Monday, August 18, 2014

გაზეთ "მარტვილის" რედაქტორის მიმართვა მარტვილის მუნიციპალიტეტის ახლადარჩეულ ხელისუფლებას


ბატონებო!
ამ წერილით მოგმართავთ:
მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგებელს, ბატონ ალექსანდრე გრიგალავას, საკრებულოს თავმჯდომარეს, ბატონ ალექსი გაბისონიას, საკრებულოს ყველა დეპუტატს, ინფორმაციას ვაწვდით რაიონის მოსახლეობას.
საქმე ეხება გაზეთ `მარტვილის~ გამოცემას.
ყველა მარტვილელმა, მათ შორის `ქართული ოცნების~ ყველა იმ აქტივისტმა, ვინც თავიდანვე ერთგულად ედგა გვერდით `ქართულ ოცნებას~, კარგად იცის, რომ ჩვენს გაზეთს თავისი შესაძლებლობის ფარგლებში საკმაოდ მნიშვნელოვანი წვლილი აქვს შეტანილი სააკაშვილის დანაშაულებრივი რეჟიმისა და მისი მსახური ადგილობრივი ნაცწურბელების წინააღმდეგ ბრძოლაში. ეს იციან კოალიცია `ქართული ოცნების~ ლიდერებმაც.
ჯერ კიდევ 2011 წლიდან, როცა მარტვილში ნაციონალური მოძრაობის წინააღმდეგ ხმის ამოღებას ვერავინ ბედავდა, ჩვენ გაზეთ `მარტვილში~ დავიწყეთ სააკაშვილის ფაშისტური რეჟიმის მამხილებელი და `ქართული ოცნებისა~ და ბიძინა ივანიშვილის მხარდასაჭერი პუბლიკაციების ბეჭდვა, რასაც მოჰყვა მუნიციპალიტეტის მაშინდელი ხელმძღვანელი პირების აგრესია ჩვენს მიმართ. მარტვილის ნაცჩინოვნიკებმა, რომლებიც იმთავითვე ვერ იტანდნენ რაიონში არაკონტროლირებადი, თავისუფალი პრესის არსებობას, დაიწყეს ჩვენს წინააღმდეგ სერიოზული სადამსჯელო ღონისძიებების გატარება.
ჯერ იყო და, მარტვილის ყოყლოჩინა გამგებელმა მამუკა დანელიამ, რომელიც იმავდროულად იყო სატენდერო კომისიის თავმჯდომარე, თანამდებობის ბოროტად გამოყენებითა და სატენდერო დოკუმენტების გაყალბებით წაგვართვა ტენდერში გამარჯვების საშუალება, რითაც როგორც მორალური ასევე მატერიალური ზარალი მიაყენა გაზეთ `მარტვილის~ რედაქციას. შემდეგ ამასაც არ დაჯერდნენ და ჩვენი შეშინების მიზნით დაარბიეს გაზეთ `მარტვილის~ ოფისი, რაზედაც საქმე აღძრულია შს რაიონულ განყოფილებაში, (#05122051201)
ერთი სიტყვით მარტვილის მაშინდელმა ნაციონალურმა ხელისუფლებამ, ნაძირალა მამუკა დანელიას ხელმძღვანელობით, რაც შეეძლოთ, ყველაფერი გააკეთეს ჩვენი გაზეთის დასაბლოკად, რომ ბოლომდე ჩაეკლათ მარტვილში თავისუფალი სიტყვა და მოსახლეობა სრულ ინფორმაციულ ვაკუუმში ჰყოლოდათ (ცნობისათვის: მარტვილში რაიონული გაზეთი 1931 წლიდან გამოდის და იქიდან მოყოლებული დღემდე არავის ახსოვს მაგალითი იმისა რომ რომელიმე რაიკომის მდივანს, პრეფექტს ან რომელიმე გამგებელს უარი ეთქვას ადგილობრივი გაზეთის დაფინანსებაზე. ასეთი რამ მხოლოდ ნაციონალური ხელისუფლების დროინდელმა გამგებელმა დანელიამ იკადრა და ამ სასახელო საქმით შევა იგი მარტვილის ისტორიაში.).
მოგეხსენებათ ჩვენს მეზობელ რაიონებში, სადაც კი გონიერი ადამიანები სხედან ხელმძღვანელ თანამდებობებზე, რაიონული გაზეთები ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება (ვისაც არ სჯერა შეუძლია ტელეფონით დაუკავშირდეს სენაკის ან თუნდაც აბაშის მუნიციპალიტეტებს და ჩემი ნათქვამის სისწორეში უსათუოდ დარწმუნდება.). ჩვენთან კი რა ხდება? მარტვილის ნაძირალა ნაცგამგებელმა მამუკა დანელიამ გაზეთ `მარტვილის~ დაბლოკვის მიზნით მიმდინარე წელს თავს იმისი უფლებაც მისცა, რომ საინფორმაციო მასალების განთავსებისათვის ტენდერიც კი არ გამოაცხადა. მიუხედავად იმისა რომ ამ საქმისთვის ბიუჯეტში გარკვეული რაოდენობის თანხა იყო ჩადებული. 
ეს ხომ თანამდებობის ბოროტად გამოყენებაა და მეტი არაფერი, მაგრამ ამაზე უფრო დეტალურად სხვაგან და სხვა დროს.
ახლა კი გაზეთ `მარტვილის~ ხვალინდელ დღეზე ვიტყვით ორიოდე სიტყვას.
მარტვილის რაიონს ყოველთვის ჰქონდა ფორმით და შინაარსით გამორჩეული თავ¬ისი გაზეთი და იმედია, მუნიციპალიტეტის ახალი ხელისუფლება ამას 2015 წლის ბიუ¬ჯეტის შედგენისას აუცილებლად გაითვალისწინებს.
მაგრამ 2015 წლამდე ჯერ კიდევ 5 თვეა დარჩენილი. ამიტომ დღეს გამგეობისა და საკრებულოს წინაშე შემოვდივართ ასეთი წინადადებით:
თუ მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობა და საკრებულო გადაწყვეტს, რომ 2014 წლის აგვისტო-დეკემბერში მოსახლეობისათვის მისაწოდებელი საინფორმაციო მასალების განთავსებისათვის გაზეთ `მარტვილთან~ გააფორმოს ხელშეკრულება `რისთვისაც ბიუჯეტში დარჩენილია ამის თანხები,~ ასეთ შემთხვევაში ჩვენ ყოველთვიურად გაზეთ `მარტვილის~ პირველ და მეორე გვერდზე გამოვაქვეყნებთ გამგეობისა და საკრებულოს მიერ მოწოდებულ ნებისმიერ მასალას, პარალელურად სხვა გვერდებზე ჩვენი მართალი სიტყვით სისტემატურად გავაშუქებთ რაიონში მიმდინარე პოლიტიკური და კულტურული ცხოვრების ყველა მხარეს ( დადებითსაც და უარყოფითსაც), ინფორმაციულ სტატიებთან ერთად დავბეჭდავთ ლიტერატურული და სამეცნიერო ხასიათის წერილებს, განსაკუთრებულ ადგილს დავუთმობთ სოფლის ინტელიგენციას, სასკოლო ცხოვრებას, ახალგაზრდების შემოქმედებას და სხვა.
ამასთან ერთად:
გამგეობისა და საკრებულოს ხელმძღვანელებს, დეპუტატებს, სოფლის რწმუნებულებს, რაიონის ყველა კულტურულ დაწესებულებას, ბიბლიოთეკებს (მათ შორის ყველა სკოლის ბიბლიოთეკას) გაზეთის ყველა ნომერს მივაწვდით უფასოდ. ამავდროულად ყველა ღონეს ვიხმართ გაზეთის ტირაჟისა და გავრცელების არეალის გაზრდისათვის.
ახლა კი სიტყვა თქვენზეა, ბატონებო!
   P.S. ამერიკის ერთ-ერთ პრეზიდენტს, თომას ჯეფერსონს ეკუთვნის სიტყვები: `მე რომ მკითხონ, რა გირჩევნია, მთავრობა გაზეთების გარეშე თუ გაზეთები მთავრობის გარეშეო, არც კი დავფიქრდებოდი, მეორეს დავუჭერდი მხარს.~
საინტერესოა თქვენ რას გვეტყვით მარტვილის მესვეურნო _ დაუჭერთ თუ არა მხარს გაზეთ `მარტვილის~ გამოცემას?
თუმცა მანამდე მე ამერიკის სხვა პრეზიდენტსაც გაგახსენებთ:
როდესაც რონალდ რეიგანმა განათლების პროგრამის სახელმწიფო დაფინანსების შემცირება მოითხოვა, ჰარვარდის უნივერსიტეტის ერთმა პროფესორმა მისწერა: `თქვენ მიგაჩნიათ, რომ განათლება სახელმწიფოს ძვირი უჯდება, გამოითვალეთ რა დაჯდება გაუნათლებლობა!~
რეიგანმა კანონპროექტი სენატიდან გამოითხოვა.


ფაუსტ ნადარაია
გაზეთ "მარტვილის" რედაქტორი, დამოუკიდებელ ჟურნალისტთა ასოციაცია "თავისუფალი პრესის" თავმჯდომარე, საქართველოს მწერალთა კავშირის წევრი.

No comments:

Post a Comment