,
რადგან ღირსება დაგლახავდა ახლა სრულიად,
რადგან არარას ტანს უმშვენებს სამოსი უცხო,
რადგან რწმენა და სასოება შენიღბულია.
რადგან უღირსთა განდიდება ხალხმა ინება,
რადგან უხეშად გათელილა ქალწულთა კდემა,
რადგან სიმართლის დაცვა ვერვის ხელეწიფება,
რადგან დიდება შერისხული უმწეოდ კვდება.
რადგან აჩლუნგებს ხელოვნებას ბრძანება მკაცრი,
რადგან უვიცი მიიჩნევა სწავლულად მხოლოდ,
რადგან სიმართლეს დღეს ამ ქვეყნად ვერ იცნობს კაცი,
რადგან სიკეთეს ბოროტებამ მოუღო ბოლო.
ასე დაღლილი ამ ყველაფრით, არყოფნას ვნატრობ,
მაგრამ არ მინდა სიყვარული დავტოვო მარტო.
თარგმნა
გიორგი ხულორდავამ
ეტყობა,
წიგნის შემდგენლები არ იცნობდნენ ამ თარგმანებს, რომლებსაც, იმედია, შემდგომი
გამოცემისთვის გაითვალისწინებენ.
აქ სხვა რა უნდა ენახა
ალბათ
ყველას ახსოვს ილიას ნათქვამი: ,,სამეგრელოში მოვედი და საქართველო ვნახე“-ო,
რომელიც თავიდანვე დიდი აღფრთოვანებით მიიღო მთელმა საქართველომ. დღესაც
თითქმის ყველა გაზეთში, სადაც კი სამეგრელოს შესახებ დაიწერება რამე,
ილიას ეს ფრაზაა წინა პლანზე წამოწეული. ერთადერთი კაცი, რომელმაც კრიტიკულად
შეხედა ილიას ამ ნათქვამს, სერგი დანელია იყო. ,,ილიას რატომ უნდა გაკვირვებოდა
სამეგრელოში საქართველო რომ იხილაო“, უთქვამს სახელგანთქმულ მეცნიერს
და მეც სწორედ მისმა სიტყვებმა შთამაგონა, ამ რამდენიმე წლის წინათ, დამეწერა
ეს ლექსი:
აქ სხვა რა უნდა ენახა
(სერგი დანელიას რეპლიკა ილიას ნათქვამზე)
სამეგრელოში მოვედი
და საქართველო ვნახე,
თქვა აქ ილიამ და ყველას
გაბრწყინებია სახე.
მაშინ თუ არვინ იკითხა,
მინდა ვიკითხო ახლა:
რად გაუკვირდა სამეგრელოში
მას საქართველოს ნახვა?
მან არ იცოდა, სად მოდიოდა?
(ამ ფიქრს შემინდობს ღმერთი),
აქ სხვა რა უნდა ენახა
საქართველოზე მეტი?!
როცა
ეს ლექსი ერთ ჩემს მეგობარს წავუკითხე, მითხრა, არ გაბედო და სადმე არ დაბეჭდო,
თორემ, იცოდე, მკრეხელობად ჩაგითვლიანო.
მე
ამ ლექსის დასაწერად, როგორც ზემოთ გითხარით, სახელგანთქმულმა მეცნიერმა,
,,ანტიკური ფილოსოფიის ნარკვევების“ ავტორმა, დიდმა სერგი დანელიამ
მიბიძგა.
მკრეხელობად
კი იმან ჩამითვალოს, ვინც სერგი დანელიაზე უფრო დიდი მამულიშვილია.
P.S. მკითხველი, ალბათ, გრძნობს, რომ ამ რეპლიკაში
პასუხი ბოლომდე არ არის გაცემული კითხვაზე, თუ რატომ გაუკვირდა ილიას
სამეგრელოში საქართველოს ნახვა (ამაზე სხვა დროს). ახლა კი მხოლოდ ერთ რამეს
ვიკითხავ: საინტერესოა, გაუკვირდებოდა თუ არა ილიას ქართლში ან თუნდაც
კახეთში საქართველოს ნახვა? თუ არა, რატომ?
,,მიპარვით მოკალ
სასიძო“
გაზეთ
,,ქუთაისის“ 1990 წლის 6 სექტემბრის ნომერში დაიბეჭდა ბატონ კარლო ჯაშის
წერილი - ,,მარტო წვრთნა რას უზამს“.
ავტორი
ეხმაურება ამავე გაზეთში გამოქვეყნებულ შალვა ჩხეიძის წერილს - ,,დიდი
დიდაქტიკოსი“.
სიამოვნებით
აღვნიშნავ, რომ შ.ჩხეიძე და კ.ჯაში მეტად საინტერესო და საგულისხმო მოსაზრებებს
გვთავაზობენ. მაგრამ შეუძლებელია აქვე არ აღვნიშნოთ ისიც, რომ ორივენი
ცდებიან, როცა რუსთველოლოგიურ საკითხებს ეხებიან და უსაფუძვლო ბრალდებებს
უყენებენ ,,ვეფხისტყაოსნის“ პერსონაჟებს - ნესტანსა და ტარიელს.
გაზეთი
,,ქუთაისი“ მოგეხსენებათ, დიდი ტირაჟით გამოდის. მას მთელი საქართველო
კითხულობს, მეც ამიტომ გადავწყვიტე აღნიშნულ წერილების შესახებ გამოვთქვა
ჩემი მოსაზრება.
ბატონი
კარლო ჯაში წერს:
,,შ-ჩხეიძის
ბრალდება ნესტანდარეჯანისადმი, რომ მან თითქოს ტარიელს დაავალა მიპარვით
მოეკლა ,,სასიძო“ (საქმრო), ხვარაზმშაჰის ძე, რითაც დიდი დანაშაული ჩაიდინა,
სიყალბეს წარმოადგენს. ასეთი რამ ,,ვეფხისტყაოსანში“ არ წერიაო“ - ო.
,,ვეფხისტყაოსანში“
კი, აი, რას ეუბნება ნესტანი ტარიელს:
რა მოვიდეს, სიძე მოკალ
მისთა სპათა
აუწყვედლად
ე.ი.
როგორც კი მოვა, სიძე მოკალი მისი ჯარის დაუხოცავადო. აქედან ხომ ნათლად
ჩანს, სასიძოს მოკვლა ნესტანმა რომ დაავალა ტარიელს?! ბატონი კ. ჯაში
კი საოცარი თავდაჯერებულობით აცხადებს:
,,ასეთი რამ ,,ვეფხისტყაოსანში არ წერია“-ო. სასიძოს მოკვლა ტარიელის
ტაქტიკური გადაწყვეტაა და არა ვისმე დავალებაო.
იქნებ
მითხრან: ნესტანმა სასიძოს მოკვლა კი დაავალა ტარიელს, მაგრამ ის არ უთქვამს,
მიპარვით მოკალიო.
რა გაეწყობა,
ამის გასარკვევადაც აჯობებს ისევ ,,ვეფხისტყაოსანში“ ჩავიხედოთ. იქ ნესტანი
ასე მიმართავს ტარიელს:
ასრე ჰქმენ ჩემო ლომო და
მჯობო ყოველთა გმირთაო,
მიპარვით მოკალ სასიძო
ლაშქართა ნუ მოირთაო.
როგორც
ვიცით, ტარიელმა უყოყმანოდ შეასრულა მიჯნურის ეს დავალება, მაგრამ სამწუხაროა,
რომ შ. ჩხეიძე და კ. ჯაში დიდ დანაშაულად უთვლიან მას სასიძოს მიპარვით
მოკვლას. მათი აზრით, ალბათ, ტარიელს ომი უნდა გამოეცხადებინა ხვარაზმელებისათვის
და სასიძო არ შემოუშვა, მაგრამ ნესტანმა მშვენივრად იცის, რომ ასეთ მოქმედებას
უფრო დიდი უბედურება მოჰყვება:
თუ სასიძო არ მოუშვა
ვა, თუ მეფე გაგიმწარდეს,
შენ და იგი წაიკიდნეთ
ინდოეთი გარდაქარდეს.
ყველაფერი
ნათელია: სასიძო რომ არ შემოუშვან, ადვილი შესაძლებელია, მეფე განრისხდეს,
ტარიელს წაეკიდოს, შინაომი ატყდეს და ინდოეთი დაიღუპოს.
მაშ
რა ქნან? შემოუშვან სასიძო?
ნესტანის
აზრით, ეს სათქმელადაც არ შეიძლება, რადგან მათ სამშობლოში უცხოელები
გაბატონდებიან: ,,ესე ამბად არ ეგების, რომე სპარსნი გაგვიხასდენ“.
სხვა
გამოსავალი არ იყო და ნესტანმაც მიიღო ერთადერთი ბრძნული გადაწყვეტილება
და ტარიელს დაავალა, როგორც კი ხვარაზმელები მოვლენ და მინდვრად დაბანაკდებიან,
მიდი და სასიძო მიპარვით მოკალიო.
რატომ
ურჩევს ნესტანი ტარიელს სასიძოს მოკვლას მაინცდამაინც მიპარვით, მალულად?
იმიტომ,
რომ არ უნდა უდანაშაულო ადამიანების სისხლი აჰკიდოს მიჯნურს.
ტარიელმა
მოიწონა ეს რჩევა და მთელი ხვარაზმელების ამოწყვეტას ერთი კაცის მოკვლა
არჩია, რითაც უბრალო სისხლს განერიდა. ამით მან დანაშაული კი არ ჩაიდინა,
არამედ ქნა ,,სამართალი მართალი“.
ისიც
ნუ დაგვავიწყდება, რომ ტარიელს, როდესაც სასიძოს კლავდა, პირად მიჯნურობასთან
ერთად, სამშობლოს სიყვარულიც ამოძრავებდა, არ უნდოდა თავისი სამშობლოს
ტახტზე ვიღაც უცხოტომელი დამჯდარიყო, რადგან თვითონ იყო პატრონი ინდოეთისა
უძეო ფარსადანის შემდეგ.
პროფესორ მაგალი
თოდუას პასუხის
პასუხად
მკითხველს უთუოდ ეხსომება, რომ 1990 წელს პროფესორი
მაგალი თოდუა უზენაესი საბჭოს დეპუტატობის კანდიდატი იყო და კენჭს მარტვილში
იყრიდა. მას აქ, როგორც დეპუტატობის კანდიდანტს, ერთ-ერთ ინტერვიუში
დაუსვეს ასეთი კითხვა:
-მარტვილში თქვენ ხმებს გივრცელებენ თითქოს გეწეროთ,
რომ ,,ვეფხისტყაოსნის“ ამბავი სპარსულიაო.
ამ კითხვაზე ბატონმა პროფესორმა ასე უპასუხა:
,,საქმე ის არის, რომ მე კი არა, თვითონ სულმნათი
რუსთველი ბრძანებს, თანაც ოთხჯერ: ესე ამბავი სპარსული ვპოვე და ლექსად
გარდავთქვიო“.
მეც ამან ამაღებინა
ხელში კალამი და მარტვილის ადგილობრივ გაზეთ ,,ჭყონდიდში“ დავბეჭდე მოკრძალებული
სტატია იმის შესახებ, რომ ,,ესე ამბავი სპარსული“ არავითარ საფუძველს არ
იძლევა ,,ვეფხისტყაოსნის’ ორიგინალობაში დაეჭვებისათვის.
ამის გამო
პროფესორი მაგალი თოდუა ძალიან გამინაწყენდა და გაზეთ ,,ჭყონდიდში“
გამოაქვეყნა წერილი სათაურით: ,,ბატონ ფაუსტ ნადარაიას სტატიის პასუხად“.
პატივცემულ
პროფესორს თავის საპასუხო წერილში არც ერთი ჩემეული არგუმენტი არა აქვს
განხილული, ისე მლანძღავს და კვლავ ირწმუნება, ,,ვეფხისტყაოსნის“ ამბავი
სპარსულიაო. შემდეგ კი გადაჭრით მეუბნება:
,,ბატონო
ფაუსტ, სპარსულად, სპარსულ ენაზე სამი ფაბულა (ამბავი) არსებობს. სწორედ
ისეთი, როგორიც ,,ვეფხისტყაოსანშია“ გალექსილიო“, და ამის შემდეგ მას
მოჰყავს ოდითგანვე ცნობილი ,,რამაიანას“ ამბავი, რომელიც მისი აზრით
ძალიან ემთხვევა ,,ვეფხისტყაოსნის“ ფაბულას და კვლავ მე მეკითხება:
,,დავმალოთ ეს ამბავი? ანდა არის კი დასამალავი?-ო.
საოცარია
პირდაპირ.
ბატონო
პროფესორო, ვეფხისტყაოსანი“ და რამაიანა გაჭრილი ვაშლივითაც რომ ჰგავდნენ
ერთმანეთს, თქვენ ამით მაინც ხომ ვერ დაამტკიცებთ შოთას პოემაში გადმოცემული
ამბების სპარსულობას? ,,რამაიანა“ ხომ ინდური პოეტური ძეგლია და არა
სპარსული ეპოსი?
პროფესორი
მაგალი თოდუა კი თავგამოდებით გვარწმუნებს:
,,სპარსული
ამბის ის სამი ვარიანტი ისევე ჰგავს ,,ვეფხისტყაოსნის ამბავს, როგორც
,,რამაიანას“ ამბავი“-ო.
პატივცემული
პროფესორი თუ ტრაბახობად არ ჩამითვლის, უნდა მოვახსენო, რომ ,,რამაიანა“
მეც მაქვს წაკითხული, ხოლო რაც შეეხება ,,ვეფხისტყაოსანს“, მე იგი თავიდან
ბოლომდე ზეპირად ვიცოდი ჯერ კიდევ მაშინ, როცა მე-8 კლასის მოსწავლე ვიყავი
და აქედან გამომდინარე სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ: ,,ვეფხისტყაოსანი“
ისეა დაშორებული ,,რამაიანასგან“, როგორც ცა დედამიწისგან და არაფერია
მათ შორის იდენტური.
ამას იმიტომ
ვამბობ, რომ ,,ვეფხისტყაოსანსა“ და ,,რამაიანას“ შორის არსებული მცირეფასეული მსგავსებები
არავითარ შემთხვევაში არ იძლევა იმის საფუძველს, რომ ,,რამაიანა“ ,,ვეფხისტყაოსნის“ ლიტერატურულ წყაროდ იქნეს მიჩნეული.
ცნობილია,
ერთ დროს ნიკო მარმაც გააკეთა შედარებები ,,ვეფხისტყაოსანსა“ და ნასირ
ხოსროს თხზულებას შორის, მოძებნა მათში საერთო დებულებები და ამტკიცებდა
რომ რუსთველი ნასირ ხოსროს ნაშრომს იცნობდაო. მაგრამ ცხონებული ნიკო მარი
აქაც ამაოდ დაშვრა. ამას მათქმევინებს შემდეგი:
ახლა ჩემს
მაგიდაზე დევს სანტიაგო დე ჩილეში გამოცემული ვიქტორ ნოზაძის წიგნი
- ,,ვეფხისტყაოსნის“ საზოგადოებათ მეტყველება“, სადაც ბატონი ვიქტორი
ნიკო მარის მიერ წამოყენებული მოსაზრების შესახებ წერს: ,,ყველა აქ წარმოდგენილი
დებულება ზოგადია და გავრცელებული და ამიტომ არავითარ საბუთს არ გვაძლევს
ვიფიქროთ, თითქოს რუსთველი ნასირ ხოსროს იცნობდაო (გვ.132).
ჩემი აზრით იგივე უნდა ითქვას იმ მოსაზრების
შესახებაც, რომლითაც სურთ დაგვიმტკიცონ, ,,ვეფხისტყაოსანი“ ძალიან ჰგავს
რამაიანასო.
ავთანდილის
მოგზაურობამ ტარიელის საძებნელად შეიძლება ჰომეროსის ,,ოდისეას“
ფაბულაც მოგვაგონოს, მაგრამ განა ეს მოგვცემს საფუძველს, ვამტკიცოთ: რუსთველმა
თავის პოემას ჰომეროსის ნაშრომი დაუდო საფუძვლადო?!
დარწმუნებული
ვარ, იგივე ითქმება სპარსულ ენაზე არსებული იმ სამივე ფაბულის შესახებ,
რომელთაც ბატონი მაგალი თოდუა თავის წერილში ასახელებს.
პატივცემულო მკითხველო, თქვენ როგორ ფიქრობთ,
,,რამაიანა“ პავლე ინგოროყვას არ ექნებოდა წაკითხული? მაშინ რატომ
არსად არ თქვა ,,ვეფხისტყაოსანი“ ძალიან ჰგავს რამაიანასო’?
იმიტომ რომ პავლე ინგოროყვამ მშვენივრად იცის,
თუ საიდან არის ,,ვეფხისტყაოსანის“ ამბავი აღებული, მოვუსმინოთ მას:
,,ვეფხისტყაოსანში“
მოთხრობილი ისტორია ინდოეთის სამეფო გვარეულობის ორი შტოისა, რომელთაგან
უფროსი შტოის წარმომადგენელი არის მეფე ინდოეთის ერთი ნაწილისა, მეშვიდე
სამეფოსი, სავსებით იდენტურია საქართველოს სამეფო გვარეულობის ორი
შტოის ისტორიასთან. აქ ჩვენ გვაქვს არა ზოგადი შეხვედრა ცალკეულ ხაზებში,
არამედ სრული იდენტივობა ყველა დეტალებში.
შეგვიძლია გავიხსენოთ სხვა ფაქტებიც:
საქართველოში
თამარი, სწორედ ისე, როგორც ,,ვეფხისტყაოსანში“ თინათინი, მამას სამეფო
ტახტზე აჰყავს, იგი ქმარს ირთავს და ზედ სიძე თავისი მეუღლის გვერდით მეფეა
(ტახტის მემკვიდრეობის ასეთი წესი არაბეთში ან სხვა მუსულმანურ ქვეყანაში
არ ყოფილა)
,,ვეფხისტყაოსანში“
აღწერილი ნესტანისა და თინათინის ამბავი ძალიან ჰგავს თამარის ცხოვრების
ამბავს.
,,ვეფხისტყაოსანში“
აღწერილი მეფის კურთხევის წესიც საქართველოს სინამდვილეს ასახავს...
,,ვეფხისტყაოსნის“ სამეფო დროშა, რომელსაც
ტარიელი აღმართავს არის ,,ალმითა წითელ შავითა“, ანუ თითქმის ისეთი როგორიც
იყო რუსთველის ეპოქაში საქართველოს სახელმწიფო დროშა.
მსგავსი მაგალითების მოყვანა კიდევ მრავლად
შეიძლება, თუმცა ესეც საკმარისია ითქვას, რომ რუსთველის ,,ვეფხისტყაოსანი“ საქართველოს ისტორიის რემინისცენციას
უფრო წარმოადგენს, ვიდრე სპარსული ამბების გავლენით შექმნილ ნაწარმოებს.
ამას უთუოდ ადასტურებს პოეტის მიერ თამარის
მისამართით თქმული სიტყვები: ,,მისი სახელი შეფარვით, ქვემორე მითქვამს,
მიქია“ , რაც აშკარად ეწინააღმდეგება პოემის ამბის სპარსულიდან ნათარგმნობას.
პროფესორი
მაგალი თოდუა არაფერს ამბობს იმ მკვლევართა ნაშრომებზე, რომლებიც კატეგორიულად
უარყოფენ ,,ვეფხისტყაოსნის“ ფაბულის სპარსულობას.
ამიტომ ახლა
ჯერ კონსტანტინე გამსახურდიას დავუგოთ ყური:
,,ვის არ
ახსოვს, თუ რა გულმოდგინედ ეძებდნენ ზოგიერთი მეცნიერნი რუსთველის უკვდავი
პოემის პირველად თარგს ირანულ პოეზიაში და ბრიტანეთის მუზეუმის ხელნაწერთა
შორის, მაგრამ ამაოდ დაშვრნენ. იგულისხმება ნიკო მარი“.
ახლა კი აკადემიკოს ალექსანდრე ბარამიძეს მოვუსმინოთ:
,,გულმოდგინედ ეძებდა ,,ვეფხისტყაოსნის“ პროტოტიპს აკად ნ. მარი. ერთ დროს ბრიტანეთის
მუზეუმში ეგულებოდა რუსთველის პოემის ვითომს სპარსული პროტოტიპის ხელნაწერი.....
ეს ვარაუდი არ გამართლდა, ,,შაჰრიარ ნამე“ არ აღმოჩნდა ტარიელის წიგნი“.
აკად. ალექსანდრე
ბარამიძე იქვე ასკვნის: ,,არსაიდანა ჩანს, რომ რუსთველის პოემის ფაბულა
ნასესხები იყოს. არც სპარსეთში, არც სხვაგან სადმე არ მოიპოვება ,,ვეფხისტყაოსნის“
მსგავსი ამბავი“.
სულკურთხეულ
კორნელი კეკელიძესაც გაუგებრად მიაჩნდა იმის მტკიცება, რომ ,,ვეფხისტყაოსანი“
სპარსულიდანაა გადმოთარგმნილი და პირდაპირ აცხადებდა: გამორიცხულია
პოემის სპარსულობაო.
მე არც რუსთველოლოგი
ვარ და არც ტექსტოლოგი, მე ,,ვეფხისტყაოსნის“ ერთი რიგითი მკითხველი ვარ
და ძალიან მწყდება გული, რომ ცნობილ ქართველ ლიტერატურათმცოდნესა და პროფესორს,
ბატონ მაგალი თოდუას დღესაც პირდაპირი მნიშვნელობით ესმის რუსთველის
სიტყვები: ,,ესე ამბავი სპარსული ქართულად ნათარგმანები“, მაშინ როცა
დიდი ხანია დამტკიცებულია, რომ ,,ვეფხისტყაოსნის“ ამბავი ქართულ ნიადაგზეა
აღმოცენებული და პოემის ,,სპარსულად“ გამოცხადება ჩვეულებრივი ალეგორიის
ხერხია.
პროფესორი
მაგალი თოდუა თავის საპასუხო წერილში ცდილობს მეცნიერთა შორის ,,ვეფხისტყაოსნის“
ორიგინალურობაზე კამათს როგორმე გამარიდოს და ,,მამაშვილურად“ მარიგებს:
ფ. ნადარაიას არ ვურჩევ ამ საქმეში ჩარევას. ქართული ანდაზაა: ,,აქლემები
წაიკიდნენ, კოზაკი შუაში გასრისესო“.
ძნელი მისახვედრი
არაა, ჩემი ოპონენტი აქ კოზაკში ვის გულისხმობს, ხოლო აქლემად კი, რასაკვირველია,
საკუთარი თავი ჰყავს წარმოდგენილი, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ბატონი
პროფესორი საკუთარ თავს აქლემს არ შეადარებდა, რომ გახსენებოდა ის ქართული
ანდაზა, რომელიც ამბობს: ,,აქლემს ჰკითხეს: კისერი რად გაქვს მრუდეო. მან
კი უპასუხა: სხვა რა მაქვს სწორიო“. ან კიდევ: ,,აქლემს არაბული ცხენი აჩვენეს
და ჰკითხეს როგორიაო, - კუზი რომ ჰქონდეს უკეთესი იქნებოდაო“.
რა გამოვიდა?
იმ ანდაზის
შოლტი, რომელიც ბატონმა პროფესორმა მე მომიქნია, საკუთარ თავს მოახვედრა.
ეს კი იმიტომ მოუვიდა, რომ ვერ გაითვალისწინა ხალხური სიბრძნე: ,,თვითონ
სიფრთხილე სჭირდება, სხვას ვინც დაუგებს მახესა“.
(იბეჭდება შემოკლებით)
დეკემბერი 1990 წელი.
1993
წლის მინაწერი:მიმდინარე
წელს ქუთაისის უნივერსიტეტმა ცალკე წიგნად გამოსცა მაგალი თოდუას ვრცელი
მონოგრაფია სათაურით - ,,ვეფხვის ნახტომი ანუ რითი სჯობს რუსთაველი შექსპირსა
და გოეთეს“, სადაც ავტორი ,,ვეფხისტყაოსნის“ ფაბულასთან დაკავშირებით
გვთავაზობს ტრადიციულად დამკვიდრებულ შეხედულებათაგან რადიკალურად
განსხვავებულ მოსაზრებას. პატივცემული პროფესორი ამ წიგნში არკვევს
რა ,,ვეფხვისტყაოსნის“ ფაბულისა და სიუჟეტის წარმომავლობის საკითხს,
ამტკიცებს, რომ რუსთველმა საქართველოში პროზაულად გავრცელებული სპარსული
ამბავი გადაამუშავა და გალექსა, თუმცა არ შემოგვრჩენია ის წყარო, რომელიც
პოეტმა გამოიყენაო.
ასეთი წყარო
ბუნებაში, ალბათ, არც არსებულა და ამიტომაც იყო, რომ ვერც პლატონ იოსელიანმა,
ვერც იონა მეუნარგიამ, ვერც იუსტინე აბულაძემ, ვერც ნიკო მარმა და ვერც
აკაკი შანიძემ ვერ შეძლეს ,,ვეფხისტყაოსნის“ ამბის სპარსულობის დასაბუთება
და, აქედან გამომდინარე, თანამედროვე მეცნიერებმაც ხელი აიღეს ამ მოსაზრების
დამტკიცებაზე.
ხომ ყველასათვის
ცნობილია, ,,ვეფხისტყაოსნის“ ამბის ორიგინალობას თავგამოდებით იცავდნენ
ილია ჭავჭავაძე, აკაკი წერეთელი, ვაჟა-ფშაველა, კორნელი კეკელიძე,
პავლე ინგოროყვა, ალექსანდრე ბარამიძე, ვიქტორ ნოზაძე..... და, რაც უთუოდ
ანგარიშგასაწევია, არც ერთი ქართველი მწერალი არ აღიარებს ,,ვეფხისტყაოსნის“
ამბის სპარსულობას, რაც, ჩემი აზრით, მაგალი თოდუას მიერ მოხმობილი არგუმენტებითაც
ვერ მტკიცდება.
ქართული მწერლობის
გამოჩენილი ბერმუხა და სიტყვის სწორუპოვარი მესაიდუმლე, ჩვენი სათაყვანებელი
ვაჟა-ფშაველაც ძალიან ხშირად თავის ორიგინალურ ნაწარმოებებს ასე მოაწერდა
ხოლმე: ,,ძველისძველი ამბავიო“, ,,ზღაპარიო“, ,,თქმულებაო“, თუმცა მათში
არაფერი ერია ხალხური. ასეთივე ტიპის მოვლენად უნდა მივიჩნიოთ ,,ვეფხისტყაოსნის“
სპარსულობაც (თ. ჭილაძე).
მაგრამ ბატონი მაგალი თოდუა კითხულობს: ,,რა
სათაკილო ისტორიული ასოციაციები უნდა გამომჟღავნებოდა ,,ვეფხისტყაოსანში“
მის ავტორს ასე გამჭვირვალედ ანდა რა ისეთი ანტირელიგიური ან თუნდაც მისი
დროის საზოგადოებისა და პოლიტიკური წყობილებისათვის მიღებული იდეები
იქადაგა რუსთველმა“-ო.
როგორ? ნუთუ
პატივცემულმა პროფესორმა არ იცის, რომ XII საუკუნისა და XIII საუკუნის პირველი მეოთხედის ქართული
ლიტერატურის უმთავრესი ნიშანია საერო მწერლობის წარმოშობა, რაც რუსთველის
სახელთანაა დაკავშირებული. დიახ, სწორედ რუსთველმა შემოიტანა ქართულ
ლიტერატურაში სინამდვილის ასახვის ახალი მეთოდი, შექმნა ისეთი ნაწარმოები,
რომელიც კონკრეტულ-ისტორიულ სინამდვილეზე კი არ არის აგებული, არამედ
მხატვრულ გამოგონებაზეა დამყარებული, რომლის მსგავსი ,,ვეფხისტყაოსნამდე“
არ გვქონია. ამას კი, ბუნებრივია, ეჭვის თვალით შეხედავდნენ მანამდე მხოლოდ
ქრისტიან მოღვაწეთა ცხოვრება - მარტვილობის ამსახველ თხზულებებს მიჩვეული
მისი თანამედროვე მკითხველები. ამიტომაა, რომ იგი თავისი პოემის შექმნას
საჭოჭმანო საქმედ მიიჩნევს.
ნესტანისა
და ტარიელის, თინათინისა და ავთანდილის სახეების დახატვით რუსთველმა
აღწერა ქალ-ვაჟის ამქვეყნიური სიყვარული, მოგვითხრო მიწიერი გრძნობების
ამბავი, რაც ფაქტიურად იყო დაპირისპირება სასულიერო მწერლობის ტრადიციებისადმი.
რაც იმთავითვე არ აპატიეს მას თავისი
ეპოქის კლერიკალურმა წრეებმა და დაუწყეს დევნა ,,მრუშობის ქადაგებისათვის“.
პატივცემულ
პროფესორს ალბათ ჩემზე უკეთესად მოეხსენება, რომ სწორედ ასეთი ,,მიუღებელი
იდეების“ ქადაგებისათვის ,,ვეფხისტყაოსანს“ ერთ დროს აუტოდაფესაც კი
უმართავდნენ და უკადრისად ექცეოდნენ მის ავტორს სამღვდელო პირები, კლერიკალები
და მისთანები, რომლებიც ამტკიცებდნენ, რომ რუსთველის ნათქვამში საღვთო
არა ურევია რა და სამეძაო აზრებს ავრცელებსო.
სწორედ თავისი
ეპოქის სამღვდელო პირების, კლერიკალებისა და მისთანების თვალის ასახვევად
დასჭირდა, ალბათ,პოეტს ცნობილი ლიტერატურული ხერხის - სიუჟეტის გაუცხოების
გამოყენება (პოემის ამბის სპარსულად გამოცხადება).
აბა, თუ ის
სპარსული ძეგლი (რომელიც ვითომ რუსთველმა გალექსა) ნამდვილად არსებობდა,
მაშინ ,, ვეფხისტყაოსნის“ სიუჟეტისა თუ ფაბულის სპარსულობა იმთავითვე
საეჭვო რატომ გახდებოდა? ანდა დღესაც რატომ იქნებოდა იგი ჩვენს სახელგანთქმულ
მეცნიერებს შორის საკამათოდ მიჩნეული?
ერთ საკითხსაც
მინდა შევეხო.
თუ პავლე ინგოროყვას დავუჯერებთ, ისეთ მკვეთრ
სიმბოლურ სახეს, როგორიც არის ვეფხისტყავით შემოსვა, ჩვენ ვერ ვპოულობთ
ვერც ირანულს და ვერც საერთოდ აღმოსავლურ ლიტერატურაში. და ეს რომ მართლა
ასე არ იყოს, დარწმუნებული ვარ, რომ პროფესორ მაგალი თოდუას, რომელიც ოცდაათ
წელზე მეტია დაეძებს ,,ვეფხისტყაოსნის“
მსგავს ამბავს სპარსულ ლიტერატურაში, ამგვარი სიმბოლიკის არსებობაც
არ დარჩებოდა აღუნიშნავი. თუმცა, მე თუ მკითხავთ, ამითაც არაფერი შეიცვლებოდა,
რადგან მაგალი თოდუას მიერ ,,ვეფხისტყაოსნის“ შესადარებლად მოყვანილი
,,ბათირ - არსლანის“ მთავარი გმირი ვეფხის ტყავითაც რომ იყოს შემოსილი,
მაშინაც არავითარი საფუძველი გვექნებოდა იმისა, რომ გვემტკიცებინა,
ეს სიმბოლიკა შოთას ,,ბათირ - არსლანიდან“ აქვს წამოღებული. რადგან ვეფხის
ტყავით შემოსილი რაინდი, რომელიც ვეფხს კლავს, ჩვენ, ქართველებს, ,,ბათირ
- არსლანის“ ამბის შექმნამდე დიდი ხნით ადრე გვყავს დაფიქსირებული. მრავალძალის XI ს. წმ. გიორგის ეკლესიის
სამხრეთი კედლის რელიეფზე წმ. გიორგი, ცხენზე ამხედრებული, შუბით კლავს
დაწინწკლულ ვეფხვს. X საუკუნის ჭედურ ხატზე კი იგივე წმინდა გიორგი ვეფხვის
ტყავის კაბით არის შემოსილი.
ასე რომ, ამ
სიმბოლიკის (ვეფხისტყაოსანი რაინდის) შესაქმნელად, რუსთველს სპარსული
ლიტერატურა არ დასჭირდებოდა.
მე ძალიან
კარგად მესმის, რომ რუსთველის პოეტურ გენიალობას არაფერი დააკლდება
იმითაც, თუ მან მართლა სპარსული ამბავი დაუდო თავის პოემას საფუძვლად.
მაგრამ მიკვირს, ,,ვეფხისტყაოსნის“ სპარსულობის მოზიარენი რატომ არ უშვებენ
იმის შესაძლებლობას, რომ ის ამბები (რაზედაც მ. თოდუა წერს თავის წიგნში)
იქნებ სპარსელებმა წაიღეს საქართველოდან. მით უმეტეს მაშინ, როცა გვაქვს
ასეთი ფიქრის საფუძველი. ისტორიიდანაც ხომ ყველამ ვიცით, რომ დავით აღმაშენებელს
აკადემიებიც კი ჰქონდა დაარსებული მუსულმანი პოეტებისათვის, რომლებიც
აქ ეცნობოდნენ ქართულ სასულიერო და საერო მწერლობას, ფოლკლორს... ნიზამი
განჯევი და ხაკანი შირვანელი თავიანთ შემოქმედებაში იყენებდნენ ქართულ
მასალებს... ისიც ხომ ყველასთვის ცნობილია, რომ სპარსელები და სხვა დამპყრობლები
იქით იტაცებდნენ ჩვენს ძვირფას წიგნთასაცავებს ... ასე რომ, ჩემი აზრით, მეტი
საფუძველი არსებობს იმისათვის, რომ ქართული ამბები უფრო ვეძიოთ (თუ ამის
ძებნა საჭიროა) სპარსულ ლიტერატურაში, ვიდრე სპარსული ქართულში.
ასეთია, მოკლედ, ჩემი აზრი მაგალი თოდუას ზემოთ
აღნიშნული მონოგრაფიის შესახებ.
მაგრამ ეს
მოსაზრება იოტისოდენადაც არ მიშლის ხელს, რომ უდიდეს პატივს ვცემდე ღვაწლმოსილ
მეცნიერსა და ქართველ ირანისტთა თაობების აღმზრდელს, პროფესორ მაგალი
თოდუას, რომელიც ჭეშმარიტად დიდი პოეტიც გახლავთ, რასაც მათქმევინებს
მის მიერ ქართულად ამეტყველებული რუდაქის, შაჰიდ ბალხელის, ფირდოუსის,
ომარ ხაიამის, საადის პოეზია, რამაც დიდი ხანია ქართველი მკითხველის
სიყვარელი დაიმსახურა.
მე ისიც ვიცი
და მიხარია, რომ პროფესორმა მაგალი თოდუამ ირანის ხელნაწერთა საცავებსა
და კერძო კოლექციებში მიაკვლია ირანში მოღვაწე, წარმოშობით ქართველი პოეტების დღემდე უცნობ ლექსებს. დაადგინა
რომ სპარსული ლიტერატურის 27 წარმომადგენელი წარმოშობით ქართველი ყოფილა.
ერთი მეტაფორის განმარტებისათვის
სასკოლო ,,ვეფხისტყაოსანში“
შ. რუსთაველის
მხატვრული ოსტატობის ერთ-ერთი ძირითად ხერხს მეტაფორა წარმოადგენს.
,,ვეფხისტყაოსანში“ მეტაფორა ყველა ნიუანსით არის წარმოდგენილი, რომლის
გარჩევას აქ არ შევუდგებით. ამჟამად ჩვენი მიზანია მხოლოდ განმარტება
ერთი მეტაფორისა, რომელიც სადაოდ გადაიქცა თანამედროვე მკვლევარებისთვის.
აი ესეც:
,,ავთანდილ დაჯდა ტირილად
ტირს ხმითა შვენიერითა,
ყორანსა გაჰგლეჯს ხშირ - ხშირად
აფრთხობს ბროლისა ჭერითა,
გახეთქა ლალი გათლილი
ანდამატისა კვერითა,
მუნით წყარონი გამოჩნდეს
ძოწსა ვამსგავსე ფერითა“.
,,ვეფხისტყაოსნის“
მეორე შესწორებულ და შევსებულ სასკოლო გამოცემაში (რედაქტორი ალ. ჭინჭარაული)
ეს მეტაფორა ასეა განმარტებული: ,,ყორანი“ - შავი წვერ - ულვაშის აღმნიშვნელი
მეტაფორაა. ,,ბროლის ჭერი“ - პირისახისა. ,,ყორანსა გაჰგლეჯს ხშირ - ხშირად,
აფრთხობს ბროლისა ჭერითა“ - ავთანდილი მწუხარებისაგან წვერს იგლეჯს.
,,ლალი
გათლილი“ - ტუჩ - პირის აღმნიშვნელი მეტაფორაა, ,,ანდამატის კვერი“
- მაგარი მუშტისა. გამოდის, რომ ავთანდილი ტუჩ - პირზე მუშტს ირტყამდა,
სახე გაიხეთქა, საიდანაც სისხლი გამოსდიოდა, რომელიც ფერით ძოწს ემსგავსებოდა.
ამ მეტაფორის ამნაირად გაგება ყოვლად შეუფერებელია. ავთანდილი დაჯდა
სატირლად და არა ტუჩპირის სამტვრევად, პატივცემული ალ. ჭინჭარაული მიმხვდარა
საკუთარ შეცდომას და 1982 წელს გამოცემულ თავის წიგნში - ,,ვეფხისტყაოსნის
ენისა და ტექსტის საკითხები“ - უფრო სხვანაირად განუმარტავს ეს მეტაფორა,
რითაც კიდევ ერთი ახალი შეცდომა დაუშვია. ამ შემთხვევაში მას ,,ბროლის
ჭერი“ კბილების აღმნიშვნელ მეტაფორად მიუჩნევია: ყორანი წვერ - ულვაშია,
რომელსაც ავთანდილი (ტირილის დროს) გაჰგლეჯს (პირს აღებს) და აფრთხობს ,,ბროლის ჭერით“ - თეთრი კბილებით.
თეთრი კბილების ელვარებით. (იხ. ალ. ჭინჭარაული, ,,ვეფხისტყაოსნის ენისა
და ტექსტის საკითხები“ გვ. 74.). თეთრი
კბილების ელვარებით წვერ - ულვაშის დაფრთხობა ძნელი წარმოსადგენია,
უფრო მეტიც - ეს უკვე კურიოზია.
ბოლოსდაბოლოს
როგორ გავიგოთ აღნიშნული მეტაფორა, როგორ იქნებოდა იგი რუსთაველს გააზრებული?
ყორანი
აქ უთუოდ თმაა (შავი თმა). ,,ყორანსა გაჰგლეჯს ხშირ - ხშირად“ - ავთანდილი
ხშირ - ხშირად იგლეჯდა შავ თმებსო. ,,ბროლის ჭერი“ ხელის თითებია (ა. ბარამიძე,
დ. კობიძე).
,,გახეთქა
ლალი გათლილი ანდამატისა კვერითა“ - ამ მეტაფორაში ,,ლალი გათლილი’
- ლოყებია, ღაწვებია. ,,ანდამატისა კვერითა“ - ცრემლებია, ე.ი. თვალებიდან
წამოსული ცრემლები ლოყაზე ღარად დააჩნდებოდა, როგორც ამას სხვაგანაც
ამბობს რუსთაველი: ,,სისხლმან და ცრემლმან გარევით ღაწვი ქმნის ღარად და
ღარად“. ცრემლებით ღარდაჩნეული ლოყის გახეთქილ ლალად წარმოდგენა რუსთაველის
ჩვეული შედარებაა.
,,მუნით
წყარონი გამოჩნდეს“ - ლოყაზე დაჩენილი
ცრემლების ღარებიდან წყაროები გადმოიღვარა, ე.ი. დიდი რაოდენობით
წამოვიდა, რომელიც ,,ძოწსა ვამსგავსე ფერითა“. იგი ძოწს, წითელ მარჯანს
იმიტომ ემსგავსებოდა, რომ ზედმეტი მწუხარების ცრემლები იყო და თითქოს
სისხლი ერეოდა. ზედმეტი მწუხარების ცრემლებზე სისხლის გარევა, მისი წითლად
წარმოდგენა ხშირია პოემაში.
მ. კაკიტელაშვილის
ერთი ლექსის გამო
ქართული
პოეზიის მოყვარულები კარგა ხანია იცნობენ პოეტ მიხეილ კაკიტელაშვილის
ლექსს ,,ქართულ მიწაზე“, რომელზეც კომპოზიტორმა გიორგი ცაბაძემ შესანიშნავი
მუსიკა შექმნა. სიმღერამ მაშინათვე მოიპოვა საყოველთაო პოპულარობა.
მაგრამ კრიტიკოს თამაზ წივწივაძეს სრულიად განსხვავებული მოსაზრება
ჰქონია ამ სიმღერის ტექსტზე.
მოვუსმინოთ მას:
,,გ.
ცაბაძის ,,მშობლიური მიწის“ მელოდია დიდებული რამაა! მას მთელი საქართველო
მღერის. მაგრამ აქ ტექსტი (მ. კაკიტელაშვილის სიტყვები) ეფარება მელოდიას
და ცოცხლობს მუსიკის ხარჯზე!
ამ მადლიან და დალოცვილ მიწაზე
ერთი წუთით არ ვყოფილვარ მერყევი,
ცოცხალი ვარ, შენი ტრფობით ვიწვები,
მოვკვდები და ფერფლად გადაგეყრები.
ცოცხალი ვარ, ცოცხალი,
შენი ტრფობით ვიწვები,
მოვკვდები და ფერფლად გადაგეყრები.
ვინ დამძრახავს
სულით ცოტნე დადიანს
არწივების საბუდარის მეხოტბეს,
მე მომხდური ვერ მიხილავს დარდიანს,
თუნდაც ტანჯვა და წამება მელოდეს.
მაშ
ასე:
მე მომხდური ვერ მიხილავს დარდიანს,
თუნდაც ტანჯვა და წამება მელოდეს.
,,თუკი
მომხდურმა და გადამთიელმა ვაჟკაცობა შეგიგინა, საქმე სატანჯველად და
საწამებლად გაგიხადა, უნდა დავდარდიანდეთ კიდეც და გულთანაც უნდა მივიტანოთ!
სამარცხვინო ის უფრო იქნება, ამ ტრაგედიის შემდეგ მტერს მხიარული ვეჩვენოთ!
ასეთ დროს უდარდელად ყოფნა, მე რომ მკითხოთ, უხერხულიც კია!“ (თ. წივწივაძე,
,,ფრთხილად, წინ მკითხველია“, თ. 1985 წ. გვ 233).
თ.
წივწივაძის ის წერილი, საიდანაც მოგვყავს ეს ამონაწერი, მეტად საინტერესო
კრიტიკული წერილია. თუმცა მ. კაკიტელაშვილის ლექსზე კრიტიკოსის შენიშვნა:
,,ასეთ დროს უდარდელად ყოფნა, მე რომ მკითხონ, უხერხულიც კია“-ო, ვფიქრობთ,
ნაჩქარევად გაკეთებული დასკვნის შედეგია. მ.კაკიტელაშვილი ამას არც
ამბობს და არც შეეძლო ეთქვა. პოეტი ამბობს: ,,მე მომხდური ვერ მიხილავს
დარდიანს, თუნდაც ტანჯვა და წამება მელოდეს“-ო, ე.ი. რაც უნდა მტანჯონ და
მაწამონ, მტერს მოწყენილ სახეს არ ვუჩვენებო.
რატომ?
იმიტომ, რომ მტრის წინაშე დადარდიანება და ცრემლთა
ფრქვევა დიაცთა წესია, ძლიერი სულის ადამიანები ღიმილით ხვდებიან სიკვდილსაც
- კი. გავიხსენოთ ლადო ასათიანი:
ცხრა ლახვარი რომ დამარტყან ცხრაჯერ გულში,
მტრის ჯინაზე ცხრაჯერ მწარედ გავიცინებ.
ლ.
ასათიანის ამ სტრიქონების მშვენიერ დუბლირებას წარმოადგენს მ. კაკიტელაშვილის
,,მე მომხდური ვერ მიხილავს დარდიანს, თუნდაც ტანჯვა და წამება მელოდეს“,
რომელსაც არაფერი აქვს დასაწუნი.
იქნებ
ბევრმა არ იცის, რომ ზემოთ მოყვანილი ლექსის ავტორი არის ებრაელი, უფრო
სწორად, ქართველი ებრაელი.
ებრაელები
საქართველოში ოდითგანვე ცხოვრობდნენ, მაგრამ ისინი აქ არასოდეს განიცდიდნენ
დევნასა და შევიწროებას, რაც ხშირად ხდებოდა და ახლაც ხდება ზოგიერთ ქვეყანაში.
ილია ჭავჭავაძის თქმით, არ ყოფილა შემთხვევა, რომ ებრაელთ საქართველოსთვის
ეღალატოს. ამიტომ სულაც არაა გასაკვირი, რომ სწორედ ჩვენი მეგობრის, ქუთაისში
დაბადებული ქართველი ებრაელის სულში დაიბადა ასეთი ლექსი - ქართული
მიწის მშვენიერი საგალობელი.
უკვე
დიდი ხანია გასული მას შემდეგ, რაც მიხეილ კაკიტელაშვილი ვეღარ დააბიჯებს
,,ამ მადლიან და დალოცვილ მიწაზე“, მაგრამ მისი კოლეგები, ქუთათური მეგობრები
დღესაც გულთბილად, სიყვარულით იგონებენ მას, ხოლო მის ლექსს ,,ქართულ მიწაზე“
მთელი საქართველო მღერის.
,,აგერ მეცხალიც ჭყივის“
ტყემ მოისხა ფოთოლი
აგერ მერცხალიც ჭყივის,...
ცნობილია,
რომ ამ სტრიქონების გამო ილია მკაცრად გააკრიტიკა მისმა თანამედროვე
მწერალმა ქალმა ბარბარა ჯორჯაძემ (რაფიელ ერისთავის დამ), რომელიც წერდა:
,,სასაცილოა
ჭეშმარიტად და სამწუხაროც, რომ ასე შეიცვალოს ჩვენი სამშობლო ენა. თქვენი
რისხვა მქონდეს, თუ თავის დღეში გამეგონოს მერცხალი ჭყივისო, ღორზედ კი
გამიგონია, ღორი ჭყივისო, იქნება ოდესმე ბულბულზეც თქვას ჭყივისო...“
მართალია,
საბას ლექსიკონის მიხედვით ,,ჭყივილი“ მხოლოდ გოჭთა ხმიანობაა, მაგრამ
სალიტერატურო ქართულში დადასტურებულია, რომ ფრინველთა ხმიანობის
აღსანიშნავადაც იხმარება ეს სიტყვა, მაგალითად; ,,ფანჯრის პირისპირ
გამოჩნდნენ ჭყივილა ჩიტები“ (ი. გოგებ.).
,,ჭყივ
- ჭყივ“ ბეღურათა და მისთანათა ხმიანობააო, გვასწავლის ქართული ენის
განმარტებით ლექსიკონი და იქვე საილუსტრაციოდ დამოწმებულია იაკობ
გოგებაშვილის ციტატა: ,,ჭყივ - ჭყივ“ უპასუხეს ჩიტებმა“.
მაშასადამე,
,,ჭყივ - ჭყივ“ ბეღურისა და მისთანების ხმიანობაა, მერცხალიც ბეღურასებრთა
რიგის ფრინველია და ილიაც ამიტომ ამბობს: ,,აგერ მერცხალიც ჭყივის-ო:
,,ჭყივილი“
და ჭიკჭიკი“ სხვადასხვა მნიშვნელობის
სიტყვებია. ,,ჭყივილი“ ფრინველთა და ბარტყთა (გინა გოჭთა) უსიამოვნო
ხმიანობას ნიშნავს, ხოლო ,,ჭიკჭიკი“ ფრინველთა საამურ გალობაზე ითქმის.
ტყემ მოისხა ფოთოლი
აგერ მერცხალიც ჭყივის.
მართალია,
ილიას ამ სტრიქონებში არავითარი შეცდომა და აზრობრივი გაუგებრობა არ
არის, მაგრამ ლექსში, სადაც ახლად ამწვანებული ტყე, სიხარულისგან მტირალი
ობოლი ვაზი, აყვავებული მთები და მდელოებია დახატული, გემოვნებიან
მკითხველს, რასაკვირველია, არ მოეწონება არაბუნებრივად ჩაჩხირული
,,მერცხლის ჭყივილი“. ამას ილიაც გრძნობს და წერს კიდეც საპასუხო წერილში:
უხერხოდ არის მანდ ეგ ზმნა (,,ჭყივის“) ხმარებულიო.
აბა,
უფრო მოხერხებულად როგორ შეიძლებოდა თქმულიყო?
ალბათ,
ისე, როგორც აკაკი ამბობს თავის ,,გაზაფხულში“.
დღეს მერცხალი შემოფრინდა
ჭიკჭიკითა შემომძახა.
,,ჰაბა, ნაგილა“
(ფიქრები იაკობ პაპიაშვილის მოთხრობაზე და
ქართველ ებრაელებზე)
წავიკითხე
იაკობ პაპიაშვილის წიგნი - ,,ჰაბა, ნაგილა, მეცნიერება. ისრაელის ფენომენის
გენეზისი“.
წიგნი
სამი განყოფილებისაგან შედგება - პროზა, მეცნიერება და პოეზია. აქვე
ვეცნობით საქართველოს მწერალთა კავშირის რეცენზიას იაკობ პაპიაშვილის
რომანზე ,,ქართული ლეგენდა“, რომელიც მწერლის წინა კრებულში გამოქვეყნდა.
შემიძლია
თამამად განვაცხადო, რომ წიგნში შეტანილი თითქმის ყველა ნაწარმოები
მათი ავტორის შემოქმედებით ნიჭიერებაზე მეტყველებს.
,,იაკობ
პაპიაშვილის სახით საქმე გვაქვს არა მარტო ისტორიულ მასალაში ჩახედულ
პიროვნებასთან, არამედ მხატვრული ნიჭით დაჯილდოებულ ლიტერატორთან,
რომელსაც ხელეწიფება მთავარი - სული ჩაუდგას თავისი ხელით მოზელილ
და გამოძერწილ თიხას“.
ეს
რევაზ ჯაფარიძის სიტყვებია.
რევაზ
ჯაფარიძის ეს აზრი ნათლად ჩანს მწერლის ერთ პატარა მოთხრობაშიც - ,,ჰაბა,
ნაგილა“, რომელიც პირველად 1980-იან წლებში დაიბეჭდა და გამოქვეყნებისთანავე
მიიქცია მკითხველის ყურადღება.
მოთხრობაში,
რომელზედაც ჩვენ ახლა ვისაუბრებთ, მეტად გულწრფელად და დამაჯერებლადაა
აღწერილი ებრაელთა ისრაელში გაცილების სცენა.
ილო,
გაიოზი, ბონდო, იაკობი და ავთანდილი ქალაქ ქუთაისის რესტორან ,,იმერეთში“
ქეიფობენ. ისინი ათი წელი ერთად სწავლობდნენ, მეგობრები იყვნენ. ორ კვირაში
ილო ისრაელში მიემგზავრებოდა და, რა თქმა უნდა, ეს შეხვედრა სამუდამოდ
უნდა დარჩენილიყო მათ ხსოვნაში.
ებრაელები
საქართველოში ოდითგანვე ცხოვრობდნენ, მაგრამ მათ აქ არასოდეს განუცდიათ
ეროვნული და სარწმუნოებრივი დევნა, ანტისემიტიზმის საშინელებანი.
საქართველოში ქართველი ებრაელების უფლებრივი მდგომარეობა ყოველთვის
ისეთივე იყო, როგორც ქართველი მოსახლეობისა. ამიტომაც არ ასვენებს ავთანდილს
ის ფაქტი, რომ ქართველ ებრაელთა ნაწილმა პირი იბრუნა პალესტინისაკენ.
-ბიჭებო - მიმართავს იგი თავის მეგობრებს - ჩვენგან სულ ახლოს მოედინება
ჩვენი ბალღობის მეგობარი რიონი, იქ თეთრი ხიდია, ზემოთ წითელი და ჯაჭვის
ხიდებია; იქიდან გუმათისა და რაჭის გზა იწყება, საიდანაც მოჩანს მწვანეყვავილა,
ქართველ ებრაელთა საცხოვრებელი უბანი. დღეს მიდიან ისინი, ტოვებენ მშობლიურ
მიწა-წყალს. საკითხავი კია, ღმერთმანი ნუთუ ეგრე იოლია წინაპართა საფლავების
მიტოვება? გაიხსენეთ ვამეხი რას ეუბნება ბარამს:
,,საქართველოში მცხოვრები ებრაელები იგივე ქართველები არიან,
დაუკვირდით მათ იერს, მოყვანილობას, პირისახეს, ვერაფრით ვერ გაარჩევ
ქართველებისაგან“.
-მართალია
ეგ - თქვა ხმამაღლა იაკობმა, - ხშირად მიფიქრია, უხსოვარი დროიდან საქართველოში
ვცხოვრობთ, ქართული ანაბანა გვისწავლია, ქართული მიწის ბარაქით დავიზარდენით
და როგორ გავხდით ებრაელები - მეთქი.
ილო
ნერვიულობს, მას თავის მეგობრებზე ნაკლებად როდი უყვარს ქართული მიწა,
მისი მთები, ველ - მინდვრები, მდინარეები, წყაროები და ნაკადულები,
მაგრამ კითხვაზე - რატომ მიდის, რატომ ტოვებს მშობლიურ მიწა - წყალს? - მან
არ იცის რა უპასუხოს.
ღელვის
განსაქარვებლად კიდევ ერთხელ დაისხამს სისხლისფერ ქინძმარაულს, ჭიქას
მაღლა ასწევს და იტყვის:
-სიცოცხლეს
და სიყვარულს გაუმარჯოს ბიჭებო! დავლოცოთ ის ტკბილად მოსაგონარი წუთები,
ნეტარებით ერთად რომ გვიტარებია წყალწითელაზე. გაბაშვილის გორაზე,
ბაგრატზე, გელათში, სათაფლიაზე. დავლიოთ ყველა იმათი სადღეგრძელო, ვისაც
ნაღდად, გულით უყვარს ეს წმინდა ადგილები.
ვინც
ქართველ ებრაელებს იცნობს, შეუძლებელია იაკობ პაპიაშვილის მოთხრობის
პერსონაჟთა ეს დიალოგი ისე წაიკითხოს, რომ იდუმალმა თრთოლვამ არ შეიპყროს,
ვინაიდან აქ ყველაფერი რეალური, ჩვენი ცხოვრებისეული სინამდვილიდანაა
აღებული.
მე კიდევ
ერთხელ გულისყურით ვკითხულობ ამ მოთხრობას და ჩემი კეთილი მასწავლებლის,
სულკურთხეულ პროფესორ რაფიელ შამელაშვილის ნათქვამი მახსენდება უნებურად:
,,აქ
საქართველოში, მარტვილის რაიონის სოფელ ბანძაში განისვენებენ ჩემი
დედ-მამა, ბებია და ბაბუა, მათი წინაპრები და წინაპართა წინაპრები.
მათ ძვლებს ქართული მიწა ინახავს, ჩვენც აქ უნდა დავიმარხოთ“-ო.
პროფესორი
რაფიელ შამელაშვილი იყო შესანიშნავი მეცნიერი ქართველოლოგი (500-ზე
მეტი შრომისა და 30-ზე მეტი წიგნის ავტორი), ახალი თაობის აღმზრდელი და
სიკეთით სავსე მოძღვარი, რომელმაც ბევრ თავის სტუდენტს ისეთი კარგი საქმეები
გაუკეთა, რასაც ზოგიერთი მშობელი და სისხლით ნათესავიც კი არ გაუკეთებდა,
თუ ვერ გაუკეთებდა... და ამიტომაცაა, რომ ჩვენ, მისი მოწაფეები მუდამ
პატივისცემითა და სიყვარულით ვიგონებთ მის სახელს.
მე ახლაც
გუშინდელივით მახსოვს ის დღე, როდესაც ბატონი რაფიელის სახლში სტუმრად
ვიმყოფებოდი და მისმა შვილიშვილმა პატარა ბექამ, რომელსაც ვთხოვე ეთქვა
რომელიმე ლექსი, ამაყად და სხაპასხუპით მიპასუხა:
ქართლ-კახეთი იმერეთი,
გურია და სამეგრელო,
ყველა ჩემი სამშობლოა
საყვარელი საქართველო.
დიახ,
ქართველ ებრაელთა სამშობლო საქართველოა, მათი დედაენაც ქართულია,
სხვა ენა მათ არ გააჩნიათ და ისე როგორც ყველა ქართველისათვის, მათთვისაც
ძვირფასია შოთას, ილიას, აკაკის და გალაკტიონის ტკბილი ქართული.
იაკობ
პაპიაშვილის ზემოხსენებული მოთხრობის ძირითადი სათქმელიც სწორედ ეს
არის.
ამჟამად
მთელ მსოფლიოში 15 მილიონი ებრაელი ცხოვრობს, რომელთაგან, თუ არ ვცდები,
114 ნობელის პრემიის ლაურეატია და ეს მაშინ, როცა მთელ მსოფლიოში მხოლოდ
ექვსასამდე კაცს აქვს მინიჭებული ეს პრემია.
ცნობილია, რომ უძველესი დროიდან მომდინარეობს
ებრაელთა სწრაფვა მეცნიერებისკენ, მწერლობისაკენ ლიტერატურისაკენ...
გაიხსენეთ, როგორი დიდებული ადამიანები მისცეს ებრაელებმა მსოფლიოს:
ჰაინრიხ
ჰაინე, შტეფან ცვაიგი, აინშტაინი, რუბენშტეინი, ფელიქს მენდელსონი,
ბარუხ სპინოზა, ზიგმუნდ ფროიდი, ილია ერენბურგი, გარცელ ბააზოვი, ბორის
პასტერნაკი...
მარტო
ეს ფაქტიც ხომ საკმარისი საბუთია იმისათვის, რომ ყოველგვარი გადაჭარბების
გარეშე ითქვას:
ებრაელი ერი
ნიჭიერი ერია.
ნიჭიერადაა
დაწერილი ქართველი ებრაელი მწერლის, იაკობ პაპიაშვილის რომანიც -
,,ქართული ლეგენდა“, რომელიც ქართველი ერის შორეულ წარსულს - მეფე მირიანის
მეფობის ხანას და ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად შემოღებას ეხება....
მე
ეს რომანი თვითონ ავტორმა მაჩუქა ასეთი წარწერით: ,,ფაუსტ ნადარაიას!
პატივისცემით ავტორი. ქუთაისი, 1996 წ.“
რომანი
,,ქართული ლეგენდა“ იაკობ პაპიაშვილის მეორე წიგნია, რომლისთვისაც
მწერალს წინ წაუმძღვარებია თავისივე ლექსის სტრიქონები:
გაუვალ გზაზე
ჩემს ნატერფალს დავტოვებ ვიცი,
არც მზე, არც მთვარე,
არც იღბალი არ მინდა სხვისი,
მე მივაბიჯებ
დიდი რწმენით და ურყევ ფიცით,
სიტყვას არ გავტეხ,
ვალი მაწევს ქართული მიწის.
მართლაც
რომ დიდი რწმენითა და უარყევი ფიცით დააბიჯებს დღეს ქუთაისის ქუჩებში
ნიჭიერი პოეტი და პროზაიკოსი იაკობ პაპიაშვილი, რომლის პოეტური,
პროზაული და მეცნიერული ნაშრომები მეტად საყურადღებო მოვლენაა ჩვენს
ლიტერატურულ ცხოვრებაში.
,,ვეფხისტყაოსნის“
ერთი ტაეპის სწორად
გაგებისათვის
თინათინმა
გადაწყვითა უცხო მოყმის მოსაძებნად გაგზავნოს ავთანდილი და მონის პირით
შეუთვალა, მოდიო. ავთანდილმაც მაშინათვე ჩაიცვა ტანსაცმელი ,,მჯობი
ყოვლისა ჭრელისა“ და გაეშურა მეფე - ქალთან ოფიციალურ მიღებაზე. ამ
შეხვედრის დროს ავტორი ასე აღწერს თინათინს:
გაძრცვილსა ტანსა ემოსნეს
ყარყუმნი უსაპირონი.
სასკოლო
,,ვეფხისტყაოსანში“ ეს ტაეპი ასე განმარტებული:გაძრცვილსა ტანსა
- შიშველ ტანზე, ემოსნეს - ეცვა.
ყარყუმნი - ყარყუმის ბეწვი, თეთრი ფერისა. უსაპირო
- საპირედაუდებელი, ქსოვილით გაუწყობელი.
ამ
განმარტებიდან ისე გამოდის, რომ თინათინს ავთანდილთან შეხვედრისას ყარყუმის
ბეწვი აქვს წამოხურული სრულიად შიშველ ტანზე.
,,ოფიციალური
შეხვედრის დროს მეფე - ქალი თავის სპასპეტს შიშველ ტანზე მოხურული წამოსასხამით
არ შეიძლებოდა დახვედროდა. ეს არც ეთიკური თვალსაზრისით იქნებოდა გამართლებული
და არც რუსთველის მსოფლმხედველობითო’ - წერენ აღნიშნული ტაეპის შესახებ
მ. გუგუშვილი და ლ. ძოწენიძე ,,ლიტერატურულ ძიებანში (ტ. 18. გვ.
347.).
ლამაზი
ადამიანები ანტიკურ ქანდაკებებში უმეტესად შიშველი სახით არიან წარმოდგენილი.
შიშველი ქალის სხეულის შეგრძნება ესაა შეგრძნება საერთოდ ადამიანის მშვენიერებისა
და, რასაკვირველია, არც რუსთველს ჩაეთვლებოდა ამორალობის გამოვლინებად
შიშველი ქალის დახატვა, მაგრამ გააჩნია სად, როგორ და როდის.
საქმიან
აუდიენციაზე მეფე - ქალის მიერ შიშველ ტანზე წამოცმული ბეწვით გამოჩენა
ნამდვილად უხერხულია.
ამ
უხერხულობის თავიდან ასაცილებლად მ. გუგუშვილი და ლ. ძოწენიძე ეყრდნობიან
ნ. მარის თვალსაზრისს და ასკვნიან ,,გაძრცვილსა ტანსა’ მთრთოლვარე, გამხდარ
ტანს ნიშნავსო. მაგრამ რა ვუყოთ იმას, რომ პოემის მიხედვით თინათინი სულაც
არ არის გამხდარი და ,,ხორცგაძარცული“ ქალი, რის გამოც ავტორი მას მილეულ
მთვარეს კი არ ადარებს, არამედ გასრულებულს, სავსეს....
მაშ,
როგორ გავიგოთ ,,გაძრცვილსა ტანსა ემოსნეს“?
ცნობილია, რომ ,,ვეფხისტყაოსნის“ ზოგიერთ ხელნაწერსა და ნაბეჭდ გამოცემაშიც
,,გაძრცვილსა’ ნაცვლად იკითხება ,,მას მზესა...“
მ.
გუგუშვილი და ლ. ძოწენიძეც მიიჩნევენ, რომ სტროფის შინაარსისა და რუსთველის
მხატვრული ენის გათვალისწინების საფუძველზე თითქოს მართებული უნდა იყოს
წაკითხვა ,,მას მზესა ტანსა ემოსნეს ყარყუმნი უსაპირონი“, თუნდაც იმიტომ,
რომ წინა სტროფში ლაპარაკია ავთანდილზე და მომდევნო სტროფი იწყება თინათინის
დაუსახლებლად.
აბა,
რაშია საქმე?
ისინი
ითვალისწინებენ რა იმ გარემოებას, რომ იმ ხელნაწერს (სადაც ,,გაძრცვილსას“
ნაცვლად ,,მას მზესა“ წერია) ძლიერ ატყვია რედაქტორის ხელი, გადაჭრით აცხადებენ:
,,წაკითხვას ,,მას მზესა“ ვერ მივიჩნევთ ავთენტურად,
სანამ რაიმე სხვა საბუთი არ გვექნებაო’.
ჩემი აზრით, ,,მას მზესა“ -ს ავთენტიკურობა
აშკარაა ალიტერაციული თვალსაზრისითაც. ამიტომ აღნიშნულ სტრიქონს შევხედოთ
ამ კუთხითაც.
მაშ, ასე:
,,ვეფხისტყაოსნის“
ზემოთ მოყვანილი ტაეპი ცნობილია ორი სახით:
1.
მას
მზესა ტანსა ემოსნეს
ყარყუმნი
უსაპირონი.
2.
გაძრცვილსა
ტანსა ემოსნეს
ყარყუმნი
უსაპირონი.
ჩემი
აზრით, პირველი წაკითხვის უპირატესობა მეორესთან სედარებით აშკარად
ჩანს ბგერათა შეწყობის თვალსაზრისით, მიაქციეთ ყურადღება მ-ს ალიტერაციას.
მას მზესა
ტანსა ემოსნეს
ყარყუმნი
უსაპირონი
არანაკლებ
საინტერესოა ს-ს ალიტერაციაც:
მას
მზესა ტანსა ემოსნეს
ყარყუმნი უსაპირონი
საკმარისია
აქ ,,მას მზესა“ შევცვალოთ სიტყვით ,,გაძრცვილსა“ და ლექსის მუსიკალობა
დაირღვევა. ალბათ, განსაკუთრებული პოეტური გემოვნება არც არის საჭირო,
იგრძნო, რომ სიტყვას ,,გაძრცვილსა“ დეზორგანიზაცია შეაქვს მთელ სტრიქონში,
აუხეშებს, ,,სუნთქვას უბოჭავს“ მას.
ყოველივე
ზემოთქმულიდან გამომდინარე, ვფიქრობ, უეჭველად სარწმუნო უნდა იყოს ამგვარი
წაკითხვა: ,,მას მზესა ტანსა ემოსნეს ყარყუმნი უსაპირონი“, რაც ნიშნავს:
იმ მზეს (ე.ი. თინათინს) უსაპირო ყარყუმის ბეწვი ეცვა.
საქართველოში უცხოური
სახელების
გავრცელების შესახებ
ამას
წინათ რედაქციაში წერილი მივიღეთ, რომლის ავტორი, ახალდაბადებული
ბავშვის ბებია უკმაყოფილებას გამოთქვამს იმის გამო, რომ მისი შვილიშვილისათვის
მშობლებს არაქართული სახელი დაურქმევიათ.
-მე
მორწმუნე ქალი ვარ, ეკლესიაში დავდივარ და ვიცი, რომ ყველა მართლმადიდებელმა
ქართველმა თავის შვილს რომელიმე ქრისტიანული წმინდანის ან რომელიმე ღირსეული ქართველი მამულიშვილის
სახელი უნდა დაარქვას, - წერს ის და იქვე არგუმენტად მოჰყავს რამდენიმე
წლის წინათ გაზეთ ,,ეგრისის მაცნეში“ დაბეჭდილი ვინმე ანზორ ბარამიას
წერილის შინაარსი, რომელიც საქართველოში გავრცელებულ უცხოურ სახელებს
ეხება.
-საქართველოში
ქართული სახელების ნაცვლად უცხოური სახელების დამკვიდრება არის თუ არა
ანტიეროვნული მოქმედება? - გვეკითხება წერილის ავტორი და ჩვენც შევეცდებით
შეძლებისდაგვარად გავცეთ პასუხი ამ შეკითხვას:
ცნობილია
რომ არა მარტო საქართველოში, არამედ ყველა ქვეყანაში ამა თუ იმ სახელის გავრცელებას ხელს უწყობს მხატვრული
ლიტერატურა, რადგან ძალიან ხშირად მათთვის საყვარელ ნაწარმოებთა გმირის
სახელს არქმევენ შვილებს მშობლები. ქართველი ხალხი თავისი არსებობის
მრავალსაუკუნოვან მანძილზე ყოველთვის პატივს სცემდა საზღვარგარეთის
ქვეყნების ისტორიასა და ლიტერატურას, რასაც შედეგად მოჰყვებოდა ხოლმე
საქართველოში ქართული სახელების გვერდით უცხოური სახელების დამკვიდრება,
რაც სრულიად ბუნებრივ მოვლენად უნდა მივიჩნიოთ. მაგალითად, ქართული
ლიტერატურის გავლენითაა ჩვენში გავრცელებული სახელები: ტარიელი,
ავთანდილი, ფრიდონი, ელგუჯა, ლაშა, ანზორი, თორნიკე, ნესტანი, ელისო,
შორენა, ლელა და მრავალი სხვა, რომელთაც გვერდს უმშვენებენ უცხოური ლიტერატურის
გავლენით დამკვიდრებული სახელები: ტრისტანი, რომეო, ჰამლეტი, იზოლდა,
ჯულიეტა, ოფელია, მანონი, ნანა და ა.შ.
მე არ
ვარ ყოველივე უცხოურით გატაცებისა და უცხოურის მიბაძვის მომხრე, მაგრამ
თუ პატივს ვცემთ უცხო ქვეყნის ისტორიას და უცხოურ ლიტერატურას, უპატივცემულოდ
არ უნდა მოვეპყრათ უცხოური წარმოშობის სახელებსაც, რომლებიც ქართული
სახელების გვერდით ღირსეულად ცდილობენ თავიანთი ადგილის დამკვიდრებას.
სხვათა შორის, საქართველოში ქართული სახელების გვერდით არაქართული სახელების
არსებობა ახალი მოვლენა არ არის, უძველესი დროიდან მიმდინარეობს. მაგალითად,
ჩვენში დღესაც ძალიან ფართოდ გავრცელებული სახელი დავითი (რომლის საალერსო
კნინობითი ფორმაა დათო) წარმოშობით ქართული არ არის, ებრაულია, მაგრამ
იგი ერქვა ჩვენი ქვეყნის ათამდე მეფეს, მათ შორის ყველაზე ღირსეულს - დავით
აღმაშენებელს. ასევე უცხოურია გიორგიც, ბერძნულიდანაა წარმოშობილი.
თქვენ წარმოიდგინეთ, რომ არც ილიაა ქართული სახელი, არც აკაკი და არც იაკობი,
ილია და იაკობი ებრაული სახელებია, აკაკი - ბერძნული, ებრაული წარმოშობისაა
საქართველოს ისტორიის მამის - დიდი ივანე ჯავახიშვილის სახელიც, გალაკტიონი
- ბერძნულია, კონსტანტინე - ლათინური, სპარსულიდანაა წარმოშობილი
ქრისტეს სჯულისთვის წამებული ქეთევან დედოფლის სახელი, რომლის მოფერებითი
ფორმაა ქეთი, ქეთინო..ალბათ ყველას გახსოვთ მუხრან მაჭავარიანის დიდებული
ლექსი ,,ვითარცა მტკვარი’ სადაც გვხვდება ასეთი სტრიქონები“:
და დღეს -
შოთაის ნაქონი სისხლით,
და დღეს -
ვახტანგის ნაქონი სისხლით,
და დღეს -
სულხანის ნაქონი სისხლით...
თბილისის ფართო ქუჩებში დადის
ლეილა,ლონდა,
ნათია, ნანი,
ელისო, ვაჟა,
გიორგი, გივი
და
იარონ!
იარონ!
იარონ!
ამინ!
ამ ლექსს,
რომლითაც პოეტი უმღერის ქართული სისხლისა და ქართული სულის უკვდავებას,
თავიდან ბოლომდე თუ წაიკითხავთ, თქვენ იქ შეხვდებით საქართველოში გავრცელებულ
ქალისა და მამაკაცის 12 სახელს. ბევრი თქვენგანი გაიკვირვებს თუ ვიტყვი,
რომ ამ ლექსში ნახსენები სახელების უმრავლესობაც უცხოურია და არ არის
ქართული. ვახტანგი წარმოშობით ირანულია, სულხანი და ლეილა არაბული,
თამარი და ელისოც ძველებრაულიდან მოდის, გიორგი, როგორც ვთქვით, ბერძნულია,
გივი სპარსული. მიუხედავად ამისა, ეს სახელები ოდიდგანვე განსაკუთრებული
პოპულარობითა და მოწიწებით სარგებლობდნენ ჩვენში და მათ დღესაც დიდი
სიყვარულით ატარებენ თანამედროვე ქართველები. ამიტომაც ამბობს პოეტი
მათ შესახებ:
იარონ!
იარონ!
იარონ!
ამინ!
ახლა
კი, რაც შეეხება გაზეთ ,,ეგრისის მაცნეში“ დაბეჭდილ წერილს, რომელიც ზემოთ
აღვნიშნეთ, სამწუხაროდ მე იგი არ წამიკითხავს და მის შესახებ ვერაფერს
ვიტყვი, გარდა იმისა, რომ გაზეთი ,,ეგრისის მაცნე’ არის სამეგრელო - ზემო
სვანეთის რეგიონში გამომავალი გაზეთი, რომლის რედაქტორია ქალბატონი
ნათია ჯგუშია. ჯგუშია კი, პროფ. ი. მაისურაძის დაკვირვებით, მეგრული სიტყვა
ჯგუშუა-დან მომდინარეობს და ცუდად მკერავს ნიშნავს.
ეს,
ისე, სხვათაშორის, რა თქმა უნდა.
დიდ ადამიანებს დიდი
სიყვარული
შეუძლიათ
(ფიქრები ასლან აბაშიძის ,,ვედრების“ გამო)
ყველა
ლიტერატორმა მშვენივრად იცის, რომ ქართულ ხალხურ სამგლოვიარო სიტყვიერებას
უმეტესად რიტმული პროზის სახე აქვს, თუმცა ზოგიერთ მათგანში ისეთი პოეზიაა
ჩაქსოვილი, შეუძლებელია ლექსი არ ვუწოდოთ.
ამას
იმიტომ ვამბობ, რომ ვიცნობ ქართული მოთქმა - დატირების ნიმუშებს, რომლებიც
ახლა ,,მწერლის გაზეთში“ დაბეჭდილმა ასლან აბაშიძის ,,ვედრებამ“ გამახსენა.
,,მწერლის
გაზეთის“ 2003 წლის 24–30 ივლისის ნომერში გამოქვეყნებული ასლან აბაშიძის
,,ვედრება“ მართლაც რომ საოცარი მოთქმა - გოდებაა ქართველი მამაკაცისა.
საყვარელი
მეუღლის გარდაცვალებით დამწუხრებული ბატონი ასლან აბაშიძე სამგლოვიარო
ხასიათის ამ ნაწარმოებში იძლევა ამაღლებული სიყვარულის ისეთ მაგალითს,
რომლის მსგავსი იშვიათია ცხოვრებაში და ლიტერატურაშიც.
იშვიათია
- მეთქი, იმიტომ ვამბობ, რომ, როგორც ხალხურ შემოქმედებაში, ასევე კლასიკურ
ლიტერატურაში ხშირია შემთხვევა, როდესაც დედა შვილს დასტირის, შვილი
- დედას, და ძმას, ცოლი ქმარს, მაგრამ ქმარი რომ ცოლს დასტიროდეს - ნაკლებად
შეხვდებით.
ჩემი
აზრით, ეს ასე იმიტომ კი არ არის, რომ ცოლებს თითქოს უფრო მეტად უყვართ თავიანთი
ქმრები, ვიდრე ქმრებს ცოლები, არამედ აქ საქმე ის გახლავთ, რომ მამაკაცის
ხმამაღალი (მოთქმით) ტირილი ჩვენში ძველთაგან მიღებული წესით სათაკილო
საქმედ ითვლებოდა, რადგანაც მართებულად მიიჩნევენ ოდითგანვე გავრცელებულ
ყალბ სენტენციას: ,,ვაჟკაცს ცრემლი არ შეშვენის“, თუმცა ნამდვილი ვაჟკაცები
არასოდეს იზიარებდნენ ასეთ ცრურაინდულ ,,ფილოსოფიას“. აი, ქართველი ბრძენკაცის,
დიდი ილია ჭავჭავაძის აზრი ამის შესახებ:
ვაჟკაცს ცრემლსა რად უძრახავენ,
რკინაც სტყდება, როს სცემს გრდემლი,
კაცთ და პირუტყვთ გასარჩევად
ღმერთმა შექმნა მხოლოდ ცრემლი.
,,მწერლის გაზეთში“ დაბეჭდილი ასლან აბაშიძის ,,ვედრება“, რომელმაც
ახლა უნებლიეთ მომაგონა ილიას ეს სიტყვები, უფრო მნიშვნელოვანი ნაწარმოებია,
ვიდრე შეიძლება ერთი შეხედვით მოგვეჩვენოს. იგი უაღრესად ღრმა გრძნობითაა
დაწერილი;
აი, ნახეთ, როგორ მიმართავს ბატონი ასლანი თავის განსვენებულ მეუღლეს,
ქალბატონ მაგული გოგიტიძეს:
შენ სულო ჩემო და გულო ჩემო
სიცოცხლევ და ოცნებავ ჩემო,
უკურნებელო ტკივილო და
ტანჯვავ ჩემო და ცრემლო ჩემო.
ცად აფრენილო ანგელოზო
ღმერთო ჩემო ულამაზესო.
გულისსწორო, უღლისმწეველო,
კაეშანო და სევდავ ჩემო.
სწორუპოვარო მეგობარო
მეუფევ და მეუღლევ ჩემო.
შენ თეთრფრთიანო დედოფალო
და სანუკვარო ოცნებავ ჩემო.
მხოლოდ
ასლან აბაშიძისთანა დიდი გრძნობით შეპყრობილ ადამიანს შეეძლო გამოეთქვა
ასეთი გულისშემძვრელი და სიყვარულით სავსე სტრიქონები:
ვფიცავ უფალს, რომ სიკვდილამდე
კვლავ ვიქნები ერთგული შენი.
ყველას ის ჯობდა, შენ კი არა
წმინდა საუფლოს მე პირველად
შემეღო კარი და ჟამს შემდეგ
მომლოდინე იქ დაგხვედროდი,
უსურვაზივით მოგხვეოდი
დამეკოცნა თვალები შენი.
და ვალმოხდილი შევხვედროდით
წინაპართა ჩვენთა და ღმერთს მაღალს.
ჩრდილოეთ
ამერიკის პოლიტიკური მოღვაწე და მწერალი ბენიამინ ფრანკლინი, რომელსაც
მთელი ევროპა ადიდებდა როგორც სამართლიან კაცს, წერდა: ,,სიკვდილის შემდეგ
დავიწყებას უმალვე რომ არ მიეცე, ან უნდა წერდეთ იმგვარად, რომ თქვენს შემდგომ
მას კითხულობდნენ, ანდა საქმეს უნდა ქმნიდეთ ისეთს, რაზედაც წერა უნდა ღირდეს“.
ბატონი ასლან აბაშიძე 12 წელი მართავდა აჭარას და ამ წლების მანძილზე
მისი ხელმძღვანელობით ამ რეგიონში იმდენი კარგი საქმე გაკეთდა, მასზე
წერა ნამდვილად ღირს, ხოლო რაც შეეხება თვითონ ბატონ ასლანის ზემოხსენებულ
ლექსს, იგი მართლაც იმგვარადაა დაწერილი, რომ მას მომავალი თაობებიც აუცილებლად
წაიკითხავენ. იგი ,,სიყვარულის წიგნში“ შესატანი ნაწარმოებია.
მე
მაოცებს ამ ლექსის უსაზღვრო სინაზე, რაც კიდევ ერთხელ მიდასტურებს იმ აზრს,
რომ დიდ ადამიანებს დიდი სიყვარული შეუძლიათ.
,,სადაც მიხვალ, იქაური
ქუდი დაიხურეო“
ახლახან
სადღაც ამოვიკითხე, რომ ჩუვაშებისა ყოფილა ანდაზა: в какой
народ придешь, такую шапку и наден, რამაც ჩვენში გავრცელებული
,,სადაც მიხვიდე, იქაური ქუდი დაიხურეო“, გამახსენა. სიმართლე გითხრათ, მე ეს ანდაზა
არასდროს მომწონდა, რაც ადრე ლექსადაც მაქვს გამოთქმული:
მას, ეს ანდაზა ვინც თქვა პირველად,
მსოფლმხედველობა ჰქონია ცუდი,
სადაც მიხვიდე, ქართველო, ყველგან
უნდა გეხუროს ქართული ქუდი.
დიახ,
მე თუ მკითხავთ, ქართველ კაცს ნამდვილად არა აქვს იმის ფუფუნება, სადაც მივიდეს,
იქაური ქუდი დაიხუროს. ის ყველგან, სადაც უნდა მოხვდეს, ინგლისში, გერმანიაში,
საფრანგეთში, რუსეთსა თუ ამერიკაში, ქართველად უნდა დარჩეს, რადგას მას,
როგორც მცირე ქვეყნის შვილს, სხვა უფლება არა აქვს.
მართალია,
არც ჩუვაშეთია დიდი ქვეყანა, მაგრამ ეს ჩემი საქმე არ არის, მით უმეტეს,
მე არ ვიცი მათ ხალხში ამ ანდაზის წარმოშობის ისტორია.
მე ის
ვიცი, რომ ეს ანდაზა - ,,სადაც მიხვიდე, იქაური ქუდი დაიხურეო“ - ქართველ
კაცს არაფერში გამოადგება.
ქართველ
კაცს, თუ ის ეროვნულ სახელმწიფოს აშენებს, ყოველთვის უნდა ახსოვდეს საქართველოს
პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას სიტყვები:
,,ის,
ვინც ,,გაინგლისელდება“, ,,გაგერმანელდება“, ,,გაფრანგდება“, ,,გარუსდება“,,,გაამერიკელდება“,
ვერასოდეს გახდება ინგლისელი, ფრანგი, რუსი, ან ამერიკელი და ქართველობასაც
დაკარგავს და თუ ქართველებად დავრჩებით და თანაც ვეზიარებით ამ ერების
კულტურას, გავაფართოებთ და გავამდიდრებთ ჩვენს სამყაროს, გავხდებით ნამდვილი მსოფლიო მოქალაქენი.
ევროპული ინტეგრაციაც ასე უნდა გავიგოთ
და არა როგორც ეროვნული ინდივიდუალობების წაშლა ან გათქვეფა...“
შესანიშნავი
სიტყვებია.
მართლაც,
რომ თუ გვინდა არ გადავშენდეთ და ერმა თავისი სახე არ დაკარგოს, ჩვენ ქართველები,
როგორც მცირე ერის შვილები, ვალდებულნი ვართ ყველგან, ყოველთვის და ყველა
ვითარებაში, როგორც თვალის ჩინს, როგორც წმინდათა წმინდას, ისე გავუფრთხილდეთ
ჩვენს კულტურას, ჩვენს ტრადიციებს, ჩვენს ეროვნულ ატრიბუტებს.
ასე რომ:
სადაც მიხვიდე, ქართველო, ყველგან
უნდა გეხუროს ქართული ქუდი.
,,ცვრიან ბალახზე...“
დარწმუნებული
ვარ, პოეზიის მოყვარულმა ყველა ქართველმა ზეპირად იცის გალაკტიონის
ეს სტრიქონები:
ცვრიან ბალახზე
თუ ფეხშიშველა
არ გავიარე
- რაა მამული!
აი,
რას ვკითხულობთ ამ სტრიქონების შესახებ როსტომ ჩხეიძის ლიტერატურულ ესეში
,,იყო არტურ რემბო“:
,,თეიმურაზ
დოიაშვილის დაკვირვებით, ეს სტრიქონები გამოძახილი თუ რემინისცენციაა
რემბოს ლექსისა ,,შეგრძნება“, რომლის ერთი სტროფიც (,,ზაფხულის ლურჯი საღამოებით
ბილიკებს გავყვები, ხორბლით ნაჩხვლეტი, დაბალ ბალახებს გავთელავ: მეოცნებე:
მე ვიგრძნობ მის სიგრილეს ფერხთით. ჩემს შიშველ თავს ქარს დავაბანინებ)
XX საუკუნის დასაწყისის რუსულ თარგმანში ისეა გადმოტანილი, რომ ყველგან
შენარჩუნებულია ბალახზე ფეხშიშველა სიარულის განსაკუთრებული განცდა
- ზოგან პირდაპირ გაცხადებული და ზოგანაც გამჭვირვალედ ნაგულისხმევი.
გამოძახილი
აშკარაა ალექსანდრე აბაშელის ლექსშიც ,,მზე და ჰაერი“:
გადავირბინო ველი უწაღოდ,
რომ შესვან ცვარი შიშველ ფეხებმა.
ეს სიახლოვეც
აღნიშნულია აბაშელისა და გალაკტიონის სტრიქონებს შორის (დავით მჭედლური),
ჩემი მხრივ კი მივუმატებდი პასაჟს გრიგოლ რობაქიძის რომანიდან ,,გველის
პერანგი“: კარგია როცა ცხელი ტერფებით ცვარიან მოლზე გაივლი დილით“.
როსტომ
ჩხეიძის ამ ნათქვამიდან ნათლად ჩანს, რომ ის, როგორც დოიაშვილი, გალაკტიონის
,,მამულის“ ამოსავალ წერტილად რემბოს ,,შეგრძნებას“ მიიჩნევს, რაშიაც
ვერც მას და ვერც დოიაშვილს ვერ დავეთანხმებით.
მერე
რაა, რომ რემბო ამბობს: მე ვგრძნობ ბალახების სიგრილეს ფერხთით-ო. განა
ვინმეს იმის თქმა უნდა, რომ მინდორში ფეხშიშველა სიარულით გამოწვეული
ბალახების სიგრილე რემბომდე არავის უგვრძნია ამ ქვეყანაზე? სხვისი არ
ვიცი და მე პირადად არა მგონია გალაკტიონისთვის რემბოს გარეშეც უცნობი
ყოფილიყო ცვრიან ბალახზე ფეხშიშველა გავლით გამოწვეული სიხარული,
რაც არა მხოლოდ რემბოსა და გალაკტიონს, თითოეულ ჩვენგანსაც არაერთხელ
უგვრძნია და განუცდია.
მაგრამ თუ მაინცდამაინც პარალელებისა და ანალოგიების ძებნაა
საჭირო, არ მესმის, რატომ უნდა ვეძებოთ იგი ფრანგულ ან თუნდაც რომელიმე
სხვა ქვეყნის ლიტერატურაში, როცა მსგავს მაგალითებს მრავლად შევხვდებით
ქართველ მწერლებთანაც. მაგალითად, თავის ავტობიოგრაფიულ მოთხრობაში
,,ჩემი თავგადასავალი“, რომლის შექმნის საფუძველია ცხოვრებისეული მოვლენები
და ფაქტები, აკაკი იხსენებს: ,,ცვრიან ბალახზე ფეხშიშველას უნდა გვერბინა“.
მიაქციეთ
ყურადღება: ,,ცვრიან ბალახზე ფეხშიშველას უნდა გვერბინა“.
აკაკის
ამ სიტყვების წაკითხვის შემდეგ აშკარაა, რომ გალაკტიონის „მამულის“ პირველი
ტაეპის პარალელების ძებნისას, აკაკი და გალაკტიონი უფრო ახლოს დგანან
ერთმანეთთან, ვიდრე გალაკტიონი და რემბო.
აი ვნახოთ:
რემბო:
მე ვიგრძნობ მის (ე.ი. ბალახების) სიგრილეს ფერხთით.
აკაკი:
ცვრიან ველზე ფეხშიშველას უნდა გვერბინა.
გალაქტიონი:
ცვრიან ბალახზე თუ ფეხშიშველა
არ გაიარე - რაა მამული!
ამიტომ,
იმ მეთოდით, რა მეთოდითაც თეიმურაზ
დოიაშვილი და როსტომ ჩხეიძე გალაკტიონის ლექსს რემბოს რემინისცენციად
მიიჩნევენ, უფრო მართებული ხომ არ იქნებოდა, რომ გალაკტიონის ცნობილი
სტრიქონები - ,,ცვრიან ბალახზე თუ ფეხშიშველა არ გავიარე - რაა მამული!
- რემბოსთან კი არა, უპირველეს ყოვლისა, აკაკისთან დაგვეკავშირებინა.
მით უმეტეს, რომ რემბო დაბადებული არ იყო, როცა აკაკი ცვრიან ველზე ფეხშიშველა
დარბოდა.
იმ
მეთოდით - მეთქი იმიტომ
ვამბობ, რომ მე, პირადად, ასეთი ,,დაკავშირებები“ ზედმეტ მჩხრეკელობად
მიმაჩნია, რადგან მთავარი ის კი არ არის, თუ ვის აქვს ლექსში პირველად ნახსენები
ცვარი ან ცვრიან ბალახზე ფეხშიშველა სიარული, არამედ მთავარი ის არის, თუ
ვინ შეძლო ჭეშმარიტ პოეზიად ექცია ისეთი ,,ჩვეულებრივი მოვლენა“, როგორიცაა
ცვრიან ბალახზე ფეხშიშველა გავლა და ვინ უფრო სიღრმისეული გააზრებით,
მხატვრულად და ლამაზად გადმოგვცა იგი.
უდავოა, რომ ცვრიან ბალახზე ფეხშიშველა სიარულის
განცდა და მით გამოწვეული მშობლიური მიწისა და სამშობლოს სიყვარული
ქართულ პოეზიაში არავის გამოუხატავს ისე ორიგინალურად და ისეთი ოსტატობით,
როგორც გამოხატა ეს გალაკტიონმა ლექსში ,,მამული“:
ცვრიან ბალახზე თუ ფეხშიშველა
არ გავიარე რაა მამული!
წინაპართაგან წავიდა ყველა,
სხვა ხალხის ისმის აქ ჟრიამული.
გაშალა ველი ნელმა ნიავმა
და მელანდება მე მის წიაღში,
მოხუცი მამა, მოხუცი მამა,
სასხლავით ხელში დადის ვენახში.
აქ თითო ლერწი და თითო ყლორტი
მასზე ოცნებას დაემგვანება,
ისევ ამწვანდა მდელო და კორდი,
დავდივარ, ვწუხვარ და მენანება.
შემთხვევით
არ არის, რომ ტრადიციულ თემაზე დაწერილი გალაკტიონის ეს ლექსი, როგორც
რაფიელ ერისთავის ,,სამშობლო ხევსურისა“, მიწასთან კავშირით, მიწის სიყვარულით
იწყება.
ყველას მოუსმინე,
მაგრამ ნურავის
ნუ აჰყვები
მიხეილ
ჯავახიშვილის ,,ჩანაწერებში“ ერთგან ვკითხულობთ:
,,ჭკვიანი
ადამიანი ყველას დაეთანხხმება, მაგრამ მარტო თავის თავს დაუჯერებს. ყველას
მოუსმინე, მაგრამ ნურავის ნუ აჰყვები“.
იმ
ადამიანს, ვინც ყველას ეთანხმება, საკუთარი აზრი არა აქვს და მის სიჭკვიანეზე
ლაპარაკი ზედმეტია. ვფიქრობ, რომ ,,ჩანაწერებში“ შეცდომაა დაშვებული
და ,,დაეთანხმებას“ ნაცვლად უნდა ეწეროს ,,დაეკითხება“, რომლის შემდეგ
წინადადება ასეთ სახეს მიიღებს:
,,ჭკვიანი
ადამიანი ყველას დაეკითხება, მაგრამ მარტო თავის თავს დაუჯერებს“.
მახსენდება,
,,ვეფხისტყაოსანშიც“ გვხვდება მსგავსი გამოთქმა:
ჰკითხე ასთა, ჰქმენ გულისა,
რაგინდ რა ვინ გივაზიროს.
ე.ი.
ასს (მრავალს) დაეკითხე, მაგრამ სხვებმა რაც უნდა გირჩიონ, ისე მოიქეცი,
როგორც გულმა გიკარნახოსო. იგივეს ამბობს მიხეილ ჯავახიშვილიც: ყველას
მოუსმინე, მაგრამ ნურავის ნუ აჰყვებიო.
რუსებსაც
აქვთ მსგავსი ანდაზა: всякого
слущаи, а никому не поддаваися.
enebis Sesaxeb
როგორც ვიცით, ისტორიულ-პოლიტიკურ მოვლენებთან დაკავშირებით სამეგრელოს
მხარე იცვლიდა თავის გეოგრაფიულ-პოლიტიკურ სახელწოდებას. უძველეს
დროს მას ეწოდებოდა «აია», «კოლხიდა», «კოლხეთი», საშუალო საუკუნეების
ახლანდელ პერიოდში «ლაზიკა» ან «ეგრისი», შემდეგ «ოდიში» და ეხლა იგი ცნობილია «სამეგრელოს»
სახელწოდებით (ს. მაკალათია). აკად. ანზორ შონიას
საბუთიანი განცხადებით, თუ გავითვალისწინებთ იმ მოვლენას, რომ ძველი
წელთაღრიცხვის VII-VI საუკუნეებიდან კოლხეთის
სამეფოს ხშირად ეგრისის სამეფოდაც მოიხსენიებდნენ,
სრულიად კანონზომიერია ითქვას: სწორედ ეგრისის სამეფოს დაარქვეს
ბერძნებმა (ძვ. წ. XV-XIV ს) კოლხეთის სამეფო და
მის მკვიდრ მოსახლე ეგრებს (მეგრელებს) – კოლხები.
დიახ, კოლხი იგივე მეგრელია.
მეგრელია ლაზიც.
სწორედ ამ მეგრულ (იგივე კოლხურ) ენაზე მეტყველებდა კოლხეთის მდიდარი
და სახელგანთქმული მეფე აიეტი და მის სამეფოში მცხოვრები
კოლხი ხალხი. აკად. თამაზ გამყრელიძის მტკიცებით, კოლხეთის მეფე აიეტი და მისი შვილები «დასავლურ-ქართულ
დიალექტებზე მეტყველებენ, რომლის დღევანდელი გაგრძელება ჩვენთვის
ცნობილია მეგრულისა და ლაზურის სახით.
გამოდის, რომ argonavtebs ბერძენი გმირის მეთაურობით კოლხეთში ძვ. წელთაღრიცხვის
მეორე ათასწლეულის მეორე ნახევარში ეთნიკურად იგივე მოსახლეობა
დახვდა, დაახლოებით იმავე ენაზე მეტყველი, როგორც ჩვენს დროში axal argonavtebs ბრიტანეთის მკვიდრ
ტიმ სივერინის მეთაურობით».
თამაზ გამყრელიძის აქ მოყვანილმა სიტყვებმა
შეუძლებელია არ გაგვახსენოს აპოლონიოს როდოსელის «არგონავტიკის» ერთი ადგილი: როცა
იასონი და მედეა კირკესთან მივიდნენ, აიეტის დას მშობლიური
ხმის გაგონება მოუნდა და მედეამაც წყნარი ხმით უამბო მამიდას
ყველაფერი კოლხურ (ე. ი. მეგრულ) ენაზე.
ძველ ბერძენ ისტორიკოსს დიოდორე სიცილიელს
თუ დავუჯერებთ, მედეა პელიარის სასახლეში გრძელ ლოცვას წარმოსთქვამს კოლხურად
(ე. ი. მეგრულად). ახლა კი, რაც შეეხება ლაზთა მეგრელობის საკითხს,
ამასთან დაკავშირებით აუცილებლად უნდა გავიხსენოთ ცნობილი ბიზანტიელი ჟამთააღმწერლის პროკოფი
კესარიელის ის სიტყვები, რომლებიც ს. მაკალათიას მოჰყავს თავის «სამეგრელოს ისტორიაში»: «კოლხები
შეუძლებელია არ იყვნენ იგივე ლაზები, ვინაიდან ფაზის მდინარეზე
მოსახლეობენ, ხოლო სახელი «კოლხები», როგორც სხვა მრავალი
ტომისა, ამჟამად «ლაზთა» სახელად შეიცვალა»-ო.
ამასვე იმეორებს ბიზანტიელი ისტორიკოსი აგათია
სქოლასტიკოსი:
«ლაზებს რომ ძველად კოლხები ეწოდებოდათ და სწორედ ისინი არიან,
ამაში ეჭვი არ შეეპარება არავის, თუკი ის გაეცნობა ფაზისის,
კავკასიისა და მათ გარშემო ქვეყნების მოსახლეობას». მართალია, დღეს ლაზური
ენა ძალიან განსხვავდება მეგრულისაგან, მაგრამ ამას აქვს თავისი
საფუძველი «ლაზები თითქმის რვა საუკუნეა მოწყვეტილი არიან მშობლიური
ხალხისაგან და ჯერ ბერძნულ, ხოლო შემდგომ თურქულ გარემოში აღმოჩნდნენ, რამაც, ბუნებრივია,
ლაზების მეტყველებაზე ძლიერი გავლენა მოახდინა. სწორედ
ამ სიტუაციამ განაპირობა ის განსხვავება, რომელიც დღეს შეიმჩნევა
მეგრულ და ლაზურ ენებს შორის, თორემ იმ ეპოქაში, როდესაც ლაზები და
მეგრელები ერთად იყვნენ, დარწმუნებული ვართ, არავითარი განსხვავება
არ იქნებოდა მეგრულ ენასა და ლაზურ-ჭანურ კილოს შორის.» (ანზორ შონია).
ra iyo oqros
sawmisi, anu
pirveli cnoba
kolxuri
damwerlobis
Sesaxeb
ძველი ხანების
მითოგრაფოსთა და კომენტატორთა ერთი ნაწილი ოქროს საწმისს
კოლხურ ტომებში ოქროს მოპოვე ბის დამკვიდრებული წესის გამომხატველ
სიმბოლოდ მიიჩნევს. ეს წესი კოლხებს აღნუსხული ჰქონიათ საწერ მასალად დამუშავებულ ტყავ-ეტრატებზე.
ბერძენი მწერლის პალეფატეს (ქრისტეშობამდე
IV ს.) ცნობით, კოლხეთში დაცული ტყავი
ნამდვილი ოქროს საწმისი კი არაა (რაც პოეტური მონაჭორია), არამედ
ტყავებზე ნაწერი წიგნია, რომელიც შეიცავს აღწერას, როგორ შეიძლება
მივიღოთ ოქრო ქიმიის საშუალებით.
XIII საუკუნის ინტერპრეტატორის, ევსტატი თესალონიკელის კომენტარებში დაცულია
II საუკუნის ბერძენი
ავტორის ხარაქს პერგამონელის განმარტება, რომ ოქროს საწმისი
არის ეტრატებზე აღნუსხული მეთოდი ოქროდამწერლობისა, რომლის
გამოც ღირსსარწმუნოა არგოს ლაშქრობა მოეწყო (ა. ურუშაძე). «ოქროს საწმისი იყო
წიგნი, რომელშიც ეწერა ოქროსა და სელის დამუშავების
საიდუმლო» (ა. მაშკოვსკი).
ცნობილი ქართველი ლიტერატურათმცოდნის, ბერძნულქართული ურთიერთობის საკითხების
მკვლევრისა და «არგონავტიკის» მთარგმნელის, პროფ. აკაკი ურუშაძის განმარტებით,
ოქროს საწმისი პირველი ცნობაა ქართველურ ტომებში არსებული დამწერლობის
შესახებ.
ძველი ბერძენი ისტორიკოსის, ჰეროდოტეს ცნობით,
«ოდესღაც კოლხებს დამწერლობა ჰქონდათ». ჩვენს ერამდე მესამე
საუკუნეში მოღვაწე ძველი ბერძენი პოეტისა და მეცნიერის,
აპოლონიოს როდოსელის «არგონავტიკის» მიხედვითაც, კოლხებს აქვთ მამათაგან
ნაწერი კვირბები, რომლებზედაც ირგვლივ მოგზაურთათვის ნაჩვენებია ზღვისა და ხმელეთის
ყველა გზა და საზღვარი...
«აპოლონიოს როდოსელის ცნობა არის ისტორიული
მოწმობა იმის შესახებ, რომ ძველ კოლხეთში დამწერლობა არსებობდა, ხოლო ჩანაწერები
კვირბებზე უნდა მივაკუთვნოთ ძველი კოლხეთის სამეფოს»
(გიორგი მელიქიშვილი).
საქართველოს ისტორიის მამას, დიდ ივანე ჯავახიშვილს ეკუთვნის სიტყვები: «ჩვენ ყველამ ვიცით,
რომ თანამედროვე ქრისტიანობის ნიადაგზე აღმოცენებული ქართული
მწერლობის ენა ქართულია, ხოლო ქართველი ხალხის უძველესი ხანის კულტურის შესწავლა
უეჭველ ჰყოფს, რომ ქართველებს ქრისტეს წინათაც მრავალი საუკუნის
განმავლობაში მწერლობა უნდა ჰქონოდათ, მაგრამ შესაძლებელია შემდეგ
გამოირკვეს, რომ ამ ხანის მწერლობის ენა qarTlur Stos ki ar ekuTvnodes, aramed
megrul-lazurs, an svanur Stos. ამის გამო ქართულ ენაკილოკავების
შესწავლას ჩვენი ერის უძველეს წარსულის შესწავლისათვის მეტად
დიდი მნიშვნელობა აქვს და ექნება ყოველთვის».
სწორედ მეგრული ენის მეშვეობით შეძლო უაღრესად
ნიჭიერმა მეცნიერმა გია კვაშილავამ თითქმის ოთხი ათასწლეულის სიძველის – ფესტოსის
დისკოზე არსებული წარწერის კოლხურ ენაზე წაკითხვა. ამ
უნიკალური ტექსტის გაშიფვრით ბატონმა გიამ დაადგინა, რომ
ფესტოსის დისკოზე დაბეჭდილი ნახატი ნიშნები «კოლხური
ოქროდამწერლობაა».
სამართლიანად შენიშნავს მწერალი გური ოტობაია:
oqros sawmisi es aris
pirveli wigni dedamiwis zurgze, rac msoflio saocrebaTa nusxaSi dRemde ar aris
Setanili da es didi Secdomaa.
oriode sityva
`vefxistyaosnis~
megruli
Targmanebis Sesaxeb
1966 წლის შემოდგომაზე მთელ მსოფლიოში აღინიშნა
გენიალური ქართველი პოეტის, შოთა რუსთაველის დაბადების 800 წლისთავი. ზეიმის
დღეებში გელათში გაიხსნა პოეტისადმი მიძღვნილი დიდი ექსპოზიცია.
ჟურნალისტ გურამ ალექსანდრიას ცნობით, ერთ-ერთ სტენდზე გამოფენილი
იყო «ვეფხისტყაოსნის» სხვადასხვა ენაზე მთარგმნელთა პორტრეტები. მარი ბროსეს, მარჯორი უორდროპის,
არტურ ლაისტის, ჰუგო ჰუპერტის, კონსტანტინე ბალმონტის, პანტელეიმონ
პეტრენკოს, ნიკოლოზ ზაბოლოცკის, ნიკოლა ბაჟანის, იონა მეუნარგიას, შალვა ნუცუბიძის, სერგო
წულაძის, გიორგი ცაგარელის, დიმიტრი გულიას და სხვების სურათებთან
ერთად სტენდზე ნახავდით «ვეფხისტყაოსნის» მეგრულად მთარგმნელის ვარლამ
ლომიას პორტრეტსაც. ეს თარგმანი საქართველოს მეცნიერებათა აკადემიაში ინახება. ის არასოდეს
გამოქვეყნებულა (გაზეთი «ახალი ქუთაისი», 1999წელი
12 მაისი, გვ. 6.)
ჟურნალისტ გურამ ალექსანდრიას იმავე წერილიდან
ვგებულობთ, რომ სენაკელ ვარლამ ლომიას გარდა პოემა მეგრულად თარგმნილი აქვთ: ზუგდიდელ
კაკა ჟვანიას, წალენჯიხელ გედევან შანავას, მარტვილელ
ჰამლეტ ნადარაიას და სენაკელ იოსებ გვასალიას.
«ვეფხისტყაოსნის» მეგრულად მთარგმნელთა ამ სიას
ჩვენ დავამატებდით, აგრეთვე, სენაკელ ჯიმშერ წულაიას და მარტვილელ აბელ ფეტელავას.
აბელ ფეტელავას ნათარგმნი და ხელნაწერ წიგნად
აკინძული «ვეფხისტყაოსანი» (ყილოშტყებამი) დაცულია მარტვილის მუზეუმში. იქვე ინახება
ნაწყვეტები ჰამლეტ ნადარაიას თარგმანებიდან. ახლა კი იმის საილუსტრაციოდ,
თუ როგორ და რა დონეზე აქვთ ვეფხისტყაოსანი» მის მთარგმნელებს მეგრულად
ამეტყველებული, გთავაზობთ ერთ სტროფს ავთანდილის ანდერძიდან, თარგმნილს კაკა ჟვანიას,
გედევან შანავასა და ჰამლეტ ნადარაიას მიერ. შერჩეული სტროფი
მთლიანად აფორისტულია და მას რუსთაველი ასე გადმოგვცემს:
არას გარგებს სიმძიმილი,
უსარგებლო ცრემლთა
დენა,
არ გარდავა გარდუვალი
მომავალი საქმე ზენა,
წესი არის მამაცისა,
მომჭირნება, ჭირთა
თმენა,
არვის ძალუძს ხორციელსა
განგებისა გარდავლენა.
Kკაკა ჟვანიას ეს სტროფი
ასე აქვს თარგმნილი:
ნარღი მუთას მოხვარუნა
ჩილამურიშ ბუნა ბრელი,
ვე ი ვამოხვადასუნი,
ო ოფური
მუთუ რენი,
ქომოლქ ოკო გინიღასუ
გაჭირება ანდანერი,
მუთუნკოსუ ვეშულებუ
განგებაში გინორთელი.
Aაზრი ნათელია, გასაგებად
იკითხება, რითმებსაც არა უშავს, მაგრამ მაინც, პროზაულად ჟღერს და მხატვრული
თვალსაზრისით რუსთაველის პოეზიამდე ბევრი აკლია.
გედევან შანავას თარგმანში კი ვკითხულობთ:
ვართ ნარღინი, ჩილამური,
აკა მუთუნს ვახვარ თინა,
ვე უასუნ ვამოხვადუ
განგებასუ ოკონ თინა,
ჭირს გუმაგრი ქომოლურო,
ვერგუნ ფერი ვაქიმინა,
ვეგნისხაპე განგებაშა
მითინს ვაუქიმინ თინა.
არც ეს თარგმანი გამოირჩევა დიდი მხატვრული
ღირსებით. აქ, გარდა იმისა, რომ რითმები ღარიბია და მთარგმნელი ვერ ახერხებს ერთი სტროფისათვის
ოთხი სარითმო სიტყვის მოძებნას, სხვამხრივაც არაფრით არ იგრძნობა დედნის
ამაღლებულობა.
ახლა კი ვნახოთ, თუ როგორ ჟღერს ავთანდილის ანდერძის იგივე სტროფი ჰამლეტ
ნადარაიას თარგმანში:
მუს მოგიღანს ინგარდე
დო
ჩილამურიშ ღვარით
მიშე,
ვამოხვადას ვე უაფუ
გეჭარილი საქმექ ჟიშე,
წესი ორე ქომოლიში
გაჭირებას ვედეშიშე,
განგებაში გინორთელი
ვეშილებე მუთუნიშე.
მეგრული ენის მცოდნე პოეზიის ყველა მოყვარული
დაგვეთანხმება, რომ ჰამლეტ ნადარაიას ეს თარგმანი ისე ბრწყინვალედ და ოსტატურად არის
შესრულებული, რომ მხატვრული დონითა და მუსიკალურობით რუსთველის
ლექსს არც კი ჩამორჩება. ნურავის გადაჭარბებულ შექებად ნუ მოეჩვენება
ეს განცხადება. ჰამლეტ ნადარაია იყო შესანიშნავი ლიტერატორი,
თავის დროზე საკმაოდ ცნობილი პოეტისა და დრამატურგის – შალვა კუჭავა-პონტოელის
დისშვილი, იგი თვითონაც წერდა ლექსებს (თუმცა არასოდეს უზრუნვია
მათ გამოქვეყნებაზე). დატოვა მდიდარი პოეტური მემკვიდრეობა–საინტერესო
სენტენცია-აფორიზმებით სავსე ლექსების ციკლი «ჩემი თავშესაქცევი», რომლის გამოცემა უთუოდ
დაამშვენებდა ქართულ პოეზიას, მაგრამ ამაზე სხვა დროს.
ამჟამად ჩვენ მხოლოდ «ვეფხისტყაოსნის» მეგრულად
მთარგმნელებზე ვსაუბრობთ. მიუხედავად ზოგიერთების
ნეგატიური დამოკიდებულებისა, ჩვენ ამ საკითხს გვერდს
ვერ ავუვლიდით თუნდაც იმიტომ, რომ «ვეფხისტყაოსნის»
მეგრული თარგმანების მეცნიერულად შესწავლა და გამოქვეყნება უაღრესად
საჭირო საქმედ მიგვაჩნია.
ნადარაიათა
გვარის შესახებ
ნადარაიების
საგვარეულოს საოჯახო ხატი
ცნობილია , რომ ზოგიერთი გვარი შეიცავს
ადამიანის დახასიათებას ამა თუ იმ ნიშნის მიხედვით, მაგალითად ,,ჭითანავა’’.
,,ჭითა’’ მეგრულად ნიშნავს წითელს. ამ შემთხვევაში, ალბათ, წითურ კაცს. ზოგიერთი
გვარი წარმოშობილია ხელობის ან რაიმე სხვა საქმიანობის მიხედვით. მაგალითად
,,ჭკადუა’’(,,ჭკადუ’’ მეგრულად ნიშნავს მჭედელს, ასე რომ ,,ჭკადუა’’ მჭედლის
აღმნიშვნელი გვარია მეგრულში,როგორც ქართულში მჭედლიძე ან მჭედლიშვილი).ზოგიერთი გვარი
კი წარმოებულია ტოპონიმისაგან, ქალაქის ან სოფლის რომელიმე ადგილის
სახელისაგან.მაგალითად: გვარი ,,ხუნწარია’’ წარმოებულია ტოპონიმ ხუნწისაგან
,,არ’’ სუფიქსითა და ,,ია’’ დაბოლოებით (ხუნწი-ხუნწ-არ-ია).
გამოითქვა ვარაუდი, რომ შეიძლება ასეთივე
პრინციპით იყოს ნაწარმოები ,,ნადი’’ სიტყვისაგან ,,ნადარაია’’(ნადი-ნად-არ-ა-ია).მაგრამ მე ეს ვარაუდი დასაშვებად არ მიმაჩნია.
ჯერ ერთი, ნადი , როგორც ტოპონიმი , არ დასტურდება და მეორეც, თუ ამ სიტყვაში
(,,ნადი’’) იმ მნიშვნელობას ვიგულისხმებთ ,რომელიც საბას განმარტებული
აქვს ,როგორც ,,მუშაკნი შეყრილნი’’ ანუ ,,მამითადი’’, უნდა ავღნიშნოთ ,
რომ მეგრულში ასეთ ,,მამითადს’’ ,,ნადი’’ კი არა ,,ნოდი’’ ჰქვია.
მაშ საიდან
მოდის და რას შეიძლება ნიშნავდეს მეგრული წარმოშობის გვარი ნადარაია?
ჩვენ ზემოთ
აღვნიშნეთ , რომ გვარებად ძალიან ხშირად გამოიყენებოდა ისეთი სიტყვები,
რომლებიც აღნიშნავენ ადამიანის დახასიათებას,ხელობას ,სადაურობას,
მაგრამ როგორც პროფესორი ზურაბ ჭუმბურიძე აღნიშნავს, ყველაზე ხშირად
გვარი ნაწარმოებია სახელისაგან...
და ასეა ეს კოლხურ გვარებშიც. მაგალითად: აღსართანისაგან
ნაწარმოებია გვარი სართანია, ბაგრატისაგან-ბაგრატია,გვაჯასგან-გვაჯავა,
გეგესგან-გეგია,კეკესგან-კეკელია,გერასიმესგან -გერსამია,დავითისგან-დავითაია
და ა.შ.
ჩვენი აზრით,
ასევე პირსახელ ,,ნადარასაგან’’ მომდინარეობს გვარი ნადარაია. მართალია
ეს სახელი დღეს მივიწყებულია და არ იხმარება,მაგრამ ძველ დროში ამ სახელის
ხმარებას ადასტურებს თუნდაც ის ფაქტი, რომ ჯერ კიდევ ქრისტემდე 1400 წლის
წინანდელ A კლასის ხაზოვან წარწერებში პროფესორმა გია კვაშილავამ ამოიკითხა
ადამიანის საკუთარი სახელი ,,ნადარე’’. ასე რომ, ,,ნადარე’’ ანუ ,,ნადარა’’
ფუძიანი წარმოშობის გვარებია :ნადარია, ნადარაია, ნადარეიშვილი.
ამრიგად, ნადარაია ,,ია’’ დაბოლოებიანი კოლხური
გვარია,რომლის ფუძეში ფიქსირებულია წინაპრის საკუთარი სახელი, ეპონიმი-,,ნადარ’’.
სოციალური წარმოშობით ნადარაიები გლეხთა
კატეგორიას ეკუთვნოდნენ.
1887 წლის სამეგრელოს გლეხთა აჯანყებაში აქტიური
მონაწილეობა მიუღია სალხინოს ფარული სათათბირო ორგანოს-,,სხუნუს’’
ერთ-ერთ თავკაცს სქვამაია ნადარაიას, რომელიც ხალხური მელექსის გადმოცემით მართლაც რომ ,,სქვამი’’(ე.ი. ლამაზი, მიმზიდველი) ვაჟკაცი
ყოფილა:
სქვამაიას მიძახუდეს
დო მართალო ვორდი სქვამი,
ერთი-მორთი ქილორიში
კიპაროზაშ მიღუდ ტანი.
სქვამაია ნადარაიას შთამომავლები დღესაც
ცხოვრობენ სოფელ დიდიჭყონში. სოფელ დიდიჭყონის ლედგებეს უბანში მდებარე
ერთ-ერთ გორაკს ,,თასი ნადარაიაშ ნოხორი’’
ეწოდება.
როგორც წარსულში, ასევე დღესაც მრავლად არიან
ნადარაიების გვარში ისეთი სახელოვანი ადამიანები, რომლებიც საქართველოს
სხვადასხვა კუთხეებში მოღვაწეობენ
და ამა თუ იმ სფეროში თავიანთი განსაკუთრებული წვლილის შეტანით ჩვენი
ქვეყნის ღირსეულ ისტორიას ქმნიან. ასეთები არიან, მაგალითად: ფიზიკა-მათემატიკის
მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ელიზბარ ნადარაია, უნიჭიერესი
ფსიქოლოგი და ქალთა პოლიტიკური რესურს-ცენტრის დამფუძნებელი , ქალბატონი
ლიკა ნადარაია, ფაზისის საერო აკადემიის პრეზიდენტი ნუგზარ ნადარაია
(რომლის ორგანიზებულობითა და ქველმოქმედებით დაუდგეს ძეგლი ფოთში ცოტნე
დადიანს და რომლის ინიციატივა იყო აგრეთვე გიორგი ჭყონდიდელის წმინდანად
შერაცხვა), საქართველოს უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, მედიცინის
დოქტორი, კარდიოლოგი კახა ნადარაია, ბიზნესმენი მერაბ ნადარაია,
ფოთის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე რევაზ ნადარაია და მრავალი სხვა.
ნადარაიები ძირითადად ცხოვრობენ ხობის, მარტვილის,
ზუგდიდის, აბაშის რაიონებში და თბილისშიც. ამჟამად თბილისში დაახლოებით
200-ზე მეტი ნადარაია ცხოვრობს(ლტოლვილების გარდა), ისინი სხვადასხვა
დროს სამეგრელოს სხვადასხვა რაიონებიდან არიან იქ ჩასული.
ნადარაიები ცხოვრობენ აგრეთვე აფხაზეთშიც
(ცნობისთვის: აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის გალის რაიონის
გამგებელი არის თემურ ნადარაია).
დღეს მთლიანად საქართველოში ნადარაიების
საერთო რაოდენობა 1200 სულს აჭარბებს.
ღმერთმა დალოცოს მათი გვარი და ჯილაგი.
ყურადღება მიაქციე !!!!
ReplyDeleteგახდე დიდი Illuminati- ის წევრი დღეს
გახდეს მდიდარი და ცნობილი. ეძებთ სიბრძნეს და
ცოდნა? შენ ბიზნესმენი / ქალი, პატივცემული,
პოლიტიკოსი, მუსიკოსი, ექიმი, ფეხბურთელი, სტუდენტი? Შენ
გვინდა ვიყოთ ცნობილი მხატვარი ან მსახიობი (e t.c) და გინდა
მდიდარი, ძლიერი და ცნობილი მსოფლიოში? Გაწევრიანება
Illuminati ახალი მსოფლიო წესრიგი და მოდით თქვენი ოცნება მოდის ture
დღეს გახდება წევრი და მიიღოს ყოველთვიური მხრივ $ 3,000,000,00 და 8000 ყოველ სამ დღეში სამი დღის განმავლობაში, და ბევრი სარგებელი .კონტრაქტი MR AGENT PATRICK VIA ელფოსტა: agentpatrick5@gmail.com ან VIA WhatsApp +2348055329159 OR VIA ვებსაიტი http://gravatar.com/agentpatrick5 თქვენ ასევე შეგიძლიათ ბლოგის აგენტიპატრიკ 5.blogspot.com თქვენს ბედი თქვენს ხელშია.