Sunday, September 30, 2018

მარტვილელი ქალი პარიზში



ჟურნალ დროშის 1985 წლის დეკემბრის ნომერში გამოქვეყნდა პოეტ დავით მაღრაძის ლექსი „სამშობლოში დაბრუნება“, რომელსაც ასეთი ეპიგრაფი ახლავს: „ვუძღვნი ქალბატონ ლუბა აბდუშელიშვილს, რომელიც ახალგაზრდა განშორდა საქართველოს და სამოცი წლის მერე დაუბრუნდა მას“.                                                                                                   
   ლექსში საოცრად თბილად და ემოციურად არის დახატული ნოსტალგიით გაწამებული ქართველი ქალის სახე:
                                „ცრემლში იფურცლება
                                  წარსულის ალბომი,
                                  მკათათვე ტყეშია
                                  თვალებმინამული,
                                  ბავშვობა ედება
                                  ბებერ გულს სალბუნად
                               - მადამ, გენატრებათ მამული?
    მშვენივრად არის გააზრებული შემდეგი სტრიქონებიც:
                                 ბალახში დაეძებთ
                                  პატარა ნაფეხურს,
                                   რა შეინახავდა
                                   იმდენი წლის მერე,
                                   ნუთუ მიაგენით?
                                  -ვიპოვე!
                                  -აფერუმ!
                                   ცრემლები ჩამოსდით
                                   საფლავში ქიმერებს.
  
იქნებ ბევრმა არც კი იცის, რომ ამ ლექსის ადრესატი არის ჩვენი რაიონის შვილი, ქალბატონი ლუბა ჩაჩიბაია. (აბდუშელიშვილი ქმრის გვარია). ქალბატონი ლუბა  მამაჩემის ნათლია იყო, იგი სრულიად ახალგაზრდა წასულა საქართველოდან. ცხოვრობდა პარიზში და 1975 წელს მხოლოდ რამდენიმე დღით, ვიზით ჩამოვიდა თავის სამშობლოში, მოინახულა მშობლიური სოფელი კიწია, მიაკითხა დედ-მამისა და ძმის საფლავებს, კეთილი გულით გადაეხვია ნათესავებსა და თანასოფლელებს და ისევ პარიზში წავიდა.
     ქალბატონი ლუბა ექიმად მუშაობდა პარიზში, მან იქ ახალგაზრდობიდანვე მიიქცია ფრანგი კოლეგების ყურადღება, ემიგრირებიდან რამდენიმე დღის შემდეგ მამამისს წერდა:
    „ძვირფასო მამა!  5 დღეა, რაც შვეიცარიაში ვარ. იყო კონგრესი ინტერნაციონალური ექიმებისა, მე ვიყავი ერთი დელეგატთაგანი. შვეიცარია ლამაზი, მთიანი ქვეყანაა, ძალიან მაგონებს ჩვენს საქართველოს“.
   ამ წერილიდანაც აშკარად ჩანს, რომ ქალბატონ ლუბა ჩაჩიბაიას კარგი ექიმის სახელი გაუთქვამს საფრანგეთშიც. ცხადია, შვეიცარიაში გამართულ ექიმთა კონგრესზე ფრანგები მხოლოდ ნიჭიერებსა და მაღალი კლასის სპეციალისტებს გაგზავნიდნენ.
   ამიტომ ახლა რამდენადაც სასიხარულოა ჩვენთვის, რომ მარტვილში დაბადებულ ქალს ასეთი წარმატება ხვდა უცხოეთში, იმდენადვე დასანანია , რომ მის ნიჭს აქ, საკუთარ სამშობლოში არ ეღირსა  სათანადო დაფასება და აღიარება. მითუმეტეს მაშინ, როცა ის იყო თავის დროზე საკმაოდ ცნობილი საზოგადო მოღვაწის კონდრატე ჩაჩიბაიას ქალიშვილი.
   ეს ხომ ის კონდრატე ჩაჩიბაიაა, რომელიც იყო ბლაღოჩინი და უდიდესი ქველმოქმედი ადამიანი, რომელმაც სოფელ კიწიაში საკუთარ მამულში გახსნა სკოლა და ბოლო წლებში თვითონაც იქ მუშაობდა მასწავლებლად.
   ბუნებრივია, მკითხველს უთუოდ დაებადება კითხვა, ასეთი კარგი მამის შვილი და თვითონაც უნიჭიერესი ახალგაზრდა ქალი რამ აიძულა უცხოეთში წასულიყო საცხოვრებლად. ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად სჯობს ისევ მის წერილებში ჩავიხედოთ:
    „თბილისში ძნელი იყო ცხოვრება. მე გართული ვიყავი შალვას მდგომარეობით. ყოველ დილას მივდიოდი მეტეხში მის სანახავად და მიმქონდა საჭმელი. შალვა რომ გადაასახლეს 1922 წელს, მალე მეც დავტოვე საქართველო.“
        ცნობილი საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწე შალვა აბდუშელიშვილი იყო დამოუკიდებელი საქართველოს პროფესიული კავშირების ცენტრალური საბჭოს მდივანი და მისი პერიოდული ორგანოს, ჟურნალ „მუშათა ცხოვრების“ რედაქტორი. იგი იყო მდივანი იმ ისტორიული კრებისა, რომელმაც 1921 წელს საოკუპაციო ხელისუფლებას წარუდგინა მთელი რიგი გაბედული მოთხოვნები, რისთვისაც კრების ყველა მონაწილე მოსკოვის ბრძანებით დააპატიმრეს და საძღვარგარეთ გადაასახლეს.
  43 წელი იცხოვრა შალვა აბდუშელაშვილმა პარიზთან ახლოს, ქალაქ სენ-კლუში, აქაც მუდმივად სამშობლოზე ფიქრობდა. ხანგრძლივი დროის მანძილზე იყო ქართული სათვისტომოს თავმჯდომარე პარიზში და მონაწილეობდა საქართველოს სასიკეთოდ გამართულ ყველა ღონისძიებაში. გარდაიცვალა 1966 წელს.
   „მის დაკრძალვაზე მრავალრიცხოვან ქართულ და ფრანგულ საზოგადოების დასწრებამ ცხადჰყო, რამდენად აფასებდნენ მის უაღრესად კეთილ ბუნებას და მის მიერ გაწეულ ღვაწლს“-იუწყებოდა ჟურნალი ივერია (1966 წ. N12 პარიზი).
   როგორც აქ მოყვანილი  მწირი ცნობებიდან და სხვა ლიტერატურული წყაროებიდან ჩანს შალვა აბდუშელისვილი 1922 წელს გადაასახლეს მხოლოდ იმიტომ, რომ ის და მისი მეგობრები საქართველოს უკეთესი მერმისისათვის იბრძოდნენ.
    უსამართლოდ რეპრესირებული (გადასახლებული) შალვა აბდუშელიშვილის ცოლსაც ყოველდღე საფრთხე ემუქრებოდა, ამიტომ იძულებული გახდა მიეტოვებინა სამშობლო და თავის საყვარელ მეუღლესთან ერთად პარიზში განეგრძო ცხოვრება.
     არადა, რა ძნელი იყო მისთვის საქართველოს მიტოვება, სამშობლოს სევდა მას სიკვდილამდე აწვალებდა.
   სულ საქართველოში ჩამოსვლაზე ოცნებობდა, რადგან მისი სული განუყოფელი იყო მამულთან. ძმის ცოლისადმი გამოგზავნილ ერთ-ერთ ბარათში წერს:
   „ჩემო საყვარელო ოლია! უკვე წელიწადი შესრულდა, რაც ვიზა ვითხოვე, მაგრამ აქამდის პასუხი არ მაქვს. დაცდა და მოთმენა მე შემიძლია, მაგრამ ჩემი წლოვანება მოითმენს? თუ ისე მოვკვდე, რომ ჩემმა თვალებმა ჩემი ქვეყანა და ჩემიანები ვერ ნახა, ეს ჩემთვის დიდი ტრაგედია იქნება“.
  მადლობა ღმერთს  ეს ნატვრა მაინც რომ აუსრულდა. სიკვდილამდე რამდენიმე წლით ადრე ერგო ბედნიერება უკანასკნელად ენახა თავისი სამშობლო, რომლის სიყვარულს და პატივისცემას გულში სათუთად ინახავდა.
    კიდევ აპირებდა თურმე ჩამოსვლას, მაგრამ სიკვდილმა არ დააცალა და ისე ჩავიდა საფლავში, რომ ვერ ეზიარა ნათესავთა ცრემლს...  რადგან ესეც მიუწვდომელი ყოფილა იმ დაწყევლილ წლებში რეპრესირებულთათვის.
   ასე დაასრულა თავისი სიცოცხლე მარტვილელმა ქალმა ლუბა ჩაჩიბაიამ, რომელმაც თავის საყვარელ მეუღლესთან ერთად ბევრი ტანჯვა და წამება გამოიარა სამშობლოს გულისთვის.
   ამჟამად, ქალბატონ ლუბა ჩაჩიბაიას სანაცვლოდ საფრანგეთში ხარობს მისი მოდგმა-შვილიშვილები, რომლებიც ცხოვრობენ პარიზში და აქვთ დიდებული ოჯახები.
   იხარონ!
   ამინ!

                                                                ავტორი:   ფაუსტ ნადარაია

No comments:

Post a Comment