Friday, April 20, 2018

"ჰეი, ვინ მოდის მანდ მომავლიდან..."


       გაიცანი ახალგაზრდა მარტვილელი პოეტები                    

გიორგი ხულორდავა
     მკითხველს, ალბათ, ახსოვს, გიორგი ხულორდავა მე-9 კლასის მოსწავლე იყო, როცა მისი რამდენიმე ლექსი დავბეჭდეთ ჩვენს გაზეთში.
     მე ის ილია კუხალაშვილმა გამაცნო.
     მართლაც რომ აღფრთოვანებული დავრჩი მისი ინტელექტითა და ნიჭიერებით. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ ბავშვი იყო, ზედმიწევნით იცნობდა ქართულ და საზღვარგარეთის ქვეყნების ლიტერატურას.
   2014 წელს, ჯერ კიდევ მეთერთმეტე კლასის მოსწავლემ გამოსცა თავისი თარგმანების მომცრო კრებული სათაურით ,,რჩეული

თარგმანები“, სადაც მსოფლიო კლასიკოსებად მიჩნეული რვა ავტორის (შექსპირი, ბლეიკი, ბაირონი, პუშკინი, უიტმენი, დიკინსონი, ცვეტაევა, ესენინი.) 30 შედევრია ქართულად ამეტყველებული.
     სიამოვნებით ავღნიშნავ, რომ ამ კრებულში უთუოდ ბევრ კარგ თარგმანს შეხვდებით. მაგალითისთვის, აი, თუნდაც შექსპირის ეს სონეტი:

შენი სადარი ვერ გახდება თვიოთონ ზაფხულიც,
ვერ ედარება შენს სიტურფეს მისი ბუნება,
ვარდობისთვეში ქარი ზარავს კვირტებს გაფურჩქვნილს
ზაფხული გადის, ხანმოკლეა დიდებულება.

ხედავ მზის სხივებს კაბადონზე უხვად მოფენილს?
სილამაზესაც მზის შუქივით ადგას დიდება,
მაგრამ ყველაფერს გადაჩრდილავს წუთისოფელი,
მშვენიერებაც სწორედ ასე დაიბინდება.

მაგრამ არასდროს არ დაჭკნება ნაზი ფერები
არ დამთავრდება არასოდეს შენი ზაფხული,
და საიდუმლო უნაზესი შენი მშვენების
ჩემს ლექსს ექნება მარადისად შემონახული.


მარად იცოცხლებ, ღვთაებაო, ამ სიტყვებს ენდე,
ჩემი ლექსები გაცოცხლებენ განკითხვის დღემდე.

  დამეთანხმებით, რომ ამის ასე დაწერას (თუ თარგმნას) უცხო და მშობლიური ენების სააფუძვლიანი ცოდნა სჭირდება.
    დღეს გიორგი ხულორდავა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის მიმართულების (სპარსული ენა და ლიტერატურა) მესამე კურსის სტუდენტია, სწავლასთან ერთად დიდი სიყვარულითა და გატაცებით თარგმნის ინგლისურ და სპარსულ კლასიკურ პოეზიას.
    ნიმუშად ერთი რობაი ხაიამიდან:

საწუთროს მგზავრო! ჯერ შენი გზა
კიდევ ვრცელია,
მაგრამ დროს ბევრი ჩვენთაგანი
გაუცელია,
ფრთხილად ძმობილო! მოილიე
ყოველი საქმე,
რადგან ამქვეყნად დაბრუნება
ძლიერ ძნელია.
             და აი კიდევ ერთი ლექსი გენიალური ბაიორონიდან-
                        ,,დღეს შემისრულდა ოცდათექვსმეტი წელი“:
დანაცრებულა გრძნობა ფარული,
გულში წაშლილა წარსულის კვალი,
არვის ვუყვარვარ თუმც სიყვარულით,
მწვავს ცეცხლის ალი.
 ჩემი დღეები ქარმა წარხვეტა
და ფოთოლივით გრიგალი მათრობს,
საფლავის ჭია და მწუხარება
შემომრჩა მარტო.
გულს მარადისი ცეცხლი მინთია,
ასე ვულკანიც გიზგიზებს მიწყივ,
ერთი სანთელიც ვერ ამინთია
და ისე ვიწვი.

იმედი, შიში მომავალ წლების
წარსულთან ერთად დავასამარე,
ვერ ვუნაწილებ სიყვარულს ვერვის,
მელის სამარე.

ო, სულო ჩემო, აღსდექი ბრძოლით,
ბრძოლის ქარცეცხლმა ელადას უხმო,
და ვით სპარტელი ფარზე დახრილი
მეც ვდგავარ უხმოდ.

აღსდექი სულო! შენ აქ იწრთობი,
გახსოვს აქ შენი სისხლი ღელავდა,
წასვლის ჟამია, დროა გმირობის,
გელის ელადა!

და ნუ აჰყვები უაზრო ღელვებს
ჰა, იშრიტება შენი კანდელი,
შეგაცივდება ბაგეზე სუნთქვა
უკანასკნელი.
და ასე წარსულს ნუღარ იხსენებ,
მხოლოდ სიმშვიდე ეძიე ტკბილი,
დაცხრი! დაწყნარდი და განისვენე
მარადის ძილით.
    მე ამჯერად არ ვისაუბრებ ამ თარგმანების მხატვრულ ღირსებებზე, რასაც მკითხველი ალბათ, უჩემოდაც კარგად გრძნობს, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ მარჩიელობის არ მჯერა, თავს უფლებას მივცემ ვიწინასწარმეტყველო: დადგება დრო და გიორგი ხულორდავა აუცილებლად დაიმკვიდრებს თავის ადგილს ქართულ ლიტერატურაში.




                                               
                                         თაკო   წულაია
                                   მე ვწერდი ლექსებს, როგორც განაჩენს
                                   ისევ ჩემთვისვე დასმულს, უმტკიცესს,
                                    და ამ ყველაფრით მაინც არ ვიცი
                                    მე უზენაესს თუ რას ვუმტკიცებ
        ამ სტრიქონების დამწერი თაკო წულაია ჯერ მხოლოდ 15 წლისაა და უკვე ავტორია მშვენიერი პოეტური კრებულისა ,,პეპლები“.
       თაკო წულაიას ლექსების შესახებ პირველად თავისი აზრი გამოთქვა მისმა მასწავლებელმა, ფილოლოგმა მარინე თოფურიამ: ,,15 წლის პოეტი მარადიულ ღირებულებას ეძებს. სამყაროში დაგდებული ადამიანის მარტოობა, ზღვრული სიტუაციების ელდა, შფოთი, მოუსვენრობა, ტკივილის განცდა, ბედნიერების მირაჟი, მიტოვებული სოფლების სევდა, დაკარგული ბედნიერების ძიება და კიდევ ბევრი რამ, რასაც ამოვიკითხავთ მის შემოქმედებაში. ყოველივე ეს კი წარუშლელ შთაბეჭდილებას ტოვებს მკითხველში...“

                                     წადით და დამტოვეთ მე უნდა დავწერო
                                      ლექსები, რომლებიც იტყვიან განაჩენს,
                                      ყველა ერთნაირად როდი ცოცხლობს და
                                      მართლებს და ნამდვილებს დრო თვითონ გაარჩევს.
        ეს ფრაგმენტია ლექსიდან, რომლის სათაურია ,,მარადისობა“.
         იქვეა ასეთი სტრიქონებიც:
                                       ჯერ კიდევ შეამჩნევ ანაბეჭდს თითების
                                       ჩემს მხრებზე ახლა რომ ტკივილი ჰკიდიათ,
                                       ოთახის კუთხეში მოხრილი მუხლებით
                                       ვზივარ და დღეები თავისით მიდიან.
      კრებულში იშვიათი როდია ასეთი ალიტერაციული კეთილხმოვანება:
       ოთახის კუთხეში მოხრილი მუხლებით.
      მიუხედავად იმისა, რომ დასახელებულ კრებულში მხოლოდ ლექსებია შეტანილი, ჩვენთვის ცნობილია, რომ 15 წლის თაკო წულაია საკმაოდ სიღრმისეულია პროზაშიც და წერს მშვენიერ მოთხრობებსაც. მაგალითად, ამას წინათ ერთ ერთ კონკურსზე ნომინაციაში ,,საუკეთესო პროზაული ნაწარმოები“, გაიმარჯვა და საჩუქრად მიიღო ვერცხლის შროშანი და სამი ათასი ლარი...
      და მაინც როგორც ამბობს თვითონაც მრავალი კარგი ლექსის ავტორი ოთარ დანელია, თაკო წულაია დაბადებულია
                                             პოეზიისთვის,
                                             ახალი სიტყვისთვის,
                                             ახალი პოეტური ხაზისთვის,
                                              ბავშური მხოლოდ ასაკია.
       მეც ყოველგვარი ,,ასაკობრივი შეღავათის“ გარეშე ვამბობ: თაკო წულაიას ლექსებში ნამდვილად არის პოეზია.
      ,,ჩემი ლექსები გამხელილი ტკივილებიაო“- წერს ერთგან თაკო წულაია და ყველა, ვინც მის ლექსებს წაიკითხავს, აუცილებლად იგრძნობს, რომ მას ნამდვილად ხელეწიფება თავისი ტკივილებისა თუ სიხარულის პოეზიად გარდაქმნა.
    ახლა კი მინდა ვისარგებლო შემთხვევით და განსაკუთრებული პატივისცემა და მადლიერება გამოვხატო მარტვილელი ბიზნესმენისა და მეცენატის, ბატონ ალიკა ახვლედიანის მიმართ, რომელმაც დააფინანსა თაკო წულაიას ლექსების პირველი წიგნი, რითაც ახალბედა ავტორის შემოქმედება ცნობილი გახადა ფართო საზოგადოებისთვისაც.
     ,,ეს იყო ყველაზე დიდი საჩუქარი, რაც კი ოდესმე მიმიღია და ყველაზე დიდი სიხარული, რომელიც ამ 15 წლის მანძილზე მომხდარა ჩემს ცხოვრებაში-წერდა ამ წიგნის პრეზენტაციის დღეს  თავის ფეისბუქგვერდზე თაკო წულაია.
      ამიტომ, კიდევ ათასი მადლობა ალიკა ახვლედიანს, ამ 15 წლის პოეტური სულის გოგონას ასეთი გახარებისთვის.
         თაკო წულაიას წინ ბევრი გამარჯვება ელოდება.


                                                                                         ფაუსტ ნადარაია

No comments:

Post a Comment