Monday, April 28, 2025

ფესტივალი „თეატრალური მარტვილი“ და თეატრალური ზეიმი დიდ სცენაზე


      10-11 აპრილს ტრიფონ ხუხუას სახელობის მარტვილის კულტურის სახლმა  სასკოლო თეატრალური ფესტივალი "თეატრალური მარტვილი"-ს ფარგლებში საბავშვო თეატრალურ დასებს უმასპინძლა. ორი საოცრად ლამაზი, ზრაპრული დღე და 
მარტვილის ისტორიაში პირველად დაფუძნებული ყოველწლიური თეატრალური ფესტივალის დაბადება აღმაფრთოვანებელი სანახაობა იყო. კულტურის სახლის დიდ სცენაზე ორი დღის განმავლობაში ერთმანეთს ენაცვლებოდა სკოლის წიაღში დადგმული საბავშვო სპექტაკლები, რომელსაც აშკარად ეტყობოდა სკოლის ორგანიზებულობის და ნიჭიერი ბავშვების შრომისმოყვარეობის კვალი, რაც მარტვილელი მაყურებლის ყურადღების მიღმა არ დარჩენილა. ამან კიდევ ერთხელ ცხადყო რომ მარტვილი იყო და არის თეატრალური ქალაქი.

ყველაფერი კი ასე დაიწყო: მარტვილის მუნიციპალიტეტის მერის, ბატონ თორნიკე ჯანაშიას მხარდაჭერით და მერიის კულტურის, განათლების, ტურიზმის, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსის ბატონი მურმან წოწორიას ინიციატივით და ძალისხმევით თეატრალური ცხოვრების პოპულარიზაციის და განვითარების მიზნით დააფუძნა სასკოლო თეატრალურ ფესტივალი „თეატრალური მარტვილი“.

ფესტივალის ორგანიზატორები და იდეის ავტორები არიან ზურაბ ჯამბურია - მარტვილის თოჯინების თეატრის მმართველი; გოჩა სხულუხია - მარტვილის თოჯინების თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი და გიორგი წივწივაძე - კულტურისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრის შემოქმედებითი მიმართულების მენეჯერი; ასევე ფესტივალის მხარდამჭერი და თანაორგანიზატორია მარტვილის საგანმანათლებლო რესურსცენტრი და მისი უფროსი ქალბატონი პაშა გულორდავა.

ყველაზე მნიშვნელოვანი მიზანი ფესტივალის „თეატრალური მარტვილი“ გახლავთ ის რომ მიმდინარე წლის მაისის თვიდან (ძირითადად ფესტივალში მონაწილე მოსწავლეებისგან) შეირჩევიან მსახიობები, რომლებიც მიიღებენ მონაწილეობას სპექტაკლში, რომელიც დაიდგმება ტრიფონ ხუხუას სახელობის მარტვილის კულტურის სახლის დიდ სცენაზე და ჩამოყალიბდება მოზარდ მაყურებელთა თეატრი, რომლის ორგანიზებას კულტურისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრთან არსებული თოჯინების თეატრის ხელმძღვანელობა უზრუნველყოფს.

ფესტივალში შვიდი საჯარო სკოლა იღებდა მონაწილეობას  (რისთვისაც უღრმესი მადლობა შვიდივე სკოლის დირექტორს და მათ პედაგოგიურ კოლექტივს). საბავშვო დასების მიერ წარმოდგენილი სპექტაკლები განსხვავებული, სანახაობრივი და საინტერესო აღმოჩნდა მაყურებლისთვის. ფესტივალის დასასრულს გაიმართა დაჯილდოების ცერემონიალი. ჟიურის (გივი ელიავა- მარტვილის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე; მურმან წოწორია - მარტვილის მერიის კულტურის, განათლების, ტურიზმის, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსი; გიორგი წივწივაძე - კულტურისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრის შემოქმედებითი მიმართულების მენეჯერი; ლევან გაბრიჭიძე - კულტურისა და ახალგაზრდობის განვითარებიც ცენტრთან არსებული თოჯინების თეატრის რეჟისორი; პაშა გულორდავა - მარტვილის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი) გადაწყვეტილებით ნომინაციები შემდეგნაირად განაწილდა:

 

1.    საუკეთესო მუსიკალური სპექტაკლი- სოფელ ქვედა ნაგვაზაოს საჯარო სკოლა- სპექტაკლი (მიუზიკლინაცარას დღეობა და ეტიუდი ნაწყვეტი სპექტაკლიდან კაცია ადამიანი?! რეჟირორი ნინო ბოლქვაძე

2.    საუკეტესო შემოქმედებითი აქტივობა“ - სოფელ თამაკონის საჯარო სკოლა -   სპექტაკლი თანადგომა“ – რეჟისორი თამარ აბუთიძე

3.    „მაყურებლის სიმპათია“ - სოფელ ლეცავეს საჯარო სკოლა -  სპექტაკლი ,,თხა და ციკნები რეჟისორი ლალა ბასილაია

4.    „საუკეთესო სცენოგრაფია“ - მარტვილის N1 საჯარო სკოლა - სპექტაკლი "ბიბლიოთეკის ტყვეობაში  -  რეჟისორი ფატი სიგუა

5.    „საუკეთესო კომედია“ - სოფელ ბალდის საჯარო სკოლა - სპექტაკლი ჭინჭრაქა“ - „რეჟისორები:   ქეთინო რუხაია, ქრისტინე ხაჟომია

6.    „საუკეთესო საავტორო სპექტაკლი“ - სოფელ ლედგებეს საჯარო სკოლასპექტაკლი (ეტიუდინუცას სკოლა - რეჟისორი ლალი კვაშილავა

7. „საუკეთესო ფსიქოლოგიური დრამა“- სსიპ აზა ადამიას სახელობის მარტვილის N2 საჯარო სკოლასპექტაკლი სისხლი - რეჟისორი მათე სოსელია

 

ასევე სპექტაკლებში მონაწილე ბავშვებს გადაეცათ ინდივიდუალური „საუკეთესო მსახიობის“ ნომინაცია სკოლების მიხედვით:

1.    მზია გაგუა (ლუარსაბის როლის საუკეთესოდ შესრულებისთვის) - სოფელ ქვედა ნაგვაზაოს საჯარო სკოლა

2.    ნინო ცაავა (ხატიას როლის საუკეთესოდ შესრულებისთვის) - სოფელ თამაკონის საჯარო სკოლა

3.    საბა კალანდია (ყვავის როლის საუკეთესოდ შესრულებისთვის) - სოფელ ლეცავეს საჯარო სკოლა

4.    გიორგი რუხაია (კარლსონის  როლის საუკეთესოდ შესრულებისთვის) - მარტვილის N1 საჯარო სკოლა

5.    საბა ციკოლია (ქოსას როლის საუკეთესოდ შესრულებისთვის) - სოფელ ბალდის საჯარო სკოლა

6.    ლიზი გუგუნავა (მასწავლებელის როლის საუკეთესოდ შესრულებისთვის) - სოფელ ლედგებეს საჯარო სკოლა

7.    ნიკოლოზ რურუა (ბაბუას როლის საუკეთესოდ შესრულებისთვის) - მარტვილის N2 საჯარო სკოლა


დასასრულს მინდა მადლიერება გამოვხატო მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის და საკრებულოს მიმართ, რომ მოგვცა შესაძლებლობა ამ პროექტის განხორციელების. აგრეთვე მადლობა ფესტივალის ორგანიზატორებს: ბატონებს მურმან წოწორიას, გოჩა სხულუხიას, გიორგი წივწივაძეს და ქალბატონ პაშა გულორდავას. ყველამ ერთად ძალიან დიდი შრომა ჩავდეთ ამ პროექტში. ჩვენმა ერთობლივმა ძალისხმევამ და მონდომებამ შედეგი გამოიღო: ფესტივალი წარმატებული გამოდგა და მარტვილის კულტურულ ცხოვრებაში ახალ ერას ჩაეყარა საფუძველი.

ასევე მადლობა ყველა მონაწილე სკოლის ადმინისტრაციას და სასკოლო დასებს ფესტივალის დაარსებაში თანამონაწილეობისთვის, რომელიც ოქროს ასოებით ჩაიწერება მარტვილის კულტურულ ისტორიაში. მაგრამ რაც ყველაზე მთავარია  ფესტივალი „თეატრალური მარტვილი“ ჩატარდება ყოველწლიურად და ვიმედოვნებთ რომ მასში მარტვილში არსებული ყველა სკოლა მიიღებს მონაწილეობას.


 ზურაბ ჯამბურია,  

მარტვილის თოჯინების თეატრის მმართველი