26 ოქტომბერს მარტვილის ცენტრალურ სტადიონზე კიდევ ერთი ლამაზი და ისტორიული გამარჯვება მოიპოვა „მერანმა“, მინიმალური ანგარიშით დაამარცხა ეროვნული ჩემპიონატის ერთ-ერთი ლიდერი ზუგდიდის „ბაია“ და მნიშვნელოვნად გაიუმჯობესა სატურნირო მდგომარეობა, თუმცა ჩვენდა საუბედუროდ მატჩს ექსესების გარეშე არ ჩაუვლია.
საქმე ისაა, რომ ამ რამდენიმე დღის წინ ტელეფონით გვესაუბრა ქალაქ ზუგდიდში მცხოვრები, საფეხბურთო კლუბ „ბაიას“ პრეს-სამსახურის უფროსი ლაშა ჯიქია, რომელიც აღშფოთებასა და განცვიფრებას ვერ მალავდა მარტვილის „მერანის“ რამდენიმე ხელმძღვანელის მიმართ, რომლებმაც სტუმართა გუნდის თანამშრომელი და ჟურნალისტი სტადიონზე, მისთვის განკუთვნილ ადგილას არ შეუშვეს. ჩვენ დიდხანს ვფიქრობდით გამოგვექვეყნებინა თუ არა ყოველივე ეს გაზეთ „მარტვილის“ ფურცლებზე და საბოლოოდ გადავწყვიტეთ (გავიხსენეთ რა დიდი ილია მართლის სიტყვები: „მოყვარეს პირში უძრახე, მტერსპირს უკანაო“), დაგვებეჭდა ყოველგვარი ცენზურისა და შესწორებების გარეშე.
ლაშა ჯიქია: „ჩვენს გუნდს ერთ-ერთი კალენდარული შეხვედრა ჰქონდა მარტვილში,
ადგილობრივ „მერანთან“. წესისამებრ თამაშამდე ერთი დღით ადრე ვესაუბრე „მერანის“ ადმინისტრაციას, რომელსაც ვუთხარი, რომ ზუგდიდიდან მოვდიოდით ხუთი კაცი, კლუბის ხელმძღვანელობა, მათ შორის მეც. მივიღე სიტყვიერი შეთანხმება. იქ მისულს კი, სიტუაცია სხვაგვარი დაგვხვდა, რატომღაც არ შემიშვეს პრესლოჟაზე და არც ოქმი მომცეს. პასუხი იყო რბილად რომ ვთქვათ არაკომპეტენტური: „ადგილი არ არის ზევით და ტრიბუნაზე ადიო(!)“. ვითხოვე მარტვილელთა პრეს-ატაშესთან დაკავშირება, თუმცა როგორც გავარკვიე საერთოდ არ ჰყოლიათ.
მეგრელები ვართ, შეიძლება საერთოდ არ უნდა მეთქვა, მაგრამ გული მტკივა, რადგან მარტვილში ასეთ დახვედრას ვერც კი წარმოვიდგენდი.
„მერანის“ წარმატებების ფონზე, გუნდის აბსოლუტურად ყველა თანამშრომელს გაცნობიერებული უნდა ჰქონდეს ის ფაქტი, რომ მასმედიას გუნდისა თუ ფეხბურთელის წინსვლის, პოპულარიზაციის საქმეში უდიდესი როლი აკისრია. სწორედ ჟურნალისტმა უნდა ასახოს ობიექტურად თამაშის პერიპეტიები, აუწყოს მრავალრიცხოვან ფეხბურთის ქომაგს და დააბრუნოს მაყურებელი სტადიონზე.
იმედია, მსგავსი შემთხვევები მარტვილში აღარ განმეორდება და სტუმარს, ჩამოსულ თუ ადგილობრივ ჟურნალისტს ისე დავხვდებით, როგორც ეს საყოველთაოდ ცნობილ კოლხურ სტუმარ-მასპინძლობას შეეფერება.
ა. გოგია, ჟურნალისტი
No comments:
Post a Comment