Monday, April 28, 2025

ფესტივალი „თეატრალური მარტვილი“ და თეატრალური ზეიმი დიდ სცენაზე


      10-11 აპრილს ტრიფონ ხუხუას სახელობის მარტვილის კულტურის სახლმა  სასკოლო თეატრალური ფესტივალი "თეატრალური მარტვილი"-ს ფარგლებში საბავშვო თეატრალურ დასებს უმასპინძლა. ორი საოცრად ლამაზი, ზრაპრული დღე და 
მარტვილის ისტორიაში პირველად დაფუძნებული ყოველწლიური თეატრალური ფესტივალის დაბადება აღმაფრთოვანებელი სანახაობა იყო. კულტურის სახლის დიდ სცენაზე ორი დღის განმავლობაში ერთმანეთს ენაცვლებოდა სკოლის წიაღში დადგმული საბავშვო სპექტაკლები, რომელსაც აშკარად ეტყობოდა სკოლის ორგანიზებულობის და ნიჭიერი ბავშვების შრომისმოყვარეობის კვალი, რაც მარტვილელი მაყურებლის ყურადღების მიღმა არ დარჩენილა. ამან კიდევ ერთხელ ცხადყო რომ მარტვილი იყო და არის თეატრალური ქალაქი.

ყველაფერი კი ასე დაიწყო: მარტვილის მუნიციპალიტეტის მერის, ბატონ თორნიკე ჯანაშიას მხარდაჭერით და მერიის კულტურის, განათლების, ტურიზმის, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსის ბატონი მურმან წოწორიას ინიციატივით და ძალისხმევით თეატრალური ცხოვრების პოპულარიზაციის და განვითარების მიზნით დააფუძნა სასკოლო თეატრალურ ფესტივალი „თეატრალური მარტვილი“.

ფესტივალის ორგანიზატორები და იდეის ავტორები არიან ზურაბ ჯამბურია - მარტვილის თოჯინების თეატრის მმართველი; გოჩა სხულუხია - მარტვილის თოჯინების თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი და გიორგი წივწივაძე - კულტურისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრის შემოქმედებითი მიმართულების მენეჯერი; ასევე ფესტივალის მხარდამჭერი და თანაორგანიზატორია მარტვილის საგანმანათლებლო რესურსცენტრი და მისი უფროსი ქალბატონი პაშა გულორდავა.

ყველაზე მნიშვნელოვანი მიზანი ფესტივალის „თეატრალური მარტვილი“ გახლავთ ის რომ მიმდინარე წლის მაისის თვიდან (ძირითადად ფესტივალში მონაწილე მოსწავლეებისგან) შეირჩევიან მსახიობები, რომლებიც მიიღებენ მონაწილეობას სპექტაკლში, რომელიც დაიდგმება ტრიფონ ხუხუას სახელობის მარტვილის კულტურის სახლის დიდ სცენაზე და ჩამოყალიბდება მოზარდ მაყურებელთა თეატრი, რომლის ორგანიზებას კულტურისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრთან არსებული თოჯინების თეატრის ხელმძღვანელობა უზრუნველყოფს.

ფესტივალში შვიდი საჯარო სკოლა იღებდა მონაწილეობას  (რისთვისაც უღრმესი მადლობა შვიდივე სკოლის დირექტორს და მათ პედაგოგიურ კოლექტივს). საბავშვო დასების მიერ წარმოდგენილი სპექტაკლები განსხვავებული, სანახაობრივი და საინტერესო აღმოჩნდა მაყურებლისთვის. ფესტივალის დასასრულს გაიმართა დაჯილდოების ცერემონიალი. ჟიურის (გივი ელიავა- მარტვილის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე; მურმან წოწორია - მარტვილის მერიის კულტურის, განათლების, ტურიზმის, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსი; გიორგი წივწივაძე - კულტურისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრის შემოქმედებითი მიმართულების მენეჯერი; ლევან გაბრიჭიძე - კულტურისა და ახალგაზრდობის განვითარებიც ცენტრთან არსებული თოჯინების თეატრის რეჟისორი; პაშა გულორდავა - მარტვილის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი) გადაწყვეტილებით ნომინაციები შემდეგნაირად განაწილდა:

 

1.    საუკეთესო მუსიკალური სპექტაკლი- სოფელ ქვედა ნაგვაზაოს საჯარო სკოლა- სპექტაკლი (მიუზიკლინაცარას დღეობა და ეტიუდი ნაწყვეტი სპექტაკლიდან კაცია ადამიანი?! რეჟირორი ნინო ბოლქვაძე

2.    საუკეტესო შემოქმედებითი აქტივობა“ - სოფელ თამაკონის საჯარო სკოლა -   სპექტაკლი თანადგომა“ – რეჟისორი თამარ აბუთიძე

3.    „მაყურებლის სიმპათია“ - სოფელ ლეცავეს საჯარო სკოლა -  სპექტაკლი ,,თხა და ციკნები რეჟისორი ლალა ბასილაია

4.    „საუკეთესო სცენოგრაფია“ - მარტვილის N1 საჯარო სკოლა - სპექტაკლი "ბიბლიოთეკის ტყვეობაში  -  რეჟისორი ფატი სიგუა

5.    „საუკეთესო კომედია“ - სოფელ ბალდის საჯარო სკოლა - სპექტაკლი ჭინჭრაქა“ - „რეჟისორები:   ქეთინო რუხაია, ქრისტინე ხაჟომია

6.    „საუკეთესო საავტორო სპექტაკლი“ - სოფელ ლედგებეს საჯარო სკოლასპექტაკლი (ეტიუდინუცას სკოლა - რეჟისორი ლალი კვაშილავა

7. „საუკეთესო ფსიქოლოგიური დრამა“- სსიპ აზა ადამიას სახელობის მარტვილის N2 საჯარო სკოლასპექტაკლი სისხლი - რეჟისორი მათე სოსელია

 

ასევე სპექტაკლებში მონაწილე ბავშვებს გადაეცათ ინდივიდუალური „საუკეთესო მსახიობის“ ნომინაცია სკოლების მიხედვით:

1.    მზია გაგუა (ლუარსაბის როლის საუკეთესოდ შესრულებისთვის) - სოფელ ქვედა ნაგვაზაოს საჯარო სკოლა

2.    ნინო ცაავა (ხატიას როლის საუკეთესოდ შესრულებისთვის) - სოფელ თამაკონის საჯარო სკოლა

3.    საბა კალანდია (ყვავის როლის საუკეთესოდ შესრულებისთვის) - სოფელ ლეცავეს საჯარო სკოლა

4.    გიორგი რუხაია (კარლსონის  როლის საუკეთესოდ შესრულებისთვის) - მარტვილის N1 საჯარო სკოლა

5.    საბა ციკოლია (ქოსას როლის საუკეთესოდ შესრულებისთვის) - სოფელ ბალდის საჯარო სკოლა

6.    ლიზი გუგუნავა (მასწავლებელის როლის საუკეთესოდ შესრულებისთვის) - სოფელ ლედგებეს საჯარო სკოლა

7.    ნიკოლოზ რურუა (ბაბუას როლის საუკეთესოდ შესრულებისთვის) - მარტვილის N2 საჯარო სკოლა


დასასრულს მინდა მადლიერება გამოვხატო მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის და საკრებულოს მიმართ, რომ მოგვცა შესაძლებლობა ამ პროექტის განხორციელების. აგრეთვე მადლობა ფესტივალის ორგანიზატორებს: ბატონებს მურმან წოწორიას, გოჩა სხულუხიას, გიორგი წივწივაძეს და ქალბატონ პაშა გულორდავას. ყველამ ერთად ძალიან დიდი შრომა ჩავდეთ ამ პროექტში. ჩვენმა ერთობლივმა ძალისხმევამ და მონდომებამ შედეგი გამოიღო: ფესტივალი წარმატებული გამოდგა და მარტვილის კულტურულ ცხოვრებაში ახალ ერას ჩაეყარა საფუძველი.

ასევე მადლობა ყველა მონაწილე სკოლის ადმინისტრაციას და სასკოლო დასებს ფესტივალის დაარსებაში თანამონაწილეობისთვის, რომელიც ოქროს ასოებით ჩაიწერება მარტვილის კულტურულ ისტორიაში. მაგრამ რაც ყველაზე მთავარია  ფესტივალი „თეატრალური მარტვილი“ ჩატარდება ყოველწლიურად და ვიმედოვნებთ რომ მასში მარტვილში არსებული ყველა სკოლა მიიღებს მონაწილეობას.


 ზურაბ ჯამბურია,  

მარტვილის თოჯინების თეატრის მმართველი

 





































Wednesday, April 28, 2021

ტარიელ ჭანტურიას ერთი ჩანაწერის გამო ანუ მართლა სძულდა თუ არა კონსტანტინე გამსახურდიას გრიგოლ რობაქიძე

   2010  წელს გამომცემლობა „ინტელექტმა“ გამოსცა ტარიელ ჭანტურიას ჩანაწერების წიგნი, რომელიც, როგორც სათაური გვეუბნება, თითქმის ყველაფერს ეხება „დინოზავრიდან დიზაინამდე“. აღნიშნული წიგნის ერთ-ერთ ჩანაწერში  (რომელსაც სათაური აქვს „ვის ვინ არ უყვარდა! რატომ?) ტარიელ ჭანტურია წერს:
      „გოეთეს არ უყვარდა ვერგილიუსი. 
       ტოლსტოის არ უყვარდა შექსპირი.
      დოსტოევსკის არ უყვარდა ტოლსტოი.
           ჰემინგუეის  გულზე არ ეხატებოდა ელიოტი, არც ფიცჯერალდისთვის იკლავდა მაინც და მაინც თავს.
         კურტ  ვონეგუტი  ვერ იტანდა ჰემინგუეის.
         გოეთეს  არ  უყვარდა  ჰოლდერლინი.
              რობაქიძესა  და  გამსახურდიას  ერთნაირად  არ უყვარდათ  ერთმანეთი  - ბარიბარში იყვნენ.
             სიმონ  ჩიქოვანს არ უყვარდა  გალაკტიონ ტაბიძე.
              გალაკტიონ ტაბიძეს არ უყვარდა სიმონ ჩიქოვანი სამჯერ უფრო მეტად.
              მსგავსი მაგალითების  მოტანა  შეიძლება  ლამის დაუსრულებლად,  ასე რომ, სტატისტიკური მასალა საკმარისზე მეტი არსებობს, ახლა საჭიროა კანონის გამოყვანა: მაინც რატომ ხდება ასე, რას ნიშნავს ეს!
                       თქვენ იცით? მე არა“
                       რა თქნა უნდა, არც მე ვიცი და, ალბათ, ამიტომაც გამიჭირდა  ზუსტი პასუხის გაცემა ერთი ჩემი მეგობრისთვის, რომელმაც ტარიელ ჭანტურიას ამ ჩანაწერის წაკითხვის შემდეგ მკითხა გაკვირვებით: მართლა სძულდა თუა რა კონსტანტინე გამსახურდიას გრიგოლ რობაქიძე?
            -მე არ მჯერა მათი ურთიერთსიძულვილის ამბავი, რაც ჭორი უფრო მგონია, ვიდრე სინამდვილე,   - ვთქვი მაშინ მე და მცირე ხნის პაუზის შემდეგ ესეც დავამატე: გამოჩენილი ადამიანების კერძო ცხოვრებიდან იმის სააშკარაოზე გამოტანა, თუ ვის ვინ არ უყვარდა, მაინცდამაინც სასარგებლო  საქმედ არ მიმაჩნია, მკითხველისთვის უფრო სასარგებლო და სამაგალითო იმის გამოქვეყნება იქნებოდა , ვის ვინ უყვარდა - მეთქი.
         და, აი, დღეს, იმავე  „ ინტელექტის“ მიერ გამოცემულ თამაზ ჭილაძის წიგნში „ოწინარი“, ვნახე ასეთი ჩანაწერი:
        „არის ასეთი ფოტო - დავით კლდიაშვილი  და ვაჟა ფშაველა. იგრძნობა ამ ორი, ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული მწერლის საოცარი სიმპათია ერთმანეთის მიმართ.“
    სასწრაფოთ მოვძებნე ეს ფოტო.
 

    უყურებ ამ ფოტოს და ნათლად ხედავ თუ რამხელა სიყვარულით, პატივისცემითა და მოწიწებით არიან ისინი ერთმანეთის მიმართ განწყობილნი.
    უნებურად მახსენდება სხვა სურათებიც, მაგალითად ალექსანდრე ყაზბეგი და ვაჟა-ფშაველა.  
 


     შეუძლებელია ეს სურათიც სამუდამოდ არ ჩაგრჩეს მეხსიერებაში, რადგან აქაც ორივესგან ისეთი სითბო და სიყვარული გამოსჭვივის.
    მახსენდება სხვა ფოტოც - ტიციან ტაბიძე და პაოლო იაშვილი. 
 

     იცით, ალბათ, როცა ბოლშევიკური წყობილების წინააღმდეგ პაოლო იაშვილმა პროტესტის ნიშნად თავი მოიკლა, ჩეკამ ტიციან ტაბიძეს მოსთხოვა უცხო ქვეყნის ჯაშუშობა დაებრალებინა პაოლოსთვის. ტიციანმა რათქმა უნდა უარი განაცხადა მეგობრის ხსოვნის შეურაცხოფაზე, რისთვისაც ის 1937 წელს დახვრიტეს.
    როგორც თავიდან აღვნიშნეთ ტარიელ ჭანტურია თავის ჩანაწერში ამტკიცებს  რომ დაუსრულებლად შეიძლება მწერლებს შორის სიძულვილის მაგალითების მოტანა.
      ჩვენს მიერ აქ მოტანილი ფოტოები და ფაქტები კი ამტკიცებენ , რომ მრავალია მწერლებს შორის ურთიერთსიყვარულის მაგალითებიც.
      და ასეთი მაგლითების მოტანა უსასრულოდ შეიძლება.
       აი თუნდაც კიდევ ერთი ფოტო - ზვიად გამსახურდია და მერაბ კოსტავა.   
 

       მე როცა ამ ფოტოს ვუყურებ, ყოველთვის ზვიადის ის სტრიქონები მახსენდება, რომელიც მერაბის ლექსის პასუხადაა დაწერილი:
                                              გვეტანებოდნენ ძაღლნი და ღორნი
                                               შემუსვრა სურდათ ელვარე ჭაღის,
                                               მაგრამ ხომ დავრჩით ჩვენ მაინც ორნი
                                               წმინდა რაინდნი მწუხარე სახის.
            დიახ, როგორც ამ სტრიქონებშია გადმოცემული, მიუხედავად იმისა, რომ მტერი ყოველთვის და ყველანაირი მეთოდებით ცდილობდა მათ შორის შუღლის ჩამოგდებას, ზვიად  გამსახურდია და მერაბ კოსტავა ბოლომდე ერთგულ მეგობრებად დარჩნენ და სიჭაბუკის დროიდან ერთად იბრძოდნენ საქართველოს თავისუფლებისათვის.

                                                     ***
                          ახლა კი ისევ კონსტანტინე გამსახურდიასა და გრიგოლ რობაქიძეს მივუბრუნდეთ. მოგვყავს ორი მრავლის მთქმელი ფაქტი.
                       ფაქტი პირველი:    1945  წელს როცა ბერლინი იბომბებოდა ქართველ მწერალთა ერთ ჯგუფს კონსტანტინე გამსახურდიას მეთაურობით თხოვნით მიუმართავთ საბჭოთა მთავრობისთვის, როგორმე გადაერჩინათ გრიგოლ რობაქიძე  (წარმოიდგინეთ, რობაქიძე იმ დროს სამშობლოს მოღალატედ იყო გამოცხადებული და კონსტანტინე გასახურდიასთვის რამხელა რისკთან იქნებოდა დაკავშირებული ასეთი განცხადების გაკეთება).
                     ფაქტი მეორე:    1962  წელს, როცა გრიგოლ რობაქიძე გარდაიცვალა, ერთადერთი კაცი, რომელმაც საბჭოთა რეჟიმის დროს გაბედა და მარტომ უზრუნველყო მცხეთაში გრიგოლ რობაქიძისთვის პარაკლისის გადახდა, ეს იყო კონსტანტინე გამსახურდია.
                       და განა ეს ფაქტები კონსტანტინე გამსახურდიასა და გრიგოლ რობაქიძის ურთიერთ სიძულვილზე მეტყველებენ?.

                                                                                         ფაუსტ ნადარაია

Friday, March 5, 2021

მადლობა ყველას, ვინც ჩემი მწუხარება გაიზიარა- გაზეთ „მარტვილის“ რედაქტორი ფაუსტ ნადარაია

დიდი მადლობა ყველას, ვინც გაიზიარა ჩემი მწუხარება დედის გარდაცვალების გამო. მადლობა მეგობრებს, ახლობლებს, მეზობლებს... ყველას ვინც გვერდით მედგა მძიმე წუთებში.

დედა იყო ჩემთვის ყველაზე ძვირფასი ადამიანი ამ ქვეყანაზე.
ამიტომ საშინლად ძნელია ჩემთვის მისი წასვლა.
ახლა კი მინდა კიდევ ერთხელ გავიხსენო ჩემი ლექსი „დედა“, რომელიც დედაჩემის გარდაცვალებამდე ორი თვით ადრე დავწერე და დაიბეჭდა გაზეთ მარტვილში:
დედა

ის ვერ ისვენებს, შფოთავს,
რადგან გრძელია ღამე
და ვეკითხები ხშირად:
-დედა , ხომ არ გსურს რამე?
მას როცა რამე სტკივა
და შეწუხებულს ვხედავ,
მისი ტკივილი ჩემშიც
იწვევს ტკივილს და სევდას.
ის ამ სიბერეს წყეულს
ვერ ეგუება სულაც,
მიტომ გვიჩვენებს ხშირად
ახალგაზრდობის სურათს.
და ჩვენც ვიხსენებთ იმ დროს,
რომ იყო ჯანით სავსე,
როცა ოჯახს და შვილებს
დასტრიალებდა თავზე.
ო, ეს ცხოვრება, მართლაც,
წვალებაა და ბრძოლა...
ახლა საშინლად ტანჯავს
წლობით საწოლში წოლა.
მიუხედავად მძიმე
სიბერისა და სენის,
ის ლამაზია დღესაც
ყველა ასაკი შვენის.
მისი ყოველი მზერა
არის სიკეთის მფენი,
მის ნაოჭებში ყველგან
დევს სიყვარული ჩვენი.
სანამ შეეძლო, იგი
ჩვენთვის იღწვოდა მუდამ...
ახლა, შვილები, იქით
მოვემსახუროთ უნდა.
რომ გაგვაჩინა ქვეყნად
და შრომა-ჯაფით გვზრდიდა,
მადლობელი ვართ მისი
ყველაფრისათვის, დიდად.
ღამით, როდესაც საბანს
შემოვუკეცავ ფრთხილად,
ის, რომც ეძინოს, იგრძნობს
და ჩაიღიმებს თბილად.
-ოხ, ეს სიბერე, შვილო,
ცუდი ყოფილა მეტად.
-მაგრამ დიდხანს რომ ვიცოცხლოთ,
უნდა დავბერდეთ, დედა!
ფაუსტ ნადარაია




ეს დედაჩემია ახალგაზრდობაში. ის ამ დროს ოთხი შვილის დედაა. ძალიან უყვარდა ეს სურათი. ვინც მოვიდოდა ყველას აჩვენებდა


ესეც დედაჩემია, დაახლოებით 50 წლის ასაკში.

ნოკოშა აშორტია-ნადარაია (1931-2021წწ)