Thursday, August 22, 2013

"მარტვილელები დავით საგანელიძისგან სწორი პოლიტიკის გატარებას ითხოვენ"


     გაზეთ ,,ასავალ-დასავალის“ 33-ე ნომერში დაბეჭდილ ინტერვიუში მოძრაობა ,,ეროვნულების“ ლიდერი ბატონი სანდრო ბრეგაძე სამართლიანად მიმართავს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერს, ბატონ დავით საგანელიძეს, რომელიც თურმე ძალიან განაწყენებულია იმის გამო, რომ ,,ქართული ოცნების“ მარტვილელმა აქტივისტებმა მისი ფიტული დაწვეს.
    სავსებით სწორად შენიშნავს ბატონი სანდრო: ,,როდესაც შენს ფიტულს წვავენ, ცინიკური კომენტარები კი არ უნდა აკეთო, არამედ უნდა ჩახვიდე ხალხთან, შენს თანაპარტიელებთან, თანამებძოლებთან და უნდა გაარკვიო, რამ მიიყვანა ისინი ასეთ მდგომარეობამდე“-ო.
   გაზეთ ,,მარტვილის“ რედაქცია მადლობას მოახსენებს ბატონ სანდროს ამ სამართლიანი შენიშვნისა და გამოხმაურებისათვის.
    ახლა კი, რაც შეეხება ბატონ დავით საგანელიძეს, უნდა ითქვას, რომ,,ქართული ოცნების მარტვილელ აქტივისტებს მართლაც ბევრი რამ აქვთ მასთან გასარკვევი. სწორედ მისი ,,დამსახურებაა“ ის ფაქტი, რომ დღეს მარტვილში იგნორირებულნი არიან ბიძინა ივანიშვილისადმი კეთილგანწყობილი, გულწრფელი და უღალატო აქტივისტები, რომლებიც საპარლამენტო არჩევნებში და უფრო ადრეც თავდაუზოგავად იბრძოდნენ სააკაშვილის ნაცხელისუფლების წინააღმდეგ.
    აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ მარტვილში გამგებლობის თუ შტაბის უფროსობის კანდიდატად , პარტია ,,ქართული ოცნების“ თავმჯდომარედ, თუ ბიუროს წევრებად ბატონი დავით საგანელიძე ყოველთვის მხოლოდ იმ კომფორმისტებს უჭერს მხარს, რომლებსაც საჯაროდ ერთი განცხადებაც კი არასოდეს გაუკეთებიათ იმ უზნეობისა და უსამართლობის წინააღმდეგ, რასაც ნაციონალური მოძრაობა ჩადიოდა საქართველოში (მათ შორის მარტვილში).
   ყოველივე ზემოთ თქმულის საფუძველზე მივმართავ კოალიცია ,,ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს წევრებს:
  თუ კი ბატონი დავით საგანელიძე შეძლებს პარტია ,,ქართული ოცნების“ მარტვილის რაიონული ორგანიზაციის იმ ჯგუფიდან, რომელიც  მის მიერ არის ხელდასხმული ერთი ადამიანი მაინც დაასახელოს ისეთი, რომელსაც, პრესით, ტელევიზიით, რადიოთი, ან მასმედიის სხვა საშუალებებით, ერთი განცხადება მაინც აქვს პირველ ოქტომბრამდე ნაცხელისუფლების წინააღმდეგ საჯაროდ გაკეთებული, მე მის წინაშე ათიათასჯერ ბოდიშს მოვიხდი. თუ არა და მან, სანამ ჯერ კიდევ დროა, იზრუნოს დაშვებული შეცდომის გამოსწორებისათვის და საპრეზიდენტო არჩევნების წინ კაცურად დაელაპარაკოს ,,ქართული ოცნების“ იმ მარტვილელ აქტივისტებს, რომლებიც ბატონ ზურაბ ბიგვავას ხელმძღვანელობით იბრძოდნენ სააკაშვილის კრიმინალური რეჟიმისა და ადგილობრივი ნაცმაფიოზების წინააღმდეგ, რადგან ამ ადამიანების იგნორირებით ჩვენ არა მარტო მათ ხმებს დავკარგავთ, არამედ ხელს შევუწყობთ ყველაზე უსაშინლესი სენის – საყოველთაო ნიჰილიზმის დამკვიდრებას საზოგადოებაში.
     სამეგრელოში, ფოთის შემდეგ, მხოლოდ მარტვილში ჰქონდა ,,ქართულ ოცნებას“ ყველაზე მაღალი მაჩვენებელი. აქ ,,ქართულ ოცნებას“ ცხრაათასამდე კაცმა მისცა ხმა და მათგან ყველამ კარგად იცის, ვინ ვის უჭერდა მხარს და ვინ რას აკეთებდა პირველ  ოქტომბრამდე მარტვილის რაიონში.
    მე დარწმუნებული ვარ ,,ქართული ოცნების“ მარტვილელი აქტივისტები, რომლებიც ენდობიან და მხარს უჭერენ ბატონ ბიძინა ივანიშვილს, აუცილებლად შეხვდებიან მას და ყველაფერი გაირკვევა.
    ჭეშმარიტება შეიძლება დროებით დაიჩაგროს, მაგრამ მისი საბოლოოდ დამარცხება შეუძლებელია.

    გაზეთ ,,მარტვილი“-ს რედაქტორი:
  ფაუსტი ნადარაია.