Tuesday, November 8, 2011

2005-2010 წლებში ბიძინა ივანიშვილმა ქველმოქმედებაზე 1 156 081 151 ლარი დახარჯა


"ამბები.გე-მ" "ქართუ ჯგუფისგან" ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილის საქველმოქმედო საქმიანობის ანგარიში გამოითხოვა. 2005 წლიდან 2010 წლის ჩათვლით ივანიშვილმა ქველმოქმედებაზე სულ 1 156 081 151 ლარი დახარჯა. ქველმოქმედება ფონდების - "ქართუ", "ისტორიულ ძეგლთა დაცვისა და გადარჩენის ფონდი" და ასოციაცია "ატუს" მეშვეობით ხორციელდებოდა. თანხა კულტურის, ხელოვნების, სპორტის, მედიცინის, მეცნიერების, განათლების, სოფლის მეურნეობის სფეროებსა და სოციალურად დაუცველ პირთა დახმარებაზე გადანაწილდა.

ფონდ "ქართუს" 2005-2010 წლებში ქველმოქმედების სახით დახარჯული აქვს 966 565 155 ლარი, "ისტორიულ ძელგთა დაცვისა და გადარჩენის ფონდს"  - 56 186 113 ლარი, ხოლო ასოციაცია "ატუს" - 133 329 883 ლარი. 



2010 წელი
2010 წელს საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ "ქართუს" შემოსავლის სახით მიღებული აქვს 134 499 001 ლარი, რომელიც სრულად გახარჯულია ქველმოქმედებაში. 

2010 წლის პროგრამული ანგარიშის თანახმად, 18 089 169 ლარით ფონდი კულტურისა და ხელოვნების სფეროს დაეხმარა. 

კერძოდ, 4 579 493 ლარი - იშხნის ეკლესიის ალბომის გამოცემას, ალავერდის ტაძრის მეორე რიგის აღდგენით სამუშაოებს, კომპლექსურ სარესტავრაციო და საკონსერვაციო სამუშაოებს მოხმარდა; 3 668 400 ლარი ხელოვნების დამსახურებული მუშაკების სოციალურ დახმარებაზე, 2 120 203 ლარი კი "თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზის" რეაბილიტაციაზე დაიხარჯა. 

7  517 003 ლარით ფონდმა სპორტის სფერო დააფინანსა. კერძოდ, 3 510 500 ლარი სპორტსმენებისა და მწვრთნელების სოციალურ დახმარებაზე, 2 085  545 ლარი კი საქართველოს რაგბის კავშირისთვის დაიხარჯა. 

მედიცინის სფერომ ფონდისგან 10 928 224 ლარის ოდენობის დახმარება მიიღო. აქედან, 7 402 266 ლარი შპს "სადაზღვევო კომპანია ქართუს" საჩხერის რაიონის მოსახლეობის ნებაყოფლობითი სამედიცინო დაზღვევისთვის გამოეყო, 3 065 420 ლარი კი კავშირ "დოსტაქარს", საჩხერის რაიონის მცხოვრებთა უფასო სამედიცინო მომსახურებისთვის. 
მეცნიერების სფერომ ფონდისგან 2010 წლის განმავლობაში 2 753 420 ლარი მიიღო. აქედან 1 169  032 ლარი თბილისის ბოტანიკური ბაღისა და ბოტანიკის ინსტიტუტის თანამშრომლების სოციალურ დახმარებას, კომუნალურ გადასახადებს, ბოტანიკურ ექსპედიციებს, საზღვარგარეთის მივლინებებს, კომპიუტერული და საბაღოსნო ინვენტარის შეძენას მოხმარდა; 1 036 400 ლარი კი მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსებისა და წევრ-კორესპონდენტების სოციალურ დახმარებას. 
980 607 ლარი ფონდმა განათლების სფეროში გადარიცხა. აქედან 505 753 ლარი კავშირ "სხივ XXI"-ს საჯარო სკოლების კომპიუტერული ტექნიკით უზრუნველსაყოფად გამოეყო, 240 ათასი კი წმინდა ტბელ აბუსერიძის სახელობის უნივერსიტეტს. 
სოფლის მეურნეობის სფერო "ქართუმ" 2010 წელს 884 509 ლარით დააფინანსა. ფონდისვე კუთვნილმა ასოციაცია "ატუ"-მ რეგიონალურ განვითარებაში 2010 წელს 88 385 025 ლარი დახარჯა. 
აქედან, 17 261 100 ლარით დაფინანსებულია "ფრანგული სკოლის მშენებლობა", 10 მლნ ლარით - პროექტი "ქონების დაგროვება 2010 წლის საგრანტო პროგრამების შესრულებისა და საქველმოქმედო საქმიანობისთვის". 6 791 100 ლარი  - საჩხერის რაიონის მიწისძვრით დაზარალებული მოსახლეობის სახლების რეაბილიტაციაზე, 6 673  500 ლარი - საჩხერის სამედიცინო კომპლექსის მშენებლობაზე, 6  041 600 ლარი კი რაგბის სტადიონების მშენებლობაზე დაიხარჯა. 
სოციალურად დაუცველი პირების დასახმარებლად 2010 წელს "ქართუმ" 592 726 ლარი გამოყო. სხვადასხვა ხარჯებს (ადმინისტრაციულ-სამეურნეო ხარჯები, სესხის პროცენტი და საკურსო სხვაობა) კი 1 990 318 ლარი დასჭირდა. 
საქართველოს ისტორიულ ძეგლთა დაცვისა და გადარჩენის ფონდმა კი 2010 წელს თანხა 212 ეკლესიის რესტავრაციისთვის გამოყო.
ისტორიული ტაძრების აღდგენა-რესტავრაციაზე 4 246 504 ლარი დაიხარჯა. ამავე ფონდმა 2009 წელს 133 ისტორიული ძეგლის რეაბილიტაცია 4 340 403 ლარით დააფინანსა. 

2009 წელი
საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ "ქართუს" 2009 წელს ქველმოქმედების სახით სულ გაცემული აქვს 125 391 897 ლარი.
ფონდ "ქართუს" ოფიციალური მონაცემების თანახმად, ხელოვნების დამსახურებული მუშაკებზე, სპორტსმენებსა და მწვრთნელებზე სოციალური დახმარების სახით სულ 7 875 065 ლარი აქვს გაცემული.
ფონდ "ქართუს" ოფიციალური მონაცემებით, 2009 წლის დასაწყისში ფონდის ანგარიშზე ნაშთის სახით 4 354 478 ლარი იყო, წლის განმავლობაში შემოსავლის სახით მიღებულია 125 037 419 ლარი.
2009 წელს "ქართუს" ხელოვნების დამსახურებული მუშაკებისთვის სოციალური დახმარების სახით გაცემული აქვს 4 438 065 ლარი, მათ შორის 663 720 ლარი გაცემულია ნ.დუმბაძის მოზარდმაყურებელთა თეატრის თანამშრომელთა სოციალურ დახმარებაზე, 636 000 ლარი - კახიძეების მუსიკალური კავშირისთვის, ხოლო 541 500 ლარი - ანსამბლ "ქართული ხმებისთვის".
2009 წელს ფონდიდან სპორტსმენებსა და მწვრთნელებზე სოციალური დახმარების სახით გაცემულია 3 437 000 ლარი, მათ შორის "ქართუმ" 668 730 ლარით დააფინანსა საქართველოს რაგბის კავშირი, 520 946 ლარით - საფეხბურთო კლუბი "საჩხერის ჩიხურა", 187 000 ლარით - საქართველოს სამბოს ეროვნული ფედერაცია.
"ქართუდან" ისტორიული ძეგლთა დაცვისა და გადარჩენის ფონდში 2009 წელს გადარიცხულია 4 480 606 ლარი, თანხა განკუთვნილი იყო საქართველოს შუა საუკუნეების არქიტექტურისა და ფერწერის ძეგლების კომპლექსური სარესტავრაციო სამუშაოებისთვის. 
ამავე წელს ფონდმა "ქართუმ" თბილისის ბოტანიკური ბაღი 1 015 009 ლარით დააფინანსა. თანხა დაიხარჯა ბაღის თანამშრომელთა სოციალურ დახმარებაზე, კომუნალურ გადასახადებზე, ბოტანიკურ ექსპედიციებსა და საზღვარგარეთ თანამშრომელთა მივლინებაზე, კომპიუტერული ტექნიკის შეძენაზე, საბაღე ინვენტარისა და სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შეძენაზე და სხვა.
რაც შეეხება განათლების სფეროს, ფონდმა ”ქართუმ” კავშირ "სხივი XXI"-ში  2009 წელს 1 430 465 ლარი გადარიცხა, რომელითაც საქართველოს საჯარო სკოლები კომპიუტერული ტექნიკით აღჭურვეს.  
ფონდიდან სადაზღვევო კომპანია "ქართუში" 2009 წელს საჩხერის მოსახლეობის ნებაყოფლობითი სამედიცინო დაზღვევისთვის გადარიცხულია 6 830 080 ლარი, ხოლო კავშირ "დოსტაქარში" - საჩხერის რაიონის მკვიდრთა უფასო სამედიცინო მომსახურებისთვის - 2 617 200 ლარი, საჩხერის სამედიცინო კომპლექსის მშენებლობისთვის - 3 214 300 ლარი, საჩხერის მედიკოსთა ქალაქის მშენებლობისთვის - 3 269 700 ლარი. 
2009 წელს ფონდი აფინანსებდა სოფლის მეურნეობის დარგსაც. კერძოდ, "ქართუდან" ააიპ "აგროში" გადარიცხულია 1 067 169 ლარი ვაზის ჯანსაღი ნერგების გამოსაყვანად. 
ფონდი აფინანსებდა რეგიონალური განვითარების პროექტებსაც. კერძოდ, 2009 წელს ფონდმა "ქართუმ" პროექტისთვის - "მასალებისა და მანქანა-დანადგარების შეძენა" (სარეაბილიტაციო ობიექტების უზრუნველყოფა საიმპორტო და ადგილობრივი მანქანა-დანადგარებით და მასალებით) - 17 368 081 ლარი გაიღო.

"ქართუს" ჯ.კახიძის მუსიკალური ცენტრის რეკონსტრუქციისთვის 2009 წელს გამოყოფილი აქვს 4 681 100 ლარი, ჯანაშიას სახელობის სახელმწიფო მუზეუმის რეკონსტრუქციისთვის - 1 431 400 ლარი, ხოლო ალ. გრიბოედოვის სახელობის თეატრის რეკონსტრუქციისთვის - 1 338 300 ლარი. 

ფონდმა ამ პერიოდში ბათუმის დელფინარიუმის მშენებლობა 4 525 000 ლარით დააფინანსა, ხოლო ნატანების საკონცერტო დარბაზის მშენებლობა - 4 950 900 ლარით.


2008 წელი
"საქართველოს ისტორიულ ძეგლთა დაცვისა და გადარჩენის ფონდის" 2008 წლის ანგარიშში ქველმოქმედებაზე დახარჯული თანხის სახით 4 198 162 ლარია აღნუსხული. თანხა 113 ეკლესიის რესტავრაციაზე დაიხარჯა. 

ფონდმა "ქართუმ" 10 სხვადასხვა სფერო დააფინანსა. 2008 წელს ქველმოქმედების სახით ფონდმა 170 223 837 ლარი დახარჯა.  



2007 წელი
"საქართველოს ისტორიულ ძეგლთა დაცვისა და გადარჩენის ფონდმა" 2007 წელს ქველმოქმედებაზე 2 818 094 ლარი დახარჯა. თანხით დაფინანსდა ისტორიულ-კულტურული ძეგლების, კერძოდ, 81 ეკლესიის რესტავრაცია. 

ამავე წელს, საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდმა "ქართუმ" ქველმოქმედებას 181 916 475 ლარი მოახმარა. თანხა წმინდა სამების საკათედრო ტაძრის მშენებლობას, კულტურის, ხელოვნების, მედიცინის, მეცნიერების, განათლების, სოფლის მეურნეობის, რეგიონალური განვითარებისა და უძრავი ქონების სფეროებს, ასევე სოციალურად დაუცველ პირთა შემწეობას მოხმარდა. 



2006 წელი
ოფიციალური მონაცემებით, 2006 წელს ფონდმა "ქართუმ" 272 933 005 ლარის ღირებულების პროექტები დააფინანსა, მათ შორის - მედიცინის სფეროსთვის გამოიყო 38 401 243 ლარი, განათლების სფეროსთვის - 37 255 889 ლარი, ხოლო 9 280 000 ლარი - სამების საკათედრო ტაძრის მშენებლობისთვის.

ამავე წელს "საქართველოს ისტორიული ძეგლთა დაცვისა და გადარჩენის ფონდმა” 69 ისტორიული ძეგლისა და ეკლესიის მშენებლობა დააფინანსა, რაზეც 2 349 883 ლარი დაიხარჯა. მათ შორის - 141 803 ლარი მოხმარდა ზემო კრიხის მთავარანგელოზის ეკლესიის რესტავრაციას, 69 772 ლარი - ყინწვისის მონასტრის წმ. ღვთისმშობლის და წმ. ნიკოლოზის ეკლესიების მხატვრობას.

რაც შეეხება ასოციაცია "ატუ"-ს, 2006 წელს ასოციაციამ დახარჯა 146 139 009 ლარი, მათ შორის 36 704 936 ლარით დაფინანსდა დასვენებისა და კულტურულ-გასართობი ობიექტების მშენებლობა-რეაბილიტაცია, ხოლო 24 218 341 ლარით - განათლების ობიექტები.


2005 წელი
ოფიციალური მონაცემებით, ფონდმა "ქართუმ" 2005 წელს 81 600 900 ლარის ღირებულების პროექტები დააფინანსა, მათ შორის, რეგიონალური სოციალური განვითარების პროექტებს ფონდიდან 45 040 002 ლარი მოხმარდა, კულტურის სფეროს - 16 585 793 ლარი, ხოლო საეკლესიო მშენებლობებს - 10 090 382 ლარი.
ამავე წელს "საქართველოს ისტორიულ ძეგლთა დაცვისა და გადარჩენის ფონდმა" 15 ძეგლისა და ეკლესიის რესტავრაცია დააფინანსა, რაზეც 419 027 ლარი დაიხარჯა. 148 439 ლარი ქარელის რაიონში დირბის სამონასტრო კომპლექსის მშენებლობა-რესტავრაციას მოხმარდა, 53 995 ლარი - წალკის რაიონის სოფელ არჯევან-სარვანის ეკლესიის საპროექტო-სარესტავრაციო სამუშაოებს.
ასოციაცია "ატუმ" 2005 წელს ქველმოქმედების სახით 44 944 858 ლარი დახარჯა, მათ შორის - 32 780 274 ლარი სხვადასხვა ობიექტების მშენებლობასა და მასალებს მოხმარდა, ხოლო 6 069 121 ლარი - გზების მშენებლობას.

No comments:

Post a Comment