2010 წელს გამომცემლობა „ინტელექტმა“ გამოსცა ტარიელ ჭანტურიას ჩანაწერების წიგნი, რომელიც, როგორც სათაური გვეუბნება, თითქმის ყველაფერს ეხება „დინოზავრიდან დიზაინამდე“. აღნიშნული წიგნის ერთ-ერთ ჩანაწერში (რომელსაც სათაური აქვს „ვის ვინ არ უყვარდა! რატომ?) ტარიელ ჭანტურია წერს:
„გოეთეს არ უყვარდა ვერგილიუსი.
ტოლსტოის არ უყვარდა შექსპირი.
დოსტოევსკის არ უყვარდა ტოლსტოი.
ჰემინგუეის გულზე არ ეხატებოდა ელიოტი, არც ფიცჯერალდისთვის იკლავდა მაინც და მაინც თავს.
კურტ ვონეგუტი ვერ იტანდა ჰემინგუეის.
გოეთეს არ უყვარდა ჰოლდერლინი.
რობაქიძესა და გამსახურდიას ერთნაირად არ უყვარდათ ერთმანეთი - ბარიბარში იყვნენ.
სიმონ ჩიქოვანს არ უყვარდა გალაკტიონ ტაბიძე.
გალაკტიონ ტაბიძეს არ უყვარდა სიმონ ჩიქოვანი სამჯერ უფრო მეტად.
მსგავსი მაგალითების მოტანა შეიძლება ლამის დაუსრულებლად, ასე რომ, სტატისტიკური მასალა საკმარისზე მეტი არსებობს, ახლა საჭიროა კანონის გამოყვანა: მაინც რატომ ხდება ასე, რას ნიშნავს ეს!
თქვენ იცით? მე არა“
რა თქნა უნდა, არც მე ვიცი და, ალბათ, ამიტომაც გამიჭირდა ზუსტი პასუხის გაცემა ერთი ჩემი მეგობრისთვის, რომელმაც ტარიელ ჭანტურიას ამ ჩანაწერის წაკითხვის შემდეგ მკითხა გაკვირვებით: მართლა სძულდა თუა რა კონსტანტინე გამსახურდიას გრიგოლ რობაქიძე?
-მე არ მჯერა მათი ურთიერთსიძულვილის ამბავი, რაც ჭორი უფრო მგონია, ვიდრე სინამდვილე, - ვთქვი მაშინ მე და მცირე ხნის პაუზის შემდეგ ესეც დავამატე: გამოჩენილი ადამიანების კერძო ცხოვრებიდან იმის სააშკარაოზე გამოტანა, თუ ვის ვინ არ უყვარდა, მაინცდამაინც სასარგებლო საქმედ არ მიმაჩნია, მკითხველისთვის უფრო სასარგებლო და სამაგალითო იმის გამოქვეყნება იქნებოდა , ვის ვინ უყვარდა - მეთქი.
და, აი, დღეს, იმავე „ ინტელექტის“ მიერ გამოცემულ თამაზ ჭილაძის წიგნში „ოწინარი“, ვნახე ასეთი ჩანაწერი:
„არის ასეთი ფოტო - დავით კლდიაშვილი და ვაჟა ფშაველა. იგრძნობა ამ ორი, ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული მწერლის საოცარი სიმპათია ერთმანეთის მიმართ.“
სასწრაფოთ მოვძებნე ეს ფოტო.
უყურებ ამ ფოტოს და ნათლად ხედავ თუ რამხელა სიყვარულით, პატივისცემითა და მოწიწებით არიან ისინი ერთმანეთის მიმართ განწყობილნი.
უნებურად მახსენდება სხვა სურათებიც, მაგალითად ალექსანდრე ყაზბეგი და ვაჟა-ფშაველა.
შეუძლებელია ეს სურათიც სამუდამოდ არ ჩაგრჩეს მეხსიერებაში, რადგან აქაც ორივესგან ისეთი სითბო და სიყვარული გამოსჭვივის.
მახსენდება სხვა ფოტოც - ტიციან ტაბიძე და პაოლო იაშვილი.
იცით, ალბათ, როცა ბოლშევიკური წყობილების წინააღმდეგ პაოლო იაშვილმა პროტესტის ნიშნად თავი მოიკლა, ჩეკამ ტიციან ტაბიძეს მოსთხოვა უცხო ქვეყნის ჯაშუშობა დაებრალებინა პაოლოსთვის. ტიციანმა რათქმა უნდა უარი განაცხადა მეგობრის ხსოვნის შეურაცხოფაზე, რისთვისაც ის 1937 წელს დახვრიტეს.
როგორც თავიდან აღვნიშნეთ ტარიელ ჭანტურია თავის ჩანაწერში ამტკიცებს რომ დაუსრულებლად შეიძლება მწერლებს შორის სიძულვილის მაგალითების მოტანა.
ჩვენს მიერ აქ მოტანილი ფოტოები და ფაქტები კი ამტკიცებენ , რომ მრავალია მწერლებს შორის ურთიერთსიყვარულის მაგალითებიც.
და ასეთი მაგლითების მოტანა უსასრულოდ შეიძლება.
აი თუნდაც კიდევ ერთი ფოტო - ზვიად გამსახურდია და მერაბ კოსტავა.
მე როცა ამ ფოტოს ვუყურებ, ყოველთვის ზვიადის ის სტრიქონები მახსენდება, რომელიც მერაბის ლექსის პასუხადაა დაწერილი:
გვეტანებოდნენ ძაღლნი და ღორნი
შემუსვრა სურდათ ელვარე ჭაღის,
მაგრამ ხომ დავრჩით ჩვენ მაინც ორნი
წმინდა რაინდნი მწუხარე სახის.
დიახ, როგორც ამ სტრიქონებშია გადმოცემული, მიუხედავად იმისა, რომ მტერი ყოველთვის და ყველანაირი მეთოდებით ცდილობდა მათ შორის შუღლის ჩამოგდებას, ზვიად გამსახურდია და მერაბ კოსტავა ბოლომდე ერთგულ მეგობრებად დარჩნენ და სიჭაბუკის დროიდან ერთად იბრძოდნენ საქართველოს თავისუფლებისათვის.
***
ახლა კი ისევ კონსტანტინე გამსახურდიასა და გრიგოლ რობაქიძეს მივუბრუნდეთ. მოგვყავს ორი მრავლის მთქმელი ფაქტი.
ფაქტი პირველი: 1945 წელს როცა ბერლინი იბომბებოდა ქართველ მწერალთა ერთ ჯგუფს კონსტანტინე გამსახურდიას მეთაურობით თხოვნით მიუმართავთ საბჭოთა მთავრობისთვის, როგორმე გადაერჩინათ გრიგოლ რობაქიძე (წარმოიდგინეთ, რობაქიძე იმ დროს სამშობლოს მოღალატედ იყო გამოცხადებული და კონსტანტინე გასახურდიასთვის რამხელა რისკთან იქნებოდა დაკავშირებული ასეთი განცხადების გაკეთება).
ფაქტი მეორე: 1962 წელს, როცა გრიგოლ რობაქიძე გარდაიცვალა, ერთადერთი კაცი, რომელმაც საბჭოთა რეჟიმის დროს გაბედა და მარტომ უზრუნველყო მცხეთაში გრიგოლ რობაქიძისთვის პარაკლისის გადახდა, ეს იყო კონსტანტინე გამსახურდია.
და განა ეს ფაქტები კონსტანტინე გამსახურდიასა და გრიგოლ რობაქიძის ურთიერთ სიძულვილზე მეტყველებენ?.
ფაუსტ ნადარაია