Saturday, November 30, 2013

მარტვილელთა წარმატება კონკურსზე „შემოდგომის ჭიათურა“

     8 ნოემბერს ჭიათურაში ბავშვთა და მოზარდთა რესპუბლიკური საფორტეპიანო კონკურსი „შემოდგომის ჭიათურა“ მესამედ ჩატარდა. კონკურსი ტრადიციულად ორ წელიწადში ერთხელ ტარდება  და მისი ორგანიზატორია  ჭიათურის კულტურის ცენტრი და მასთან არსებული   ზურაბ ანჯაფარიძის სახელობის სამუსიკო სკოლა. დაარსებიდან კონკურსში მონაწილეობს მარტვილის ზურაბ ანჯაფარიძის სახელობის სამუსიკო სკოლა. წელს ჭიათურის კონკურსში მონაწილეობდა საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტისა და  თბილისის სამუსიკო სკოლების 30 მოსწავლე. მარტვილის სამუსიკო სკოლიდან მონაწილეობდნენ:  ბენიძე ეკა  (მეორე კლასი),  წულაია მარიამი (მესამე კლასი), სურმავა თამარი (მეექვსე კლასი), სართანია სალომე (მეხუთე კლასი). კონკურსი ჩატარდა სამ კატეგორიაიში, დებულებაში მითითებული პროგრამული მოთხოვნის გათვალისწინებით თითოეულმა მოსწავლემ შეასრულა სტილისტურად განსხვავებული ოთხი ნაწარმოები. კონკურსანტებს აფასებდა კომპეტენტური ჟიური საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს წარმომადგენლის თავმჯდომარეობით. საკონკურსო დღე თავიდანვე საინტერესოდ წარიმართა, მრავალი ნიჭიერი მოსწავლე გამოვლინდა, ბავშვებმა არაჩვეულებრივად მაღალი შედეგები აჩვენეს. კონკურსიც დასრულდა და ჟიურიმ შედეგების გამოსაცხადებლად დრო ითხოვა. ჩვენი პედაგოგების მსგავსად მეც საკმაოდ ვღელავდი, ამდენ ნიჭიერ ბავშვთან კონკურსში გამარჯვებას დიდი პროფესიონალიზმი სჭირდება. ლოდინში დრო საკმაოდ გაიწელა, ამასობაში სამახსოვრო ფოტოებიც გადავიღეთ. როგორც იქნა საკონცერტო დარბაზის კარი გაიღო და ყველანი დარბაზში გვიხმეს. თავიდან ჟიურის თავმჯდომარემ მოკლედ მიმოიხილა  ამ პრესტიჟული კონკურსის მნიშვნელობა, ორგანიზატორებს მადლობა გადაუხადა  და შედეგების გამოცხადებას შეუდგა.
    კონკურსის ოთხწევრიანი ჟიურის გადაწყვეტილებით: მეორე კატეგორიაში კონკურსის გამარჯვებულად, I ადგილისა და 600 ლარიანი ფულადი პრემიის მფლობელად გამოცხადდა მარტვილის სამუსიკო სკოლის მოსწავლე სურმავა თამარი     (პედაგოგი იზოლდა კანდელაკი), ამავე კატეგორიაში II საპიზო ადგილი და 200 ლარიანი ფულადი ჯილდო მოიპოვა  სართანია სალომემ (პედაგოგი მაგული სართანია), კონკურსის ნომინაციაში „პოლიფონიური ნაწარმოების საუკეთესო შესრულებისათვის“ გამარჯვებულად გამოცხადდა მეორე კლასის მოსწავლე ბენიძე ეკა. ჟიურის თავმჯდომარემ საუკეთესო პედაგოგად  დაასახელა მარტვილის სამუსიკო სკოლის პედაგოგი იზოლდა კანდელაკი, ხოლო მისი მოსწავლე, კონკურსის გამარჯვებული თამარ სურმავა მიიწვია პიანისტთა VI საერთაშორისო კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, რომელიც გაიმარება ქ. თბილისში 2014 წლის მაისში.
    კონკურსის ბოლოს პირადად შევხვდი და გავესაუბრე ჟიურის ერთერთ წევრს, ხელოვნების მეცნიერებათა დოქტორს, პროფესორ ლია მიქაბაძეს: „წელს ჭიათურაში ბევრი ნიჭიერი ბავშვი გამოვლინდა, ამ კონკურსის მიზანიც სწორედ ნორჩი ნიჭიერი შემსრულებლების აღმოჩენაა. მარტვილის სამუსიკო სკოლა  მუდმივად მონაწილეობს სხვადასხვა პრესტიჟულ  კონკურსში და საკმაოდ წარმატებითაც გამოდის, ყოველივე ეს ამყარებს აზრს, რომ თქვენ ძლიერი პედაგოგები ჰყავთ. გულით გილოცავთ გამარჯვებას და გისურვებთ მომავალ წარმატებებს.“
   კიდევ ერთხელ ასეთი წარმატებების შემდეგ, დარწმუნებული ვარ ჩვენს მიერ ჩაფიქრებული „მარტვილის ამბროსი ხელაიას სახელობის ბავშვთა საფორტეპიანო კონკურს-ფესტივალი“ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და მარტვილის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელების თანადგომით რეალობად იქცევა.

   ვულოცავ მარტვილის სამუსიკო სკოლის მოსწავლეებსა და პედაგოგეს ღირსეულ გამარჯვებას ჭიათურაში და ვპირდები, რომ  მომავალშიც მათი დიდი გულშემატკივარი ვიქნები.

                                                                                       კახა მოსიძე-
                                                                    გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტისა  და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსი

No comments:

Post a Comment